თსუ-ში შეხვედრა „დიმიტრი დიმიტრიადისი - კულტურათაშორისი დიალოგი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილ ბერძენ მწერალთან, დრამატურგთან და მთარგმნელთან დიმიტრი დიმიტრიადისთან შეხვედრა სახელწოდებით „დიმიტრი დიმიტრიადისი - კულტურათაშორისი დიალოგი“ გაიმართა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

თსუ-ს ცნობით, შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და სტუმრები ესწრებოდნენ.

„წელს საბერძნეთის რესპუბლიკასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი აღინიშნება. მოხარული ვართ, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უდიდესი დრამატურგი, მწერალი და ფილოსოფოსი დიმიტრი დიმიტრიადისი ეწვია. მისი ლექცია, რომელიც თეატრის ისტორიას, მის წარსულსა და მომავალს შეეხებოდა. დამსწრე საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იყო და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ბერძნულ ხელოვნებაში განსაკუთრებული მოვლენაა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა, მარია თეოდორუმ თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ცნობილი ბერძენი მწერალი დიმიტრი დიმიტრიადისი უბრალო ავტორი არ გახლავთ. ის მოაზროვნეა, რომელსაც თანამედროვე სამყაროს არსებობაში თავისი წვლილი, მოსაზრებები დღესაც შეაქვს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სტუდენტებს, საზოგადოებას საშუალება მიეცა, გაეცნოს მის სწავლებას, ღრმა ცოდნას ევროპისა თუ მთელი მსოფლიოს შესახებ“, - აღნიშნა მარია თეოდორუმ.

დიმიტრის დიმიტრიადისი არის თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, შექსპირის, მოლიერის, ბალზაკის, ჟან-პოლ სარტრის, სამუელ ბეკეტის, მორის მეტერლინკის და სხვათა ბერძნულად მთარგმნელი.

„დიმიტრი დიმიტრიადისის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, არაბულად და სხვა მრავალ ენაზე. საფრანგეთის ტელევიზიამ „კულტურ ფრანსმა“ მისი ნაწარმოებების კითხვას 5 თვე მიუძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კალიბრის ადამიანთან შეგვიძლია ურთიერთობა“, - აღნიშნა თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა.

შეხვედრის შესახებ ასევე ისაუბრა თავად დიმიტრი დიმიტრიადისმა.

„შეხვედრისას ვესაუბრებოდი მსმენელს, რომელიც მისმენდა და არა მხოლოდ მისმენდა, ჩანდა, რომ ჩემს სიტყვებში საუბრის მთავარ მიზანს პოულობდნენ და ჩართული იყვნენ დიალოგში, მდუმარედ. ვფიქრობ, უნივერსიტეტმა საუკეთესო გარემო დაგვახვედრა საიმისოდ, რომ ისეთ თემებზე გვესაუბრა, რაც ადვილად აღსაქმელი და გასაზიარებელი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ დღეს ამ თვალსაზრისით წარმატებული შეხვედრა იყო. „ვკვდები როგორც ქვეყანა“ 1978 წელს დაიწერა და დღემდე აქტუალურ ტექსტად ითვლება. ვფიქრობ, რომ ტექსტის აქტუალობას არსებული სინამდვილე განაპირობებს. რეალობა ტექსტის განხორციელებას, გაცოცხლებას განაპირობებს. ვფიქრობ, რომ ტექსტი წინ უსწრებს სინამდვილეს, ჯერ ტექსტია და მერე დგება ის რეალობა, რაზედაც ნაწარმოები საუბრობს. მგონია, რომ სამწუხაროდ, ეს ნაწარმოები კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი დიმიტრიადისმა.

დიმიტრის დიმიტრიადისის პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიოს ბევრ პრესტიჟულ სცენაზე. მისი საკულტო ნაწარმოები "ვკვდები როგორც ქვეყანა" ქართულად თათია მთვარელიძემ თარგმნა და მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა.

„ეს ტექსტი არის მარადიულ თემაზე, რომელიც ყველა საზოგადოებას ყველა ეპოქაში ძალიან აღელვებს. თუ რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ, კაცობრიობამ იცოცხლოს და რას ნიშნავს ქვეყნის სიკვდილი ზოგადად, რასთან არის ეს დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავად ტექსტის ენა და სტილი არის ისეთი დიაქრონული - მოიცავს ბერძნული ენის განვითარების თითქმის ყველა ეტაპს და ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზებსაც კი. ამით ეს ტექსტი ბერძნული ენის და კაცობრიობის განვითარების ისტორიის შესახებ სრულ სურათს გვაძლევს“, - განაცხადა მთარგმნელმა, თათია მთვარელიძემ.

შეხვედრა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს და საერთაშორისო ფესტივალი "GIFT"-ის ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო