ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან გამომდინარე, საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება

მიხეილ სააკაშვილის დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან გამომდინარე, საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება, - ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ნევროლოგის თქმით, სააკაშვილისთვის რიგი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ადამიანს დავკარგავთ“.

„იმ პროცედურების აღსრულება, რასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა ითვალისწინებს, შეუძლებელი იქნება, მის მიმართ განხორციელდეს. ასევე, სამომავლოდ ჩასატარებელია რიგი გამოკვლევებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს დავკარგავთ. ეს გამოკვლევები სასწრაფოდაა ჩასატარებელი, შესაბამისად, იგი საპატიმროში დარჩენილ ვადას ვერ მოიხდის, თუ სამედიცინო კუთხით შევხედავთ“,- განაცხადა ოთარ თოიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება.

„პირველი სიგნალი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მოხდა გლდანის დაწესებულებაში, როდესაც გონება დაკარგა - აღწერილია კრუნჩხვა. ეს იყო სიგნალი, რომელსაც ორი სამი დღით ადრე წინ უძღოდა კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოვლენები - ღებინება და დიარეა. ამის შემდეგ გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ნევროლოგის ჩანაწერის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მას არ შეუძლია მზერის ფიქსაცია, ვერ აყოლებს თვალს, შეზღუდულია, ეს შეზღუდვა დღემდე რჩება. შეზღუდული აქვს მარჯვნივ გახედვის შესაძლებლობა. ასევე, მას არ შეუძლია თითის დადება საგანზე, რომელსაც აირჩევ, ასევე აქვს დინამიური ატრაქცია, იგი ვერ დადის - ბარბაცებს მარჯვნივ.

ეს მიგვითითებდა ორ პათოლოგიაზე - ნათხემის პათოლოგია და პოლინეიროპათია. ორივე ეს პათოლოგია გამოვლინდა შიმშილობის 50-ე დღიდან და დღემდე გრძელდება. მდგომარეობა მძიმდება, ვინაიდან, დასაწყისში იყო ვერნიკეს ენცეფალოპათიის ქრონიკული სტადია, შემდეგ გაჩნდა დიაგნოზი ენცეფალოპათია დაუზუსტებელი, რაც განაპირობა იმან, რომ გამოჩნდა ახალი სიმპტომატიკა. მკურნალობის ფონზე, როდესაც ნეიროლეპტიკური პრეპარატები შეუწყდა, გამოვლინდა ის, რაც იყო წამალს მიღმა. წამალს მიღმა იყო ის, რომ გაჩნდა ე.წ. ხორთუმის რეფლექსი. დავინახეთ, რომ ბოთლის პირთან მიტანის დროს, ხელის კანკალთან ერთად ეს იყო ტუჩების პროტრუზია, რაც ნევროლოგიური გართულების ერთ-ერთი ნიშანია და მიუთითებს ე.წ. ფსევდობულბარულ დამბლაზე. გარდა ამისა, გამოჩნდა პათოლოგიური რეფლექსები - ე.წ. ბაბინსკის რეფლექსი, ხორთუმის რეფლექსი. ამდენად, მდგომარეობა ნოემბრიდან მარტამდე თითქოს სტაბილური იყო, თუმცა ნეიროლეფსიური პრეპარატების მოხსნის შემდეგ გამოჩნდა ნამდვილი ნევროლოგია, უფრო მძიმე, რომელიც მანამდე იყო, დაუზუსტებელია მისი მიზეზი. ეს არ არის ვერნიკეს გავრცელება, ეს არის ვერნიკეს ენცეფალოპათია, პლუს მეორე ენცეფალოპათია“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო