დადასტურდა, რომ რეკომენდაციების შესრულების იმიტაციით, ბუტაფორიული ცვლილებებით არავინ მიგვიღებს ევროპაში - საგანგაშოა ევროპელი პარტნიორების შეფასება, პროგრესის ნაცვლად ჩვენ განვიცადეთ რეგრესი, ნაბიჯები გადავდგით უკან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ევროპაში ინტეგრაციას არ ცდილობს და ახლა მისი ამოცანაა, იპოვოს განტევების ვაცი, რათა მას გადააბრალოს ყველაფერი, თუკი ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა მისივე ქმედებების გამო დაიხურება.
„სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რასაც ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, პროცესის იმიტაციით, რეკომენდაციების შესრულების იმიტაციით, ბუტაფორიული ცვლილებებით არავინ მიგვიღებს ევროპაში. "ქართული ოცნება" არ ცდილობს ევროპაში ინტეგრაციას, მისი ამოცანაა, იპოვოს განტევების ვაცი და მას გადააბრალოს ყველაფერი, რადგან ეშინიათ ჩვენი მოქალაქეების 85 პროცენტის ურყევი ნების, რომ საქართველო იყოს ევროპის ცივილიზაციის ნაწილი.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როგორც იანუკოვიჩს თავის დროზე, ასე აქვს აკრძალული „ქართულ ოცნებას" რუსეთთან შეთანხმებით რეკომენდაციების შესრულება და კანდიდატის სტატუსის მიღება და აშკარაა ღალატის ნიშნები. ახლა არაა პოლიტიკური კეკლუცის და ყელმოღერების დრო, ახლა არის საქართველოს გადარჩენის დრო. რეკომენდაციების შესრულებაზე უარის თქმა, ამ შესაძლებლობის ფანჯრის დახშობა ნიშნავს საქართველოს რუსულ ჭაობში ჩახშობისთვის გაწირვას, ამისთვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. ახლა არის ერთიანი ფრონტის დრო, ამიტომ გადავდოთ პარტიული და პირადი ამბიციები და საქართველოს მომავლისთვის დავდგეთ ერთად. საგანგაშოა ევროპელი პარტნიორების შეფასება, პროგრესის ნაცვლად ჩვენ განვიცადეთ რეგრესი, ნაბიჯები გადავდგით უკან, "ქართულმა ოცნებამ" უკვე გააკეთა არჩევანი, მისთვის ივანიშვილი არის საქართველო, რას ვუპირისპირებთ ამას, მთელი ყურადღება ამაზე უნდა იყოს მიპყრობილი და არა მეორე და მესამეხარისხოვან საკითხებზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"