მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო.

სხდომა 22 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.

სასამართლოში პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხეს, რომელშიც განმარტებული იყო, რომ სააკაშვილს პროცესზე დასწრება, ასევე პროცესზე დისტანციურად მონაწილეობაც შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ოქმის მიხედვით, სააკაშვილი სხდომაზე დასწრებაზე უარს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აცხადებდა. მან ასევე უარი განაცხადა პროცესის მისი დასწრების გარეშე ჩატარებაზე.

სასამართლოს განმარტებით, პროცესზე სამწუხაროდ, სამედიცინო დოკუმენტაცია წარდგენილი არ იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, რომ გასულ სხდომაზეც მსგავსი რამ მოხდა.

„წინა პროცესზეც ანალოგიური რამ მოხდა, კლინიკისგან წარმოდგენილი არ იყო სამედიცინო დოკუმენტაცია, ჩვენ კლინიკას განცხადებით მოვთხოვეთ ცნობის გაცემა, რაზეც კლინიკისგან უარი მივიღეთ, უარში მითითებული იყო, რომ სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში გავცემთ მხოლოდ ცნობასო. შესაბამისად, არ ვიცით, ამჯერად რა გახდა ცნობის წარმოუდგენლობის მიზეზი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. პროკურატურის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, კვლავ სახეზე არის, რის გამოც, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო. დაცვის მხარის განცხადებით კი, დევნა, რომლის ინიცირებაც პროკურატურამ განახორციელა, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არის და ის უნდა გაუქმებულიყო.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა