ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2022

გიორგი გობრონიძე - ემუქრება თუ არა კავკასიის ენერგოდერეფანს რუსული სპეცსამსახურების დივერსიები?!

“ოცნებაში” ფიქრობენ, რომ გახარია აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის მიღების გამო გააქტიურდა“ - ძაბირაძე

ხათუნა ლაგაზიძე - “კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით”

სად გაქრა რუსების ერთ-ერთი სარდალი და რატომ აყოვნებს უკრაინა ხერსონზე შეტევას

ირანულ „შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ

* * *

გიორგი გობრონიძე - ემუქრება თუ არა კავკასიის ენერგოდერეფანს რუსული სპეცსამსახურების დივერსიები?!

“აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა სამუშაო ვიზიტის იმ დღის წესრიგით, რომელიც განაპირობა მსოფლიოსა თუ ჩვენს რეგიონში შექმნილმა ვითარებამ. მოგეხსენებათ, დღეს აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, რაზეც ილაპარაკა კიდეც ილჰამ ალიევმა. შესაბამისად, საქართველოს, როგორც ამ ენერგომატარებლების გამტარ ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გამომდინარე აქედან, ეს ვიზიტი უპირველესად უკავშირდებოდა რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს. იზრდება მოთხოვნა, შესაბამისად, იზრდება მიწოდებაც, ეს კი წარმოშობს ახალ საკითხებს, რომლებზეც შეთანხმებაა საჭირო. ამის მიღმა არსებობს პოლიტიკური ვითარება და ძვრები რეგიონში, რომლის მონაწილე საქართველოც არის”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ემუქრება თუ არა კავკასიის ენერგოდერეფანს რუსული სპეცსამსახურების დივერსიები?!

“კარგი იქნებოდა, ცალკეულ შემთხვევაში უფრო აქტიური ყოფილიყო ოფიციალური თბილისი. სწორედ ჩვენ ვყოფილიყავით ერთ-ერთი მთავარი მოქმედი მხარე ამ პროცესებში, თუნდაც დღის წესრიგის შეთავაზებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება იმართება ისე, რომ ამ პროცესიდან რუსეთი გასულია. ვგულისხმობ, პრაღაში თურქეთის მონაწილეობით გამართულ ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრას. ამ ფონზე საქართველოს აქვს შანსი იქცეს როგორც რეგიონული მოლაპარაკების ცენტრად, ასევე იმ მოლაპარაკების ინიციატორად, რომელშიც ჩვენს მეზობლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი პარტნიორებიც. შესაბამისად, ალიევისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დროს განსახილველი საკითხი ბევრი სხვა რამაც შეიძლება ყოფილიყო... დღეს საკითხი ასე დგას: რამდენად არის მზად ენერგოდერეფანი და მისი ინფრასტრუქტურა გაზრდილი ნაკადების გასატარებლად და როგორ არის დაცული. საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა. შესაბამისად, კასპიის ენერგორესურსების ევროპისთვის უსაფრთხოდ მიწოდებაზე მსჯელობა და ერთობლივი გეგმის დასახვაც, ვიმეორებ, აუცილებლად იქნებოდა ალიევის ვიზიტის ნაწილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“რაც შეეხება დეტალებს, არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც კითხვებს აჩენს, დაწყებული ამ შეხვედრის ადგილით, ფორმით, დასრულებული შინაარსით. ზოგადად, საქართველო შესაძლოა, ევროპისთვის “ახალი სიცოცხლის” გზა გახდეს, რადგან სწორედ აქ იქნება ის ენერგოდერეფანი, რომელმაც ევროპა რუსეთის “ენერგონემსიდან” უნდა ჩამოსვას. ევროპისთვის ამ გზის სასწრაფოდ ამოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიდ პროექტებს დიდი რისკები ახლავს. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ალიევის დაუგეგმავი ვიზიტი თბილისში. იმ ფონზე, რომ მსოფლიოში სტრატეგიულ ნავთობსადენებს აფეთქებენ, საქართველოსა და აზერბაიჯანს თავისი ნავთობ თუ გაზსადენების დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღება მოუწევთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გაუგებარია, რატომ არ აცნობეს პრეზიდენტს. კარგი იქნებოდა, სულ რამდენიმეწუთიანი მიღება მაინც სალომე ზურაბიშვილთან. ელემენტარული პატივისცემის საკითხია, პრეზიდენტი რომელიმე სხვა ქვეყნის პირველი პირის ვიზიტის თაობაზე ინფორმაციას მედიით არ უნდა იგებდეს. ეს ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს. გარდა ამისა, ძალიან უხერხული იყო რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი და რუსული ორდენების კავალერი ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის სურათის ფონზე შეხვედრა. თუმცა არ დავიწყებ სპეკულაციებს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე მიანიშნებს, მე ეს უფრო პროტოკოლის სამსახურის შეცდომა მგონია. ამის ნახვა ნამდვილად უსიამოვნო იყო. ასევე არასწორად მივიჩნევ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც უკრაინის შესახებ - ახლა შეიძლება თქვან, ფრაზაში “მოლაპარაკების” შედეგად უკრაინის ტერიტორიების აღდგენაც იგულისხმაო, მაგრამ ეს ხომ არ უთქვამს. არადა, თქმა მარტივად შეეძლო, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ბედს იზიარებს. 2008 წლის აგვისტოში თვეების განმავლობაში რომ არ გაგრძელდა ომი, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები გადავიტანეთ. დღეს, პრაქტიკულად, უკრაინის მსგავსი მოცემულობის წინაშე ვართ - ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიებიც. საერთოდაც, ჩვენით დაიწყო ეს ყველაფერი - რუსეთი ჯერ საქართველოში შემოიჭრა, რის შემდეგაც დაუსჯელი დარჩა და მერე ამას მოჰყვა მთელი ეს უბედურება”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რაც შეეხება უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს, არასასიამოვნო მოსასმენი იყო უკრაინის შესახებ განცხადებები, რომ თურმე სანქციები არ მუშაობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესო იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან იმის აღიარება, რომ საქართველოს როლი იზრდება ევროკავშირისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპას სჭირდება ენერგორესურსები. კი ბატონო, ევროკავშირმა თხევადი გაზის მარაგები გაზარდა, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი რესურსი დახარჯა. ამიტომაც ცხადია, რომ ევროპაში სჭირდებათ ეკონომიკის დივერსიფიცირება და აუცილებელია თხევადი გაზის გარდა, ალტერნატიული გზების მოძებნაც. ამ შემთხვევაში ჩვენი როლი იზრდება. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს იმ ტიპის პოლიტიკოსთან კომუნიკაცია, როგორიც ორბანია. სუბიექტურად რომ შევაფასო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კი, ჩვენ კვაზიდემოკრატიის ქვეყანა ვართ და გვაქვს სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები. დემოკრატიზაციაში უნგრეთსაც აქვს პრობლემები. შესაბამისად, ცოტა არასერიოზულად ჩანს და ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამ ქვეყნების პრემიერები ერთმანეთს დემოკრატიას უქებენ, მაგრამ ჯობს ყველაფერს ნაციონალური ინტერესიდან შევხედოთ. ვაღიაროთ, რომ დემოკრატია არ გვივარგა, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ამას ახალი პრობლემები დავამატოთ, დავკარგოთ საგარეო პოლიტიკური როლი”,- განმარტავს გიორგი გობრონიძე.

“ამიტომაც ამ ვიზიტს არ შევაფასებდი უარყოფითად. ის, რაც ენერგოუსაფრთხოებაზე მოვისმინეთ უნგრეთში, ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. უნდა გაგახსენოთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ ორბანის კომენტარი, საქართველოსთვის სტატუსზე უარის თქმას არასწორი გადაწყვეტილება უწოდა, მოგვიანებით კი “ტვიტერზე” - ამორალური ნაბიჯიც. ხშირად უნდა ისმოდეს ამგვარი განცხადებები. არავისზე ნაკლებად არ დაუმსახურებია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა, თუნდაც იმის გამო უნდა მოგვცენ ეს სტატუსი, რომ დაჩქარდეს რეფორმების ის ტალღა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის. კანდიდატობა უკვე ხელშესახები შესაძლებლობაა, შესაბამისად, გაიზრდება საზოგადოების დაკვეთა ქვეყნის დემოკრატიზაციაზე... უკვე აშკარაა, რომ ძალიან იზრდება რუსეთით უკმაყოფილება სომხეთში, რაც სავსებით ადეკვატური რეაქციაა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ფეხზე დაიკიდა. ეს ქვეყანა ცდილობს რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას და ევროპულ სტრუქტურებში მეტად ინტეგრაციას, რაშიც, ვფიქრობ, საქართველომ თავისი წვლილი შეიძლება შეიტანოს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთი საქართველომ უნდა მოიაზროს სტრატეგიულ პარტნიორად. სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სომხეთის ევროპულ ინტეგრაციასა და დეიზოლაციაზე, რაც ჩვენი ინტერესიც უნდა იყოს. ჩვენ დღეს გვჭირდება რეგიონში ძალთა ბალანსი და პარიტეტის შექმნა. ერთ მხარეს ჩვენ ვართ ჩართული თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივ ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამმხრივ ფორმატში შენარჩუნდეს ძალთა სიმეტრიული განლაგება. უმნიშვნელოვანესია რეგიონული მშვიდობა, რადგან საბოლოოდ შედგეს და ამოქმედდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელზეც ალიევმაც ილაპარაკა. ეს დიდი და ხანგრძლივი სამუშაოა. არა მგონია, ეს უახლოეს წლებში გადაწყდეს, მაგრამ მუშაობა უკვე დასაწყებია”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “უკრაინაში ომზეც ვისაუბროთ. რუსეთმა განაცხადა, რომ დაასრულა ნაწილობრივი მობილიზაცია. ამასთანავე, სულ უფრო გახშირდა კრემლიდან ლაპარაკი მოლაპარაკებაზე...” - პასუხობს:

“რუსეთი ომის გაყინვას ცდილობს, ამიტომ ლაპარაკობს მოლაპარაკებაზე, თუმცა ეს ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩანს. შეიძლება ითქვას, ახლა ჩვენ ომის შუა ფაზას ვადევნებთ თვალს. ომში საბოლოო გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. გასაგებია, რომ რუსეთს უკვე აღარ აქვს შანსი, რომ რომელიმე იმ პოლიტიკურ ამოცანას მიაღწიოს, რომელსაც ომის დასაწყისში ისახავდა მიზნად. მას არა აქვს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ უკრაინა სრულად დაიპყროს. არც იმის შანსი, რომ დაამარცხებს უკრაინის თავდაცვის ძალებს. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოპარულია. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება სამხედრო მაღალჩინოსნებს 600-მილიონიანი იახტები ჰყავდეთ. გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომში ოპერატიულ დონეზეც ვეღარ ფლობს ინიციატივას, ვერც სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია. ახლა გადასაწყვეტია, როგორი იქნება ამ ომში რუსეთის მარცხის მასშტაბი”.

“ერთადერთი, რაც რჩება რუსეთს იმისთვის, რომ საბოლოო მარცხი აირიდოს თავიდან, მასობრივი განადგურების იარაღით შანტაჟი ან მისი გამოყენებაა. ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელთა, ყოფილ თუ ამჟამინდელ მოხელეთა განცხადებები. ძალიან საინტერესო იყო ერთი შეფასება - თუ რუსეთში ვერ გაიგეს, რას ვგულისხმობთ მათთვის პასუხის გაცემაში, მაშინ იკითხონ, რა დაემართა ყასიმ სულეიმანსო. ეს იყო ირანელი გენერალი, რომლის ლიკვიდაციაც ამერიკის სპეცსამსახურებმა ბაღდადში მოახერხეს. მოკლედ, რუსეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს, მაგრამ შეიძლება წავიდეს იმ ტიპის ავანტიურაზე, რომელიც ამ ომს თვისებრივად დიდ მასშტაბს შესძენს. პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევას კი არა, იზოლაციას საჭიროებს. ის თავის გარემოცვასთან ერთად საზოგადოებისთვის საშიშია. რა მოლაპარაკებაზეა ლაპარაკი, როდესაც ადეკვატურობის ზღვარს გასცდნენ. ომი დაიწყეს დენაციფიკაციაზე ლაპარაკით და დღეს უკვე მესიანისტურ ისტერიკაში არიან - დესატანიზაციაზე ლაპარაკობენ. დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

“ოცნებაში” ფიქრობენ, რომ გახარია აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის მიღების გამო გააქტიურდა“ - ძაბირაძე

|”რას ნიშნავს ექსპრემიერისა და პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას გააქტიურება რამდენიმე თვის დუმილის შემდეგ? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს შესაძლოა გახარიას აშშ-ში ვიზიტს უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, მმართველ გუნდაში ფიქრობენ, რომ მან აშშ-ში გარკვეული მხარდაჭერა და რეკომენდაციები მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებაში” ფიქრობენ, რომ გახარია აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის მიღების გამო გააქტიურდა“ - ძაბირაძე.

“როგორც ჩანს, აშშ-ში ვიზიტი მოუხდა. მართალია, თავად აქამდე არ ჩანდა, მაგრამ მისი პარტია აქტიურობდა. ალბათ, ახლა აქვს მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტა თავადაც იაქტიუროს. რაც შეეხება “ქართული ოცნების” რეაქციას, დიდი ალბათობით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გახარიას გააქტიურება აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის გამო მოხდა. ამასთან, ნამდვილად არ უნდა აწყობდეთ გახარიას მხრიდან კორუფციასა და ოლიგარქიაზე საუბარი, ის მათი პარტიის წევრი იყო, რომელმაც ასე თუ ისე “ოცნების” შიდა სამზარეულო იცის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი გახარიას საკმაოდ პოზიტიური დასაწყისი ჰქონდა ახალი პარტიის შექმნისას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც კარგი შედეგი მიიღო, მაგრამ ბევრი პარტია გვახსოვს, რომლებმაც კარგად დაიწყეს. ყველაფერი დამოკიდებულია მუშაობის გაგრძელებაზე. გააჩნია, როგორ წარმართავს საარჩევნო კამპანიას და სხვა პარტიებს როგორ კონკურენციას გაუწევს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ 2024 წლის არჩევნებში რა შედეგებს მიიღებს”, - დასძენს ძაბირაძე. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვიტერზე” დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, გააქტიურდნენ მმართველ გუნდშიც. “ოცნების” წევრები მკაცრად აკრიტიკებენ ყოფილ თანაგუნდელს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი “დაყროყინება”, არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას. “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ კი გიორგი გახარიას “ვირთხა” უწოდა. განცხადება გააკეთა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმაც. მისი თქმით, გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. “ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი”, - განაცხადა ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, “ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება”, - წერს სტატიის ავტორი.

ხათუნა ლაგაზიძე - “კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით”

“დღეს არავის შეუძლია იმის დანამდვილებით თქმა, გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მის სავარაუდო მოტივებზე. ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი არა ტაქტიკური ბირთვული იარაღის, არამედ ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენებაზე, რომელიც რადიაქტიური ნარჩენებისგან კეთდება, მათზე კი რუსებს ხელი მიუწვდებათ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურშიც, რომელიც ახლა მათ ხელშია. ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ აქტიურად ეკონტაქტებოდა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს და მორიგ დეზინფორმაციას აწვდიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს უკრაინას სურს საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს |”ბინძური ბომბები”. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამ ნათქვამიდან დასავლეთის ყველა ლიდერმა ერთნაირი დასკვნა გამოიტანა - კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით. `ცრუდროშის~ ოპერაცია საინფორმაციო ნიადაგის მომზადებაა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რის გაკეთებასაც თავად აპირებ”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით”.

“ესე იგი, მოსკოვს შეიძლება სურს თავად გამოიყენოს უკრაინაში რადიაციული ნარჩენებით სავსე ბომბები და შემდეგ უკრაინას დააბრალოს. წესით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ტაქტიკური ატომური იარაღი იქნება თუ “ბინძური ბომბები”, რუსეთისთვის უმძიმესი შედეგი მოჰყვება, რაც პირადად მისთვის ჰარაკირის ტოლფასია. ამერიკულ და არა მარტო ამერიკულ პრესაში სხვადასხვა ვერსია განიხილება იმის შესახებ, თუ რითი შეიძლება უპასუხოს ამერიკამ უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას: დაწყებული შავი ზღვის ფლოტის განადგურებით, დამთავრებული კონვენციური შეტევებით თავად რუსულ ინფრასტრუქტურაზე. აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ უკრაინა-ნატოს წევრი ქვეყნების საზღვარზე ამერიკის სპეციალური დანიშნულების ნაწილები განლაგდნენ. მართალია, ეს მოსაზრება არ გაუხმაურებიათ ოფიციალურ პირებს, მაგრამ პრესასა და მედიაში აქტიურად ვრცელდება, რაც ინფორმაციის მიზანმიმართულად გაჟონვას ანუ რუსეთის ირიბად გაფრთხილებასაც მოასწავებს. იოლი წარმოსადგენია, პირად საუბრებში ამერიკის თუ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის ოფიციალურ პირებს რა კონტრზომების გამოყენებაზე ელაპარაკებიან, თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის გარემოცვის დარწმუნება იმაში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მათი გადარჩენის კი არა, დასასრულის გზაა. არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დაუტოვონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი ხელისუფლების შენარჩუნებას კი არა, ფიზიკურად გადარჩენასაც კი ვერ შეძლებენ. ახლა ყველაფერი დასავლეთზეა, ვინაიდან, კაცმა არ იცის, რას იზამენ კედელთან მიყენებული პუტინი და მისი გარემოცვა. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა შანტაჟი იყოს, რათა დასავლეთის ზეწოლით უკრაინას მოლაპარაკება აიძულოს. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს ბევრი გავლენიანი სამხედრო ექსპერტის შეფასება იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდასხმითი პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია და ახლა, ძირითადად, თავდაცვის რესურსი აქვს შერჩენილი. ამიტომ დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს და ამას ყველაზე კარგად კრემლი გრძნობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნება. შეიძლება ეს შანტაჟიც დიდწილად ამ მიზანს ემსახურებოდეს. სხვათა შორის, რუსეთი მხოლოდ იარაღით არ იბრძვის ბრძოლის ველზე, პუტინი ისევ ცდილობს შავი ფულის მეშვეობით გავლენა გააძლიეროს დასავლელ პოლიტიკოსებზე. მას ისედაც ძალიან ბევრი გავლენის აგენტი ჰყავდა დასავლეთში. ეს უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდში კარგად გამოჩნდა. ახლა, როდესაც თვითგადარჩენის რეჟიმშია გადასული, ყველანაირად ეცდება მთელი ფინანსები და გავლენის აგენტების არმია მომართოს იმისთვის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებებში შეამციროს უკრაინისთვის მხარდაჭერა და მოამწიფოს ვითარება მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის დასასმელად. ალბათ, ყველას ახსოვს ილონ მასკის ტვიტი, სადაც ის განიხილავდა მოლაპარაკების დაწყებისა და დათმობაზე უკრაინის წასვლის ალბათობას...”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ილონ მასკს, შეიძლება ის უბრალოდ მოექცა იმ ინფორმაციულ ნაკადში, რომლის გაცნობის შემდეგ ჩათვალა, რომ მსოფლიოში მშვიდობის გადასარჩენად ჯობს უკრაინა მოლაპარაკებას დათანხმდეს. საინფორმაციო მანიპულაციის შესაძლებლობები იმდენად უსაზღვროა, რომ შესაძლოა თავად თანამედროვე ტექნოლოგიების მეფე ილონ მასკიც გახდა მისი უნებლიე მსხვერპლი. ინფორმაციულ დივერსიას ადამიანის გონებაზე ისეთივე დამანგრეველი ეფექტის მოხდენა შეუძლია, როგორიც ბირთვულ ბომბს ადამიანის ფიზიკური განადგურება. თუმცა მასკთან დაკავშირებული ეს ისტორია ძალიან კარგი ტესტი აღმოჩნდა დასავლელი საზოგადოების განწყობის გასარკვევად: მის ტვიტზე რეაქციებმა ცხადყო, რომ დასავლეთი კვლავ მზად არის დაუჭიროს მხარი უკრაინას, რადგან ამას საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევად აღიქვამს. მსოფლიო სულგანაბული ელოდა, როგორი იქნებოდა უკრაინასთან დაკავშირებული ბრიტანეთის ახალი პრემიერის რიში სუნაკის პირველი განცხადება, მან კი თქვა, რომ უკრაინისთვის ბრიტანეთის მხარდაჭერა იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, დასავლეთმა გააცნობიერა, რომ “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი” პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო იმაზე ბჭობს, გამოიყენებს თუ არა პუტინი ატომურ ბომბს. საგულისხმოა ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, სადაც ის უკრაინის დეოკუპაციის პარალელურად აქცენტს აკეთებს საქართველოს დეოკუპაციაზე და ამბობს, რომ ყირიმის პლატფორმის პარალელურად უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციას და ამ კონტექსტში პირდაპირ დაასახელა დნესტრისპირეთი და აფხაზეთი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიან კონტექსტში და ასევე ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილად, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, - ამტკიცებს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ომისთვის “ახალი შინაარსის” მისაცემად კრემლში ცდილობენ ის “წმინდა ომად| და |სატანისტებთან ბრძოლად|~ წარმოაჩინონ...”, - პასუხობს:

“მოსახლეობის ნაწილის პუტინისადმი ლოიალურობას მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა. სანამ რუს ხალხს პუტინის იმპერიალისტური ამბიციები პირად დისკომფორტს არ უქმნიდა და პირიქით, მათ იმპერიალისტურ ეგოს აკმაყოფილებდა, მხარს უჭერდა პუტინის დაპყრობით ომებს, მაგრამ როგორც კი რუსები სეირის მაყურებლის როლიდან ამოვარდნენ და ომმა თითოეული მათგანის პირად სივრცეში შეაღწია, მაშინვე მისცეს საპასუხო რეაქცია ქვეყნიდან გაქცევითა და დამალვით. ის, რომ კრემლი თავისი მოქალაქეების რწმენას პროპაგანდისთვის იყენებს, ნიშნავს, რომ უკვე ყველა იარაღი გასროლილი აქვს და ბოლო ტყვიის იმედზეა დარჩენილი. წარმოუდგენელი ამბავი ხდება - რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს თავისი ბრიყვი მოსახლეობა, რომ მართლმადიდებლურ უკრაინაში სატანისტებს ებრძვის. გამორიცხულია, ამან პუტინს სასურველი შედეგი მისცეს”.

სად გაქრა რუსების ერთ-ერთი სარდალი და რატომ აყოვნებს უკრაინა ხერსონზე შეტევას

“გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება “ცენტრს” მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამაზე პირველი ცნობები ჯერ ჩეჩნურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი რუსულმა წყაროებმა ორ ვერსიაზე დაიწყეს საუბარი. ნაწილი გათავისუფლებას ადასტურებს, ხოლო ნაწილი წერს, რომ ლაპინმა შვებულება აიღო და დასვენება სჭირდება. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ფაქტი ომის მსვლელობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა ნათლად დასტურდება, რომ რუს ძალოვნებში შიდა კლანური დაპირისპირებაა. ამის პარალელურად კი ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ხერსონი რჩება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვარაუდობს, რომ ოლქის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ბუდანოვი გამოცემა „დრაივთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე მომზადებული და ბრძოლისუნარიანი რუსული ქვედანაყოფები ამჟამად ხერსონში იმყოფებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სად გაქრა რუსების ერთ-ერთი სარდალი და რატომ აყოვნებს უკრაინა ხერსონზე შეტევას.

“ბუდანოვის თქმით, ხერსონში მობილიზებული რუსული ძალების დიდი ნაწილს საჰაერო-სადესანტო ჯარები, საზღვაო ქვეითები და სხვადასხვა სპეცრაზმები შეადგენენ და მათი რაოდენობა დაახლოებით 40 ათასია. ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინის ხელისუფლება ხერსონის აღების ვადად ნოემბრის ბოლო იმიტომ დაასახელა, რომ ქალაქის გათავისუფლება სწრაფად ვერ მოხდება და თავისი გათვლებით მოქმედებენ, სადაც ითვალისწინებენ როგორც მოწინააღმდეგისა და საკუთარ შესაძლებლობას კონკრეტულ ოლქში, ისე ამინდს. რუსული გამოცემა “ურა.რუ” თავდაცვის სამინისტროში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ ლაპინს “დასვენებისთვის დრო მიეცა” და იგი 3 დღით შვებულებაში გავიდა. მათივე ცნობით, წყაროზე დაყრდნობით, ლაპინი შვებულებაში წასვლის შემდეგ მაინც დატოვებს მეთაურის თანამდებობას. სხვა რუსული გამოცემები კი თავის წყაროზე დაყრნობით წერენ, რომ ლაპინი მოხსნილია საარმიო დაჯგუფება “ცენტრის” სარდლობიდან. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. კადიროვი იმასაც წერდა, რომ ლაპინს რუსეთის გენერალური შტაბიდან მფარველობენ. აღსანიშნავია, რომ ლაპინის გადაყენების შესახებ პირველი ცნობა სწორედ ჩეჩნურმა სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ლაპინის გადაყენება ომის მსვლელობაზე არ აისახება, თუმცა ეს ნათლად მიუთიტებს იმაზე, რომ შიდა დაპირისპირებაა. “ეს ომის მსვლელობაზე არანაირად არ აისახება. ლაპინი გადააყენეს როგორც უუნარო, ვინც ეს ოპერაცია ფაქტიურად ჩააგდო, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ნათლად აჩვენებს იმას, რომ “ეფესბეს” რგოლი, რომელშიც კადიროვია და სამხედროებს ეჭიდავება, წარმატებას აღწევს და პუტინთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე სამხედროები”, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, რამზან კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მფლობელის ევგენი პრიგოჟინის ფლანგმა კარგად იმუშავა და “განტევების ვაცად” ლაპინი გამოიყვანეს”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინას თავისი ოპერატიული გათვლები აქვს - ძალთა შეფარდება, ბუნებრივი პირობები, საცეცხლე მხარდაჭერის შესაძლებლობები და ა.შ. ამიტომ ხერსონის გათავისუფლება ასე ჩქარა ვერ მოხდება. იქ რუსების დაახლოებით 30-ათასიანი დაჯგუფებაა. შესაბამისად, უკრაინამ მათზე უფრო აღმატებული დაჯგუფება უნდა შექმნას. რამდენად შეძლებს ამას, დრო გვიჩვენებს. როგორც ვიცი, რუსები ხერსონისთვის ბრძოლას აპირებენ, თავდაცვით ნაგებობებს აძლიერებენ. გოსტომელიდან დანაყოფების გაყვანა იმის ნიშანია, რომ არა შეტევისთვის, არამედ თავდაცვისთვის ემზადებიან. მე რომ მკითხო, რუსებს ხერსონი სავაჭროდ სჭირდებათ - რომ დაგითმობთ ხერსონს აღიარეთ ყირიმი და დანარჩენი დაკავებული ტერიტორიებიო”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“როგორც ჩანს, კადიროვისა და პრიგოჟინის დაჯგუფებამ იმუშავა და პუტინი დაარწუნა, რომ ყველაფერში, რაც ხარკოვსა და ხერსონში მოხდა, ლაპინია დამნაშავე. ლაპინი სწორედ ამ მიმართულებით იყო პასუხისმგებელი. როგორც ჩანს, ის “განტევების ვაცად” გამოიყვანეს.. ხერსონიდან სამხედრო-პოლიტიური ადმინისტრაცია გაყვანილია და ფაქტიურად ხერსონს ციტადელად ამზადებენ. როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქუჩის ბრძოლებს თავს არიდებენ, რომ დიდი დანაკარგი არ ჰქონდეთ. ეს უბრალოდ უკრაინელების გეგმაა, რომ ის ოპტიმალური ვარიანტი კიდევ უფრო ეფექტურად შეიმუშავონ, რომ როგორმე ხერსონი გაათავისუფლონ და არა ის, რომ მტერს პირდაპირ შეუვარდნენ, სამხედროები დაახოცინონ და მერე რესურსი აღარ ჰქონდეთ. ასევე მეორე ვარიანტია, რომ შესაძლოა ხერსონი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. ასევე ბევრი ვარიანტებია. რუსები შეეცდებიან, რომ ეს დრო გამოიყენონ რეზერვებს მობილიზაცია გაუკეთონ და ხერსონისკენ გადაისროლონ, ასევე სხვა ფრონტებზეც გააქტიურდნენ. ანუ რუსებმა ე.წ. შემხვედრი ბრძოლების სტრატეგია შეიმუშავონ. ეს რა თქმა უნდა უკრაინელებმაც იციან. ჩემი აზრით, ხერსონში საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ირანულ „შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელებს ბოლო ორი თვეა დიდი პრობლემები შეუქმნეს ირანული “შაჰიდ-131” და “შაჰიდ-136” ტიპის კამიკაძე-დრონებით. ირანული “შაჰიდი”, რომელსაც ძრავად თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი გერმანული ავტომობილის “ფოლკსვაგენ-ხოჭოს” ჩინური კლონი აქვს და მისი ხმა ათი კილომეტრიდანაც კი ისმის, ძნელი ჩამოსაგდები არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მძიმედ აზიანებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რადგან რუსი ოკუპანტები ერთი უკრაინული ელექტროსადგურის დასაზიანებლად ერთდროულად ათამდე “შაჰიდს” გზავნიან და უკრაინელებმა ათიდან რვაც რომ ჩამოაგდონ (რაც საუკეთესო შედეგად ჩაითვლებოდა ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის), დარჩენილი ერთი-ორი კამიკაძე-დრონი თავის შავ საქმეს მაინც აკეთებს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ირანულ „შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ.

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება თვითმხილველების გადაღებული ეფექტური ვიდეოფირი, რომლებშიც უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავი “მიგ-29” ახლო მანძილიდან რაკეტას უშვებს ირანული “შაჰიდის” ჩამოსაგდებად და რაკეტა გასაოცარ მკვეთრ საჰაერო მანევრს ასრულებს და კამიკაძე-დრონს ჰაერშივე “ხსნის”. უკრაინელებმა მორიგი “შაჰიდი” ჩამოაგდეს და ვინ იცის, რამდენ მშვიდობიან მოქალაქეს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, რასაც უკრაინელი პილოტის გარდა, იმ თბილისელ მუშებსა და ინჟინრებსაც უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც თავის დროზე ააწყვეს ეს რაკეტა. ცხრათვიან ომში მნიშვნელოვნად შეთხელებული უკრაინის საჰაერო ძალები გამანადგურებელ, ბომბდამშენ და მოიერიშე თვითმფრინავებზე იყენებენ საბჭოთა პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში სერიულად წარმოებულ “ჰაერი-ჰაერი” კლასის ახლო მანძილზე მოქმედების სითბური დამიზნების ორი ტიპის მართვად რაკეტებს, “რ-60მ”-სა და “რ-73”-ებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ტიპის რაკეტები ერთგვარი “პისტოლეტებია” საჰაერო ბრძოლებში აღმოჩენილი პილოტებისთვის, რომლებსაც მათი საშუალებით ახლო მანძილზე შეუძლიათ თავის დაცვა.“რ-60” ტიპის რაკეტების სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჯერ კიდევ 1974 წლიდან დაიწყეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 30 ათასზე მეტი ასეთი და უფრო გაუმჯობესებული “რ-60მ” ტიპის რაკეტა ააწყვეს. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის რაკეტებს საბჭოთა კავშირში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა და არა მარტო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ათასობით ამგვარი რაკეტის საექსპორტო ვარიანტი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გაიყიდა და მათ ინტენსიურად იყენებდნენ ისრაელ-არაბეთისა და ირან-ერაყის ომებში”, - განაგრძობს გამოცემა.

“1983 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო “ჰაერი-ჰაერი” კლასის ბევრად ძლიერი “რ-73” ტიპის მართვადი რაკეტის სერიული წარმოებაც, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მთელ მსოფლიოში და 40 კილომეტრის სიშორეზეც შეეძლო ჩამოეგდო საჰაერო სამიზნე. თბილისში არანაკლებ 6 ათასი ასეთი რაკეტა ააწყვეს.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ზემოხსენებული ორივე ტიპის მართვადი რაკეტების მცირე მარაგი შეხვდა ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო ავიაციასაც და შესაძლო საჰაერო ბრძოლებში თავის დასაცავად განთავსებული იყო ასევე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ორ განაპირა პილონებზე.გარდა ამისა, აფხაზეთის ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა “ჰაერი-ჰაერი” კლასის “რ-60მ” ტიპის მართვადი რაკეტების მიწიდან გასაშვები დანადგარები მათი საზენიტო რაკეტებად გამოყენების მიზნით. ჩატარდა საგამოცდო სროლები შავი ზღვის სანაპიროზეც, თუმცა შემდგომში ამ მიმართულებით საკონსტრუქტორო სამუშაოები შეწყდა”, - დასძენს გამოცემა.

“მაშინ “რ-60მ” ტიპის რაკეტის ნაცვლად ბევრად ძლიერი სარაკეტოძრავიანი “რ-73”-ები რომ გამოეყენებინათ, “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტა “მიწა-ჰაერი” კლასის საზენიტო რაკეტად წარმატებით “გადანათვლა” შეიძლებოდა და ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა (რაც გააკეთეს კიდეც სერბებმა, როდესაც თბილისის საავიაციო ქარხნის გამოშვებული “რ-60მ” და “რ-73” ტიპის რაკეტების გასაშვები სატვირთო ავტომობილებზე დაამონტაჟეს და ნატოს ავიაციის წინააღმდეგაც იყენებდნენ). სხვათა შორის, ბევრი თანამედროვე “მიწა-ჰაერი” კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მათ შორის ისრაელის “სპაიდერი” (რომელიც ქართველმა მეზენიტეებმა ჯერ აგვისტოს ომის ბრძოლებში “მონათლეს”), ფრანგული “მიკა”, გერმანული “ირის-ტ” თუ ამერიკულ-ნორვეგიული “ნასამსი” საზენიტო რაკეტად გადაკეთებულ “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტებს იყენებენ, რაც ბევრად იაფი გამოსავალია, ვიდრე ახალი საზენიტო რაკეტის დაპროექტება, გამოცდა და სერიული წარმოების დაწყება”, - წერს სტატიის ავტორი ირაკლი ალადაშვილი.

“რამდენად პერსპექტიულია, რომ შემორჩენილი “რ-73”-ების ბაზაზე ქართული არმიისთვის დამზადდეს თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რომლებიც ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით დიდად არ ჩამოუვარდება “სპაიდერებს”, რომელთა საზენიტო რაკეტების გასარემონტებლად და გასაუმჯობესებლად უკან, ისრაელში გაგზავნა გვიწევს?ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუნდაც სააქციო საზოგადოება “თბილავიამშენში”, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შედის და ბოლო ორი წელია საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ “სუ-25” მოიერიშე თვითმფრინავებს, სატრანსპორტო “მი-8მტვ”-ებსა და საბრძოლო “მი-24” ტიპის შვეულმფრენებს (რომლებიც რამდენიმე წელი მიწაზე იყვნენ მიჯაჭვული და ჯართში ჩაბარებასაც კი უპირებდნენ) კაპიტალურად არემონტებს. არანაკლებ პერსპექტიულია იმ ასეულობით “რ-60მ” და “რ-73” ტიპის “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტების გარემონტება-მოდერნიზაცია, რომლებიც ჯერ კიდევ არის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საბრძოლო ავიაციის შეიარაღებაში”, - დაასკვნის ირაკლი ალადაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო