ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ რუსეთმა ომი წააგო, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა მყისიერად პრაგმატულად შეიცვლება და აღარავის გაახსენდება მისი ამჟამინდელი ქმედებანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, საქართველოში არ წყდება ამ რეზოლუციაზე კამათი და მსჯელობა.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“. მეტიც, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ თქვა, - „თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ“.

რამდენად აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი“ და თქვენი აზრი, ამ რეზოლუციით რა გვითხრა ევროპარლამენტმა?

- მეჩვენება, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა, მმართველი ძალისა და უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის ჩათვლით, რაღაც ვირტუალურ, მოჩვენებით სამყაროში არსებობს და ცხოვრების რეალობებსა და გამოწვევებს ან საერთოდ ვერ ხედავს, ან მათი გაანალიზების ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნია.

უმარტივესი მაგალითი: 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩა. ჩვენმა მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, გაიგზავნა მაშველთა ჯგუფები და ჰუმანიტარული ტვირთი, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, მინისტრებმა, ისიც, ჩემი აზრით, დაგვიანებით სამძიმრის წიგნში ფორმალური ჩანაწერები გააკეთეს. მორჩა.

მეჩვენება, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა, მმართველი ძალისა და უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის ჩათვლით, რაღაც ვირტუალურ, მოჩვენებით სამყაროში არსებობს და ცხოვრების რეალობებსა და გამოწვევებს ან საერთოდ ვერ ხედავს, ან მათი გაანალიზების ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნია

რას შვრებოდა ჩვენი პოლიტიკური ელიტა, „ხალხის მსახურნი“? ჩვენი ოტო ფონ ბისმარკი - ლევან ხაბეიშვილი „რუსულ ოცნებას“ პუტინთან კავშირში ადანაშაულებდა, ხოლო „ქართული ოცნება“ ოპონენტებს - ომის გაჩაღების მცდელობაში.

ამ პროცესში ჩართული ევროპარლამენტარები, რომლებმაც კეკლუცად თვალი დახუჭეს იმ გარემოებაზე, რომ მათი 35-მდე კოლეგა კორუფციაშია ბრალდებული, სახანძრო ზარებს სცემდნენ და ჩვენ მთავრობას ბატონი სააკაშვილის განთავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. აი, ასეთია დღევანდელი რეალობა.

ყველას კი დაავიწყდა, რომ ახლა ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. ძველ წესრიგს კი ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდგომ რუსეთის არაადამიანურმა ქმედებებმა უკრაინაში ძირი მოუთხარეს. ევროპა უმძიმესი დილემის წინაშე აღმოჩნდა - ან იგი პუტინის შანტაჟს უნდა დანებდეს, ან კიდევ უსწრაფესად ახალი ენერგოპოლიტიკა შეიმუშაოს.

ხდება რუსეთის განდევნა საერთაშორისო კაპიტალური ბაზრიდან და ეს ბაზარი განახლებულ, ხშირად ეკლექტიკურ ხასიათს იძენს. თუ უმოკლეს ვადაში ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ისევე, სხვათა შორის, როგორც ევროპული პარტიებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი, ამ ახალ რეალობას თვალს არ გაუსწორებენ და ახალ ევროპულ კონგლომერატში თავის ადგილს ვერ მონახავენ, ისინი ძალიან დიდი ხნით ევროპის კიდეში, შეიძლება ითქვას - სანაგვეში დარჩებიან.

აი, ეს არის სტრატეგიული მომავალი და არა ის წუთიერი ემოციები, ამბიციები, ლილიპუტის ვნებანი, რომლითაც გადავსებულია ჩვენი მედია.

არა დეკლარაციები, არამედ რეალური ქმედებანი იქნება გათვალისწინებული და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენი მთავრობის ქმედებებზე იქ და მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება. გადამწყვეტია არა პოლიტიკური დისკურსები, არამედ მთავრობების რეალური გაბედული ნაბიჯები

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - არა დეკლარაციები, არამედ რეალური ქმედებანი იქნება გათვალისწინებული და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენი მთავრობის ქმედებებზე იქ და მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება. გადამწყვეტია არა პოლიტიკური დისკურსები, არამედ მთავრობების რეალური გაბედული ნაბიჯები.

მართებულია ასეთი კითხვაც - მზად თუ არის ჩვენი ხელისუფლება ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ეხლა შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის, რა ფორმით და რა დოზით ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს დიდი შვიდეული.

მზად თუ არის ჩვენი ხელისუფლება ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ეხლა შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის, რა ფორმით და რა დოზით ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს დიდი შვიდეული

- ფაქტია, რომ მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ახლა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დასკვნებზეა დამოკიდებული, მაგრამ, ვხედავთ, რომ მმართველ ძალას არა მარტო ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართაა უარყოფითად განწყობილი, იგი არც იმ 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს, რაც წლის ბოლომდე გვაქვს შესასრულებელი.

გასულ წელს თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „ქართული ოცნების“ საკრალური შეცდომა იყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა, ამ წინდაუხედავი საბედისწერო ქმედების შედეგებს ახლა ვიმკით“.

ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკაში სახელისუფლებო გუნდს ისე შორს აქვს შეტოპილი, ძალა აქვს დაკარგული „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენს მიერ კიდევ ერთ აზრს - „შეიძლება ისე მოხდეს, რომ ევროპამ უმწვავეს შიდა დაპირისპირებაზე დახუჭოს თვალი“.

იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, გაქვთ განცდა, რომ საქართველო წლის ბოლოს არ დაკარგავს ევროპულ პერსპექტივას?

- რასაკვირველია, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ისევ იმავე აზრზე ვრჩები. თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად კი ვცადოთ გავერკვეთ მთავრობის რეალურ და არა საჯაროდ განცხადებულ ტაქტიკაში. ისევ ტლუდ გავიმეორებ, რომ სტრატეგია მთავრობას საერთოდ არ გააჩნია.

ბევრი ჩვენ მთავრობას პრორუსულ სულისკვეთებაში ადანაშაულებს. მე ამ აზრს, რომელსაც ბევრი ჩემთვის ძალიან ღირებული ადამიანი იზიარებს, პრინციპულად არ ვეთანხმები.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა არსებულ სიტუაციაში ცდილობს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და ფრთხილი, გააზრებული პოლიტიკა გაატაროს, რომელსაც აშკარად ერთგვარი შიშის ელფერი გადაკრავს. ოღონდ ამას აკეთებს პროვინციულად, უკვე დამარცხებული მხარის მსოფლმხედველობით.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა არსებულ სიტუაციაში ცდილობს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და ფრთხილი, გააზრებული პოლიტიკა გაატაროს, რომელსაც აშკარად ერთგვარი შიშის ელფერი გადაკრავს. ოღონდ ამას აკეთებს პროვინციულად, უკვე დამარცხებული მხარის მსოფლმხედველობით

მთავრობას დაავიწყდა, რომ ისტორიის გარკვეულ კრიზისულ მომენტებში მოქნილი და ეშმაკური პოლიტისთვის სივრცე ქრება და მარტივი, მაგრამ პრინციპული არჩევანი უნდა გაკეთდეს თეთრსა და შავს, სინათლესა და სიბნელეს შორის და აქ ნებისმიერი გადადგომა, პოლიტიკური დემარში, კინკლაობა და ვაჭრობა განწირულია დამარცხებისთვის.

წლის ბოლომდე ასეთი არჩევანის გაკეთება მოუწევს არა მხოლოდ ჩვენს, არამედ უნგრეთის, სერბეთის, თურქეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნების მთავრობებსაც. თუ სწორი არჩევანი გაკეთდა, გავიმეორებ ჩემ სიტყვებს, ღრმა პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ ევროპულ პერსპექტივას არ დავკარგავთ.

შეიძლება თქვენ მომდევნო კითხვებს ვუსწრებ, მაგრამ კიდევ ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა. მმართველმა ძალამ, არ ვიცი ვისი რეკომენდაციით, ბიპოლარული პოლიტიკური სივრცის შეცვლა განიზრახა და ამისთვის ახალი რადიკალური პოლუსის შექმნას შეუწყო ხელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ აშკარად საპირისპირო მხარეს დგას.

მმართველმა ძალამ, არ ვიცი ვისი რეკომენდაციით, ბიპოლარული პოლიტიკური სივრცის შეცვლა განიზრახა და ამისთვის ახალი რადიკალური პოლუსის შექმნას შეუწყო ხელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ აშკარად საპირისპირო მხარეს დგას

რასაკვირველია, ლაპარაკია „ხალხის ძალაზე“. ამით „ქართული ოცნება“ შეეცადა პოლიტიკური სივრცის ცენტრში აღმოჩენილიყო და გამხდარიყო ორ რადიკალური ძალის, ასე ვთქვათ, მედიატორი.

ეს მცდელობაც მეტად პრიმიტიულ ილეთად მიმაჩნია - ახალ რადიკალურ პოლუსს რაღაც რეიტინგი ხომ უნდა გააჩნდეს, თორემ გემი გადატრიალდება და ცენტრში მყოფს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, ნიაღვარი წაიღებს.

- საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მისი კუთვნილი თანხების მიუცემლობაში სდებდა ბრალს, ივანიშვილს 210 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.

არადა, გვახსოვს, რომ ლამის მთელი სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა, რომ შვეიცარიული ბანკი ივანიშვილს ფულს იმიტომ არ ურიცხავდა, რომ „ომის მსურველ გლობალურ ძალებს სურდათ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება“. მეტიც, სწორედ ისინი აიძულებდნენ ივანიშვილს საქართველო ჩართულიყო რუსეთთან ომში.

თქვენ როგორ აღიქვით შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის 210 აშშ მილიონი დოლარის დაბრუნება? თქვენც ვვარაუდობთ, რომ ამ საქმეში „გლობალური ომი მსურველების“ ხელი ურევია?

- შვეიცარიის საკრედიტო ბანკმა (Crerdit Suisse) 210 მილიონი დოლარი კი გადაურიცხა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, თუ არ მეშლება, ვალი ხომ 500 მილიონი იყო? ბანკმა სცადა გამოეყენებინა ნებისმიერი საბაბი, რომ ვალის გადახდისთვის თავი აერიდებინა ან გადაევადებინა იგი, ეს ბანკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და აქ როგორც ლეგალური, ისევე არალეგალური, ამორალური ბერკეტები იქნა გამოყენებული. მათ შორის - პოლიტიკურიც.

მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ ვალის გადაუხდელობა შვეიცარული საბანკო სისტემის იმიჯს შელახავდა, ეს კი დამღუპველი აღმოჩნდებოდა საერთოდ ქვეყნის სიცოცხლის უნარიანობისთვის. ასე რომ, ვალი ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მთლიანად იქნება დაფარული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმე გვაქვს ბანკ Crerdit Suisse - ში კორუფციული გარიგებების შედეგებთან და არა პოლიტიკურ პროცესებთან, „გლობალური ომის მსურველებისა“ ან მათი მოწინააღმდეგეების განცხადებებთან.

ჩვენ საქმე გვაქვს ბანკ Crerdit Suisse - ში კორუფციული გარიგებების შედეგებთან და არა პოლიტიკურ პროცესებთან, „გლობალური ომის მსურველებისა“ ან მათი მოწინააღმდეგეების განცხადებებთან

ბევრი ითქვა ამ დავის შესახებ. როგორც სწორი, ისე არასწორი, ხშირად ინფანტილური განცხადებები გვსმენია, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დასაბრუნებლად გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამ სიტყვებს რეალობასთან კავშირი საერთოდ არა აქვს.

სხვათა შორის, სიმართლე უნდა ითქვას, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის უფლებადამცველებს, ამაზე ხმა არ ამოუღიათ, პირიქით, ყველას მოუწოდებდნენ განეხილათ დავა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკავშირის მოთხოვნით ივანიშვილს სანქციები დაუწესდება?

- არა მგონია დიდი იყოს, ხოლო თუ ჩვენი მთავრობა ბოლოს და ბოლოს ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს და დამოუკიდებლად მოიქცევა, ამის ალბათობა საერთოდ გაქრება.

- ევროპარლამენტის რეზოლუციამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხში თავად ჩაერიოს და გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და იგი შეიწყალოს.

მახსოვს, თქვენ გამოთქვამდით იმედს, რომ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის სასჯელი შიდა პატიმრობით შეეცვალათ, რადგან „დამნაშავე“ პრეზიდენტისთვის ამგვარი სასჯელის განსაზღვრა საერთაშორისო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მაგრამ, ასე არ მოხდა.

ახლა, როცა ევროპარლამენტსა და საქართველოს მმართველ გუნდს შორის ასე გამწვავებულია ურთიერთობა, შეიძლება არსებობდეს იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს?

- არ ვიცი, რამდენად კარგად იცნობთ ქალბატონი სალომეს პიროვნულობას. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე მეჩვენება, რომ იგი ხისტი დიპლომატური მენტალიტეტის მქონე ადამიანია, რომელიც დაფიქრებულად, გააზრებულად აკეთებს განცხადებებს.

მაგრამ, თუ მან საჯარო განცხადება ერთხელ მაინც გააკეთა, იგი თავის ნათქვამს არ გადაუხვევს.

დაველოდოთ, რამდენად გონიერი აღმოჩნდება სასამართლოს განაჩენი.

- რამდენიმე დღეა ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ ინიციატივა და პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალებას მოითხოვს და იმათ, ვინც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსდება „აგენტებად“ მოხსენიებას ითვალისწინებს.

არადა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებით, თუ ჩვენ ევროპული ტიპის დემოკრატია გვინდა ქვეყანაში ავაშენოთ, არასამთავრობო სექტორი უნდა გავაძლიეროთ. რაშიც, სხვათა შორის, პარტნიორები აქტიურად გვეხმარებიან. მეტიც, პარტნიორებისგან მიღებული თანხების ხარჯვა აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 წელზე მეტია ვაკვირდები ქართულ პოლიტიკას და არ მახსენდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება, რასაც მმართველი გუნდი ავლენს.

ამ თემებზე ფიქრისას „ინტერპრესნიუსთან“ თქვენი კიდევ ერთი ნათქვამი გამახსენდა - „თუ ჩვენი ხელისუფლება ახალ სასულეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს.“

გაქვთ განცდა, რომ მმართველ ძალა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს ე.წ. „აგენტებზე“ არ მიიღებს? თუ მიიღო, ეს რისი მანიშნებელი იქნება?

- ნამდვილად მგონია, რომ ეს თემა იმისთვისაა შემოგდებული, რომ არასამთავროების ენერგია გაიფანტოს. მრავალი ასეული ქართველი მუშაობს დასავლურ ორგანიზაციებში, მრავალი ათასი - კი არასამთავრობო ორგანიზაციებში.

რუსეთმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ ეს კანონი მაშინ მიიღო, როცა მათ საერთაშორისო ფინანსური დახმარება საერთოდ შეუწყდათ.

ჩვენი ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ბიუჯეტი, საბანკო სისტემა, ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოება, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრება საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, USAID, UNDP, OSCE პროგრამებსა თუ გრანტებთან ისე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მათი დახმარების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება.

ჩვენი ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ბიუჯეტი, საბანკო სისტემა, ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოება, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრება საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, USAID, UNDP, OSCE პროგრამებსა თუ გრანტებთან ისე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მათი დახმარების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება

ვერ განხორციელდება ქვეყნის რეგიონული განვითარება, რომელიც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პრიორიტეტად დასახა. შალვა პაპუაშვილსაც, ირაკლი კობახიძესაც, მრავალ სახელმწიფო მოღვაწეს, უბრალო მოქალაქეს, მეც, სხვათა შორის, აგენტების იარლიყს დაგვაკრავენ. დასკვნა თვითონ გააკეთეთ.

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ვინც ჩვენს დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციაშია, დღეს ისინიც არ მალავენ, რომ საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან. ზოგი ამას ღიად და მოურიდებლად ამბობს, ზოგიც მხოლოდ კულუარებში.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ მნიშვნელოვნად შეცვლილია მსოფლიო, ფაქტია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შეცვლილ მსოფლიოს მმართველი გუნდის ნაწილი მაინც ვერ აღიქვამს სრულად და სათანადოდ არ თუ ვერ აფასებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეცვლილია, საქართველომ ვერა და ვერ შეძლო შიდა პოლიტიკაში არსებული პრობლემების დაძლევა და ვხედავთ, რომ უკიდურესად პოლარიზებულია პოლიტიკური სივრცე.

რადგან თქვენთან დაკავშირებამდე შარშან „ინტერპრესნიუსთან“ თქვენი ინტერვიუებს გადავხედე, ერთ ერთ თქვენს შარშანდელ გამონათქვამსაც გავიხსენებ - „არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას ტალეირანები არ ჰყავს“.

ვითარებაში, როცა აშშ-ს თავდაცვის მდივანი ოსტინი აცხადებს, რომ აშშ მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაიცვას ბალტიის ქვეყნები, საქართველო აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ოკუპანტ რუსეთთან. თან ისე, რომ ამ ტიპის ურთიერთობების მასშტაბები შესაძლოა სახიფათოც კი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

თუ პროცესები ისე განვითარდა, როგორი ტრაექტორიაც აქვს აღებული, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო ისევ რუსული გავლენის სფეროში აღმოჩნდეს?

- ისე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრებია და უნდა თუ არ უნდა აშშ-ს, იგი ვალდებულია ეს ქვეყნები დაიცვას. რუსეთთან კონტაქტები კი არასდროს არ შემწყდარა. ქართული კაპიტალის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთშია გენერირებული და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს.

თუ რუსეთმა ომი წააგო, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა მყისიერად პრაგმატულად შეიცვლება და აღარავის გაახსენდება მისი ამჟამინდელი ქმედებანი

ეს სურათი არ შეცვლილა 2008 წლის ომის შემდეგაც, რაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის „პრინციპულობაზე“ მეტყველებს.

საქართველოს სამომავლო განვითარების ტრენდი, ისევე, როგორც ევროპის ბედი და მსოფლიოს სამომავლო არქიტექტურა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

თუ რუსეთმა ომი წააგო, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა მყისიერად პრაგმატულად შეიცვლება და აღარავის გაახსენდება მისი ამჟამინდელი ქმედებანი. ვიყოთ ოპტიმისტები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა