ვაჟა ბერიძე -  Para Bellum - ემზადე ომისთვის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო აქტუალურია, საშინაო პოლიტიკაზე და ევროპული რეკომენდაციების რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე მოგვიწევს საუბრის დაწყება.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცხადებენ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება მათი მიზანია. მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე შეუძლია შესაბამისი კანონების მიღება, მაგრამ რასაც ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა პროცედურული თამაშებით ევროპული რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია.

იმიტაცია, რადგან 12-დან არც ერთ რეკომენდაციაზე არ დასრულებულა მუშაობა, სამ რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ არც დაწყებულა. როგორც ბევრი დამკვირვებელი ამბობს, „ხელისუფლებისაგან ევრორეკომენდაციების რეალურ სურვილი არ ჩანს“.

გასულ კვირას ხმაურიანად განიხილებოდა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი. მმართველი გუნდის მტკიცებით, ამ სააგენტოს ხელმძღვანელი პრემიერმა უნდა დანიშნოს. არადა, ევროპული რეკომენდაციით სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევაში ოპოზიციამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას?

- რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი აქცენტი დასვით, როცა რეკომენდაციის თაობაზე მკითხეთ. თუმცა, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ ამ რეკომენდაციების თაობაზე, მისი შემუშავებისა და მიღების პროცესზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოტივაციაზე რეკომენდაციებთან მიმართებით, თუ დღევანდელი დღის მთავარ გამოწვევას არ შევაფასებთ.

ჩვენ ვერ დავიჭერთ პოზას, თითქოსდა ამ რეკომენდაციების ოდენ შესრულებაზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში ჩვენი კანდიდატად აღიარების საკითხი. მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან.

ჩვენ ვცხოვრობთ ევროპის შუაგულში მასშტაბური ომის მიმდინარეობის პირობებში და ჯერ ამ ომისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა განვსაზღვროთ. რეალური ნაბიჯები და პოზიცია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, იქ მთავრდება, სადაც იწყება ობივატელური მიეთ-მოეთი რეფრენით - აბა, ომი გინდა?!

ყველა მხარე პოლიტიკურ დივიდენდებსა და სხვა ბენეფიტებზე ფიქრობს, გეგონება, ადამ და ევადან დღემდე, ვინმეს ომი უნდოდა, მათ შორის, პირსისხლიანი დიქტატორებისა და ფაშისტური გერმანიის ლიდერების ჩათვლით. აღარაფერს ვამბობ პრობლემის ისტორიულ ანამნეზზე - ასეთი კითხვა მკრეხელობაზე მეტია იმ უამრავ გმირთან მიმართებაში, რომლებმაც თავი დადეს მაღალი იდეალებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენთვის დიდგორი იქნებოდა ეს, შამქორი, თუ ბასიანი, ან ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავდადებული მილიონები, ქართველები თუ სხვანი.

ეს იმდენად წმინდათა წმინდა თემაა, რომ ყოველგვარი მსჯელობა დემაგოგიად და ცინიზმად მოჩანს. ომი არ უნდოდა და არ უნდა არავის, მაგრამ ცხოვრება და ბედისწერა ადამიანებსაც და ერებსაც აყენებს ამ საბედისწერო არჩევანის წინაშე.

არ გავყვები ამ მიმართულებით მსჯელობას და არ შემოგთავაზებთ უფრო კონკრეტულ, საგნობრივ რემინენსცენსიებს. ვიტყვი მხოლოდ, რომ მშვიდობა ყველასთვის, ყველა დროში, უზენაესი მიზანია. ოღონდ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა ემზადოს ომისთვის. ყველა სხვა მიდგომა ახლომხედველურია და პერსპექტივა არ აქვს.

მშვიდობა ყველასთვის, ყველა დროში, უზენაესი მიზანია. ოღონდ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა ემზადოს ომისთვის. ყველა სხვა მიდგომა ახლომხედველურია და პერსპექტივა არ აქვს

ეს იცოდა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მცხოვრებმა რომაელმა კორნელიუს ნეპოსმა, სხვათა შორის, ციცერონის მეგობარმა. Si vis pacem, para bellum - გინდა მშვიდობა, - ემზადე ომისთვის.

ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით. ჩვენ გვყავს შეიარაღებული ძალები კვალიფიციური გენერალიტეტით და ოფიცერთა შემადგენლობით, მებრძოლებით, რომელთა პროფესიონალიზმი და სიმამაცე აღიარებული იყო ძველ დროშიც, საბჭოთა პერიოდშიც და დღევანდელობაშიც - საერთაშორისო მისიებში მონაწილე დასავლელი პარტნიორების მიერ.

მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები არ არის მზად ისეთ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის, როგორიც ოკუპანტი რუსეთია. თუ საჭირო გახდა, ვიომებთ. ვიომებთ თავდადებით, მაგრამ მზაობა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე, არასაკმარისია. რაა ამის მიზეზი? - უამრავი ფაქტორი. მათ შორის, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა, ხილული და უხილავი პრობლემები, რომელთა განხილვაც შორს წაგვიყვანს...

უბრალოდ მოვიშველიებ უმარტივეს არითმეტიკას.

2020 წელს სომხეთის სამხედრო ხარჯები ბიუჯეტის 17%-ს შეადგენდა, აზერბაიჯანისა - 13%-ს. აზერბაიჯანი 2020 – 2021 წლებში ყოველწლიურად 20%-ით ზრდიდა სამხედრო ხარჯებს და აიყვანა იგი 2,6 მლრდ დოლარამდე. სომხეთში 2022 წელს სამხედრო ხარჯებმა 750 მლნ აშშ დოლარი შეადგინა აბსოლუტურ გამოხატულებაში.

საქართველოს რომ შევხედოთ, 2022 წელს სამხედრო ხარჯები გათვალისწინებული იყო 1 მლრდ 82 მლნ ლარით, რაც შეადგენდა 364 მლნ აშშ დოლარს. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, 2023 წლის პროექტით, 1 მლრდ 260 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რაც ლარი-დოლარის მიმართების ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებით, 442 მლნ აშშ დოლარია.

ამ რიცხვების შედარებისთვის სპეციალური საფინანსო განათლება საჭირო არ არის და არც ამ მოცემულობის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტია ძნელად წარმოსადგენი. მაგრამ ამის გამო არ შეიძლება ობივატელური ცნობიერების ოფიციალიზაცია და შეძახილები - აბა ომი გვინდა?!. თუ ომი არ გვინდა და ომი არ გვინდა ნამდვილად, არავის, არც ოპოზიციას, არც პოზიციას, არც პაციფისტებს, არც ნიჰილისტებს და არც მილიტარისტებს. და თუ ომი არ გვინდა, ვემზადოთ ომისთვის.

არც დემაგოგებს არ მივცეთ არენა - რომელ მეზობელ ქვეყანასთან ჰიპოთეზურ დაპირისპირებაში შეგვიძლია ჩვენ გამარჯვებაო რომ შეიძახებენ, - თურქეთთან, თუ ირანთან (რეგიონული სახელმწიფო და ფაქტორია), რუსეთზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენს ძმებთან და მეზობლებთან, ისედაც არ ვაპირებთ ომს, მაგრამ შეპირისპირებისას ზემოთ მოყვანილი რიცხვები გავითვალისწინოთ. რაც შეეხება სეპარატისტულ ოკუპირებულ რეგიონებს, მათთან პირისპირ არავინ დაგვტოვებს...

ასე რომ, ქართული სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინა გადასახედია და მიდგომები შესაცვლელი. ჩვენ მშვიდობა გვინდა და მაშასადამე, ომისთვის უნდა ვემზადოთ, როგორც შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით, ისე მოქალაქეთა უსაფრთხოების კუთხით. ღმერთმა ნუ ქნას და რაც უკრაინაში ხდება, ის რომ აქ დატრიალდეს, ვინმემ იცის, მშვიდობიანმა მოსახლეობამ რა უნდა ქნას, სად უნდა შეაფაროს თავი?

ქართული სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინა გადასახედია და მიდგომები შესაცვლელი

ახლა მივყვეთ დღევანდელობის უმწვავეს საკითხს - ევროკავშირის რეკომენდაციებს. ვთქვათ პირდაპირ - ხელისუფლებას სურს ფორმალურად პირნათელი იყოს ევროსტრუქტურების წინაშე. თუმცა ამ შენიშვნების სულისკვეთება მისთვის გაუგებარია.

ოპოზიციას არ აქვს პოლიტიკური პროცესის განვითარების კონცეპტუალური ხედვა. დესტრუქციაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ შედეგი არ გამოიღო, სამომავლო გეზი არ გამოიკვეთა, ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროდან გამოხსნა არ მოხერხდა, შედეგზე ორიენტირებული მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა ვერ აგორდა... მათ სასარგებლოდვე მინდა შევნიშნო, რომ კოვიდ-პანდემიის 2 წელი და ომი უკრაინაში აშკარად არ იყო საამისოდ ხელშემწყობი ფაქტორი.

თუმცა, არც იმდენად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონია შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომ მათი უნიათობა ამას დაბრალდეს. ქართული პოლიტიკური კლასი მოკლებულია საქმიანობის ელემენტარულ დინამიზმს და დაცლილია პოლიტიკური გონისგან. რა თქმა უნდა, ცალკეულ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ. შესაბამისად, ხელისუფლება ამით სარგებლობს და ამ არცთუ ძნელ ამოცანას საკმაოდ იოლად წყვეტს.

ქართული პოლიტიკური კლასი მოკლებულია საქმიანობის ელემენტარულ დინამიზმს და დაცლილია პოლიტიკური გონისგან. რა თქმა უნდა, ცალკეულ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ. შესაბამისად, ხელისუფლება ამით სარგებლობს და ამ არცთუ ძნელ ამოცანას საკმაოდ იოლად წყვეტს

თავისუფალი მედია მოკვდა. დაბალანსებული საინფორმაციო ველის თაობაზე ზღაპრები დამთავრდა, პალიტრა ჯგუფს და სხვა რამდენიმე გამონაკლისს არ ვგულისხმობ.

საერთო-ეროვნული ტელე-სივრცე ორ მტრულ ბანაკადაა გაყოფილი და პროპაგანდისტული ბრძოლის იარაღად ქცეული, სადაც თქვენ ვერ ნახავთ თვალსაზრისების შეჯერებას, კამათს, დისკუსიას და არსებულ მიუღებელ ვითარებას კრიტიკულ მედიაზე ლათაიები ცვლის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ წარმოებს. ზოგიერთი კარგად დაფინანსებული ჯგუფი რეალურ ვითარებას სათავისოდ ინახავს და ასაჯაროებს ამა თუ იმ მხარისთვის მისაღებ კორექტირებულ მონაცემებს.

ასეთ ვითარებას რომელი 12 პუნქტი შეცვლის?!.

და მაინც უნდა შესრულდეს ეს პუნქტები, ფორმალურად მაინც უნდა ვიყოთ პირნათელნი ევროკავშირის წინაშე, რადგან ჩვენი ევროპული მომავალი არც მხოლოდ ხელისუფლებისაა და არც მხოლოდ ოპოზიციის - ქვეყანას სჭირდება.

სახელისუფლო კულუარებში მიმოქცევადი, საბედნიეროდ ფრაგმენტული, მოსაზრებები - თუ ევროკავშირში და ნატოში არ გვიღებენ, სხვა გზა უნდა მოვძებნოთ, აბა სხვანაირად როგორ იქნება, და ბრიქსზე და შანხაის ჯგუფზე მინიშნება, მეტისმეტად იმპრესიონისტული აღქმაა ჩვენი დახლართული ვითარების.

საზოგადოებაც ამ პუნქტების შესრულების პროცესში აქტიურად უნდა ჩაებას, განსაკუთრებით მეცნიერები და შესაბამისი სფეროების სპეციალისტები. რაც შეეხება 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულების უკიდურეს ფორმალიზაციას, საკუთრივ ხელისუფლებისთვის არის ასეთი მიდგომები უშედეგო და დამაზიანებელი.

რაც შეეხება ანტიკორუფციული სააგენტოს არსებულ ვარიანტს. პრემიერ-მინისტრის მიერ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა, სასწაული და იგავმიუწვდომელი „ნოუ ჰაუაა“... აღარ გავაგრძელებ ამ მიმართულებით მსჯელობას...

პრემიერ-მინისტრის მიერ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა, სასწაული და იგავმიუწვდომელი „ნოუ ჰაუაა“...

ჰიპოთეზურად, კორუფციული დანაშაული, დასავლურ დემოკრატიებში, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ეშელონების დანაშაულად მოაზრება და არა, მაგალითად, რომელიმე მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკის მიერ მოქალაქისათვის უკანონოდ, ვთქვათ, მიწის ნაკვეთის გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში.

ეს ტრივიალური კრიმინალია. ისევე როგორც, ვთქვათ, მერიის ჩინოვნიკის მონაწილეობა ამა თუ იმ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ზონის უკანონოდ შეცვლასა და ე.წ. კოეფიციენტებით ჟონგლირებაში.

თუ ამაში პირველი პირები არ მონაწილეობენ უშუალოდ, მაგრამ ვერ აღკვეთეს დანაშაული, ეს კორუფციული და სისხლის სამართლებრივი ფაქტი არ არის და მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

- რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი. უცნაური ისაა, რომ უმრავლესობამ ჯერ არასამთავროებო ორგანიზაციებისგან შექმნა სახალხო დამცველის შერჩევის კომისია, შემდეგ თქვა რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ კომისიამ სამ კანდიდატად ვინ შეარჩია.

რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობის წევრები სახალხო დამცველს კი არა „ქართული ოცნების“ თანამოაზრეს და ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს მომავალ წევრს ეძებენ კანდიდატებს შორის.

კანდიდატების სიის ნაწილის ბიოგრაფიები ტოვებს განცდას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ხელისუფლებისათვის კომფორტული და დამჯერი ომბუდსმენის შერჩევა. თქვენზე რა შთაბეჭდილება ტოვებს პარლამენტში სახალხო დამცველების შერჩევის პროცესი?

- შთაბეჭდილება მოლოდინიდან მომდინარეობს, ეს, მათ შორის, ამ პროცესზეც ითქმის. არ მქონია მოლოდინი, რომ შერჩევის პროცესი, მიზნიდან გამომდინარე, გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებარებოდა.

მთავრობას უნდა, რომ სახალხო დამცველი არ იყოს მისი კიდევ ერთი თავის ტკივილი, ხოლო ოპოზიცია სახალხო დამცველში ხედავს პოლიტიკურ ფიგურას და მოკავშირეს. მით უფრო, როცა სახალხო დამცველს აქამდე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოების ნდობით აღჭურვილი არასამთავრობოების ჯგუფი არჩევდა.

ამ რეალობიდან გამომდინარე, პარლამენტში ძალთა განლაგების გათვალისწინებით, სხვანაირად როგორ უნდა წარიმართოს პროცესი? თუ ხელისუფლებამ არჩეული გზით იარა ბოლომდე და მისთვის სასურველი კანდიდატი დასვა ამ თანამდებობაზე, შეიძლება ევროკავშირმა 12 პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულებულად არ ჩათვალოს.

თუ ხელისუფლებამ არჩეული გზით იარა ბოლომდე და მისთვის სასურველი კანდიდატი დასვა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შეიძლება ევროკავშირმა 12 პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულებულად არ ჩათვალოს

ამ შემთხვევაში, გონივრული მიდგომა გულისხმობს კომპრომისს. კომპრომისს ორივე მხრიდან, მაგრამ უპირატესად, შექმნილი ვითარებისადმი, მთავრობის მიერ ანგარიშის გაწევას. ამის მოლოდინი არ მაქვს. ისე როგორც არ მაქვს მოლოდინი იმ ვითარების, რომ ყბადაღებული 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულება ჩაგვეთვლება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.

თუმცა ბევრი რამ იმ კონკრეტულ მოცემულობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ვითარება შეიქმნება წლის ბოლოს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

- როცა ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ამ კონტექსტში არ გავიხსენოთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში და მის მიერ გამართული მოლაპარაკებები ამ ქვეყნის ლიდერ ორბანთან, რომელიც კრემლის ლიდერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გამო ევროკავშირის თავისტკივილია კარგა ხანია.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში ყოფნისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამ გაითვალისწინა უნგრული გამოცდილებიდან. მას არ დაუკონკრეტებია კერძოდ რა, მაგრამ ვხედავთ, რომ ორბანისა და ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინა-რუსეთის ომთან და რუსეთთან მიმართებაში ერთმანეთს თუ სრულად არ ჰგავს, თანხვედრა დიდია.

რუსეთთან ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, თუ ჩვენი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, გაუგებარია, რატომაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, სამაგალითო უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის თავისტკივილია მისი პრომოსკოვური განცხადებებისა და პუტინთან ვიზიტების გამო.

თქვენ როგორ აღიქვით ღარიბაშვილ-ორბანის მოლაპარაკებებისა და განცხადებებს? სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდნენ ღარიბაშვილის ვიზიტს ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორები, ვისზეცაა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?

- ალბათ აქ ჩვენი ეთნოფსიქიკის ის მხარე მოდის წინა პლანზე, რომ ჩვენც გვიყვარს განსაკუთრებული მდგომარეობისა და პოზიციის ქონა გარკვეულ გაერთიანებებში. მაგალითად, ქართველები და საქართველო განსაკუთრებული მოკავშირე რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში და ამაში ის ფაქტორი ერთადერთი არ იყო, რომ ფაქტობრივად ქართველები მართავდნენ საბჭოთა იმპერიას სამი ათეული წლის განმავლობაში.

მადიარებსაც უყვართ თავისი განსაკუთრებულობის ხაზგასმა და ასე იყო როგორც ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში, ასევეა ევროკავშირშიც. სამაგალითო არა და უფრორე მსგავსია კონსერვატიული ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სხვას რას გულისხმობდა პრემიერი, ჩემთვის უცნობია.

თუ ევროკრიტიკული პათოსი არის უნგრეთ-საქართველოს ერთობის საფუძველი, ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია, მხოლოდ ეს იყოს ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის ხარისხის განმაპირობებელი. სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით, დღემდე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, შემწე და მხარდამჭერია.

თუ ევროკრიტიკული პათოსი არის უნგრეთ-საქართველოს ერთობის საფუძველი, ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია, მხოლოდ ეს იყოს ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის ხარისხის განმაპირობებელი. სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით, დღემდე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, შემწე და მხარდამჭერია

რაც შეეხება ვიზიტის დროსა და ხასიათს, ყველა ევროპულ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა სასურველი და მისაღებია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრაგმატული ასპექტიც ჰქონდა ვიზიტს და მე დავუკავშირებდი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან უნგრეთში ელექტროენერგიის ექსპორტის პერსპექტივას. თუმცა, ვიზიტი, სავარაუდოდ, გაცილებით ადრე დაიგეგმა, ვიდრე ამის თაობაზე საჯაროდ გახდა ცნობილი.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ნატოს-შტაბ-ბინას, ნატოელებიც ჩვენთან ხშირად ჩამოდიან, საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ რამშტაინის შეხვედრებში, რომელიც უკრაინისათვის დახმარების სერიოზული ფორუმია, პრემიერმა ღარიბაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას მგონი პირველადაც კი განაცხადა ასე ხმამაღლა, თან საზღვარგარეთ ვიზიტისას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს.

ახლა როცა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, ჩვენ რეალურად არც ვიცით ამ პროცესში მონაწილეობს თუ არა საქართველო, პრემიერის განცხადება ნატოსთან დაკავშირებით, მაინც აშკარად კარგის ნიშანი უნდა იყოს.

თქვენ როგორ აღიქვით უნგრეთში ნატოსთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება?

- ადეკვატურად. დიდი ხანია, საქართველოს ყველა მთავრობა ამ გზას ადგას და კაცმა რომ თქვას, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, პრემიერ-მინისტრებს ვგულისხმობ, რასაკვირველია, ამის თაობაზე საუბრობენ საკმაოდ ხშირად. არ შეიძლება არ გესმოდეს, რატომ არ ისმოდა აქამდე იგივე ხასიათის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო პერიოდის პრემიერობის და მისი თუნდაც წინამორბედის ლექსიკაში.

უკრაინაში ომი, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ევროატლანტიკური კურსის გამოც დაიწყო და იმ ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომელიც კატეგორიულად ემიჯნება რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის პერსპექტივას, რასაც ცალკეული უკრაინელი ლიდერები ღიად მოითხოვენ ჩვენგან, ასეთი რეალობა სულაც არ არის საკვირველი.

თუმცა, სხვა ალტერნატივა ჯერ ქვეყნის წინაშე არ გამოჩენილა, არ დგას და სავარაუდოდ, ხილულ პერსპექტივაში, არც დადგება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ამის თაობაზე ქვეყნის არაფორმალური მმართველი და მისი გუნდის ცალკეული ლიდერები.

ცივილიზაციური არჩევანი ქართველ ერს დიდი ხანია გაკეთებული აქვს ევროპის მიმართულებით. მისი შეცვლა, მოსახლეობის უმრავლესობის ნების არსებობის შემთხვევაშიც კი არ იქნება იოლი, გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლის შემთხვევაშიც კი

ჩვენ ვერ ჩავთვლით ჯერ-ჯერობით სერიოზულად არაოფიციალურ მითქმა-მოთქმას სხვა პერსპექტივის არსებობის თაობაზე. ბრიქსი და თქვენ წარმოიდგინეთ, ევრაზიული ერთობა. არენიდან გაყრილ და ჯერ-ჯერობით ჩუმად მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს ასეთი რამაც ეიმედებათ...

განვითარების ვექტორი და სტრატეგიული მიმართულება არ იცვლება ერთ, ან ორ წელიწადში, გნებავთ ათწლეულში. სტრატეგიული მიმართულება ავტობუსის გაჩერება არ არის თავისუფლების მოედანზე, საიდანაც გინდა დასავლეთისკენ წახვალ, გინდა აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთსა და სამხრეთზე რომ არაფერი თქვათ.

ცივილიზაციური არჩევანი ქართველ ერს დიდი ხანია გაკეთებული აქვს ევროპის მიმართულებით. მისი შეცვლა, მოსახლეობის უმრავლესობის ნების არსებობის შემთხვევაშიც კი არ იქნება იოლი, გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლის შემთხვევაშიც კი.

- უნგრეთში პრემიერის ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადება არანაირად არ ჯდება საშინაო პოლიტიკაში მმართველი გუნდის მთავარ გზავნილში - ომი გინდათ?! დასავლეთსა და აშშ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

ცხადია, რაც უფრო გართულდება ვითარება უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე, რუსეთიდან მიგრანტების რიცხვი მით მეტად გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინის ომისთვის მობილიზაციის პროცესი დასრულებულია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას თავის მთავარ გზავნილებზე - ომი გინდათ? ამერიკას ჩვენი ომში ჩართვას სურს?

გაქვთ იმედი, რომ შოიგუს განცხადების შემდეგ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ?

- კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ ომი არ გვინდა. გვინდა მშვიდობა და თუ მას მყარი საფუძველი სჭირდება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ომისთვის თუ გარკვეული რეალობის პირობებში მოგვიხდება ჩვენი თავისუფლების, თვითმყოფადობის და მომავლის დაცვა. ჩვენი მზაობა, ძლიერ ეკონომიკასთან და რეალურ დემოკრატიასთან ერთად, გახდება კიდეც ერთიანი საქართველოს მყარი საფუძველი.

აშშ-ს სურვილის თაობაზე, ჩავრთულიყავით ომში, საუბრები არასერიოზულია. არის საერთაშორისო ურთიერთობებში მომენტები, როცა ბევრ საკითხზე კულუარული ურთიერთობები და პოზიციების შეჯერება თუ შეუთანხმებლობა კონფიდენციალურად უნდა დარჩეს.

მესმის, რომ ამ პროცესმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურის და გამორჩეული, მასშტაბური მეცენატის ფინანსებს, მაგრამ ქვეყნის პერსპექტივა როგორმე უნდა ავარიდოთ ასეთ ზიგზაგების ზემოქმედებას.

არ ველი, რომ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა, უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, ძნელია რომელიმე ქვეყნიდან გამოქცეულ ადამიანებს უარი უთხრა თავშესაფარზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შემომავალი ნაკადი საფრთხეს შეუქმნის, ასეთი გადაწყვეტილებაც მყისიერად და ოპერატიულად უნდა იქნას მიღებული.

ამ რეალობას ვერანაირი ჩვენი პოლიტიკური პაციფიზმი ვერ შეცვლის, ომი ისევ რჩება დღევანდელ ცივილიზაციაში კანიბალური ინსტინქტების გამოვლინების თანამედროვე ფორმად

თავად ევროკავშირს სირიელი ლტოლვილებისთვის უპირობოდ არ გაუხსნია საზღვრები, თუმცა სამ მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი თურქეთმა შეიფარა, განათავსა ისინი, ძირითადად, სპეციალურად მოწყობილ ბანაკებში და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით ყოველწლიურად ევროკავშირი თურქეთს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს აძლევს. ასე რომ, ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენც სათანადოდ უნდა ვიმოქმედოთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება შოიგუს განცხადებას. შოიგუ დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე. იტყვის ისე, როგორც ამას პუტინს ფრონტებზე არსებული მდგომარეობა აიძულებს. თუმცა ეს ყველაფერი ვერ შეცვლის მიუღებელ ვითარებას, რომ XXI საუკუნის დასაწყისში, შუაგულ ევროპაში, სისხლისმღვრელი მასშტაბური ომია გაჩაღებული.

ამ რეალობას ვერანაირი ჩვენი პოლიტიკური პაციფიზმი ვერ შეცვლის, ომი ისევ რჩება დღევანდელ ცივილიზაციაში კანიბალური ინსტინქტების გამოვლინების თანამედროვე ფორმად.

- გვერდს ვერ აუვლით საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს. მხედველობაში მაქვს ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ვითარება.

„ნაციონალებისაგან“ გამიჯნულების ისევ გაერთიანება, „ნაციონალების“ მტკიცება, რომ ისინი საარჩევნოდ ოპოზიციურ სპექტრთან ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას გამორიცხავენ, ასევე იმას, რომ „ლელო“ ნაციონალებთან“ ერთ ბლოკში გაერთიანებას არ აპირებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს?

- ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ უმძიმეს ვითარებას არაფერი ეშველება, ვიდრე პოლიტიკიდან რეალურად არ წავლენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. რამდენადაც ასეთ პერსპექტივას არ უჩანს ხილული მომავალი, არც ოპოზიციას და არც პოლიტიკურ სპექტრს, არაფერი ეშველება.

ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ უმძიმეს ვითარებას არაფერი ეშველება, ვიდრე პოლიტიკიდან რეალურად არ წავლენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში არ არსებობს ფული პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად. არადა, სამწუხაროდ, პოლიტიკას ფული სჭირდება. საბიუჯეტო დაფინანსება, პოლიტიკაში ფინანსურ რესურსზე მოთხოვნას ვერასდროს დააკმაყოფილებს. საქართველოში არის ორი ფული. - ბიძინას ფული და „ნაციონალების“ ფული, კეზერაშვილი და ა.შ. ამდენად, ამ ორი ძალის ძიძგილაობაში მიილევა ეს წელი და სავარაუდოდ, მომავალიც.

პოლიტიკური სპექტრის სასურველ ტრანსფორმაცია - გაჯანსაღებას უახლოეს 2 წელიწადში არ ველი. ვერც ვერავინ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის „აგდებას“, ქუჩაში გამოყვანას და ბარიკადებთან ღამეების სათევად დარაზმვას. ასეთი ვითარება ცალსახად „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

რაც შეეხება არენიდან ერთი-მეორეს მიყოლებით გაუჩინარებულ პრორუსულ ძალებს, არც მათ რეინკარნაციას ველი, გარდა იმ ვითარებისა, როცა ეს „მე-11 არმიის“ შემოსვლის ფონზეა შესაძლებელი, რასაც ხილულ პერსპექტივაში ასევე გამოვრიცხავ.

- დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, მმართველი გუნდი არც ამჯერად შეასრულებს დანაპირებს ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით. თუ მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგამს, რომ პატარ-პარტიებს ცოტა დრო ექნეთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მისაღებად.

მანამდე კი მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ბევრი პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანდება და ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. გაქვთ იმის განცდა, რომ მმართველი გუნდი დანაპირებს შეასრულებს და ბარიერს 2-3%-მდე დაწევს?

- ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება მომავალი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობასთან დაკავშირებით. „ოცნებას“, თუ დასჭირდა ბარიერის ჩამოწევასაც მოახერხებს და აწევასაც და მოკავშირეებს იპოვის.

დასავლეთს და საქართველოს ყველა მეგობარს, მმართველი ძალის პირველ პირებთან ერთად, ხელს მხოლოდ ერთი პერსპექტივა უნდა აძლევდეს, - სამართლიანი არჩევნების ჩატარების შეუქცევადად დამკვიდრება, საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევის კომპანიების არენაზე დაშვება და დამკვიდრება, თავისუფალი მედიის და შესაბამისი პრინციპების რეანიმირება და ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში.

„ოცნებას“, თუ დასჭირდა ბარიერის ჩამოწევასაც მოახერხებს და აწევასაც და მოკავშირეებს იპოვის

იმ ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული განდევნილია არენიდან და მხოლოდ მავანთა მიერ შეთანხმებული კონკრეტული ძალის ხელისუფლებაში მოსვლაზე კვერის დაკვრის ფუნქცია დარჩენია.

მაშინ, სხვა პოლიტიკური პარტიები ახალ სტიმულს და ახალ იმპულსებს შეიძენენ და ჩვენი პოლიტიკური სისტემაც სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი გახდება, ხოლო პოლიტიკური პარტიები რეალურად იქნებიან სოციუმის ნაწილის ინტერესების გამომხატველნი და არა ძალა უძალოთა, როგორც ვაცლავ ჰაველის მიერ დამკვიდრებული ამ ცნების განსახიერება.

ჰაველი ჯერ კიდევ 1978 წელს წერდა - „კითხვა სინამდვილეში ასე დგას: „ნათელი მომავალი“ ყოველთვის ასეთი შორეულია, თუ პირიქით, იგი უკვე დიდი ხანია, აქაა და მხოლოდ ჩვენი საკუთარი სიბეცე და უძლურობა არ გვანებებს, ჩვენ ირგვლივ და ჩვენში შევამჩნიოთ იგი და წარმოვაჩინოთ“?

ვაგლახ, რომ არა...

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი