სალომე სამადაშვილი - კადრების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის მორალური წამებაა

ამ კადრების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის მორალური წამებაა - „ქართული ოცნების“ ამოცანა გარდა იმისა, რომ აჩვენონ, როგორ უსწორდებიან სააკაშვილს საპატიმროში, არის ასევე, მცდელობა იმის დემონსტრირების, რომ მისი ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა უკავშირდება მის არჩევანს და არა ობიექტურ სამედიცინო რეალობას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს როგორ დაგეგმოს საკუთარი „პიარ სვლები“ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად.

სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით შეწყალების უფლება უნდა გამოიყენოს, რადგან იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლებელია დადგეს, ისიც პასუხისმგებელი იქნება.

„ჩვენ ვნახეთ სრული უგულებელყოფა როგორც ჩვენი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელისუფლების მხრიდან. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო აღშფოთება და მე მგონია, რომ ამ კადრებს შეიძლება, ვლადიმერ პუტინისთვის აჩვენებენ იმიტომ, რომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანის რეაქცია იქნებოდა ის, რომ ჩვენ ვუყურებთ წამებას. ამ კადრების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის მორალური წამებაა, ამიტომ მე საერთოდ არ მაქვს სურვილი ვისაუბრო კადრების შინაარსზე, რადგან ეს არის როგორც უკანონო მოსმენა, მიყურადება და ა.შ. - არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ზუსტად იგივე. ჩვენ, საზოგადოებას არ გვქონია მოთხოვნა, რომ ვინმეს ფარული კამერით ჩაწერილი სააკაშვილის კადრები გაემჟღავნებინა. სააკაშვილის პოზიცია და საზოგადოების მოლოდინი იყოს, რომ მას მიეცემოდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება და ამ ხალხმა, რომელიც ქვეყნის მთავრობას ეძახის თავის თავს, მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არიან, რომელთაც ერთადერთი ამოცანა აქვთ - ივანიშვილის დავალებები შეასრულონ, ხოლო ივანიშვილს, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის დავალებების შესრულება, გადაწყვიტეს, რომ არ მისცენ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობის უფლება და ამის ნაცვლად, ზუსტად არ ვიცი, რისი თქმა უნდოდათ საზოგადოებისთვის.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა გარდა იმისა, რომ აჩვენონ როგორ უსწორდებიან სააკაშვილს საპატიმროში, არის ასევე მცდელობა იმის დემონსტრირების, რომ მისი ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა უკავშირდება მის არჩევანს და არა ობიექტურ სამედიცინო რეალობას.

„ქართული ოცნება“ ფიქრობს, როგორ დაგეგმოს საკუთარი პიარ სვლები ამ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად და მათ დღეს არ მისცეს სასამართლოზე გამოსვლის შესაძლებლობა, რადგან დარწმუნებული ვარ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან ვიღაცამ მოითათბირა და თქვეს, რომ - „მოდი, ჯერ ეს კადრები გავასაჯაროოთ და შემდეგ ვნახოთ რას ვიზამთ“ და ამიტომ წაართვეს მას კონსტიტუციური უფლება.

ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და ძალიან დაბეჯითებით ვითხოვთ მისგან შეწყალების უფლების გამოყენებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და ვამბობთ იმას, რომ ის პასუხისმგებლობას ასევე ვერ გაექცევა, ისიც იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც შეიძლება დადგეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით იმიტომ, რომ მას დღეს აქვს კონკრეტული ბერკეტები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო