პრემიერი - აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება- აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონჰესის არსებული პროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი ახალ პროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა