გიორგი კაჭარავა - მიუხედავად ობიექტურად არსებული პრობლემებისა, რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია რესურსები ხანგრძლივი საომარი კამპანიის საწარმოებლად

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 2022 წელს რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში, ამ ცვლილებების გათვალისწინებით სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს 2023 წელი ინტერპრესნიუსი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელიც თითქმის 11 თვეა მიმდინარეობს და ვხედავთ, რომ ამ ომმა სერიოზული ცვლილებები და კორექტივები შეიტანა მსოფლიო პოლიტიკაში.

ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აღმოჩნდა გლობალური ფაქტორი მომხდარიყო ცვლილებები. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, რა ტიპის ცვლილებებია მომხდარი?

- გლობალური მასშტაბი ამ დაპირისპირებამ მიიღო მაშინ როდესაც რუსეთმა 2021 წლის დეკემბერში ულტიმატუმი წარუყენა დასავლეთს 1997 წლამდე არსებულ ხაზებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

უკრაინა, ამ შემთხვევაში განიხილებოდა, როგორც დასავლეთის პირველი მოკავშირე ქვეყანა, რომელსაც რუსეთი განიხილავდა ამ პროცესის მსხვერპლად. ამიტომ ბუნებრივია, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მარცხი, თავისუფალი სამყაროს მიერ აღიქმება, როგორც პირველი ნაბიჯი დემოკრატიული და ერთიანი დასავლეთის დამარცხებისათვის.

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მარცხი, თავისუფალი სამყაროს მიერ აღიქმება, როგორც პირველი ნაბიჯი დემოკრატიული და ერთიანი დასავლეთის დამარცხებისათვის

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მსოფლიოში არსებული სხვა დაპირისპირების წერტილები. უპირველესად ეს რა თქმა უნდა ეხება ჩინეთის მზარდ გლობალურ ამბიციებს, მაგრამ უპირველესად მის ექსპანსიონისტურ ნაბიჯებს აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში.

არაა გასაკვირი, თუ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინის მიმართ არ გაეცემოდა სათანადო პასუხი დასავლეთის მიერ, რასაც აგრეთვე მოჰყვა ეკონომიკური სანქციები და პოლიტიკური იზოლაცია, ჩინეთისთვის და ბევრი სხვა აქტორისთვის მსოფლიო მასშტაბით, ეს იქნებოდა სიგნალი აქტიური მოქმედებებისთვის.

ასეთ პოტენციურ მოქმედებებს შეეძლო გლობალური მასშტაბის ქაოსის გამოწვევა, რასაც სავარაუდოდ უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა არსებული საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის რღვევის სახით და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისით.

რა თქმა უნდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სანქციებმა თუ შეზღუდვებმა მაინც იქონია ზეგავლენა გლობალურ ბაზრებზე. ესეც ბუნებრივია, რადგან რუსეთი, თავისი რესურსებით და მასშტაბებით საკმაოდ სერიოზული მოთამაშე იყო ენერგომატარებლების ბაზრებზე, ისევე როგორც ლოგისტიკურ-სატრანსპორტო და ბევრ სხვა სფეროებში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ხშირად ისმის კითხვა - არის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი რეალურად რუსეთ-დასავლეთის ომი? ამაზე პასუხი ცალსახაა - არა. ეს გახლავთ რუსეთის დაუსაბუთებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც დასავლელმა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი ერთგულ უკრაინას.

არის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთ-დასავლეთის ომი? ამაზე პასუხი ცალსახაა - არა. ეს გახლავთ რუსეთის დაუსაბუთებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც დასავლელმა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი ერთგულ უკრაინას

ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელმაც მაკონსოლიდირებელი როლი შეასრულა დასავლური/თავისუფალი სამყაროს ერთიანობისთვის და პრაქტიკულად გადაარჩინა საერთაშორისო სისტემა ნგრევისაგან.

დასავლეთში კარგად არის გააზრებული ის რომ აღნიშნული ომი სცილდება ლოკალურ კონტექსტს. მას უკვე გააჩნია გლობალური ზეგავლენა როგორც პოლიტიკურ ასე ეკონომიკურ ასპექტებზე. ეს არის ცივილიზაციური მნიშვნელობის დაპირისპირება სადაც ბრძოლა მიდის ბოლომდე და რომელსაც არ გააჩნია შუალედური გადაწყვეტა.

- უკრაინა-რუსეთის ომში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ქვეყნების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარასოდეს იქნე, როგორ იმის დაწყებამდე, ანუ, გასული წლის 24 თებერვლამდე იყო.

მსოფლიო პოლიტიკაში ომის გამო დაწყებულ ტენდენციებს გარკვეულ წილად კი შეეხეთ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით უკრაინა-რუსეთის ომმა რა ტიპის გლობალურ პროცესებს მისცა ბიძგი?

- ეს ძალიან დიდი, მრავალწახნაგოვანი შეკითხვაა. ამ შეკითხვას არ გააჩნია მარტივი პასუხი, ის უფრო კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

ერთმნიშვნელოვანია, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა რაღაც ეპოქა დაასრულა, მაგრამ ახალი ჯერ არ დამდგარა. ამ ორ ეპოქას შორის ვაკუუმს ავსებს საომარი მოქმედებები უკრაინაში, საერთაშორისო აქტორების მიერ ახალი უსაფრთხოების პრინციპების ძიება, რომელზედაც შესაძლებელი იქნება განახლებული და კორექტირებული საერთაშორისო სისტემის დაშენება.

რუსეთ-უკრაინის ომმა რაღაც ეპოქა დაასრულა, მაგრამ ახალი ჯერ არ დამდგარა. ამ ორ ეპოქას შორის ვაკუუმს ავსებს საომარი მოქმედებები უკრაინაში, საერთაშორისო აქტორების მიერ ახალი უსაფრთხოების პრინციპების ძიება, რომელზედაც შესაძლებელი იქნება განახლებული და კორექტირებული საერთაშორისო სისტემის დაშენება

ერთმნიშვნელოვანია მსოფლიო შევიდა ძირეული გარდაქმნის პერიოდში. რუსეთ-უკრაინის ომმა ერთის მხრივ გამოააშკარავა არსებული საერთაშორისო სისტემის მიმართ მანამდე არსებული ლიბერალური მიდგომების შეცდომები, ამავდროულად მეორეს მხრივ გამოჩნდა რეალური პოლიტიკისკენ შემოტრიალება.

ეს პროცესი გლობალურ ტრენდს წარმოადგენს და სავარაუდოდ მსოფლიო ამ მიმართულებით შეიცვლება და ის, დიდი ალბათობით, უფრო ამერიკა ცენტრისტული იქნება. ამას განაპირობებს ამერიკის შეერთებული შტატების უკონკურენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება. ამერიკის ასეთი ლიდერობის პირობებში მოხდა დასავლური სამყაროსი, მისი ინსტიტუტების ხელახალი კონსოლიდაცია, სადაც უთანხმოებები გვერდზეა გადადებული და ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო რესურსები მობილიზებულია არსებული ვითარების გადასაწყვეტად და უკრაინის დასახმარებლად.

ძნელია კონკრეტული კონტურების მოხაზვა მომავალი მსოფლიოს მოწყობისა დღევანდელი გადასახედიდან. თუმცა, ზოგიერთი ასპექტი შესაძლებელია დღესაც ავსახოთ ჩვენს წარმოდგენაში.

უპირველესად, ცხადია, რომ რუსეთი კარგავს თავის წონას საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ სფეროებში. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთმა დაკარგა მისი წვდომა დიდი შვიდეულის და დიდი ოცეულის ფორმატებში. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად ის პრაქტიკულად გარიყული აღმოჩნდა გლობალური პროცესებისაგან.

რუსეთი კარგავს თავის წონას საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ სფეროებში. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთმა დაკარგა მისი წვდომა დიდი შვიდეულის და დიდი ოცეულის ფორმატებში. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად ის პრაქტიკულად გარიყული აღმოჩნდა გლობალური პროცესებისაგან

მეტიც, მოვლენები რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვითარდება მსოფლიოში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, დიდწილად განპირობებულია, რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკით და პოზიციებით.

ამიტომ გარდაუვალად მიმაჩნია რუსეთის როლის გადახედვა საერთაშორისო სისტემაში, კერძოდ ისეთ ორგანიზაციებში როგორიც არის გაერო, ეუთო და ბევრი სხვა, სადაც რუსეთი სარგებლობდა და ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს განსაკუთრებული წევრის სტატუსი.

გარდა ამისა, მეორე ასპექტი რომელიც ძალზედ საყურადღებოა გახლავთ არსებული ვითარების ეკონომიკური ასპექტები. ომის დაწყებისთანავე ჩვენ დავინახეთ ენერგომატარებლებზე და ბევრ სხვა სეგმენტში საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრი რყევა.

გარდაუვალად მიმაჩნია რუსეთის როლის გადახედვა საერთაშორისო სისტემაში, კერძოდ ისეთ ორგანიზაციებში როგორიც არის გაერო, ეუთო და ბევრი სხვა, სადაც რუსეთი სარგებლობდა და ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს განსაკუთრებული წევრის სტატუსი

ეს ბუნებრივიც იყო რადგან ეკონომიკური სანქციების გამო მკვეთრად შეიზღუდა რუსეთთან ბიზნეს გარიგებები სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ბაზარმა იპოვა შესაძლებლობები საბოლოო ჯამში დაასტაბილურებინა ბაზარი და ხელი შეუწყო გლობალურ ეკონომიკას ეპოვა ახალი ექვილიბრიუმი.

რა თქმა უნდა გლობალური ბაზრების გარდაქმნა მოხდა რუსეთისთვის მის მიერ დაკავებული სეგმენტების ხარჯზე, რაც მარტივად ნიშნავს რომ რუსეთის ბიზნეს და ეკონომიკურმა აქტორებმა სავარაუდოდ ხანგრძლივი პერიოდით დაკარგეს საერთაშორისო ბაზრებზე ფართო წვდომა.

კიდევ ერთი და ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტი, გამომდინარე არსებული ვითარებიდან, არის უკრაინის, როგორც უკვე დასავლური სამყაროს განუყოფელი ნაწილის სტატუსის მქონე ქვეყნის, რაც მან თავისი ბრძოლისუნარიანობით და უკრაინელი სამხედროების გმირობით მოიპოვა, როლის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე.

ამ ფაქტორმა შესაძლებელია ბევრი რამ შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში, და ამის კონტურები სავარაუდოდ მალე გამოჩნდება.

- Financial Times-სათვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - პუტინი ითხოვს პაუზას დროის მოსაგებად - ძალების გადაჯგუფებისთვის და არა მშვიდობისთვის. პუტინს დღესვე შეუძლია ომის შეჩერება, მაგრამ იმის ნიშანწყალიც არ არის, რომ მას ეს მართლაც სურ.

თუ უკრაინის ფრონტებზე სიტუაციაში შევეცდებით გარკვევას, ვნახავთ, რომ ახლა სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობა უკრაინის მხარესაა. თუმცა, მოსკოვი ჯერ კიდევ ახერხებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ მას ამის გაკეთება სულ უფრო უჭირს. მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინა წარმატებით ახერხებს უკრაინის ცაში ირანულ და ირანულ-რუსულ დრონებს.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის დაბომბვები ვერ აღწევს კრემლის ვერც ტაქტიკურ და ვერც სტრატეგიულ მიზნებს, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ სურს რუსეთის გაახანგრძლივოს ომის მსვლელობა?

- თქვენ სწორედ ბრძანეთ, რუსეთი, წარუმატებელი ომის დაწყების შემდეგ, ცდილობს გაახანგრძლივოს საომარი მოქმედებების მსვლელობა. ეს ხდება იმის იმედად, რომ რუსეთი თავისი რესურსებით შეძლებს გაუმკლავდეს უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რუსეთი, წარუმატებელი ომის დაწყების შემდეგ, ცდილობს გაახანგრძლივოს საომარი მოქმედებების მსვლელობა. ეს ხდება იმის იმედად, რომ რუსეთი თავისი რესურსებით შეძლებს გაუმკლავდეს უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

ამავდროულად, გათვლა არის იმაზე, რომ დასავლეთს და მის ამომრჩევლებს მოჰბეზრდება უკრაინისათვის დახმარების უზარმაზარი პაკეტების გამოყოფა, და ამით დასავლურ საზოგადოებაში უკრაინის ომი, რაღაც მომენტში შეიძლება არაპოპულარული გახდეს და დახმარებაც დროთა განმავლობაში შემცირდეს.

როგორც ვხედავთ, დასავლეთში საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ისევე როგორც ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, რეგულარულად გამოყოფენ დახმარების პაკეტებს, როგორც სამხედრო სფეროში, ასე ეკონომიკური სტაბილურობისთვის და სოციალური მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული გახლავთ არა მარტო უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ეს გაცილებით ღრმა შინაარსის მქონე პროცესია, რომელიც ღირებულებებს ეყრდნობა. მეტიც, ამით დასავლური სამყარო, არსებული საერთაშორისო სისტემის გადარჩენას ცდილობს.

მეორე ასპექტი ამ საკითხისა გახლავთ რუსეთის უზარმაზარი სამხედრო და სამობილიზაციო რესურსები. ეს რესურსი მართალია არ მოიცავს თანამედროვე სამხედრო სისტემებს, თუმცა საკმაოდ მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის.

გარდა ამისა რუსეთს გააჩნია ძალზედ დიდი სამობილიზაციო რესურსი, რომლის გამოყენებით, თუნდაც არაეფექტურად, შეუძლია პრობლემები შეუქმნას მოწინააღმდეგე მხარეს, რასაც ბოლო დროს ბრძოლის ველზეც ვაკვირდებით.

გარდა ამისა რუსეთს გააჩნია ძალზედ დიდი სამობილიზაციო რესურსი, რომლის გამოყენებით, თუნდაც არაეფექტურად, შეუძლია პრობლემები შეუქმნას მოწინააღმდეგე მხარეს, რასაც ბოლო დროს ბრძოლის ველზეც ვაკვირდებით

მობილიზაციის მეტ-ნაკლებად ეფექტურად ჩატარების მიზეზი უნდა ასევე ვეძებოთ რუსეთის სახელმწიფოს მიერ მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პოლიტიკაში.

ასეთი მძლავრი პროპაგანდის პირობებში, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებები გამართლებას პოულობს საზოგადოებაში და ეს საზოგადოება მზად არის სამხედრო ვალდებულების მოსახდელად. პრაქტიკულად ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მოსახლეობის მორჩილების და საპროტესტო მუხტის არ არსებობისა, რაც ხელისუფლებას მწვანე შუქს უნთებს გააგრძელოს არსებული პოლიტიკა.

პრაქტიკულად ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მოსახლეობის მორჩილების და საპროტესტო მუხტის არ არსებობისა, რაც ხელისუფლებას მწვანე შუქს უნთებს გააგრძელოს არსებული პოლიტიკა

ბუნებრივია, ასეთი ვითარების გათვალისწინებით, და მიუხედავად ობიექტურად არსებული პრობლემებისა, რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია რესურსები ხანგრძლივი საომარი კამპანიის საწარმოებლად.

- დამკვირვებელთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები საკმარისი არაა იმისთვის, რომ რუსეთმა უარი თქვას ომის წარმოებაზე.

რა გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები?

- რა თქმა უნდა, აღნიშნული სანქციები ნეგატიურად მოქმედებს ზოგადად არა მარტო ეკონომიკაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე და მის მომავალზე. თუმცა, არის თუ არა ეს სანქციები ის ფაქტორი, რომელიც რუსეთს აიძულებს რაიმე დათმობაზე წავიდეს?

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს გააჩნია უზარმაზარი რესურსების ბაზა, და მეტ-ნაკლებად განვითარებული მრეწველობა ბევრი მიმართულებით. აგრეთვე რუსეთის ბიზნესი მიჩვეულია ოპერირებას შოკურ ვითარებაში და ადვილად ეგუება კრიზისულ სიტუაციებს. ამიტომ დიდი ალბათობით, სანქციების ეფექტის მისაღებად, რუსეთისნაირი ეკონომიკის პირობებში, უფრო ხანგრძლივ და გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა ვიფიქროთ.

დიდი ალბათობით, სანქციების ეფექტის მისაღებად, რუსეთისნაირი ეკონომიკის პირობებში, უფრო ხანგრძლივ და გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა ვიფიქროთ

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სანქციები არაა საყოველთაო. ანუ, არის სფეროები, რომელშიც სანქციები საერთოდ არ მოქმედებენ. ამავდროულად, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს და აქტიურად ვაჭრობენ რუსეთთან. ეს აძლევს საშუალებას რუსეთს, რაღაც დონეზე გადაწიოს სანქციების ნეგატიური ეფექტი და ნაწილობრივ მაინც დააკომპენსიროს ზარალი.

რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გადაიზრდება ტექნოლოგიურ სტაგნაციაში და შემოსავლების კლებაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დაკარგვას. ზოგადად მისი ეკონომიკა შემცირდება, და არათანამედროვე გახდება.

უდავოა, რომ ზოგადი ეკონომიკური დინამიკა რუსეთში არის უარყოფითი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ როგორც ჩანს, ეს გაცილებით უფრო ნელი პროცესია ვიდრე ვინმეს აქამდე ეგონა. რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

უდავოა, რომ ზოგადი ეკონომიკური დინამიკა რუსეთში არის უარყოფითი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ როგორც ჩანს, ეს გაცილებით უფრო ნელი პროცესია ვიდრე ვინმეს აქამდე ეგონა. რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სანქციების პირობებში, რუსეთის ეკონომიკა ჩაკეტილ ციკლზე უფრო გადავა, და ამის გამო გაუჭირდება განვითარება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს რომ მისი მდგრადობის ხარისხი შეიზღუდება, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობები.

- ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე. ასევე იმაზე, რომ კრემლი ცდილობს ევროპისა და აშშ- ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი. ვხედავთ, იმასაც, რომ მას ეს არ გამოდის. ამის ნათელი მაგალითია ისიც, თუ რა პოზიცია აქვს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ბერლინსა და პარიზს.

ამ თვალსაზრისით, ცალკეული შემთხვევებსაც ვადევნებთ თვალს, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს შემთხვევები ვერ ცვლიან კრემლის სასარგებლოდ საერთო სურათს. ომთან დაკავშირებით პეკინის ბოლო განცხადებებიც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებშიც სერიოზული ცვლილებებია მომხდარი.

თქვენ როგორ დაახასიათებდით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო კავშირებს? დარჩა კი რუსეთს მოკავშირეები?

- საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია. ამაზე ჩვენ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს უფრო მეტად გაამყაროს ურთიერთობები გარკვეულ სახელმწიფოებთან.

უპირველეს ყოვლისა ესენი არიან დსთ-ს წევრი სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი და ირანი. ეს გახლავთ სავარაუდო ქვეყნების ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც რუსეთს სურს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამაზე მეტყველებს, აღნიშნული ქვეყნების ხელმძღვანელებთან, ბოლო დროს და სხვადასხვა ფორმატში გამართული შეხვედრების წყება.

აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ე. წ. მეგობრული სახელმწიფოების რკალი, რომლის მეშვეობითაც გაუადვილდება თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა არსებულ რთულ ვითარებაში. განსაკუთრებით ეს ეხება მის ეკონომიკურ ფუნქციონირების უზრუნველყოფას და სანქციების გვერდის ავლას.

აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ე. წ. მეგობრული სახელმწიფოების რკალი, რომლის მეშვეობითაც გაუადვილდება თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა არსებულ რთულ ვითარებაში. განსაკუთრებით ეს ეხება მის ეკონომიკურ ფუნქციონირების უზრუნველყოფას და სანქციების გვერდის ავლას

ხსენებული მეგობრული ქვეყნების რკალს, შეუძლია უზრუნველყოს რუსეთის კვაზი საერთაშორისო ბაზრის ჩანაცვლების იმიტაცია, სადაც რუსეთს მონაწილეობის უფლება ექნება. ასეთი კონსტრუქციის შესაქმნელად, რუსეთი სავარაუდოდ გამოიყენებს თავის ხელთ კიდევ არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეგავლენებს.

ასეთ პირობებში, რუსეთს ნაწილობრივ გაუადვილდება სანქციების პირობებში მისი ეკონომიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სანქციების წნეხის ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას.

- პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ- პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა - „უკრაინა არასდროს არ იქნება მარტო, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დევს სასწორზე.“

ასევე ვიცით, რომ აშშ- სამხედრო-სამრეწველო მანქანა პრაქტიკულად სრულად ამოქმედდება უკრაინის დასახმარებლად. თქვენთან დაკავშირებამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ- და კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით ახლა უკვე უკრაინას ჰყავს თავისი თანამგზავრი კოსმოსში.

ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდება. აშშ და გერმანია მზად არიან დაიწყონ უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების წარმოება. მეტიც, ვაშინგტონი და ევროპა მზად არიან სერიოზულად დაეხმარონ ომში ჩართულ უკრაინას.

სავარაუდოდ, რა ვადებში და როდის მოხდება დასავლეთის უკრაინისადმი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაზრდა? და რა ტიპის პროცესების დაწყებაა მოსალოდნელი თავად რუსეთში?

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1) დასავლეთი არ ემზადებოდა ომისთვის; 2) რუსეთის მომავლის განჭვრეტის სირთულე.

მოგეხსენებათ რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, დასავლელი მოკავშირეები არ ემზადებოდნენ ფართომასშტაბიანი კონტინენტური ომისთვის. ამის გამო მძიმე შეიარაღების წარმოება დიდწილად გაჩერებული იყო. გარდა ამისა, აღნიშნული იარაღის მარაგებიც მკვეთრად იყო შემცირებული. აქცენტი სხვა, უფრო მობილურ და მსუბუქი შეიარაღების სისტემებზე იყო გადატანილი.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, დასავლელი მოკავშირეები არ ემზადებოდნენ ფართომასშტაბიანი კონტინენტური ომისთვის. ამის გამო მძიმე შეიარაღების წარმოება დიდწილად გაჩერებული იყო. გარდა ამისა, აღნიშნული იარაღის მარაგებიც მკვეთრად იყო შემცირებული. აქცენტი სხვა, უფრო მობილურ და მსუბუქი შეიარაღების სისტემებზე იყო გადატანილი

რაც მოხდა უკრაინასთან მიმართებაში, გამოიწვია არსებული სტრატეგიული მიდგომების მკვეთრი გადახედვა. ამან რა თქმა უნდა დააყენა საკითხი სამხედრო ინდუსტრიის ხელახლა ამუშავების თაობაზე და მძიმე შეიარაღებისა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალების დიდი რაოდენობით წარმოების განახლებაზე.

გარდა ამისა, არსებულმა ვითარებამ უბიძგა ბევრ დასავლელ მოკავშირეებს, არსებული სამხედრო ძალების როგორც რაოდენობრივად გაზრდისკენ, ასევე მათი მკვეთრი მოდერნიზაციისკენ.

ხსენებული ფაქტორები მიუთითებს რომ მოკავშირეებმა მკვეთრად უნდა გაზარდონ ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა არსებული სამხედრო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, და ამავდროულად ხელი შეუწყონ სამხედრო ინდუსტრიის სწრაფ ამუშავებას.

ამ პროცესს სჭირდება დრო, და როგორც ჩანს ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელი ნიშანია ბოლო დღეებში დასავლელი მოკავშირეების მიერ გაკეთებული ღია განცხადებები მძიმე შეიარაღებისა და ანტისაჰაერო სისტემების უკრაინისადმი გადაცემის თაობაზე, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცის უკეთეს დაცულობას უზრუნველყოფს, და ამავდროულად გაზრდის მის შეტევით პოტენციალს ბრძოლის ველზე.

ამ პროცესს სჭირდება დრო, და როგორც ჩანს ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელი ნიშანია ბოლო დღეებში დასავლელი მოკავშირეების მიერ გაკეთებული ღია განცხადებები მძიმე შეიარაღებისა და ანტისაჰაერო სისტემების უკრაინისადმი გადაცემის თაობაზე, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცის უკეთეს დაცულობას უზრუნველყოფს, და ამავდროულად გაზრდის მის შეტევით პოტენციალს ბრძოლის ველზე

რაც შეეხება რუსეთის მომავალს, დღევანდელი გადასახედიდან, რუსეთის დამარცხება კონვენციურ ომში შესაძლებელია. თუმცა კითხვას იწვევს ის, თუ რა პროცესების მომასწავებელი იქნება ეს რუსეთისთვის, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში.

ცხადია, დასავლეთს და ზოგადად მსოფლიოს არ აწყობს არაპროგნოზირებადი ვითარება რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ სავარაუდოდ რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო დასუსტებაზე არის უფრო მეტი აქცენტი აღებული.

უდიდესი მნიშვნელობის საკითხად რჩება რუსეთის ბირთვული იარაღის არსენალი და ამ სფეროსთან დაკავშირებული ინდუსტრია.

გარდა ამისა, დიდი კითხვები არსებობს პოლიტიკური სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის პირობებში, შესაძლებელი ხდება აგრესიული პოლიტიკის წარმოება გაუმჭვირვალე მართვის რეჟიმში. ყოველივე ეს დასავლეთისთვის მიუღებელია.

ცხადია, დასავლეთს და ზოგადად მსოფლიოს არ აწყობს არაპროგნოზირებადი ვითარება რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ სავარაუდოდ რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო დასუსტებაზე არის უფრო მეტი აქცენტი აღებული

არსებულ ვითარებაში რუსეთში დიდი ალბათობით განვითარდება შიდა იზოლაციონიზმი, სადაც ადამიანების გადაადგილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიზღუდება, ეკონომიკური და საზოგადოებრივი სტაგნაცია, როდესაც მრავალმხრივი განვითარება ან შეიზღუდება ან შეუძლებელი გახდება; და რაც მთავარია საზოგადოების წევრებზე შეუზღუდავი კონტროლის დაბრუნება, რომლის მეშვეობით არსებული სისტემის სიმყარე იქნება შენარჩუნებული.

აღნიშნული, დიდი ალბათობით, გამოიწვევს რუსეთიდან ეკონომიკურად აქტიური, კრეატიული და განათლებული მოსახლეობის გადინებას, რაც ავტორიტარული მმართველობისთვის ხელსაყრელ ნიადაგს შექმნის ქვეყნის კიდევ უფრო დიდი ჩაკეტილობისთვის და იზოლაციისთვის.

ყოველივე ეს რუსეთის სახელმწიფოს დასუსტებას შეუწყობს ხელს, რისთვისაც ჩემის აზრით გარე სამყარო აქტიურად ემზადება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა