ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2023

“პოლიტიკურად კი არა, მზად არიან რეალურად ესროლონ ერთმანეთს” - “დიდი მტრობა” ენმ-ში სულ უფრო ღრმავდება

“ალტ-ინფოს” კითხვებზე აქვთ აგებული დაზეპირებული კამპანია” - გამოხმაურებები ლავროვის განცხადებაზე თბილისიდან

უკრაინას 3 “პეტრიოტი” გარანტირებული აქვს - რა ნაწილს დაფარავს და რამდენი ბატარეაა საჭირო მთელი ქვეყნის დასაცავად

* * *

“პოლიტიკურად კი არა, მზად არიან რეალურად ესროლონ ერთმანეთს” - “დიდი მტრობა” ენმ-ში სულ უფრო ღრმავდება

“შიდაპარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება და ისეთ ფორმას იძენს, რომ რომელიმე მხარის გამარჯვების შემდეგ დამარცხებულ მხარესთან ურთიერთობა როგორ გაგრძელდება, საკითხავია. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც არ გამორიცხავს, რომ პარტია საერთოდ ორად გაიყოს. პარტიაში მიმდინარე პროცესების ორგანიზებას ნიკა მელია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს უკავშირებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია 9 იანვარს გავრცელებული აუდიოჩანაწერის დამგეგმავად ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს. აცხადებს, რომ ამ ჩანაწერით მისმა გამავრცელებლებმა “ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს” და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილ არჩევნებს. მისი თქმით, 2020 წელს, როდესაც იგი გლდანში იყრიდა კენჭს, ვანო მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული მისი საარჩევნო შტაბის დანგრევაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პოლიტიკურად კი არა, მზად არიან რეალურად ესროლონ ერთმანეთს” - “დიდი მტრობა” ენმ-ში სულ უფრო ღრმავდება.

”მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ “ნაციონალური მოძრაობის” შტაბი, მელიას საარჩევნო შტაბი, იქნებ არ დაეხმაროთ. დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო. მეტიც, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არედან რამდენიმე დღის განმავლობაში. სამი დღის შემდეგ გამოჩნდნენ ეს ადამიანები, მოვიდნენ და მომიყვნენ სიმართლეს”, - განაცხადა მელიამ. მმისი თქმით, არსებობს ზნეობრივი კომპრომისი, რომელსაც იგი ვერ გადააბიჯებს და არასდროს ჩამოართმევს ვანო მერაბიშვილს ხელს, “ხაბეიშვილი კი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად” - “თუ უდიდესი გულისტკენის ეპიზოდები არ განიცადე, სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის. მე მოვიყვანე ხაბეიშვილი პარტიაში. ახლა რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს, ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს... ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ. საზოგადოებამ განსაჯოს - ან სიმართლე ან ტყუილი, ან ზნეობა ან ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია”, - ამბობს მელია. საწინააღმდეგოა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა პოზიცია, მათი განცხადებით, მელიას არანაირი არგუმენტი არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავად ხაბეიშვილის შეფასებით, ნიკა მელია ჭორაობს და მისი შეფასებები აზიანებს პარტიას. “პასუხისმგებლობისგან დაცლილი, დაბოღმილი, დაპატარავებული, მხოლოდ ტალახით მომარაგებული პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ვიხილეთ. მე დავდივარ ხალხში, ეს ადამიანი კი გამოკეტილია კაბინეტში და დაკავდა ჭორაობით. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლანძღავს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, როგორიც არის ლევან ვარშალომიძე, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, პეტრე ცისკარიშვილი, თემურ ჯანაშია. ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი არის ცუდი კაცი. მე, მაგალითად, ცუდ კონტექსტში რომ მოვიხსენიო და ვთქვა, რომ მის უკან დგას ბაჩო ახალია, იმიტომ რომ ნუგზარ წიკლაურის მეგობარია, აკო მინაშვილის მეგობარია და რომ ვთქვა, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა დგას ნიკა მელიას უკან და ცუდ კონტექსტში რომ ვისაუბრო, ეს არ იქნება ნორმალური. პარტიას აზიანებს ჭორიკანა პარტიის თავმჯდომარე. თუ რამით ზიანდება “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის დღეები, როდესაც ის კიდევ მოქმედი თავმჯდომარეა. დამიჯერეთ, როგორც სხვები არ გახსენებიათ “ნაციონალურ მოძრაობაში”, ისე არ გაახსენდებათ ნიკა მელია. გუშინდელის მერე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გახდება “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე, სხვა პარტიის შეიძლება გახდეს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ამ დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. დავით მათიკაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი სახე ბოლომდე რომ ეჩვენებინა, ამისთვის პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა”, - განაგრძობს გამოცემა.

„ერთმანეთს არ ინდობენ, კომპრომატებით დარბიან. არათუ პოლიტიკურად სროლა, რომ ჰქონდეთ იმის საშუალება, რეალურად ესროლონ ერთმანეთს, ალბათ არც ამას დააკლებდნენ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ის პროცესები რაც ახლა ენმ-ში მიდის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის საზიანოა. ისტორიაში უკვე არის იმის მაგალითები, რომ პარტიაში დაწყებული ქიშპი ცუდად თავად ამ პარტიისთვის მთავრდება. შესაძლოა ენმ-მ, თუ არჩევნების შემდეგ რომელიმე ჯგუფი გამოეყო არსებობა ისე დაასრულოს, როგორც ეს თავის დროზე “ეროვნულ დემოკრატიულ” პარტიას დაემართა, როცა გია ჭანტურიას შემდეგ ერთმანეთს მამუკა გიორგაძის და ირინა სარიშვილის მომხრეები დაეჯახნენ. ეს დაპირისპირება კი პარტიის განულებით დასრულდა. ამიტომ ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ “ნაციონალებში” დაწყებული პროცესები შესაძლოა პარტიისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და ჩაეხუტებიან. პარტიაში ის მდგომარეობა, რაც არჩევნებამდე იყო ვერ შენარჩუნდება. ნიკა მელიამ თავად გამოაცხადა, რომ თუ ის ისევ თავმჯდომარედ დარჩება, ენმ-ის ბევრი ლიდერი იმ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა, რომელიც ამჟამად უკავია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ყველა ის ადამიანი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გვერდით დგას, პარტიულ თანამდებობას მელიას გამარჯვების შემთხვევაში დაემშვიდობება. რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები პარტიაში თავს კომფორტულად ვეღარ იგრძნობენ. ცხადია, იმოქმედებს ეს ყველაფერი პარტიის იმიჯზე, ამომრჩეველში განხეთქილებას გამოიწვევს და პარტიის როგორც პოლიტიკური ერთეულის მუშაობას შეაფერხებს. ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა მოძებნონ საკუთარ თავში დამარცხებულმა მხარემ, რომ მათ ყოველივე იმის მერე, რაც უკვე მოხდა, ურთიერთობა გააგრძელონ. ერთმანეთს ტალახი ესროლეს და ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი პარტიისთვის კარგად არ დასრულდება. მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ აუდიტორიის წინაშე რაღაცა სახე მაინც შეინარჩუნონ. მოჩვენებითი ერთიანობის დემონსტრირება მაინც აჩვენონ. თუმცა ვერ იქნება ეს შესაძლებელი, რადგან ჩვენი ქართული პოლიტიკის მენტალობა და რეალობა სულ სხვაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ალტ-ინფოს” კითხვებზე აქვთ აგებული დაზეპირებული კამპანია” - გამოხმაურებები ლავროვის განცხადებაზე თბილისიდან

“რუსეთის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას თბილისიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციამ ლავროვის გზავნილებს უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი უწოდა, ხოლო მმართველი პარტია აცხადებს, რომ მოსკოვში “ალტ-ინფოს” წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვა და ამაზე ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ნაკლებად საინტერესოა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა, მან პრორუსული მედიისა და პოლიტიკური მოძრაობის “ალტ-ინფოს” კითხვას უპასუხა. “ხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს”, - ამის შესახებ ლავროვმა “ალტ-ინფოს” ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ალტ-ინფოს” კითხვებზე აქვთ აგებული დაზეპირებული კამპანია” - გამოხმაურებები ლავროვის განცხადებაზე თბილისიდან.

“როგორც ლავროვი ამბობს “მოხარულია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის გამო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ”, - აღნიშნა ლავროვმა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა “ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო”, პატივისცემა გამოხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. მისივე განცხადებით, ქართველ ხალხთან რუსეთს არავითარი პრობლემა აქვს. “დიახ, იყო 2008 წლის ისტორია, რომელშიც ისევ და ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. სააკაშვილს ემოციები “გაექცა” და გადაწყვიტა, რომ ეს ინდულგენციაა. იქვე, კონდოლიზა რაისი ცხინვალისა და მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე ერთი თვით ადრე ჩავიდა. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რათა ბუქარესტის იმპულსს იმ ადამიანების ცნობიერებამდე მიეღწია, ვინც თავის ტერიტორიიდან ყველაფერი რუსულის განდევნა გადაწყვიტა”, - აღნიშნა ლავროვმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა კითხვას დასვამს “ალტინფო” და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია! - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს. მდინარაძის შეფასებით, ერთადერთი რასაც რიგი ოპოზიციონერებისა რუსეთის წინააღმდეგ აკეთებს, ეს ისტერიული საუბარი და ლანძღვაა - „ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე! მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები! მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი. ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი! პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს! გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას! არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად! რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი! ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა! არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება! საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!” - განაცხადა მდინარაძემ, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება შეფასებებს ოპოზიციისგან, ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ეს არის პირდაპირი დადასტურება იმის, რომ “საქართველოს მართავს არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი”. “ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინასთან ომში რუსეთს”, - თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,საქართველოს ხელისუფლება სანქციებში არჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავიარეისების აღდგენაც კი დააანონსა”. “სერგეი ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და მისი საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ომში რუსეთს. სანქციებში არჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავიარეისების აღდგენაც კი დააანონსა. აი, აქამდე მივიდა საქმე. ეს ქვეყნისათვის ძალიან დამაზიანებელი იყო და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა გოცირიძემ. “ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას განცხადებით კი, “როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” დიდ გაჭირვებასა და მძიმე შიდა პოლიტიკურ პროცესებშია, მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც მათ ცოტა ხნით წატივტივების საშუალებას აძლევს და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან - ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა!”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ლავროვისგან ვერანაირ ქათინაურს და შექებას ვერ მიიღებს. “არაფერში გვჭირდება მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ მათ მიერ აღქმული სტატისტიკა. რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით ჩიხშია შესული. ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ეს საქართველოს მთავრობის წარმატებულად ოპერირების, მენეჯმენტის და პროცესების სწორად მართვის დამსახურებაა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა თემებზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

უკრაინას 3 “პეტრიოტი” გარანტირებული აქვს - რა ნაწილს დაფარავს და რამდენი ბატარეაა საჭირო მთელი ქვეყნის დასაცავად

“აშშ-სა და გერმანიის მსგავსად, კიევს “პეტრიოტის” ანტი-საჰაერო სისტემებს ნიდერლანდებიც აწვდის და ახლა უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი ბატარეა უკვე გარანტირებული აქვს, როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ქვეყანა ამაზე არ გაჩერდება და ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, “პეტრიოტის” სამ ბატარეას, მაგალითისთვის, კიევის 60%-ის დაფარვა შეუძლია. მისი თქმით, მინიმუმ 12-16 ბატარეაა საჭირო, რომ უკრაინა დიდი შეტევებისგან დაცული იყოს, თუმცა აქაც 100%-იანი დაცვაზე არაა საუბარი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინას 3 “პეტრიოტი” გარანტირებული აქვს - რა ნაწილს დაფარავს და რამდენი ბატარეაა საჭირო მთელი ქვეყნის დასაცავად.

“4 „პეტრიოტი" უკვე ერთი დივიზიონია, ერთი კომპლექსი ერთი ბატარეაა, რომელშიც შედის მართვის ცენტრი, რადიოსალოკაციო სისტემა, სარაკეტო კომპლექსები, პლუს პასიური რადიოტექნიკური სადაზვერვო სისტემა. “პეტრიოტის” სისტემა 80-დან 160 კმ-ის დიაპაზონზე მუშაობს, 160 კმ-ში სამხედრო თვითმფრინავებს აფიქსირებს, ხოლო 80 კმ-ზე ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მიზანს უახლოვდებიან. თითოეულს 100 მიზნის ერთდროული აღმოჩენა შეუძლია, იგი 24 კილომეტრის სიმაღლეზე მუშაობს. ორი მოდიფიკაციაა “პაკ-2” და “პაკ-3”, ორივე ზებგერითია, რომლის სიჩქარე 2-3 მახია. ამ სისტემას ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემების დაჭერა არ შეუძლია. სულ მცირე12-დან 16 ბატარეაა საჭირო, რომ უკრაინა 100%-ით ვერა, მაგრამ ასე თუ ისე შეტევებისგან დაიცვას, თან “პეტრიოტი” რაკეტსაწინაარმდეგო და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემაა, ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეს ექვემდებარება და საკმაოდ ძვირადღირებულია, თითო ბატარეა ერთი მილიარდი დოლარია, რაკეტების ღირებულება კი 2-4 მილიონი დოლარი. დივიზიონს შესაძლოა ორი ოცეული ემსახურებოდეს, “პეტრიოტის” სისტემა პრობლემებს მთლიანად ვერ გადაჭრის, მაგრამ გარკვეულწილად მოხსნის, ამას კიდევ გერმანული “აირის-ტე”, “ნასამსები” და “ბუკ”-ების საბჭოთა სისტემები დაემატება და ამათთან კომპლექსში კი ბატონო, ეს უკვე სერიოზული დაცვაა, მაგრამ მხოლოდ სამი „პეტრიოტის" ბატარიით კიევის მხოლოდ 60% დაცვა შეიძლება, მეტი ვერა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“აშშ-ისა და გერმანიის მსგავსად უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის “პეტრიოტის” სისტემის დამატებით ბატარეას ნიდერლანდებიც აწვდის. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს “პეტრიოტის” სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამასთან, ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს კომპლექსის მიწოდებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. “ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან, მარკ რუტესგან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოვისმინეთ. ეს სიახლე რეალურად არის მასთან ჩვენი ბოლო მოლაპარაკებების გაგრძელება. უკრაინას “პეტრიოტის” კიდევ ერთი ბატარეა მიეწოდება”, - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ში ოკლაჰომის შტატში მდებარე ფორტ სილის სამხედრო ბაზაზე მიდის უკრაინელი სამხედროებისთვის სწავლება, რომლებმაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პეტრიოტის” გამოყენება უნდა აითვისონ. სწავლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, მასში 90-დან 100-მდე უკრაინელი მონაწილეობს. აშშ-მა 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ უკრაინას “პეტრიოტის” საზენიტო-სარაკეტო კომპლექს გადასცემს, 2023 წლის იანვრის დასაწყისში გერმანიამ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ერთი ბატარეის გადაცემას ნიდერლანდის მთავრობაც აპირებს”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა