პროკურატურა - პატიმრობა შეეფარდა ბრალდებულს, რომელიც არასრულწლოვანს მოწყალების მოთხოვნას და ნივთების ქურდობას აიძულებდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას.

„ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს