ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ვინაიდან „ნაცმოძრაობაში“ მომხდარი ცვლილებები ყველაზე განხილვადი თემაა, საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.

ვიდრე „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფი და ელექტორატის ნაწილი ერთმანეთს იმაში ეჯიბრებოდა, თუ ვინაა სააკაშვილის ერთგული თანაგუნდელი, ფაქტია, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევით ცხადი გახდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ გაიმარჯვა პარტიის იმ ფრთამ, რომელიც ნიკა მელიას რადიკალიზმს უწუნებდა და მათთვის მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების მმართველობისას დაშვებულ შეცდომებზე საუბარი.

რადგან ასეა, ცხადია ისიც, რომ მომხდარი არა მარტო პარტიაში, არამედ საზოგადოების ნაწილში პოლარიზაციას არა თუ შეამცირებს, არამედ გაზრდის.

პარტიის რადიკალურ გეგმებზე განცხადებები პარტიის ახალმა თავმჯდომარემ უკვე გააკეთა. რეალურად როგორ განვითარდება პროცესები ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ, ფაქტია, რომ მომხდარით, კმაყოფილებას ვერ მალავენ მმართველ გუნდშიც.

ამ თემებზე სასაუბროდ შესათანხმებლად რომ დაგიკავშირდით, ბრძანეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში 30 წელია ერთი და იგივე მეორდება. კითხვასაც აქედან გამომდინარე დავსვამ - რა და სავარაუდოდ, როგორ და რატომ მეორდება ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე?

- ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მმართველ პარტიას ამ საკითხთან დაკავშირებით ორი მიზანი აქვს - ენმ დასუსტდეს ისე, რომ ვერანაირი რეალური დისკომფორტი ვეღარ შეუქმნას სახელისუფლო ძალას და მეორე - ენმ -ს შერჩეს საფრთხობელას იმიჯი მოსახლეობის საკმაოდ ფართო მასების თვალში.

თუ ვივარაუდებთ, რომ მმართველ ძალას ეს მიზნები ჰქონდა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ საკმაო წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას. საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ პარტიებში პარტიიდან ლიდერის ამა თუ იმ ფორმით ჩამოშორება მუდმივად იწვევდა და იწვევს ხოლმე განხეთქილებას, დეზინტეგრაციას და ხანდახან გაქრობასაც კი. ამ პროცესს ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ყველა ძლიერი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტ.ორგანიზაციის მაგალითზე.

ამას, ვფიქრობ, არაერთი სერიოზული მიზეზი განაპირობებს და უკავშირდება ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების არასაკმარის სიმწიფეს, პოლიტიკური იდეის და არა პერსონის გარშემო მობილიზაცია-ორგანიზების სუსტ უნარებს, პარტიულ-პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობას და მთლიანობაში სოციალური კაპიტალის სიმწირეს ჩვენს საზოგადოებაში.

მმართველ პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით ორი მიზანი აქვს - ენმ დასუსტდეს ისე, რომ ვერანაირი რეალური დისკომფორტი ვეღარ შეუქმნას სახელისუფლო ძალას და მეორე - ენმ -ს შერჩეს საფრთხობელას იმიჯი მოსახლეობის საკმაოდ ფართო მასების თვალში... უნდა ვაღიაროთ, რომ მათ საკმაო წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას

ზუსტად თქმა, თუ რა მოჰყვება ცვლილებებს ენმ-ში, ძნელი სათქმელია. თეორიულად, შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ სცენარებზე. პოზიტიური იქნებოდა, თუ პარტიის შიგნით ახლად წარმოშობილი ინტერეს-ჯგუფები მოძებნიან კომფორტულ დისტანციას ერთმანეთს შორის პარტიის შიგნით და ჩამოყალიბდებიან ერთი პარტიის სხვადასხვა ფრთად, უფრო მეტი ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებლად ჩანს, სადაც გაიმართება ჯანსაღი პოლემიკა და კონკურენცია ერთმანეთს შორის.

ასეთი გამოცდილება უამრავია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში. მეტი ალბათობაა, დაიწყოს წევრების გადინება შიდა კონფლიქტების ფონზე. ეს ენმ-სთვის ნეგატიური სცენარია.

- „ნაციონალებში“ მომხდარის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში და რა გავლენას იქონიებს მომხდარი ოპოზიციურ სპექტრზე?

- პარტიის შიგნით არსებულ ორივე მხარეს აუცილებლად გაუჩნდება საჭიროება ახლებურად გაიაზროს თუ როგორ ელაპარაკოს სამ ძირითად სუბიექტს - ხალხს, სხვა პარტიებს და ხელისუფლებას. რომელი უფრო უკეთ მოახერხებს ამას, რომელი რას დასახავს პრიორიტეტად - მთავრობასთან “დალაგებას“,თუ ნამდვილად ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას - ამაზე მე მაქვს გარკვეული შეხედულება, მაგრამ სჯობია დაველოდოთ და თავად გამოჩნდება.

მეორე მხრივ, ამ ახალმა რეალობამ შეიძლება გამოათავისუფლოს ადგილი ოპოზიციურ ფლანგზე, რათა შეიქმნას ძლიერი, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ადეკვატური, ახალი პოლიტ.ორგანიზაცია ან პოლიტგაერთიანება.

რეალობამ შეიძლება გამოათავისუფლოს ადგილი ოპოზიციურ ფლანგზე, რათა შეიქმნას ძლიერი, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ადეკვატური, ახალი პოლიტორგანიზაცია ან პოლიტგაერთიანება

თუმცა, ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და უფრო დეტალურად ვერაფერს ვიტყვი, გარედან მეტი არ ჩანს.

- ვიცით, რომ ევროკომისიამ გადაგვივადა 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულების ვადები. ვიცით, ასევე რომ 12 რეკომენდაციების შესრულება ჭირს ბევრი მიზეზის გამო.

ასეთ ფონზე გვესმის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება - „დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო რეკომენდაციები. ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ იმას გავაკეთებთ“.

და ეს ხდება იმის ფონზე, როცა ყოველ თვე იზრდება „რუს-ტურისტ-დევნილებისგან“ შემოსული შემოსავლები, რუსეთიდან გზავნილები ყოველ თვე ხსნის რეკორდებს, კარგა ხანია რუსეთიდან გზავნილებმა 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუ ვინმე ახალ ბიზნეს არეგისტრირებს, რუსეთის მოქალაქეა.

მეტიც, ხელისუფლება მიესალმა რუსეთთან ფრენების აღდგენას მაშინ, როცა ევროპამ რუსულ ავიაციას ცა დაუხურა, ჯერაც არ მოგვისმენია 3 + 3-ის ფორმატში მინისტრ ლავროვის მორიგ მოწვევაზე თბილისის პასუხი.

საუბარია იმ ფორმატში მონაწილეობაზე, რომლიდანაც ორი, თურქეთი და ირანი რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობს. გასაგებია, რომ ანკარის თანამშრომლობა საერთოდ ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ თეირანი უკრაინის ომში რუსეთის მხარესაა. ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა რომ გაზრდილია, და ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვები გრძელდება ეტყობა არ ვიჩნევთ.

ყოველივე იმის ფონზე რისი ჩამოთვლაც შევძელი, თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?

- ამ შეკითხვაში ერთბაშად იმდენ საკითხს და პრობლემას შეეხეთ, რომ თითოეული ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად საერთო პასუხი გაგცეთ.

საქართველოს მმართველი ძალა წლებია მიჰყვება და ნერგავს იმ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც შემუშავდა და დაინერგა 2005-07 წლებიდან რუსეთში. ეს არის ე.წ. სუვერენული დემოკრატია.

„სუვერენული დემოკრატია“, საბოლოო ჯამში, გულისხმობს ისეთი მმართველობის წესის დანერგვას, სადაც სახელმწიფო ინტერესების სახით, ან მასთან ერთად, მაქსიმალურად რეალიზებულია უშუალოდ მმართველი ძალის ინტერესები, ოღონდ იმ ზღვრამდე, სადამდეც ეს შესაძლებელია თანამედროვე სამყაროში.

თუ რუსეთის შემთხვევაში შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს არის ღირებულებითი კონფლიქტი დასავლეთთან, საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ზღვრის გადალახვამ, ამ „სუვერენულმა დემოკრატიამ“ მიიყვანა რუსეთი დასავლეთთან შეიარაღებულ კონფლიქტამდე. წარმოდგენაც რთულია, სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქართველო ამ პოლიტიკურმა კონცეფციამ.

თუ რუსეთის შემთხვევაში შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს არის ღირებულებითი კონფლიქტი დასავლეთთან, საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული.

- ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებაში არ ესმოდეთ ის რისკები, რაც რუსეთთან მეტად ეკონომიკურად და ფინანსურად დამოკიდებულებას შეიძლება უკავშირდებოდეს.

მესმის, რომ ამგვარ პრეტენზიებზე შეიძლება იყოს პასუხი შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემის მშენებლობის დაწყების პერსპექტივაზე, ჯერ უნგრეთთან დამეგობრებაზე, ახლა კი ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტზე. მაგრამ, ისიც ხომ ვიცით, რომ ევროკავშირში, რომელშიც შესვლა გვინდა, უნგრეთი და ავსტრია კრემლის პარტნიორებად მიიჩნევიან. ეს ახლა ყველაზე მეტად უნგრეთის პრემიერ ურბანზე ითქმის.

თქვენი დაკვირვებით მმართველი გუნდი ვერ ხედავს რუსეთთან ეკონომიკურად და ფინანსურად დამოკიდებულების ზრდაში პრობლემას? ასევე ევროპაში კრემლის პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემას?

- არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ეშლება და რამეს ვერ ხედავს. უბრალოდ, მიზნები აქვთ განსხვავებული იმისგან, რაც ოფიციალურად დეკლარირებულია. სიმარტივისთვის ვიტყვი - ხელისუფლების რეალურ მიზნებს არა „ქართული ოცნება“, არამედ „ხალხის ძალა“ გამოხატავს.

თუ გაინტერესებთ რა მიზნები აქვთ - დააკვირდით რას აკეთებენ და მიხვდებით. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთ მასშტაბურ მოვლენასთან, როგორიც რუსეთ- დასავლეთის დაპირისპირება და რუსეთ-უკრაინის ომია.

არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ეშლება და რამეს ვერ ხედავს. უბრალოდ, მიზნები აქვთ განსხვავებული იმისგან, რაც ოფიციალურად დეკლარირებულია. სიმარტივისთვის ვიტყვი - ხელისუფლების რეალურ მიზნებს არა „ქართული ოცნება“, არამედ „ხალხის ძალა“ გამოხატავს

როგორც ჯერ კიდევ წინა წლის აპრილის ინტერვიუში ვამბობდი, ეს ომი გაიწელება კიდევ ორი -სამი წელი მაინც. ამ ფონზე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ანუ სანამ საბოლოოდ გაირკვევა გამარჯვებული მხარე, მიმართოს ლავირებას.

შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, ხელისუფლება ცდილობს შეიმუშაოს ისეთი სტრატეგია, რომელიც იქნება ამ საკმაოდ ხანგრძლივი შუალედური პერიოდის, ომის დაწყებიდან დასავლეთის გამარჯვებამდე, ადეკვატური.

მაგრამ, აქ ორი მთავარი ამოცანის წინაშე ვდგებით - ა) საქართველომ შეინარჩუნოს დასავლური ორიენტირები და მისკენ სავალი პოლიტიკური პოტენციალი და ბ) ეს ისე ვქნათ, რომ არ გავხდეთ გამოუსწორებელი, შეუქცევადი ეფექტის მქონე დარტყმების მსხვერპლი რუსეთის მხრიდან, თან ისე, რომ მაქსიმალური ხეირი ვნახოთ ამისგან.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ პოლიტიკის დეკლარირებას ახდენს დღეს საქართველოს მმართველი ძალა. სხვა საკითხია, რამდენად სწორად მოქმედებს ხელისუფლება, ხომ არ სწირავს ე. წ. მშვიდობისთვის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.

დასავლეთიდან გახშირებული შეშფოთებები და კონკრეტული შეფასებები, აგრეთვე ჩვენი დაკვირვებაც ამ აზრის დიდ საფუძველს იძლევა.

- უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიო პოლიტიკაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთი უკრაინის ირგვლივ კონსოლიდირებულია. როგორ ამბობენ, კოლექტიური დასავლეთი ასეთი კონსოლიდირებული „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ არასდროს ყოფილა.

სულ ტყუილად ცდილობს რუსული პროპაგანდა იმის მტკიცებას, რომ რუსეთს ამერიკა და ნატო ებრძვის. ამერიკა და ნატოს ქვეყნების უკრაინას ეხმარებიან მაქსიმალურად, მაგრამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინა და უკრაინელი ხალხი.

როცა მსოფლიოში ასეთი ცვლილებები ხდება, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რბილად რომ ვთქვათ გაუგებარიც კია, რადგან ჩვენ ზუსტად ისეთი პრობლემები გვაქვს რუსეთთან, როგორც უკრაინას. ვგულისხმობ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ვერ ხედავს თუ რა ხდება უკრაინაში?

სავარაუდოდ, რა შეიძლება მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ომი უკრაინაში მალე ნამდვილადა არ დასრულდება?

- ზემოთ ამ შეკითხვაზე ნაწილობრივ უკვე გიპასუხეთ. ის, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, სრულიად ცხადია. ყველაზე მთავარი საკითხი ახლა არის ის, თუ რა უნდა ჩაითვალოს უკრაინის და მთლიანად დასავლეთის გამარჯვებად.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რა დრო დასჭირდება ამ გამარჯვების მიღწევას. ახლაც ვფიქრობ, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება რუსეთის ჯარებისგან და, მით უმეტეს, 24-თებერვლამდელი მდგომარეობის დაბრუნება ვერაფრით იქნება სრულფასოვანი გამარჯვება.

მჯერა, ეს კარგად ესმით დასავლეთის იმ წრეებში, სადაც მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები. რამდენად სრულად მოხერხდება - ეს სხვა საკითხია, მაგრამ რუსეთი ამ ომიდან ისე უნდა გამოვიდეს, რომ მინიმუმ ორი ათეული წლის განმავლობაში ობიექტურად ვეღარ შეძლოს შეიარაღებული აგრესიის განხორციელება მეზობელი თუ შორეული ქვეყნების წინააღმდეგ.

რუსეთი ამ ომიდან ისე უნდა გამოვიდეს, რომ მინიმუმ ორი ათეული წლის განმავლობაში ობიექტურად ვეღარ შეძლოს შეიარაღებული აგრესიის განხორციელება მეზობელი თუ შორეული ქვეყნების წინააღმდეგ

ეს არის ტოტალური გამოფიტვის ომი, რომელიც პირველად რუსეთმა მოახვია თავს უკრაინას, მაგრამ ახლა თვითონ შეუბრუნდა ეს. ამიტომ, მრავალი ექსპერტისგან განსხვავებით, არ ვფიქრობ, რომ დრო ახლა რუსეთზე მუშაობს.

რაც უფრო გაიწელება ომი, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება რუსეთი, რადგან მისი ინტეგრალური, ადამიანური, პროფესიონალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, იდეოლოგიური და ა.შ. რესურსები მიზერულია დასავლეთის რესურსებთან შედარებით.

ელვისებური გამარჯვება ამ ომში არ იქნება, რადგან ეს არ არის მიზანი, მიზანი არის არა „ელვისებური გამარჯვება“, არამედ „ფუნდამენტური გამარჯვება“

აზრთა პერიოდული სხვადასხვაობა კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით და ლიდერის პოზიციაზე მონაცვლეობა სულაც არ არის დასავლეთის სისუსტის ნიშანი, როგორც ეს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა მენტალობის პოლიტოლოგს და პოლიტიკოსს წარმოუდგენია!

ვფიქრობ, ელვისებური გამარჯვება ამ ომში არ იქნება, რადგან ეს არ არის მიზანი. მიზანი არის არა „ელვისებური გამარჯვება“, არამედ „ფუნდამენტური გამარჯვება“.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით