ვახტანგ ძაბირაძე - “მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს...”
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერის დღიურებიდან...
“ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს...”
“უკვე ცხადად ჩანს, რუსეთმა რამდენი რამ ვერ გაითვალისწინა, როდესაც უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. თუნდაც ის, რამდენად ბრძოლისუნარიანია უკრაინელი ერი. ეს მაინც უნდა სცოდნოდათ რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და პუტინს, რომელიც კე-გე-ბეს ღვიძლი შვილია. კატასტროფულად არასწორად შეაფასეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და დასავლეთის მზადყოფნაც. სავარაუდოდ, ეს შეცდომა დაუშვეს 2014 წლის მოვლენების გამო, როდესაც, ფაქტობრივად, უბრძოლველად მოახდინეს ყირიმის ანექსია და კონფლიქტის კერები გააჩინეს დონეცკსა და ლუგანსკში. თუმცა რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა. მეტიც, ძალიან იზარალეს და არაერთი მიმართულებიდან უკან დახევამ მოუწიათ. ომის გავლენა მსოფლიოზე უდიდესია, თუმცა ჯერ კიდევ პროცესში ვართ და საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია. დღეს ყველა ხვდება, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ომამდე იყო. თუ რეალურად შევაფასებთ ვითარებას, უნდა ვაღიაროთ, რომ, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომში ვართ ჩართული. მთელი ევროპა, ნატო და ამერიკა ამ ომში ირიბად მონაწილეობენ...” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ინტერვიუში, სათაურით “მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს...”
თუ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სახელმწიფოებს შევადარებთ, ევროპასა და ამერიკასთან ერთად, დღევანდელ ომში მეტ-ნაკლებად ჩართული არიან იაპონია და ჩინეთიც. მეტი სახელმწიფო არც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. რა ცვლილებებს მივიღებთ ომის დასრულების შემდგომ ჯერ რთული სათქმელია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იყო იალტის კონფერენცია, რომელმაც ევროპის ქვეყნების ახლებური საზღვრები დახაზა. რუსეთმა დაიწყო მსოფლიო წესრიგის არევა და საზღვრების ახლებურად გავლება სცადა, მისი მიზანი იმპერიის აღდგენა იყო. ჩემი აზრით, ეს არის ასევე ცივილიზაციათა ომი, რომლის დროსაც დასავლური ცივილიზაცია ეჯახება აზიურ ავტორიტარიზმს. აი, ასეთი დაპირისპირება გვაქვს. ამ ომის დასასრულზეა დამოკიდებული მსოფლიოს ბედი, ახლა წყდება, წავალთ განვითარებისა და ცივილიზაციის გზით თუ დავუბრუნდებით შუა საუკუნეების ავტორიტარიზმს. ეს ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგად იციან.ჩემი აზრით, რუსეთის საბოლოო დამარცხება ის იქნება, თუ დღევანდელი ავტორიტარული რუსეთის ნაცვლად გაჩნდება ახალი რუსეთი. ეს არის ზეამოცანა, რასაც კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს. თუ ომი დასრულდა იმით, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ახალი ომის საფრთხე არ ამოიწურება, უბრალოდ, ეს განსაზღვრული ხნით გადაიდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ვიმეორებ, იმპერიალისტური რუსეთი უნდა დამარცხდეს და ახალი რუსეთი დაიბადოს, თუნდაც დღევანდელ საზღვრებში. თუ ასე მოხდა, კაცობრიობა მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელოვან ხანგრძლივ ეტაპზე გადავა. ის, რომ რუსეთმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს და დაიპყროს უკრაინა, რისი იმედიც თავიდან ჰქონდათ, ეს დღეს აღარც განიხილება... ომის აქტიური ფაზა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რთული სათქმელია, მსოფლიო დღეს მიდის უდიდეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ რისკებზე. წამყვანმა ქვეყნებმა კარგად იციან, რა დევს სასწორზე. ეს ომი იაფი არავის უჯდება, არც მასში ირიბად მონაწილე და არც განზე მდგომ ქვეყნებს. მაგალითად, ხორბლის კრიზისი ისეთ ქვეყნებს შეეხო, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ამ ომთან კავშირში.სამწუხაროდ, არა მაქვს იმედიანი პროგნოზი ომის დასრულების შესახებ. ჩემი აზრით, თუ რუსეთში მნიშვნელოვანი ძვრები არ დაიწყო, ომი შეიძლება 2023 წელსაც არ დასრულდეს. ჯერ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის საფუძველი არც არსებობს. პარალელის გავლება ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრასთან მთლად ზუსტი არ იქნება, მაგრამ შეგვიძლია მაინც დავუშვათ ამგვარი შედარება და გავიხსენოთ, რომ ავღანეთში ომი 10 წელს გაგრძელდა, საბოლოოდ კი საბჭოთა კავშირი არა მარტო იძულებული გახდა ჯარი გამოეყვანა, არამედ ამას დიადი საბჭოეთის დაშლაც მოჰყვა. და თუ მიზანი არის, რომ ახალი რუსეთი გაჩნდეს, ამას დრო დასჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“არ გამოვრიცხავ, რომ მალე უკრაინამ დასავლეთისგან არა მარტო თავდაცვითი იარაღი მიიღოს, არამედ შორს მოქმედი სამხედრო შეიარაღებაც. ნატოც შეიძლება ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში. ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება გაზაფხულზე, როდესაც კლიმატური პირობების გამო შენელებული სამხედრო მოქმედებები გააქტიურდება. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი, მაგრამ შეძლებს კი? მისი რესურსი იწურება, თანაც უკრაინისგან განსხვავებით, მისი შეიარაღება არ ივსება. 2023 წლის გაზაფხული შეიძლება გახდეს ორიენტირი იმისა, თუ საით წავა და როდის დასრულდება ეს ომი.... ხოლო რაც შეეხება უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით ეშინია აგრესორი რუსეთის, ვიდრე უკრაინის ან დასავლეთის - ეს არის მთელი ახსნა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, მისი არაფორმალური ლიდერის ჩათვლით, მშვენივრად იცის, რას წარმოადგენს რუსეთი და რისი გაკეთება შეუძლია”, - განმარტავს ექსპერტი
“მათ იციან, როგორ შეიძლება დაემუქროს ზოგიერთ პერსონას საფრთხე. ისინი სწორედ ამ პერსონალური შიშის და არა სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო ცდილობენ რუსეთი არ გააღიზიანონ. თუ უკრაინელები რამეს იტყვიან, ეს აბრაზებთ, მაგრამ კარგად იციან, რომ ეს მათ პირად უსაფრთხოებას არ შეუქმნის საფრთხეს, არც დასავლეთის კრიტიკით დაემუქრებათ რამე, აი, რუსეთი კი რას გააკეთებს, ეს არ იციან. ლავირებას ცდილობენ და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და უკრაინის ხელისუფლებაც ეჭვით გვიყურებენ. არ ვიცი, რას ფიქრობენ რუსეთში, მაგრამ ფაქტია, დღეს ჩვენი ხელისუფლება თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს. იქით გადადის აგრესიაზე, რაც შეიძლება მეტად რომ დაუმტკიცოს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ უკრაინის გამო რუსეთს არ უპირისპირდება. “აბა, ომი გინდათ?” მესიჯიც სწორედ ამის გამო მოიგონეს. დასავლეთის წინააღმდეგ კი კოკისპირული ლანძღვა-გინება ისმის. კრიტიკას ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ე.წ. ხალხის ძალა ამბობს. გულუბრყვილო არავინ არის არც საქართველოში და არც მის გარეთ, მშვენივრად ვიცით, რომ ეს ხალხი კვლავაც “ქართული ოცნების” ნაწილია”, -ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“გეთანხმებით, გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, სულ ცოტა, 80%, უკრაინის სოლიდარული იქნება და ხელისუფლებისგან უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მაგრამ ხელისუფლებას ამის არ ეშინია, რადგან არ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად განწყობილი მასა აიყოლიოს, წარმართოს და სწორად მოახდინოს ამ პროტესტის პოზიციონირება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ოცნებაში” ძალაუფლების დაკარგვის შიში არა აქვს, რადგან ოპოზიციური ძალები უკიდურესად დასუსტებულია. მშვენივრად ხვდებიან, რომ ხვალვე რომ ჩატარდეს არჩევნები, გამარჯვებას ისევ იზეიმებენ. დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასუსტებული ოპოზიციაა, რომლის ფონზე |”ქართული ოცნება" ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას. არ ვიცი, მომავალ წელს რა უნდა შეიცვალოს ისეთი ოპოზიციურ ფლანგზე, რომ რომელიმე ძალა ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდეს. ამიტომაც ხელისუფლება სტრატეგიულ გეგმებს კი არა, ტაქტიკურს მიჰყვება, იმის გათვალისწინებით იქცევა, დღეს რა სჭირდება და რა პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. როგორც ჩანს, ივანიშვილის მიდგომაა ასეთი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“რას იზამს ჩვენი ხელისუფლება და მივიღებთ თუ არა სტატუსს, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, როგორ წარიმართება პროცესები უკრაინაში. თუ გაზაფხულზე გამოიკვეთა, რომ რუსეთის მარცხი გარდაუვალია, მაშინ საქართველოს ხელისუფლება გახდება უფრო თამამი და გარწმუნებთ, სტატუსის მისაღებად უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რადგან იმ პერიოდში მისთვის ეს იქნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხომ ძალაუფლებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი... ევროკომისიის პირობების ძირითადი პუნქტების შესრულებას ფორმალურად ისედაც ცდილობენ: გაგზავნეს “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ამბობენ, რომ იანვარში შეიძლება მოხერხდეს სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმებაც... ასე რომ, დღეს იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ უკვე ჩააგდო 12 პუნქტის შესრულება, არ შეიძლება... მოკლედ, ჯერ დრო გვაქვს. მე მაინც იმედიანად ვუყურებ ამ პროცესს, თუმცა ვიმეორებ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, თუ ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს გავიხსენებთ, წარმოუდგენელია სააკაშვილი მართლაც გაუშვან. მე ადრეც ვთქვი, რომ ამას გააკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავენ, რომ მისი მდგომარეობა მართლაც უკიდურესად დამძიმდა. მათ სააკაშვილის სიკვდილი ნამდვილად არ აწყობთ და ეცდებიან, ეს არ დაუშვან. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ზეწოლაც. მოკლედ, არაერთი ფაქტორის თანხვედრა იქნება საჭირო სააკაშვილის გასათავისუფლებლად. რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი მხოლოდ იმ მუხლებით, რომლებითაც უკვე გასამართლებულია. არადა, რამდენიმე საქმე კვლავ მიმდინარეობს სასამართლოში და რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” არ დაუშვებს სააკაშვილის რამდენიმე საათით გათავისუფლებასაც კი. ამიტომ ზურაბიშვილზე ზეწოლა და მისთვის გამუდმებით შეწყალების მოთხოვნა არასწორი და არაფრისმომცემია”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერის დღიურებიდან...
უკრაინის ომის დაწყების დღიდან საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე ათასი ქართველი მოხალისე ჩაერთო და უცხო ქვეყნის მებრძოლებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი საქართველოს აქვს. ცნობილია, რომ ქართველი მეომრები, ლეგიონის, რაზმის წევრები, პარტიზანები, უმეტესად ცხელ წერტილებში იბრძვიან. ახალჩასულებს, ხშირად ქართველები ასწავლიან იარაღის მოხმარებას და წვრთნიან. “კვირის პალიტრის” რესპონდენტი 35 წლის მაღალი მომზადების მსროლელია, მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ავღანეთის ორი საერთაშორისო მისია გამოიარა. რუსეთ-უკრაინის ომში მარტის დამდეგიდან იბრძვის და არაერთ ურთულეს ოპერაციაში მონაწილეობდა. ხანმოკლე შესვენებების დროს “ომის ჩანაწერების" გაკეთებას შეუდგა...”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერის დღიურებიდან....
“ადრიანი გაზაფხულია. უკრაინის კლიმატს ჯერ კარგად არ ვიცნობ, ამიტომ ყველა ნაბიჯზე ვფრთხილობ... ვიღაცას ქუჩებში ბრძოლა ურჩევნია, ვიღაცას ტყეში. მე თუ მკითხავ, საერთოდ მშვიდობა ჯობია, მაგრამ შეუძლებელია რუსეთის მეზობლად არსებობდეს ქვეყანა და მშვიდად ცხოვრობდეს. წერაზე არასდროს მიოცნებია, მაგრამ ახლა მომინდა, რასაც ვხედავ, დავწერო... ჩემგან 4-5 კილომეტრში, ალბათ, ყველა სხვადასხვა სახის საცეცხლე საშუალება მუშაობს. რუსები ცდილობენ წინ წაიწიონ და დაკავებული პოზიციები გაასწორონ, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევთ. როდესაც პოზიციების დათმობა გვიწევდა, ხალხი ამბობდა, აქედან თუ არ გავედით, პროუკრაინელობისთვის დახვრეტა არ აგვცდებაო.... ერთ-ერთ დეოკუპირებულ რეგიონში გვიამბეს, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების რეზერვი გაანადგურეს, შემდეგ თავად შემოიტანეს პური და სხვა რამეები და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მათ გარეშე ვერ გადავრჩებოდითო. ექიმი, რომელმაც უამრავი უკრაინელი სამხედრო, სამოქალაქო პირი თუ კოლაბორაციონისტი გადაარჩინა, იმიტომ დაუხვრეტიათ, რომ იმ ადამიანების სია არ მიაწოდა, რომელთაც ოჯახის წევრები უცხოეთში ჰყავთ. მხოლოდ იმით შეიძლება თავის დამშვიდება, რომ პარტიზანებმა ამის ჩამდენები მალევე გაანეიტრალეს... რაციაში მეგობარმა გადმომცა, შენგან მარცხნივ სეპარატისტების სნაიპერების გადაადგილება დაფიქსირდაო. ისედაც მქონდა ინფორმაცია, რომ ელიტური დანაყოფების წევრები იყვნენ შემოსული, ალბათ, სიტუაციის დასაზვერად. ძირითადად, ასე იქცევიან, შემდეგ მოჰყვება ქვეითი და მძიმე ტექნიკა. შესაძლოა ამის მიხედვით გეგმავდნენ შეტევას. მათსას ვინ გაიგებს. მოკლედ, დავალება მივიღეთ, მათთვის გეგმა უნდა ჩაგვეშალა”, - მოჰყავს ნაწყვეტი გამოცემას სნაიპერის დღიურიდან.
“რამდენიმე ჯგუფმა გამთენიისთვის აღჭურვილობა ჩავალაგეთ. უკვე ისმოდა ნაღმსატყორცნების ხმა, რუსები, როგორც წესი, შეუთანხმებლად მოქმედებდნენ... რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ და ხერსონისკენ ავიღეთ გეზი. რაღაც მანძილი მანქანით ვიარეთ, შემდეგ ფეხით. ეს ჩემთვის ახალი არ არის, ვატყობ, არც ჩემთან ერთად მყოფი ორი ბელარუსისთვის - კარგად მომზადებული არიან. შეთანხმებულად ვმოქმედებთ, ყველა სიტყვასა და ქმედებას ვწონით, აქ შეცდომა დამღუპველია, რადგან ხშირად ჩვენ უკან მთელი ნაწილი, დასახლება, ქალაქი ან სოფელი დგას... არ ვიცი, ქართული აქტიურობის დამსახურება იყო თუ არა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენს სიტყვას ითვალისწინებდნენ - ცოცხალი ომიც გამოვლილი გაქვთ და წვრთნებიცო, უთქვამთ. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და წამით მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს... გზად შევჩერდით და ერთი უკრაინელი ბიჭი ავიყვანეთ, მეგზურობა უნდა გაეწია. ერთ სოფელს რომ ჩავუარეთ, კოცონის გარშემო შეკრებილ ხალხს მოვკარით თვალი - დიდი ქვაბით აკეთებენ საჭმელსო, აგვიხსნა ბიჭმა. მოხუცები გასათბობად ადმინისტრაციულ შენობებში დადიოდნენ. ვინც კერძო სახლში ცხოვრობდა, გარეთ ანთებდა ცეცხლს, მაგრამ კორპუსის მოსახლეობას რა ექნა... მისი ახლობლები, რომელთა ოჯახებსაც ახლა კოლაბორაციონისტები და “რაშისტები” შავ დღეში აგდებდნენ, ჩვენი, ქართველების ჯგუფის, მომზადებული აღმოჩნდა, საზღვაო სპეცდანიშნულების ძალებში მსახურობდნენ. რამდენიმე პროფესიონალი სნაიპერი იყო. რამდენიმე თვეც ემზადებოდნენ. პოზიცია მოვაწყვეთ და შესაფერის მომენტს, მტრის გამოჩენას დაველოდეთ...”, - განაგრძობს გამოცემა.
“ზუსტი ხედვის ოპტიკურ აღჭურვილობაში რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული ტექნიკა შევამჩნიე, მათი სიმბოლიკებით. ადრიან ზაფხულში აქ ქარი იცის და იმედია, ხელს არ შეგვიშლისო, ამოოხვრასავით გულს ამოაყოლა ჩვენმა მეგზურმა უკრაინელმა. შორ მანძილზე დაგეგმილი ოპერაციის დროს საბრძოლო მასალას ყოველთვის ვუფრთხილდებით, მით უფრო ასეთ ვითარებაში. ყველა დეტალი უნდა გათვალო: მანძილი, მიმართულება, დერივაცია, რაც ტყვიის მექანიკურ გადახრას გულისხმობს, ოპტიკა მილიმეტრებში, აბსოლუტური სიზუსტით გავასწორე და გაფაციცებული დაველოდე საჭირო მომენტს... ჩამოცხა. ხანდახან მაღალი ტემპერატურა, თუ ლოდინი გვიწევს, ყურადღებას ადუნებს. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან საუბარსაც ვერიდებით, გასაგები მიზეზების გამო. ძირითადად, ჟესტიკულაციით, თვალებითა და ნიშნებით ვესაუბრებით ერთმანეთს. ვითარებას ისიც ართულებდა, რომ წელიწადის ამ დროს ტყეში ძალიან ბევრი მწერია, რომელიც მოურიდებლად გეხვევა. აღჭურვილობაში გვაქვს მწერების საწინააღმდეგო საშუალებაც, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ეჩვევიან და ისევ განაგრძობენ ჩვენს წამებას.უეცრად ჩვენგან მარცხნივ, ხეებში ჩაფლულ დასახლებაში, რომლის მხოლოდ ნაწილი ჩანდა, ჭურვი შენობას მოხვდა. აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა, ცეცხლის ბურთი ჯერ ჰაერში აიტყორცნა და შემდეგ იქაურობა შავმა კვამლმა დაფარა. სროლა ახლო მანძილიდან იყო. ამ დროს სასწრაფოდ ვადგენთ, საიდან გახსნეს ცეცხლი”, - დასძენს გამოცემა.
“მას მსხვილკალიბრიანი იარაღი მოჰყვა. მთელი პერიმეტრის მიმართულებით ისროდნენ და სამიზნეს ამუშავებდნენ. მათი პოვნა არ გაგვჭირვებია - შეთანხმებულივით, ერთდროულად, სინქრონში დავცხეთ!.. შემდეგი მომდევნო წუთი არაფერი მახსოვს. უეცრად დუმილი ჩამოწვა, ტყვიამფრქვევისა და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღის ხმა მიჩუმდა, შემდეგ კი ისევ აკაკანდა. ჩემ ახლოს ხეს უზარმაზარი ტოტი მოსწყდა და ლიწინით დაეცა მიწაზე. თუმცა რამდენიმე წუთში ეს ხმაც შეწყდა. მივხვდი, რომ რუსების დაგეგმილი ოპერაცია ჩავარდა ან გადავადდა. იქ გაჩერება არც ერთი წუთით არ შეიძლებოდა. სასწრაფოდ ჩავალაგეთ აღჭურვილობა და იქაურობას მოვშორდით. გზაში ჩემმა ოფიცერმა გვითხრა, ავტომატის ღვედი გაწყვეტილი მაქვსო. საღამოს ინფორმაციის გაცნობისას რუსები მათთვის დამახასიათებელი პრიმიტივიზმით წერდნენ, რომ მოწინააღმდეგის ჩასაფრებას გადააწყდნენ და მძიმე ბრძოლა გაუმართეს. ჰყავდათ დაჭრილებიც... სინამდვილეში დაღუპულები ჰყავთ, რომელთაც იქვე ტოვებენ და ჩვენ ეს უამრავ პრობლემას გვიქმნის... მომდევნო რამდენიმე საათი მნიშვნელოვანი იყო - სანამ იმ სექტორზე ძალების მობილიზება მოახერხეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიცია გაიმყარეს”, - მოჰყავს ნაწყვეტი დღიურიდან სტატიის ავტორს.
“ომისგან შორს მყოფი ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როდესაც მთელი დღე ან ღამე სამიზნეს უთვალთვალებთ, არ გშიათ, გწყურიათ ან არ იღლებითო... მაშინ არაფერს ფიქრობ, გარდა იმისა, რომ სამიზნე არ გამოგრჩეს. გონებიდან და გულიდან თიშავ ყველაფერს, ჭამა, სმა, ძილი, დასვენება და ყველა საქმე მოიცდის, მაგრამ თუ შეცდომა დაუშვი, მტერმა შეგნიშნა და დაგასწრო, ვეღარასდროს შეჭამ, დალევ და სამუდამოდაც დაისვენებ, თან მტრის ჯავრი გაგყვება, რომ გაჯობა. ყოველი შენი გამტყუნებული ან აცდენილი ტყვია ნიშნავს დაღუპულ ერთ შენიანს, რადგან ომი მორევაზეა. ძალის აღდგენა აუცილებელია. ღამე ვჭამთ, ვისვენებთ, ვმსჯელობთ და თუ რამე ხარვეზი იყო, განვიხილავთ. ვის ახსოვს სიცხე, ყინვა ან სიცივე, როდესაც სექტორი გაქვს ჩაბარებული, მასზე ხარ პასუხისმგებელი, რომ არაფერი გამოგეპაროს. ამ დროს დრო ჩერდება... სწავლა, თეორია, პრაქტიკა, ანგარიში, ზუსტი გათვლა, მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ჩვენი დაუწერელი კანონი, რომელსაც თითქოს მესამე თვალით ხედავ, თავად უნდა განსაზღვრო ზუსტი წამი და გასროლამდე უნდა გრძნობდე, რომ შენი გასროლილი ტყვია მიზანს მოხვდება. ზოგი ამას ინსტინქტს უწოდებს, მე მეექვსე გრძნობას დავარქმევდი, რომელიც გამოცდილებამ შემძინა. ალბათ, ყველას და მეც მიგემია გაცუდებული ტყვიის სიმწარე. რამდენიმე გასროლის შემდეგ გაცუდდა, არ გაისროლა იარაღმა... ამ დროს სისხლი გეყინება. ნებისმიერ წუთს შეიძლება დრონი მოფრინდეს და იქაურობა ცეცხლის ალში გაახვიოს, მაგრამ გამბედაობა და მოთმინება უნდა მოიკრიბო, რკინის ნერვებს უნდა მოუხმო და სიტუაციის ჩაწყნარებას დაელოდო. შემდეგ კი ჯგუფთან ერთად საევაკუაციო ჯგუფს დაელოდო და იქაურობას სწრაფად გაეცალო”, - გრძელდება დღიურში.
“ყველაზე რთული დაჭრილების გამოყვანაა. რამდენიმე დღის წინ მეთაური დამიკავშირდა, პირადად უნდა გესაუბროო. მის მაღალ პროფესიონალიზმზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი და ვიცოდი, თუ ვინმეს ასე, პირადი მოლაპარაკებით უშვებდა საქმეზე, ესე იგი ბოლომდე ენდობოდა. კოორდინატები გადმომცა, ჯგუფი თავად შეარჩიე, ძალიან სწრაფად წადით ოპერაციაზე, სწრაფადვე დაასრულეთ და წამოდითო. ენას კარგად ვფლობ, როგორც რუსულს, ისე ინგლისურს და უკვე უკრაინულსაც, მაგრამ ვაღიარებ, თუ თავად მომიწევს არჩევა, ქართველები მიმყავს. ღამის ოპერაცია იყო. ზოგს ეძნელება, თუმცა უკვე იმდენად თანამედროვე ღამის ხედვის აპარატები გვაქვს, რომ პროფესიონალს არავითარი სირთულე არ ექმნება. მოწინააღმდეგის დანახვისთანავე უნდა გაგვესროლა, ასეთი იყო დავალება, მაგრამ დაზვერვაზე წამოსულ ჯგუფს გადავეყარეთ. თავისიანებთან კოორდინაცია არ ჰქონდათ, რუსები ვეგონეთ და ამასობაში განვაიარაღეთ, ჯგუფის ნაწილი ბაზას დაუკავშირდა, დამხმარე ტრანსპორტი გამოიძახა და შეშინებული რუსები წაასხეს. ჩვენ დავრჩით... სოფელში ტერიტორიული დაცვის პოსტი იყო და მათთან კოორდინირებულად უნდა გვემოქმედა. ჩვენი ყველა ნაბიჯის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. ერთი შენობა შევარჩიეთ, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა შემოსასვლელი... გამთენიამდე არ გამოჩენილან. დილით კი პირდაპირ ტანკებით წამოვიდნენ. მეთაური საქმის კურსში ჩავაყენე და შემდეგ ბრძანებას დაველოდე. პარალელურად, რუსების ძლიერი საარტილერიო შეტევა იქაურობას აზანზარებდა და როგორც შეგვეძლო, ისე ვარიდებდით თავს, რომ შენობის ნამსხვრევებს არ დავეზიანებინეთ... შუადღისთვის ცოცხალი ძალა გამოჩნდა”, - წერს ქართველი სნაიპერი.
“რამდენიმე მეტრში მოგვიახლოვდნენ თუ არა, თითქოს იცოდნენ, ჯგუფს რამდენიმე მათგანი გამოეყო და პირდაპირ იმ შენობის კიბისკენ გამოემართნენ, სადაც დაბანაკებული ვიყავით. მათი განეიტრალება უხმოდ უნდა მომხდარიყო, მაყუჩიანი იარაღი ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, ოღონდ ისე, რომ პასუხი ვერ მოასწრონ, თორემ გასროლაზე მათი ხალხი ამოცვივდება. ხუთი დავითვალეთ. ამ დროს გადამწყვეტი სისწრაფე და ოპერატიულობაა. კავშირი არ ჰქონდათ, ერთი გაფუჭებული, წებოვანლენტშემოხვეული რაცია ჰქონდათ, რომელიც არ ირთვებოდა. ალბათ, ამან გადაგვარჩინა, რომ ამათი ბედით არ დაინტერესდნენ - ანუ მოწინააღმდეგესთან რამდენიმე კმ-ში გამოუშვეს ნაწილი და კავშირი არ ჰქონდათ. ლამის გადავიხარხარეთ - კარგად ჩაინიშნე, რომელი ფირმისაა, ახალ აღჭურვილობას რომ მოგვცემენ, მოვითხოვოთო... იმ დროს ხუმრობის დრო ნაკლებად გვაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ ვითარება ცოტა შევამსუბუქოთ. სანამ კარგად გათენდებოდა, წასვლა უნდა მოგვესწრო. ფანჯრიდან ვხედავდით სამხედრო მანქანების შემოსვლას. ყველაფერი ჩავალაგეთ და ფრთხილად გამოვედით. ეს ძალიან რთული პროცესია. იარაღის ნაწილი ჩალაგებული გაქვს, მაგრამ იმის გარანტია, რომ მოწინააღმდეგეს არ გადაეყრები, არ არსებობს. ერთი სული მქონდა, ინტერნეტის დაფარვის ზონამდე მიგვეღწია და შტაბისთვის ინფორმაცია გადამეცა. ჩვენების პასუხმაც არ დააყოვნა - იქიდან სხვა სოფელში გვიწევდა წასვლა. მესამე დღეს კიდევ ერთი მიმართულებით წავედით, ღამით. ჩამქრალი ფარებით მივდიოდით. ერთი ზედმეტი, საეჭვო მოძრაობა და, ყველაფერი დასრულებულია. თავად მანქანაა ბომბი, იმდენი რამე გვიდევს საბარგულში, ნაღმები, ყუმბარსატყორცნები, საბრძოლო მასალა, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი, პირადი იარაღი, ოპტიკური სამიზნეები...” - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ზაპოროჟიესთან ვართ, ერთ-ერთ დასახლებასთან... რამდენიმე კაცს კორექტირება გვიწევდა, სხვებმა ცეცხლი გახსნეს - მოულოდნელი ცეცხლი ყოველთვის ამართლებს. რუსებს ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ, ბევრი გარბოდა, სიღრმეში შესული ჩვენები გადმოსცემდნენ მიტოვებული, ნაალაფარი სამხედრო ტექნიკის შესახებ ცნობებს, ზოგი არაფრად ვარგოდა, ნაწილი რემონტს ექვემდებარებოდა... შეტევა რამდენიმე საათს გაგრძელდა, ჩვენი არტილერია შეუსვენებლად მუშაობდა. მოულოდნელად ავტომანქანა წამოვიდა, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, იქნებ სამოქალაქოები იყვნენ და ცეცხლის გახსნა არ შეიძლებოდა... უეცრად სტვენისმაგვარი ხმა გავიგონეთ და მანქანის უკანა მხარე აიწია ჰაერში, მოსრიალდა და გვერდზე გადავარდა. ტერიტორიული თავდაცვის უკრაინელებმა ესროლეს, თორემ შეიძლება დაესწროთ. ის შეტევა ჩვენი წარმატებით დასრულდა. დილით გათავისუფლებულ სოფელში შევედით. იქაურობა გადაბუგული იყო. ქუჩაში ძ-წარწერიანი, გაჩანაგებული ტექნიკა ეყარა... ძალიან დაღლილები ვიყავით, გვშიოდა. საიდანღაც, დაბომბილი სახლიდან, მოჩვენებასავით გამოვიდა ორი მოხუცი, თერმოსით ცხელი კენკრის წვენი ჩამოგვისხეს რკინის ჭიქებში. ვუთხარი, ქართველები ვართ-მეთქი და ეშმაკურად გაგვიღიმეს, ჩვენების დაბრუნებას გაუმარჯოსო... ხომ ვიცოდი, რამდენი დამცირება, შიში, სიცივე, შიმშილი გადაიტანეს, მაგრამ ხალისი არ დაუკარგავთ. მათ დანახვაზე დაღლილობა და შიმშილი ერთბაშად მომეხსნა. მათ გამო კიდევ მზად ვიყავი რამდენიმე ღამე გამეთენებინა”, - დასძენს დღიურში ქართველი სნაიპერი.
“ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის”
“დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მათ შორის იყვნენ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახებიც, რომელთა თქმითაც, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და ქუჩაში კიდევ ბევრჯერ გამოვლენ. რატომ არიან დარწმუნებული, რომ ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს, ამ კითხვას “ნაციონალური” რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანების ოჯახის წევრები პასუხობენ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის”.
“აქცია პრევენციის მიზნით გავმართეთ, ვინაიდან ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქალბატონ სალომეზე ევროკავშირიდან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. გვინდოდა შეგვეხსენებინა სანდრო გირგვლიანის დედაზე ნათქვამი მისი სიტყვები, “ირინა ენუქიძის თვალები მიდგას თვალწინ” და “სააკაშვილს არასოდეს შევიწყალებ”. გვინდოდა სცოდნოდა, რომ დავუდგებოდით გვერდში, დასავლეთის, ასევე, ქართული პოლიტკლასის ზეწოლისთვის რომ გაეძლო. ვინც იქ ვიყავით, ყველას მისთვის გვაქვს ხმა მიცემული. ზოგიერთმა ისიც თქვა, ეს აქცია “ოცნების” ორგანიზებული იყოო. როგორ იყო მათი ორგანიზებული, როცა `ოცნებაც~ გავლანძღეთ? რაც შეეხება მიშას შეწყალებას, დიაგნოზი დადონ, რა სჭირს. ჩვენ კაციჭამიები არა ვართ მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მოსიყვარულე ქრისტიანი ადამიანები ვართ. ღმერთმა დაიფაროს, მართლა უსაშველო სჭირდეს, პირველად ჩვენ შევეხვეწებით მის შეწყალებას პრეზიდენტსაც და ყველას. პირიქით, ვხედავთ, სააკაშვილი აქეთ გვამადლის, თქვენი პრეზიდენტი და დავით აღმაშენებელზე მაგარი ვიყავი, მადლობები უნდა მიხადოთო. ევროინტეგრაცია ჩვენც გვინდა, მაგრამ რაც მიშამ გააკეთა, ეს ევროპული და ამერიკული ღირებულებების ჩარჩოებში არ ჯდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი.
“გამოუშვან მიშა, ოღონდ გვითხრან, რა სჭირს. სხვა პატიმრებს რადგან მასავით კავშირები და ფული არა აქვთ, უნდა დაიხოცონ, თვითონ ფულით რომ მოისყიდა პიარჯგუფები და ვიღაცები? ახლა მოიგონეს, კვდებაო, მაგრამ არაფერი გამოსდით. ამათ დანაშაულების აღიარება არ სურთ. ვინმე მისი წარმომადგენელი მივიდეს დაზარალებულ ხალხთან და შეუნდობენ, ქრისტიანი ხალხი ვართ. ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის. “ნაცმოძრაობიდან” მამაჩემთან კაციშვილი არ მისულა და ერთი სიტყვა “ვიზიარებ” ან “ლამაზად არ გამოგვივიდა” არ უთქვამს... ეს რომ ვინმემ უთხრას, შეიძლება მე ვაპატიო. ჩემს ძმას მაინც ვერ გააცოცხლებენ და იქნებ მამას მაინც მოულბეს გული. გიულიმ, ვერ გამიგია, ეს ხალხი ვინ არისო, და ისიც დაგვაბრალა, იმასაც გაიძახოდნენ, სააკაშვილი მოკალით, მოკალითო. ჩვენ სააკაშვილივით მკვლელები არა ვართ, ვიღაცას ეს რომ დაეძახა, იქვე ენას ამოვგლეჯდი, მაგრამ ისინი ასეთი პროვოკატორები არიან”, - დასძენს თორნიკე მოლაშვილი.
“დარწმუნებული არა ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს. სააკაშვილის მიერ განადგურებული ოჯახები სწორედ იმისთვის მივედით ორბელიანის სასახლესთან, რომ გვინდოდა პრეზიდენტისთვის ხალხის ხმა მიგვეწვდინა - უამრავი ადამიანი გვირეკავდა და გვეუბნებოდა, არ დაგვეშვა, რომ პრეზიდენტს შეცდომა ჩაედინა. პრეზიდენტი ხალხის არჩეულია და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ მოგვიწევდა კრიმინალი სააკაშვილის შეწყალებაზე ქუჩაში გასვლა. პრეზიდენტს მარტივად შეეძლო ეთქვა ხალხისთვის, ხალხო, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მის შეწყალებას, ვთქვი, “არასოდეს” და ასეც იქნებაო. მას ხალხი ხელში აიყვანდა და ისე მიიყვანდა თავის რეზიდენციაში. სიცრუეა, რომ მიშა მომაკვდავია. მომაკვდავი თეფშებს ვერ ისვრის და ექიმებს ვერ სცემს. სააკაშვილი ფსიქიკურად ვერ არისო. სულ ასეთი არ იყო, გაუწონასწორებელი ფსიქიკით? რას ჰქვია, საზღვარგარეთ გაუშვან? აქ ფაქტობრივად, სანატორიუმშია, და არა ისეთ ციხეში, თვითონ რომ შექმნა. ძალიან კარგადაა, არავის გვჯერა მისი სიმულაციების. ჩვენც არანაკლები დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტები გვყავს, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს. კარგად ვხედავთ, რა ხდება ევროპა-ამერიკაში - ცდილობენ გამოიხსნან სააკაშვილი და წაიყვანონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.
“მე ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ, მიმტევებელი, მაგრამ წარმოუდგენელია გამოსწორდეს და კარგი გახდეს სააკაშვილისნაირი ბოროტება. მეორეც - ვპატიობ იმას, ვინც ოდნავ მაინც გამოხატავს სინანულს, ბოდიშს იხდის, ან ეტყობა, რომ ჩადენილს განიცდის. ამ ყველაფრის ჩამდენ სააკაშვილს სინანული რომ არ ექნება, ეს ნამდვილად ვიცი და ვის უნდა შევუნდო და ვაპატიო? მის მიმდევრებსაც ერთი სული აქვთ, როგორღაც აქედან გააქციონ და მერე რამენაირად დაიბრუნონ ხელისუფლება. რევანშის წყურვილით არიან შეპყრობილი და მერე ნახეთ, რას გვიზამენ. გამოვა თუ არა, უცხოეთში წავა, იქ მოიკრებს ძალას, კარგად გამოიკვებება და მერე ნახავთ, რას იზამს. მე ამ ადამიანის არ მჯერა, ბოდიშების მოხდა რომც დაიწყოს, მის გულწრფელობას ვერ დავიჯერებ. გიული ალასანიამ დიდი ტყუილი დაგვაბრალა - აქციაზე ყვიროდნენ, მოკალით, მოკალითო, რაც აბსურდია. ან გაუგებარ ხალხს ვის ეძახის ეგ მართლა გაუგებარი? ცოტა ჭკვიანად იყოს, მომაკვდავი შვილის დედას ეგ არ ჰგავს, ამ ხნის ქალი წითელ-ყვითელ სამოსში და “სნეგუროჩკასავით” გვევლინება”, - დასძენს ია მეტრეველი.
“მურმან დუმბაძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, გირგვლიანი არ მოუკლავთ, უბრალოდ, გაიქცა და გაიყინაო. ასეთ ხალხს რა ვუპასუხო? მათ ხომ ძალიან კარგად იციან სანდროს საქმე? მაგრამ შავზე თეთრი უნდა თქვან და ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ მიშა დაიხსნან და მისი რეჟიმი “გააპრავონ”. როგორ გარდაიცვალა სანდრო, შალვა შავგულიძესა და დავით ჯანდიერს ჰკითხოს, სტრასბურგის დასკვნაც გადაიკითხოს, მაგრამ ამაზე არ იღებს ხმას, ვითომც არ ყოფილა. ბიჭს 12 ჭრილობა რომ ჰქონდა, ამას კი არ ამბობენ, გადავარდა და გაიყინაო. ნაძირალა კიდევ კარგი სიტყვაა. საუბედუროდ, მურმანი ერთი არაა, ბევრი მურმანია, ვინც სახე დაკარგა... ტელევიზიით ინტერვიუებს რომ არ ვარიგებ, ამ ხელისუფლების მადლობელი კი არა ვარ. ეს არაა ბოლომდე მიყვანილი საქმე. ვითხოვდი ყველას საკადრისი პასუხი გასცემოდა და სამართალი აღსრულებულიყო. სადაა მერაბიშვილის მეუღლე, ვის დასჯასაც ვითხოვდი? სალაყაია დღეს აღარავის ახსოვს. რაღაც კი გაკეთდა, მაგრამ მე შედეგი არა მაქვს, ისევე, როგორც რეჟიმისგან დაზარალებულ ბევრ სხვას. ცხონებული ირინა ვერ გააჩუმეს, ბოლომდე ჩაჰყვა მათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი.
“სანდროს საქმე იმ რეჟიმისთვის ყველაზე მტკივნეული იყო, მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში. ეს აწუხებთ დუმბაძეებსა და მისთანებს. როცა მიშაზე ვიდეოჩანაწერი ვნახე, ადამიანურად, როგორც ქრისტიანს, შემეცოდა, მაგრამ ემოცია არა მაქვს, რაც მქონდა, მათ წაიღეს... მიშა რაც იყო, ის დარჩა! მე იმათი მიკვირს, ვინც მისი მონები გახდნენ, ბევრი მათგანი ჩემი ახლობელიცაა და თან ისეთები, სანდროზე რომ ვითომ გული უკვდებოდათ და ახლა მიშას გულშემატკივრები გახდნენ. მკითხონ, მე რა დღეში ვარ? ისინი ვიღაცები ხომ არა, ჩემი შვილი და მეუღლე იყვნენ... გამორიცხულია ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს. მიშას დაავადება ისაა, პატარა სივრცეში სიცოცხლე არ შეუძლია, არ ჰყოფნის 2 ოთახი. მისი მომხრეები რომ ამბობენ, მიშამ არაფერი იცოდაო, ნულოვანი ტოლერანტობა მე გამოვაცხადე? სხვამ გასცა სანდროს დასჯის ბრძანება? დასჯა თუ უნდოდათ, განყოფილებაში წაეყვანათ და იქ ესწავლებინათ ჭკუა! მტერს, მიშა თუ ალაპარაკდა, აქ დიდი ამბები წავა. მისი სიცოცხლე პირველ რიგში “ნაციონალებს” არ აწყობთ, რადგან დიდი ამბები გასკდება.”, - დასძენს გურამ გირვლიანი.