„ამ დარბაზში ტყუილი ასე პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, თითქოს ვინმემ მაიძულა მე უკრაინაში წასვლა, ერთ რამეს შეგახსენებთ, დელეგაციაში იცით ვინ არ წამოვიდა? „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი პარტია. დელეგაცია, რომელიც იყო მეორე საპარლამენტო დელეგაცია მსოფლიოში, რომელიც კიევში ჩავიდა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კიევში ვიზიტს შეეხება.
„მოდით, პატივი ვცეთ ისტორიას. თქვენი დელეგაციები არ არსებობს. საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან.
„გეკითხებით, რატომ არ ჩახვედით უკრაინაში? რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან? მინისტრები რომ არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა? ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა? ჩავიდა კი არა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ აქ და როგორც იქნა, ჩავიდა“, - განაცხადა გოცირიძემ.