სერგო ჩიხლაძე - პრეზიდენტი წუხს ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, სურათებზე და არ წუხს პოლიტპატიმრებზე, ევროპულ მომავალზე - ივანიშვილის კარზე ორი გაბოროტებული ადამიანის - ზურაბიშვილისა და წულუკიანის კინკლაობას ვუყურებთ

პრეზიდენტი წუხს ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, სასახლიდან გატანილ სურათებზე და არ წუხს პოლიტპატიმრებზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე, იმიტომ რომ არცერთ რეზოლუციას და მოწოდებას არ ასრულებს - ეს არის ივანიშვილის კარზე ორი გაბოროტებული ადამიანის - ზურაბიშვილის და წულუკიანის კინკლაობა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დადებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა, რომელიც ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლას ეხმიანება.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ერთმანეთს ეჯიბრებიან, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან რომელი იქნება „ფავორში“ .

„ორი ადამიანის კინკლაობას ვუყურებთ ამდენი ხანი. ოღონდ ორივე ერთმანეთს ეჯიბრება ბიძინა ივანიშვილთან რომელი უფრო „ფავორში“ იქნება. ქალბატონ წულუკიანს, ალბათ, უნდა, რომ პრეზიდენტობაც გამოსტყუოს ივანიშვილს. როგორც ზურაბიშვილი დასვა პრეზიდენტთან, ასევე უნდა, რომ არაერთგზის მინისტრობის მერე, პრეზიდენტის სასახლეში დასვან. არ ვიცი, სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი. ეს არის ივანიშვილის კარზე ორი გაბოროტებული ადამიანის კინკლაობა ზურაბიშვილის და წულუკიანის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მან გადაცემაში ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე რობინ დანიგანის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დაძაბულობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის, ელჩის პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული.

სერგო ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ ელჩებზე თავდასხმას კვლავ გააგრძელებს.

„აქ პიროვნებებს, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. აქ პრობლემა არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაში ზოგადად, დასავლეთის მიმართ. მათ ხომ რუსეთის მხარე აირჩიეს, ეს ხომ ნათელია. ისინი არიან დღეს რუსები. შესაბამისად, როგორც რუსეთს აქვთ დაძაბული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ასევე „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აქვს დაძაბულობა. ასე რომ ვინც არ უნდა იყოს ელჩი, დაძაბულობა მაინც იქნება. მაინც იქნება მათი მხრიდან, მათი კვაზი პარტიების მხრიდან ასეთი თავდასხმები. მე ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება. არ დაგვავიწყდეს, რომ კელი დეგნანის დანიშვნამდე მათ ფაქტობრივად, ძალიან გამოცდილი და საქართველოს დიდი მეგობრის ერთ-ერთ კანდიდატურა დაბლოკეს, რომელიც დღეს უკრაინაში არის შეერთებული შტატების ელჩი. ასე რომ, ეს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას გამოხატავს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომ „რუსეთი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებებს ითხოვს“, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ „ეს კიდევ ერთი დასტურია, არ გაღიზიანების პოლიტიკა რუსეთის საქართველოს მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას არ ცვლის.

„რუსეთი არასდროს აიღებს ხელს თავის აგრესიულ პოლიტიკაზე, თავის იმპერიალისტურ მიზნებზე და ამას პირდაპირ გვეუბნება ეს ხალხი და არ ვიცი, ვისაც მხედველობა აქვს - ხედავს, ვისაც სმენა აქვს - ისმენს, ვისაც აზროვნება აქვს - იგებს, რომ რუსეთი იყო და არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები