ომბუდსმენის მოადგილე - ნინოწმინდის პანსიონში 9 ბავშვი რჩება, კეთილსაიმედო გარემოში იმყოფებიან, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია, ალტერნატიულ ზრუნვაში ან ოჯახებში განთავსებაზე, უცვლელი რჩება

სახალხო დამცველის მოადგილის ეკა სხილაძის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ ეტაპზე 9 ბავშვია, რომლებიც „კეთილსაიმედო გარემოში იმყოფებიან“.

როგორც სხილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად, პანსიონში მყოფი ბავშვების მიმართ რაიმე ტიპის უფლებადარღვევა არ დასტურდება. მისივე თქმით, მიუხედავად დღეს არსებული ვითარებისა, უცვლელი რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ პანსიონში მყოფი ყველა ბავშვი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს, ან ოჯახთან მიახლოებული ზრუნვის ტიპის დაწესებულებაში განთავსდეს.

„ჩვენ როგორც წერილობით, ისე ადგილზე ვიზიტებით მდგომარეობას ვეცნობით. ამ დროისთვის დაწესებულებაში 9 ბავშვი რჩება, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო ის, რომ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების განთავსება უნდა მომხდარიყო ოჯახში - რეინტეგრაციის შესაძლებლობის შემთხვევაში, ან ოჯახთან მიახლოებული ზრუნვის ტიპის დაწესებულებაში, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ვეცნობით. ამ დროისთვის, მონიტორინგის შედეგად არ დასტურდება, რომ იქ მყოფი ბავშვების მიმართ რაიმე ტიპის უფლებადარღვევას ჰქონდეს ადგილი - კეთილსაიმედო გარემოში იმყოფებიან. თუმცა ჩვენი რეკომენდაცია, რომ დაწესებულების ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში ან ოჯახებში განთავსება, კვლავ უცვლელი რჩება.

ჩვენი ყურადღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი იყო დაწესებულებიდან გამოყვანილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა, თუ რა ვითარებაში განთავსდებოდნენ - ბავშვების ნაწილი დაუბრუნდა ოჯახს, ნაწილი გაყვანილია სახელმწიფო ზრუნვის ისეთ ფორმებში, რაც ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე უფრო მეტადაა მორგებული, იქნება ეს მინდობით აღზრდა, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლები. პერიოდულად სახელმწიფოს ზრუნვაში განთავსებული ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგსაც ვაწარმოებთ“,- განაცხადა ეკა სხილაძემ.

რაც შეეხება პანსიონში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, სხილაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ მომენტისთვის გამოძიებაში რაიმე სიახლე არის თუ არა, თუმცა აღნიშნავს, რომ „წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი არ იყო“.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს ყველა შემთხვევაზე - არა მხოლოდ იმაზე, რომელზეც გამოძიება წლების წინ დაიწყო, არამედ იმ შემთხვევებზეც, რაზეც ბავშვებმა დაწესებულების დატოვების შემდეგ ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა გამოძიების მიმდინარეობის საკითხები და წინადადებაც მოამზადა. დავინახეთ, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი არ იყო და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი სისტემური გამოწვევები, რაც დიდი ზომის ინსტიტუციაში ცხოვრებას უკავშირდება. დიდი ზომის ინსტიტუციაში ცხოვრება ბავშვისთვის ნიშნავს იმას, რომ ის მოკლებულია ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობას. სოციალურ მუშაკს არ ეძლეოდა დაწესებულებაში შესვლის და ბავშვებთან გასაუბრების შესაძლებლობა. პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა მართლმსაჯულების მიღმაა, ხოლო შემთხვევები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დადგეს შედეგი და ეფექტიანი მართლმსაჯულება განხორციელდეს“,- განაცხადა ეკა სხილაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონის მონიტორინგს აგრძელებენ და „ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს დაწესებულებაში ვიზიტის განხორციელების კუთხით არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ“.

„არაერთი ვიზიტი განვახორციელეთ გასულ წელს და თავისუფლად გვაქვს როგორც ბავშვებთან განმარტოების შესაძლებლობა, ასევე წვდომა დოკუმენტაციისა და გარემო პირობების დათვალიერების კუთხით. ამიტომ ეს პრობლემა აღარ არის - სახალხო დამცველს აქვს მონიტორინგის განხორციელების დაუბრკოლებელი შესაძლებლობა და ამას პრაქტიკაში ვიყენებთ. ეს პრობლემა ამ დაწესებულების ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ შეიცვალა.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია არის ის, რომ დიდი ზომის დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაცია უნდა განხორციელდეს და ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ბავშვებს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მათი განთავსება ისეთი ტიპის ზრუნვაში, რაც მათ ინდივიდუალური ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს მიუხედავად იმისა, რომ უფლებადარღვევის ფაქტები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება“,- განაცხადა ეკა სხილაძემ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს