ლადო პაპავა - არ ვარ „შეთქმულების თეორიის“ მომხრე, მაგრამ სერიოზული არგუმენტები, თუ რატომ არ მიანიჭა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უბრალოდ არ არსებობს

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით და რა პრობლემებით სრულდება 2022 წელი და რა საშინაო და საგარეო პრობლემებით ხვდება ქვეყანა 2023 წელს „ინტერპრესნიუსი“ აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, რადგან წელი სრულდება და ახლა სწორედ ის დროა, შევეცადოთ 2022 წლის შეჯამებას. ვიცი რთული და დიდი თემაა, მაგრამ, რადგანაც ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში ეკონომიკური და სოციალური მიღწევებით ხშირად ამაყობს, მოდით საუბარი საშინაო პოლიტიკაში ვითარებით დავიწყოთ.

რამდენად წარმატებული იყო 2022 წელს ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა?

- იმის ფონზე, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენ რეგიონში, საქართველოს ეკონომიკისთვის 2022 წელი წარმატებული იყო. დიდი ალბათობით 2022 წელი დასრულდება 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, როცა ექსპორტი უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა ვიდრე იმპორტი, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელიც.

ამ დადებითი ტენდენციის მიუხედავად კვლავ გამოწვევად რჩება მაღალი ინფლაცია: სავარაუდოდ, 2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი ისევ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, როგორც ეს 2021 წელსაც იყო.

გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა - ეს გლობალური ფენომენია. ის განაპირობა მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტამ და, შესაბამისად, მიწოდების შემცირებამ. ამ ჯაჭვების წყვეტა კი გამოიწვია კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკაში ცალკეული სექტორების ჩაკეტვამ.

დიდი ალბათობით 2022 წელი დასრულდება 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, როცა ექსპორტი უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა ვიდრე იმპორტი, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელიც... სავარაუდოდ, 2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი ისევ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, როგორც ეს 2021 წელსაც იყო

2020 წლიდან დაწყებული ინფლაციური პროცესი გაგრძელდა 2021 და 2022 წლებშიც. იმის ნაცვლად რომ 2022 წელს ინტენსიურად დაწყებულიყო მიწოდების გაწყვეტილი გლობალური ჯაჭვების აღდგენა და ალტერნატიული ჯაჭვების ფორმირება, სამწუხაროდ თებერვალში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სასტიკი ომი.

მოკლე დროში დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები. შედეგად ამ ომის გარდა პარალელურად კიდევ ორი „ომი“ ჩამოყალიბდა: „ნავთობის ომი“ და „სასურსათო ომი“. თავის მხრივ, ყოველივე ეს აყოვნებს მიწოდების გლობალური ჯაჭვების განახლებას, რის გამოც, დიდი ალბათობით, მაღალი ინფლაცია 2023 წელსაც დარჩება მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად.

2022 წლის კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები ძირითადად განაპირობა იმან, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა ქვეყანა აერიდებინა „ომის ხაფანგს“, საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი რომ გაეხსნა, ეს ჩვენთვის სრული კატასტროფით დასრულდებოდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის ნატოს წევრი და მას ნატოს „ქოლგა“ არ იცავს. სამწუხაროდ, „ომის ხაფანგის“ თემას აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს...

საქართველოს მთავრობამ მოახერხა ქვეყანა აერიდებინა „ომის ხაფანგს“, საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი რომ გაეხსნა, ეს ჩვენთვის სრული კატასტროფით დასრულდებოდა

საყურადღებოა, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში საერთაშორისო დონეზე გააქტიურდა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნის გამოყენება-გაფართოების თემის განხილვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა საყურადღებო ნაბიჯები, თუმცა 2023 წელს მოსალოდნელია ამ სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნის თემის კიდევ უფრო მეტად წინ წამოწევა და შესაბამისი საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელებაც.

- რადგან საშინაო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, 2022 წელს რამდენად წარმატებული იყო ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან?

- როცა ბრიუსელმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თბილისს 12 პუნქტიანი დავალების შესრულება მოსთხოვა, ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შესაბამისი კომისიების მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ.

სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის (რაც, სამწუხაროდ, მთელი ოპოზიციური ფრთის უმრავლესობას წარმოადგენს) წარმომადგენლების უმრავლესობამ ხელისუფლების ამ შეთავაზების მიმართ უნდობლობა გამოხატა და ერთობლივ მუშაობაზე ბოიკოტი გამოაცხადა. ეს კი, სამწუხაროდ, არაკორექტული პოლიტიკური თამაშის გამოვლინებაა.

სამწუხაროა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღება არის ოპოზიციური ფლანგის გარკვეული ნაწილის მთავარი მიზანი, რომელიც მათ ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დააყენეს... ჩემი აზრით, ეს პროცესები სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რაც, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია

კერძოდ, აშკარაა, რომ დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ყველაზე მეტად ხელისუფლებაა დაინტერესებული, რადგანაც ეს კიდევ უფრო მეტად გააფართოებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი უპირატესობით მოაგებინებს.

რადიკალური ოპოზიციისთვის კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ეს ფაქტორი გამოიყენოს, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს.

სამწუხაროა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღება არის ოპოზიციური ფლანგის გარკვეული ნაწილის მთავარი მიზანი, რომელიც მათ ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დააყენეს... ჩემი აზრით, ეს პროცესები სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რაც, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია.

- სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს და თქვენი დაკვირვებით აქვს თუ არა მას ამ პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრის ხედვა?

- საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, რაზეც უკვე მოგახსენეთ.

ასევე ფაქტია, რომ პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად სახეზეა სერიოზული ბარიერები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი.

საყურადღებოა, რომ ის აშკარად პრივილეგირებული პატიმარია: უკვე კარგა ხანია არც ციხეშია და არც ციხის საავადმყოფოში, ის თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია და მისი „დისკომფორტი“ გამოწვეულია იმით, რომ თავისუფალი არ არის... სამწუხაროდ, პოლიტიზებულია ქართველ მედიკოსთა გარკვეული ჯგუფი, რომლის მიზანი აშკარად იმაში მდგომარეობს, რომ „დაამძიმონ“ პაციენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური სურათი.

პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად სახეზეა სერიოზული ბარიერები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი

გასაგებია, რომ მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ პოლიტიკური მედიცინა უკვე დანაშაულია. რომ დაგჭირდეს ექიმთან მისვლა, ჯერ ის უნდა გაარკვიო ამ კონკრეტულ ექიმს რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, როგორი პოზიცია ჰქონდა სააკაშვილის მიმართ...

არა მგონია, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმი ნებისმიერი პაციენტისთვის მისაღები იყოს, რადგანაც თუ ექიმმა ერთხელ მაინც გამოავლინა არაობიექტურობა, სადაა იმის გარანტია, რომ ამას სხვა დროსაც არ გააკეთებს.

- ახლა ის დროა, საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემებზე გადავიდეთ და მათზე ვისაუბროთ.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოზე მიღებული ბოლო რეზოლუციით გვირჩია - „საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაში მოაქციოს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა“, თითქოს სათქმელიც ბევრი არაფერი გვაქვს.

გასაგებია, რომ 2022 წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო, ჯერ იყო ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას, შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინას.

თუ როგორი იყო ამ „ჩამორჩენაზე“ ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია, ესეც ვნახეთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?

- არ ვიზიარებ თქვენ ფრაზას, რომ „სათქმელი ბევრი არაფერი გვაქვს“. სინამდვილეში სათქმელიც გვაქვს და არგუმენტებიც სახეზეა.

დავიწყოთ იმით, რომ ევროპარლამენტი არ არის უზენაესი ჭეშმარიტების გამომხატველი. უფრო მეტიც, მარტო ბოლოდროინდელი ის კორუფციული სკანდალი, რომლის მთავარი ფიგურანტი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი აღმოჩნდა, რად ღირს. სადაა იმის გარანტია, რომ მომავალში ისევ არ გაეხვევა ევროპარლამენტი ახალ კორუფციულ სკანდალში?

როცა ბრიუსელში გამოცხადდა გადაწყვეტილება, მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინას ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიენიჭა იმიტომ, რომ ის ომშია ჩართული, მოლდოვას კი იმიტომ, რომ ის ომის საფრთხის ქვეშაა.

აქედან მარტივად კეთდება დასკვნა, რომ, რადგანაც საქართველოს მთავრობის დამსახურების გამო საქართველო არც ომშია ჩართული და არც უშუალოდ ომის საფრთხის ქვეშაა, ამიტომ მას მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და კანდიდატის სტატუსის მინიჭება კი გადაუვადეს. აი ესაა ომში ჩართვის, მეორე ფრონტის გახსნის შენიღბული მოწოდება, რაც ასევე ირიბად არაერთ პოლიტიკოსსა თუ დიპლომატსაც აქვს, სამწუხაროდ, გაკეთებული...

ნამდვილად არ ვარ „შეთქმულების თეორიის“ მომხრე, მაგრამ სერიოზული არგუმენტები, თუ რატომ არ მიანიჭა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება ზემოხსენებულ 12 პუნქტიან დავალებას, მსგავსი დავალება ამ სტატუსის მინიჭებასთან ერთად კიევსაც მიეცა

ისიც გასაკვირია, რომ მოლდოვას მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტი აქვს დაფიქსირებული და დღემდე მოსკოვის ინიციატივით შექმნილი „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრია, მაინც მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი.

საბედნიეროდ, საქართველოს კონსტიტუცია აფიქსირებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყანა 2008 წლიდან მოყოლებული არც „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრია.

ნამდვილად არ ვარ „შეთქმულების თეორიის“ მომხრე, მაგრამ სერიოზული არგუმენტები, თუ რატომ არ მიანიჭა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება ზემოხსენებულ 12 პუნქტიან დავალებას, მსგავსი დავალება ამ სტატუსის მინიჭებასთან ერთად კიევსაც მიეცა.

ბოლო პერიოდში მქონდა საინტერესო შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და ჟურნალისტებთან, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რომ საქართველოსთვის ხსენებული სტატუსის არმინიჭება ბრიუსელის მხრიდან დიდი შეცდომა იყო და ამას ევროკომისიაც აცნობიერებსო...

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას „პროდასავლურების ლიმიტი ამოწურული აქვს“, მეორე ნაწილი ამგვარ შეფასებას გადაჭარბებულადაც კი მიიჩნევს.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, - „თუ ვინმემ ვერ შეძლო მაკონსოლიდირებელი იდეის ფორმულირება და ხალხისთვის ეფექტიანად შეთავაზება, ქვეყნის საქმეები კიდევ უფრო უკან წავა, უკან - რუსეთისაკენ“

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, რადგან საგარეო პოლიტიკაში მმართველი გუნდი „წითელ ხაზს“ არ არღვევს.

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაზეც უკვე ვისაუბრეთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თქვენი დაკვირვებით, საქართველოს, როგორც ქვეყანას, 2023 წელს საგარეო პოლიტიკაში რა მოლოდინები და რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს?

- მე ცოტა განსხვავებულად აღვიქვამ სიტუაციას. დავსვათ ორი კითხვა: ყველაზე მეტად ვის ინტერესშია, რომ საქართველოში მუდმივად არასტაბილური სიტუაცია იყოს? რა თქმა უნდა, მოსკოვის, რადგანაც ამ შემთხვევაში საქართველოს დამორჩილება მისთვის ყველაზე ადვილი იქნება.

ვინც ხელს უწყობს საქართველოში სტაბილური არასტაბილურობის შენარჩუნებას, ის აშკარად გამოხატული პრორუსული ძალაა, რადგანაც სრულად ეწერება კრემლის ინტერესებში

საქართველოში, ბოლო წლებში, ვინაა ქვეყნის პოლიტიკურ არასტაბილურობაში დაინტერესებული? სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხან იმითაა დაკავებული, რომ ქვეყანაში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება (რომელსაც რევოლუციად მონათლავს), ხანაც იმით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოპოვება და ამით ხელისუფლებაში მოსვლა-დაბრუნების შესაძლებლობა გაიადვილოს.

ფორმულა მარტივია: ვინც ხელს უწყობს საქართველოში სტაბილური არასტაბილურობის შენარჩუნებას, ის აშკარად გამოხატული პრორუსული ძალაა, რადგანაც სრულად ეწერება კრემლის ინტერესებში.

- ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას, შესაძლო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ნაწილში საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს შეიარაღებული ძალები გაამართლა და დაადასტურა, რომ ამ ომში საქართველოს არმია და სახელმწიფო თავს იცავდა და სამხედრო დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

არადა, გვახსოვს 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ომის დაწყებას საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობდნენ. ასეა თუ ისე, კარგი რაც მოხდა. როგორც ჩანს, ეს შედეგი რომ დააყენა ჰააგის სასამართლომ, ესეც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია.

როგორც ჩანს, შორს არ არის ის დრო, როცა ამ საკითხზე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაც და ე.წ. ტალიავინის დასკვნაც ჩვენი მონაწილეობით თუ ჩვენს გარეშე, გადაიხედება. გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საკითხებში საქართველოს ხელისუფლება იაქტიურებს?

- რომ არა საქართველოს მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სათანადო აქტიურობა, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ოფიციალურად წარმოადგენდა მხარეს ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მცირედით მაინც განსხვავებული ყოფილიყო. ამიტომ ეჭვის ქვეშ დაყენება იმ საკითხის, თუ რამდენად აქტიური იქნება საქართველოს მთავრობა მომავალში ჩემთვის გაუგებარია...

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა ლიდერმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, თითქოს 2008 წლის აგვისტო ომი ქართულმა მხარემ დაიყო.

როგორ ფიქრობთ, განა ეს ხელმოწერები კრემლის ინტერესში არ იყო?

- საგარეო პრობლემების დასაძლევად, სავარაუდოდ, რა და როგორი პოლიტიკა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტიანი, ოპტიმალური, მშვიდობიანად მიღწევადი გზა?

- დღეს ძალიან ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში და უკრაინის გამარჯვებით რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი მისი დასრულება. სამწუხაროდ, ამის მეტ-ნაკლებად რეალისტური პროგნოზი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ბრიუსელის 12 პუნქტიანი დავალების შესრულება, გააქტიუროს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნის გაფართოების შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით უცხოური კომპანიების მოზიდვა.

რაც მთავარია, საქართველოს მთავრობა არ უნდა აჰყვეს პროვოკაციებს, რომლის ინიციატორებიც, სამწუხაროდ, მრავლადაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზეც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა