ციხე-სიმაგრეების, კოშკების, გალავნებისა და ციხე-დარბაზების დღევანდელი მდგომარეობის თაობაზე თემატური მოკვლევის შედეგები პარლამენტში  წარმოადგინეს

„საქართველოს ციხე-სიმაგრეები - ახალი შინაარსის მოლოდინში" - ამ სახელწოდების ფოტო-გამოფენა და საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის, კერძოდ ციხე-სიმაგრეების, კოშკების, გალავნებისა და ციხე-დარბაზების დღევანდელი მდგომარეობის თაობაზე თემატური მოკვლევის შედეგები პარლამენტში წარმოადგინეს.

საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის მდგომარეობა და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვის შესაძლებლობების შესწავლა პარლამენტის კულტურის კომიტეტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შედეგები ღონისძიებაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის - „საქართველოს საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის პრობლემები და პერსპექტივები“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა და ექსპერტმა, ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიამ წარმოადგინეს.

როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 3088 საფორტიფიკაციო ნაგებობიდან რამდენიმეს გარდა, ფუნქცია და შინაარსი არ აქვს და მათ შესანარჩუნებლად გამოსავალი ამ მემკვიდრეობის იჯარით კომპანიებზე გადაცემაა, თუმცა, სახელმწიფოს მეთვალყურეობის პირობებში.

„მათ თავდაცვითი ფუნქციით ვეღარ ვიყენებთ და არის უფუნქციოდ, ჩამონგრევის პირას, ეკალ-ბარდებით სავსე. რა შეიძლება გავაკეთოთ - თავიდან მიმაჩნდა, რომ მკრეხელობა იყო კერძო ინვესტორი და კაპიტალი შესულიყო, მაგრამ გვაქვს კარგი მაგალითი წინანდლის ჭავჭავაძისეული მამულის და შატო მუხრანის სახით, სულაც არ გავერანებულა იქაურობა და პირიქით, ყველაზე მოვლილი მემკვიდრეობაა დღეისათვის საქართველოში. ამ გზით თუ წავალთ და თემატური მოკვლევების შედეგები სავარაუდოდ, ამაზე იქნება დაყრდნობილი, რომ მთავრობამ მოამზადოს კონკრეტულ ციხე-სიმაგრეებზე ერთგვარი ნებართვების პაკეტი და პირადად ჩემი აზრია, რომ კერძო კომპანიებზე არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ გრძელვადიანი იჯარით უნდა გადაეცეთ მათ, ამასთან სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს პროექტის შეთანხმების და მუდმივი მეთვალყურეობის უფლება, რომ მაგალითად ხერთვისი ვინმეს გადავცეთ და მერე იქ კორპუსები აშენდეს - ასე არ მოხდეს. ფუნქციურ ნაწილში კერძო კომპანიებს თავისუფლება უნდა მიეცეთ - რატომაც არა სასტუმრო ზოგიერთ ციხე-სიმაგრეში, კაფე-რესტორანი, სადღესასწაულო ცენტრი, როგორც ევროპაში არის, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი კონტროლის პირობებში,"- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ასევე უმრავლესობის და ოპოზიციის ცალკეული დეპუტატები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო