ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება"

შესაძლოა F-16-ებზე ადრე უკრაინამ მიგ-29-ები მიიღოს - პოლონეთმა ავიაგამანადგურებლებზე კოალიციის შექმნის იდეა წამოაყენა

დავით ზურაბიშვილი - “ოცნებამ” და ოპოზიციამ მოახერხეს და წევრობის სტატუსი და სააკაშვილი ერთმანეთს მიაბეს”

შეძლებს ენმ 20-ში მაინც ხალხის გამოყვანას? – „არაა გამორიცხული, კეზერაშვილ-მერაბიშვილის რესურსებით ერთჯერადად ხალხი მართლა შეიკრიბოს“

რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიერთებას აპირებს?!

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება"

“ჩემი აზრით, ეს “ხალხის ძალა” დაფუძნდა იმ მიზნით, რომ აქციონ მეორე პოლუსზე არსებულ რადიკალურ ძალად. საქმე ისაა, ჩვენ სულ ვამბობდით ბოლო წლების განმავლობაში, რომ საჭირო იყო ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის შუალედურ პოზიციას დაიკავებდა. აქედან გამომდინარე, “ქართულმა ოცნებამ” შემდეგი რამ გადაწყვიტა: საკუთარი თავი წარმოეჩინა ამ შუალედურ ძალად და ერთ პოლუსზე “ნაციონალური მოძრაობა” შემოესკუპებინა და მეორეზე - ეს რაღაც “ხალხის ძალა”. რასაკვირველია, საბოლოოდ ეს არ გამოვა, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამას ცდილობენ. აგერ, მაგალითად, ახლა ამათ მოამზადეს კანონპროექტი “უცხოელი აგენტების შესახებ” თუ როგორც არის, რაც, თავის მხრივ, სრული ნონსენსია. ახლა ამ კანონპროექტს არ მიიღებს “ქართული ოცნება”, თან გვეტყვის, ამ რადიკალური ჯგუფის აზრს არ ვიზიარებ, მე შუალედური პოზიცია მაქვს და ევროპისკენ მივდივარო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოს პოლიტელიტა იქცევა პრინციპით “ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულაო”.

“თუ დააკვირდებით, ამ თემაზე განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, თუმცა მთავრობა დუმს. აგერ ღარიბაშვილი ევროპულ ვიზიტებს არ აცდენს, ახლახან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო, როგორც თვითონ განაცხადა, წარმატებული შეხვედრები გამართა. როცა მას ან რომელიმე მინისტრს ეკითხებიან ამ საკითხზე, ამბობენ, ჩვენთან დემოკრატიაა და ხალხი იმას ამბობს, რაც სურს, მაგრამ ეს სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის, ჩვენი საგარეო კურსი და მისწრაფება უცვლელიაო და ა.შ. მე თუ მკითხავთ, ეს ანტიდასავლური განცხადებები ერთგვარად ჯუჯის ვნებებია, რომლითაც ავსებენ მასმედიას, რათა სერიოზულ საკითხებსა და პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ მჯერა, რომ ამას სერიოზული გადაწყვეტილებები მოჰყვება, თუნდაც ამ ოდიოზური კანონპროექტის შესახებ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულება ზედმეტად ფრთხილია, რაც დრო გავა, მით მეტად გამოჩნდება, რომ ეს პოზიცია შეცდომაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი დაკვირვებით, თუნდაც ევროპარლამენტარების პოზიციას და მიღებულ რეზოლუციებს საბოლოოდ დიდი გავლენა არა აქვს ხოლმე ევროკავშირის სახელმწიფოების დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ევროპარლამენტმა შეიძლება ნებისმიერ თემაზე მიიღოს რეზოლუცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელმწიფოების მთავრობები იღებენ. ახლანდელი რეზოლუცია ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ასე კრიტიკულად არ ფასდებოდეს, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო სხვა თემებზეა დადებული ფსონი. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ერთგვარად ვაჭრობას ცდილობს ამ რიტორიკით, მეტად დაგვეხმარეთ, სწრაფად მოგვეცით სტატუსი, თორემ აგერ საზოგადოებაში გაჩნდა იმგვარი განწყობა და მოძრაობა, როგორიც “ხალხის ძალააო. “ქართული ოცნება~ ცდილობს ისე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მის ძალაუფლებას მისხალი არ მოაკლდეს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი პოლიტიკაა, მაგრამ ამას ვერ შევაფასებ ისე, რომ მათ თითქოს ევროინტეგრაციაზე უარის თქმა სურთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქმე ისაა, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება. ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უდგანან გვერდში. ევროპელების გარეშე ძალიან გვიჭირს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, დაუთვლია ვინმეს, რამდენი ოჯახია დამოკიდებული საერთაშორისო გრანტებსა და დახმარებებზე? ჩემთვის წარმოუდგენელია ამგვარი კანონის მიღება მაშინ, როცა ქვეყანაში ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ბიუჯეტი (ნახავთ, რომ მისი შემოსავლების ნაწილში მუდმივად არის მითითებული საერთაშორისო გრანტები), საბანკო სისტემა, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებები საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, USAID-ის, UNDP-ისა და სხვათა პროგრამებსა თუ გრანტებთან ისე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მათი დახმარების გარეშე ამ ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელია... მაგ კანონპროექტის მიხედვით, ყველაზე დიდი აგენტი ამ ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოდის, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკში მუშაობდა და ახლაც სამსახურებრივად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული”, - განმარტავს სანდრო თვალჭრელიძე.

“ევროპული ფული რომ არა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობასაც ვერ დავასრულებთ. ამიტომაც არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ისევე, როგორც არ მჯერა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება... ბოლოს და ბოლოს, ამ წლის ბოლოს თუ გაისად ეს ომი დასრულდება, რა თქმა უნდა, რუსეთის მარცხით. მაშინ დაიწყება უკვე გარჩევა, ვინ ვის მხარეს იდგა. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის რიგ ქვეყნებსაც, მაგალითად, სერბეთს, უნგრეთს, ნაწილობრივ ხორვატიას და ა.შ. დადგება დრო, როდესაც ყველას თავისი პოლიტიკური თუ ზნეობრივი ვალის გადახდა მოუწევს. დაახლოებით წლის ბოლოსთვის საქართველოს მოუწევს დაიჭიროს გარკვეული პოზიცია... ასეთი ფრთხილი პოლიტიკა ვერასდროს იცავდა სახელმწიფოებს დარტყმებისგან. პირიქით, გაიხსენეთ, პირველი მსოფლიო ომი როგორ დაიწყო, ავსტრიის ლამის ყველა მოთხოვნა შეასრულა სერბეთმა, მაგრამ ეს მოთხოვნები არ ამოიწურა და საბოლოოდ ომი ვერ აირიდა თავიდან”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“იმავდროულად, ისე მოქცევაც არ შეიძლება, რისკენაც მოგვიწოდებს “ნაციონალური მოძრაობა”. არ შეიძლება თაგვმა სპილოს ქვები ესროლოს. ჩვენგან არავინ მოითხოვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვა ნამდვილად შეგვიძლია. მოკლედ, განსაზღვრული თემების შემოგდებით ხელისუფლება ამოწმებს უცხოელი პარტნიორების თუ ჩვენი მოსახლეობის რეაქციას და აქედან გამომდინარე ტაქტიკურ სვლებს აკეთებს. ეს ყველაფერი კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენს ხელისუფლებას სტრატეგია არ გააჩნია, მხოლოდ ტაქტიკურ ნაბიჯებს დგამს, ოღონდ ისე, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ამგვარი პოლიტიკა უმაღლესი დონის გამჭრიახობას მოითხოვს, რაც ჩვენს მთავრობას არა აქვს. ეს სულელური ჟესტები და განცხადებები განპირობებულია არა რაიმე გეგმით ან მსოფლმხედველობით, არამედ შეცდომებით” - თვლის ექსპერტი.

“მე მაინც ძალიან მეეჭვება, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, როგორც უკვე გითხარით, ევროპარლამენტის რეზოლუციები და რეალური გადაწყვეტილებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება სააკაშვილის თემას, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა იქცევა პრინციპით “ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულაო”. სწორედ ამგვარად ფიქრობენ და მოქმედებენ ქართველი პოლიტიკოსები, არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში არიან თუ ხელისუფლებაში. ქვეყანაზე არ ფიქრობენ, მხოლოდ საკუთარ თავზე. სახელმწიფოს ვნებს არა მარტო “ქართული ოცნება” ან “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ, ჩემი აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრი. თუმცა საკუთარ ინტერესებზეც მხოლოდ მოკლე პერსპექტივით თუ ფიქრობენ, რაღაც მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე დადიან. 6 თებერვალს თურქეთში მიწისძვრის გამო უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მთავრობამ მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მაშველები გაგზავნა, რაც კარგია, მაგრამ ოპოზიციამ რა გააკეთა? თუ მიუსამძიმრეს მაინც? როგორც ვიცი, მხოლოდ “ლელომ” სცადა აქტიურობა. მაინტერესებს, სად იყვნენ ლევან ხაბეიშვილი ან სხვა პოლიტიკური ძალები. გასაოცარია, რატომ ვერ ხედავენ პრობლემის აქტუალურობას, ვერ იგებენ, როდის რა უნდა თქვან და გააკეთონ... ჩვენ გვყავს ისეთი მთავრობა და ოპოზიცია, როგორსაც ვიმსახურებთ. სწორედ საქართველოს მოსახლეობის გავლენით მოხდა, რომ პოლიტიკიდან ინტელექტუალური ძალა განიდევნა. “ნაციონალურ მოძრობაში” ვინც ოდნავ გამჭრიახი იყო, ყველა წავიდა, ფაქტობრივად, ახლა ლევან ხაბეიშვილის ინტელექტის იმედად არის დარჩენილი. ასევე ბევრი ღრმად მოაზროვნე პირი წავიდა “ქართული ოცნებიდან”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

"გიორგი გახარიას სურდა და თავიდან თითქოს ჰქონდა შესაძლებლობაც, რომ ის ცენტრალური პოზიცია დაეკავებინა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, რაზეც თავში ვილაპარაკე. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას ის კვლავ ინარჩუნებს და ამისთვის ფინანსური შესაძლებლობაც აქვს. მას ხელს უშლის ის, რომ ასოცირებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, ასევე 20 ივნისის ცნობილი მოვლენები, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, ეს იყო პარლამენტზე შეტევა და იმ ღამეს მან სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. საინტერესოა, რომ ის წამოვიდა ხელისუფლებიდან იმ დროს, როდესაც ყველაზე უფრო პოპულარული ფიგურა იყო არა მარტო “ქართულ ოცნებაში”, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საზოგადოდ, მასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი წყალქვეშა ლოდია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ის ჭკვიანი კაცია და ექსტრემალური განცხადებებითაც არ გამოირჩევა. ის ბოლო დროს გაჩერებული იყო, ვფიქრობ, თავის ადგილს ეძებდა პოლიტიკურ ასპარეზზე, გეგმავდა, თუ რა უნდა გააკეთოს, მუშაობდა პარტიულ სტრუქტურაზე. არ ვიცი, ჰყავს თუ არა კარგი სტრატეგიული ანალიტიკოსები ან რამდენად უსმენს მათ, მაგრამ თუ მოახერხებს ღრმა და სწორი ანალიზის გაკეთებას და დასკვნების გამოტანას, მაშინ, ვფიქრობ, აქვს წარმატების შანსი. თუ გახარიამ შეძლო ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის ერთ-ერთ სუბიექტად მისი პარტია მოგვევლინოს", - დასძენს ექსპერტი.

შესაძლოა F-16-ებზე ადრე უკრაინამ მიგ-29-ები მიიღოს - პოლონეთმა ავიაგამანადგურებლებზე კოალიციის შექმნის იდეა წამოაყენა

“დასავლეთი უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიაწვდის თუ არა, ამაზე ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე პოლონეთი მიგ 29-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს და ამაზე კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, ეს სწორი ნაბიჯია, რადგან F-16-ების პილოტების მომზადებას სულ მცირე 5-8 თვე მაინც უნდა, თან მიგ-29-ები არანაკლებია, ვიდრე ამერიკული ავიაგამანადურებლები. მიგ-29-ები ყოფილი სოციალისტური ქვეყნების არსენალშია, რომლებიც თავის დროზე ვარშავის პაქტის წევრი სახელწიფოები იყვნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლოა F-16-ებზე ადრე უკრაინამ მიგ-29-ები მიიღოს - პოლონეთმა ავიაგამანადგურებლებზე კოალიციის შექმნის იდეა წამოაყენა.

“ეს შეიარაღება აფრიკისა და იმ სახელწიფოებსაც აქვთ, ვისთანაც რუსეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თუმცა ისინი კრემლის გავლენის გამო, შესაძლო კოალიციას არ შუერთდებიან. პოლონეთს ალბათ 20-მდე მიგ-29-ის გადაცემა შეუძლია. ეს თანამედროვე მეოთხე თაობის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია ჰაერი-მიწა, ჰაერი-ჰაერის ტიპის საბრძოლო მოქმედებები აწარმოოს. შეუძლია, რომ კონტრ სადრონო ტიპის ოპერაციები განახორციელოს. გამოყენებულ იქნას საბრძოლო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოდებისათვის. რამდენადაც ვიცი, მას გარკვეულწილად ბომბდამშენი ელემენტების გამოყენებაც შეუძლია. საერთო ჯამში, საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. F-16-ებს და მიგ-29-ებს თანაბარი პოტენციალი აქვს, გააჩნია რომელი თაობებისაა. “მიგ”-ებს უფრო ძლიერი ტურბო ძრავები აქვთ, მანევრირების კუთხითაც უფრო ძლიერია. ელექტრონუილი და ტექნიკური აღჭურვილობა კი F-16-ებს უფრო კარგი აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და შეკითხვაზე - “რამდენი მიგ-29 არის საჭირო, რომ ფრონტზე გარდატეხა შეიტანოს?” - პასუხობს:

“რუსებს, რომ ჰკითხო, უკრაინელებს ომის პერიოდში 386 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოუგდეს. როგორც ვიცი, უკრაინელებს სავარაუდოდ 1500 საბრძოლო ავიაციის საშუალება ჰქონდათ, აქედან რამდენია მწყობრში და რამდენი არა, ესეც მნიშვნელოვანია. თუ კოალიციით 100-მდე ავიაგამანადგურებელს მისცემენ, ეს კარგი იქნება”.

“ამკოალიციაში ალბათ ბალტიის სახელწიფოები შევლენ, რუმინეთი,სლოვაკეთი, ჩეხეთი, სავარაუდოდ ბულგარეთი, შესაძლოა გერმანია, ფინეთი, შვედეთი, დანია. როგორც ვხედავ, არც უნგრეთი შევა და არც ავსტრია. F-16-ებზე უკრაინელებს საკმაოდ სერიოზული მომზადება დასჭირდებათ, 5-8 თვე მაინც დასჭირდებათ გადამზადებისთვის. დუდა სწორია, რომ მიგ-29-ების გადაცემა უფრო ეფექტურია. საკითხი თუ მალე მოგვარდება კარგია, რადგან ახლა რუსეთს საქმე იმაზე მიუდგა, რომ ტყვია-წამალს და ხელყუმბარებს ირანისგან ითხოვს, მაგრამ საბრძოლო მასალები ასევე დასავლეთმაც შეუკვეთა”, - დასძენს მაისაია.

“პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინისთვის საკუთარი მიგ 29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, კოალიციას შეუერთდება. მისი თქმით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო “მიგ” ან “სუ”-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად უკრაინელი მფრინავები ახლაც მზად არიან. “ფაქტობრივად, მათ შეეძლებათ მაშინვე სახლში გაფრენა. ამიტომ, უდავოდ, მიგ-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს “მიგ”-ის ტიპის თვითმფრინავები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დავით ზურაბიშვილი - “ოცნებამ” და ოპოზიციამ მოახერხეს და წევრობის სტატუსი და სააკაშვილი ერთმანეთს მიაბეს”

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეს არის არსებითად არასწორი ჩანაწერი, იმიტომ, რომ ევროპარლამენტს ამ თემაზე, ასე ვთქვათ, კვლევა არ ჩაუტარებია და პრინციპში, ეყრდნობოდა ერთი დაინტერესებული მხარის ინფორმაციას, მეორე მხარეს კი არ აინტერესებს ეს საკითხი და ფეხებზე ჰკიდია, რა ხდება ევროპარლამენტში. ეს კიდევ მეორე თემაა. თუ ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და არა კონკრეტული პირების, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა პასუხი მოჰყვება ამას - მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც რეალურად მხოლოდ ერთი პირის ინტერესებს წარმოადგენს, ანუ ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა, რაც ეჩვენება, რაც მას ჰგონია, ის უნდა გააკეთოს. აშკარაა, რამდენი ასეთი რეზოლუციაც მიიღეს, ის უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, ივანიშვილი ნებისმიერ ზღვარს გადავა, ოღონდ შეინარჩუნოს ხელისუფლება”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებამ” და ოპოზიციამ მოახერხეს და წევრობის სტატუსი და სააკაშვილი ერთმანეთს მიაბეს”.

“მას ეჩვენება, რომ დასავლეთს უნდა მისი გაგდება და მიშას მოყვანა. ასე ჰგონია, ასე აღიქვამს და ამას ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ის “ხალხის ძალაც”, ზაზა შათირიშვილიც, რაღაცას რომ წერს. მის აზრებს ახმოვანებს ყველა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გააფუჭებს საქმეს, ამ შემთხვევაში რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ სტატუსი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმიტომ, რომ მოვნიშნოთ, ეს შევასრულეთ და ის არაო, არამედ იმიტომ, რომ ეს გაცილებით გააძლიერებდა ევროკავშირის, ევროპის პოზიციებს საქართველოში. ამას ვალდებულებებიც მოჰყვება და ამიტომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სააკაშვილზე გადავტეხთ ამ საკითხს, ივანიშვილი მას არავითარ შემთხვევაში არ გაათავისუფლებს. ეს გამორიცხულია. მისი გათავისუფლების ერთადერთი ვარიანტი ის არის, თუ ჩათვლის, რომ აღარ სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“როცა სააკაშვილზეა ლაპარაკი, ორი მომენტია - წმინდა ჰუმანური, ცუდად არის, აქ ვერ მკურნალობენ და უნდა გავუშვათ, და მეორეა პოლიტიკური, რომ ის უსამართლოდაა დაპატიმრებული და მას კლავენ, მიზანმიმართულად აწამებენ და ასე შემდეგ... სააკაშვილის მომხრეთა პოზიცია, პრინციპში, ამ ორივეს გულისხმობს, რაც, ჩემი აზრით, აბსურდია, რადგან თუ სააკაშვილს აწამებენ პუტინის დავალებით და კლავენ, მაშინ ჰუმანური მოსაზრებით როგორ გაუშვებენ? და პირიქით, თუ ჰუმანური მოსაზრებით უნდა გაუშვან, მაშინ არ უნდა იყოს ლაპარაკი, რომ მას აწამებენ, კლავენ, რომ ერთდროულად დარიშხანსა და ვერცხლისწყალს ასმევენ. ეს ორი რამ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია. ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში ივანიშვილისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება პოლიტიკური მარცხი იქნება და ამას არ გააკეთებს, ქვეყანა რომ დაიქცეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისიც გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილი არ არის არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, რომელთაც დასავლეთთან ცოტა სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. ამას საერთოდ ფეხებზე ჰკიდია. მისთვის არ არის სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანი რამ და ეს არაერთხელ დაამტკიცა და გვაჩვენა. მთავარია, ჰყავს შემსრულებლები, ძალზე უპრინციპო ხალხი, რომელთაც სულ არ აინტერესებთ, ამას რა მოჰყვება. ამიტომ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველესად ხელისუფლებაა დამნაშავე ყველაფერში, რადგან ბიძინა ასე აყენებს საკითხს - ან მე, ან მიშა. 80%-ით ის არის დამნაშავე. ივანიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებში ცუდად ერკვეოდა და ერთხელ რომ შეაშინეს ევროპარლამენტის რეზოლუციით, მერე გაიკითხ-გამოიკითხა და ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, მაგას სარეკომენდაციო ხასიათი აქვსო, და ამის შემდეგ ჩათვალა, რომ ევროპარლამენტს რაც უნდა, ის დაუწერია, ვინ ჰკითხავს რამეს, მე ამერიკის პრეზიდენტთან მოვაგვარებ ან მთავრობებთან, ევროკომისრებთანო. ამიტომ არის, რომ ევროპარლამენტთან არანაირი მუშაობა არ მიდის”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ხომ უნდა ცდილობდნენ თავიანთი პოზიციის კარგად წარმოჩენას, პირიქით, უშვერად ლანძღავენ, რამაც გამოიწვია საქართველოთი დაინტერესებულ ევროპარლამენტართა ძალიან დიდი გაღიზიანება. მე მეჩვენება, რომ ეს უკვე პირადულში აქვთ გადასული... ნაწილობრივ ივანიშვილიც მართალია იმაში, რომ ევროპარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ცდება იმაში, რომ თითქოს ამას მნიშვნელობა არა აქვს. რა თქმა უნდა, აქვს. მცდარი წარმოდგენაა, რომ ევროპარლამენტი რასაც მიიღებს, საერთოდ არ ახდენდეს გავლენას პროცესებზე. რა თქმა უნდა, ახდენს და მათ შორის ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე და ცხადია, სტატუსის მოცემის საკითხზეც. ამიტომ ამ რეზოლუციასაც ყველა ვარიანტში ექნება გავლენა. ასე რომ, ფეხებზე დაკიდება გაუმართლებელი, პრინციპულად არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ის საბანაძე რომ ჰყავდათ, ან ახლა ვინ ჰყავთ და საერთოდ, რა ხალხი ჰყავთ წარმომადგენლებად! იქ ხმას საერთოდ არ იღებენ და თუ ამოიღებენ, კაცმა არ იცის, რას იტყვიან. საერთოდ, რა კადრებით, რა ხალხით ელაპარაკებიან ევროპარლამენტარებს, ეს მეორე საკითხია”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

“ასეთ ვითარებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ალბათ, უფრო დიდი უნდა იყოს. მათ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ევროპარლამენტთან ურთიერთობაში. მათ უნდა აუხსნან, რომ სააკაშვილზე ზრუნვა ჰუმანური მოსაზრებით კი საჭიროა, მაგრამ ეს საკითხი ცალკე უნდა იყოს, ხოლო სტატუსის მიღება ცალკე. მე ახლა ოპოზიციაში რომ ვიყო, ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. მთავრობის გასაკეთებელი საქმეც კი დიდწილად ოპოზიციამ უნდა იკისროს, დაელაპარაკოს ევროპარლამენტარებს, რომ მიშას და ევროკავშირის სტატუსის გადაბმით აქ სიტუაციას გვირთულებენ იმათ, ვისაც ევროპა გვინდა და ევროპული ორიენტაცია გვაქვს. ოპოზიცია ამ საქმეს ან ძალისხმევას აკლებს, ან პირიქით, თვითონაც მიზანმიმართულად აკავშირებს ამ ორ საკითხს ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში უპირველესად “ნაცმოძრაობას” ვგულისხმობ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილის თემა სტატუსის საკითხს მიაბას. არადა, დაახლოებით 5 თვის წინ ამაზე არც იყო ლაპარაკი. მერე კი ივანიშვილმა და ოპოზიციამ ერთად მოახერხეს ის, რომ ეს საკითხები ერთმანეთს მიაბეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ცოტა ხნის წინ ევროკომისრის წინადადებით ევროკავშირის ეგიდით უნდა ჩამოსულიყო სამედიცინო კომისია, რათა გამოეკვლია სააკაშვილის მდგომარეობა და დაეწერა დასკვნა, შეიძლება თუ არა მისი საქართველოში მკურნალობა. ვფიქრობ, ეს სწორი გამოსავალი იქნებოდა. ოპოზიციაც, ჩემი აზრით, ამას უნდა ითხოვდეს - ჩამოვიდეს ისეთი კომისია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობა ყველა და გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა აქ უმკურნალონ. რეკომენდაციები სხვა არის, სხვა არის, დაინტერესებული მხარე რომ ქირაობს ვიღაცას, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს, და ოფიციალური დასკვნა სხვაა” - თვლის ანალიტიკოსი და შეკითზვაზე - “ევროპარლამენტი ხომ ხედავს, რომ ივანიშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება უარეს შედეგს იწვევს?” - პასუხობს:

“ევროპარლამენტში ყველა პიროვნულად ნაწყენია ივანიშვილზე. შეურაცხყოფილი არიან, რადგან ამათ პირდაპირი მნიშვნელობით აგინეს. მათ საქართველოს მიმართ რამე განსაკუთრებული ვალდებულება არა აქვთ და თუ ჩათვლიან, ამ ხელისუფლებაში გიჟები არიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჩვენც დავარტყამთო. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ევროპარლამენტი არ იღებდეს ისეთ რეზოლუციებს, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ხელისუფლება რაც გვყავს, ვიცით, და ამიტომ საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა იზრუნონ, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია არ შეფერხდეს. ოპოზიციის ნაწილი შეიძლება ფიქრობდეს, მოდი, რაც უარესი, მით უკეთესი - ანუ რაც უფრო დავამძიმებთ სიტუაციას, რაც უფრო ვუბიძგებთ ხელისუფლებას მეტი ანტიდასავლურობისკენ, ხალხი დაინახავს, რა ცუდი ხელისუფლებაა და უფრო მარტივად შევცვლითო. ეს არასწორი მიდგომაა, არ მოხდება ასე”.

“არა მგონია, რუსეთის ლუკმა გავხდეთ - არა იმიტომ, რომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, არამედ იმიტომ, რომ ამას არც დასავლეთი დაუშვებს და ხალხის განწყობაც არ არის საამისო. რუსეთის გავლენის სფეროში ოფიციალურად გაფორმებას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვება, ისეთი, რომ ხელისუფლებას წალეკავს. ამიტომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, მაგრამ დასავლეთის დაშანტაჟებასაც არ შეეშვება და ასე გაგრძელდება, ვიდრე 2024 წლის არჩევნები არ დადგება. როგორც ჩანს, ამის იმედი აქვს ივანიშვილს. ასე თუ ისე, ვიცნობ მას და ეჭვი მაქვს, ზუსტად ასე ფიქრობს, რომ ასეთ ისტერიკულ სიტუაციაში რამენაირად მიათრიოს ქვეყანა 2024-მდე, მერე იქ მოიპოვოს ტრიუმფალური გამარჯვება და ამის მერე დასავლეთი სად წავა? იძულებული იქნება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო გაურიგდეს ივანიშვილს და დაანებოს თავი ამ დემოკრატიის მოთხოვნას. დააკვირდით, არაერთხელ გაუმეორებიათ “ოცნების” წევრებს, რომ ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპაო. ეს სწორედ ამას ნიშნავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ოპოზიციაში დემოკრატიული ალტერნატივა რეალურად ჩამოყალიბდეს და თუ ჩამოყალიბდება, ცხადია, დასავლეთს ურჩევნია მასთან ჰქონდეს საქმე და არა ბიძინა ივანიშვილთან. ყველაზე ცუდი ის არის, მგონი, ოპოზიცია ამაზე არც ფიქრობს”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

შეძლებს ენმ 20-ში მაინც ხალხის გამოყვანას? – „არაა გამორიცხული, კეზერაშვილ-მერაბიშვილის რესურსებით ერთჯერადად ხალხი მართლა შეიკრიბოს“

“20 თებერვალს გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ყოფილის ფრთის წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდებს. ორად გაყოფილ პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ შეძლებენ ხალხის აქტიურ მობილიზებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თავადვე ამბობენ, რომ სასურველი მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ ექსპრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიცც მოუწოდებს. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ მერაბიშვილია ის მთავარი ფიგურა, რომელიც 20 თებერვლის აქციის ორგანიზებას სათავეში ჩაუდგა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქში 20 თებერვალს მერაბიშვილმა გავლენებით და ფულის მეშვეობით ერთჯერადად მასობრივი აქციის გამართვა მართლა შეძლოს. ეს კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ მას პოლიტიკური ამბიციები კიდევ უფრო გაუმძაფრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს ენმ 20-ში მაინც ხალხის გამოყვანას? – „არაა გამორიცხული, კეზერაშვილ-მერაბიშვილის რესურსებით ერთჯერადად ხალხი მართლა შეიკრიბოს“.

“ყველა უნდა გავერთიანდეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ლაპარაკს სჯობს ყველამ თითო კაცს მოჰკიდონ ხელი, მოიყვანონ და იაქტიურონ ჩვენთან ერთად. აქციები ყოველდღიურად არის უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს უკვე მედიის მხრიდანაც და სოც ქსელებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ბევრი ხალხი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქციები დამთავრდება 20 თებერვალს”, - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე. ამ აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს მასშტაბურობასთან - ამბობენ მმართველ გუნდში. მათი აზრით, კომიკურია მრავალათასიან აქციებზე საუბარი, როდესაც აქამდე ჩატარებულ გამოსვლებში მხოლოდ ათიოდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას რესურსი აღარ გააჩნია და დაშლას უწინასწარმეტყველებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნების” წარმომადგენელი გივი მიქანაძე ამბობს, ენმ-ს მიერ დაანონსებულმა აქციებმა უკვე კომიკური სახე მიიღო. “ლევან ხაბეიშვილმა ფაქტობრივად ფარდა ჩამოხსნა იმ დამალულ რეალობას, რომელსაც რაღაცნაირად ფუთავდნენ და წარმოაჩინა, რომ საზოგადოებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, მათი მხარდამჭერების რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ თითოეულ აქციაზე ცენტრალური ოფისიდან აქტივის ჩაყვანა უწევთ, რათა 10-20 კაცი მაინც გამოჩნდეს. ამ ფონზე რაღაც აქციების დაანოსება კომიკურად გამოიყურება”, - აცხადებს გივი მიქანაძე. დეპუტატი ლევან იოსელიანი კი თვლის, რომ ამ აქციების ორგანიზატორები ცდილობენ, საკუთარი პარტია მარგინალურ მდგომარეობამდე მიიყვანონ. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მეტი ღირსებით უნდა იტანდეს პატიმრობას”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ შეიძლება 10 და 20-კაციანი აქციის მოწყობა და ამის ისტერიულად გაშუქება. ადამიანები რომ უყურებენ, ამ ყველაფერზე ეცინებათ. რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე? - ამის მიზეზი არის ის, თუ როგორ იქცევა მიხეილ სააკაშვილი. თუ გაქვს ამბიცია, რომ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი ხარ, უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს პატიმრობას. ერთი მხრივ, როდესაც გინდა შენ მოგყვებოდეს ხალხი, მინიმალური სტანდარტი უნდა მისცე ამის. თავგანწირვა არის პოლიტიკოსის მთავარი თვისება, რაც მან უნდა აჩვენოს თავის მხარდამჭერებს - მის მომხრეებს რომ სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოკვდება, ყველა მათგანი ქუჩაში იდგებოდა”, - განაცხადა იოსელიანმა. რაც შეეხება კითხვას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, იოსელიანის შეფასებით, რთულად წარმოსადგენია, რომ საზოგადოებამ ვანო მერაბიშვილს მეორეჯერ მისცეს მანდატი იმისთვის, რომ მას ძალაუფლება ჰქონდეს ხელში”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, აქციები მასობრივი რომ არ იქნებოდა და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა, ეს იმთავიდანვე ნათელი იყო, როცა ხაბეიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. ეს ახალგაზრდა კაცი არც პარტიის წევრების და არც მისი ელექტორატის დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს ერთჯერადად ხალხის გამოყვანა ქუჩაში ნამდვილად შეძლოს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთის ტოლფასი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ ვიცი, ხაბეიშვილს თავადაც მართლა თუ სჯეროდა ამის. შესაძლოა ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია ვერ შეაფასა. ან უბრალოდ წინასაარჩევნოდ ასე აწყობდა და ეს პიარისთვის გამოიყენა. საქართველოს მოსახლეობა რომ სააკააშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში არ გამოვარდება, ეს მისი დაკავების დღიდანვე ნათელი იყო. მისავე ამომრჩეველმაც კი თავი არ შეიწუხა თუნდაც სასამართლოზე რომ მისულიყვნენ. ამიტომ ჩემთვის ძალიან გაუგებარია ხაბეიშვილს ეს იმედი რაზე დაყრდნობით უნდა ჰქონოდა, ან იმ ხალხმა რის საფუძველზე დაუჯერა, ვინც მას ხმა არჩევნებზე მისცა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კეზერაშვილის და მერაბიშვილის პოლტიკური რეანიმაცია სჭირდებათ. ამისთვის კი ყველაზე საუკეთესო გზა, ქვეყანაში რიგით მეორე პარტიაა. მით უმეტეს ვანო მერაბიშვილს ამ პარტიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამ ადამიანებმა ორივემ ერთად, ხაბეიშვილის გამარჯვება უზრუნველყვეს. მერაბიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლაც უკვე დაიწყო. ის მედიაში ნელ-ნელა ჩნდება, ინტერვიუც კი მისცა. კაცი, რომელსაც მინისტრობის დროს ორი სიტყვა ერთმანეთზე გადაბმული არ უთქვამს, უცხოურ მედიაში ჩნდება და საუბრობს არა როგორც პარტიის რიგითი მხადამჭერი, არამედ როგორც ენმ-ის ლიდერი. მისი საუბრის ტონი მიანიშნებს, რომ პარტიის მართვაში სრულიად ჩაება. მერაბიშვილი ხალხს მოუწოდებს, რომ 20 თებერვალს დედაქალაქში გამოვიდნენ. თუ თბილისში უფრო მეტი ხალხის მობილიზება მოხდა, მაშინ ამას მერაბიშვილი სააკუთარ თავზე მიიწერს. არაა გამორიცხული, თბილისში კეზერაშვილის ფულით და მერაბიშვილის გავლენებით ერთჯერადად ნამდვილად ბევრი ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ზღვაში წვეთი. მოსაჩვენებელი აქცია, რომლის იქითაც სააკაშვილის დარდი არც არავის არა აქვს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიერთებას აპირებს?!

“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში იმყოფება. ხალხში ხმა დადის, რომ კრემლი და აფხაზეთის “ადმინისტრაცია” რეგიონში “ახალი ნაბიჯებისთვის” ემზადებიან. რუსმა პოლიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა სოცქსელებში ძალზე გაახშირეს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის მიერთებაზე” პოსტები. აფხაზი პოლიტიკოსის თქმით, “მიმდინარეობს მოსახლეობის შემზადება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე”. აფხაზების თქმით, რეფერენდუმისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურება ბჟანიას “მოსკოვური ვოიაჟიც”, რომელიც რუსეთიდან ახალი ეკონომიკური პროექტებით დაბრუნდება და “ახალ საფრთხეებსა და რუსეთთან სიახლოვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს”. რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებით, შესაძლოა კრემლში ამისთვის უკვე ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე აფხაზეთის მოსახლეობის აზრი უცვლელია - მათ რუსეთთან შეერთება არ სურთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიერთებას აპირებს?!

“ჩვენმა ხალხმა იმთავითვე განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა სურს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ წრეებში დროდადრო მაინც წამოსწევენ აფხაზეთის რუსეთთან შეერთების თემას, არადა, მოსახლეობამ არაერთხელ გამოხატა თავისი აზრი, რომ არ გვსურს რუსეთთან შეერთება. ადრეც განვაცხადეთ, რომ რუსეთსა და ბელარუსთან მოკავშირე ქვეყნის ფორმატზე თანახმა ვიყავით, ასევე მზად ვიყავით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებში გაწევრებაზე. არ ვიცი, რას აპირებს ჩვენი ახლანდელი ხელმძღვანელობა, მაგრამ ხალხის აზრი კარგად ვიცი... ფედერაციის საბჭოს ყირიმელმა წევრმა სერგეი ცეკოვმა განაცხადა, რომ ახლა საუკეთესო დროა ეს რესპუბლიკები რუსეთს შეუერთდნენ. ასეთ განცხადებებს ისე აკეთებენ, ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, რაც დამამცირებელია. სამხრეთი ოსეთი რა გზას აირჩევს, მათი გადასაწყვეტია. ბიბილოვმა აღნიშნა კიდეც, რომ მზად არიან იურიდიული ნაბიჯებისთვის რუსეთთან შესაერთებლად, მაგრამ აფხაზეთი სამხრეთი ოსეთი არ არის, ჩვენ სხვა მენტალობა და პოტენციალი გვაქვს”, _ ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასტამურ ტარბა. რამდენად რეალურია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთისთვის მიერთება, თუ ეს არის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის, ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის ხელისუფლებას თავისი მოსახლეობისთვის სჭირდება ჩვენება, რომ “სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის”, დასახული მიზნის მისაღწევად სიძნელეები არ არსებობს, რომ პუტინის გუნდი გამარჯვებაზეა ორიენტირებული. თან ახლა, აღმოსავლეთით ზოგიერთი მარცხის მისაჩქმალავად ახალი რამ სჭირდებათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ყველა მიმართულებით შეუძლიათ მოქმედება საბოლოო მიზნამდე. ეს მათ რეიტინგსა და თავდაჯერებას შემატებს, მოსახლეობის უმეტესობაში კი, ასეთი ნაბიჯები ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს. ასე რომ, რეფერენდუმის ჩატარება სავსებით შესაძლებელია. ის, რომ 22 თებერვალს კრემლში რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე პუტინის “საეტაპო სიტყვას” სუნთქვაშეკრული ელოდებიან, შემთხვევითი არ არის. რაღაც “გრანდიოზული პროექტის” შესახებ უნდა ისაუბრონ, რათა ყველას დაანახონ, რომ ყველაფერი რიგზეა. კულუარულად უკვე ვრცელდება თეზისები, რომელთა გახმოვანებასაც რუსეთის პრეზიდენტი აპირებს. პირველი - უკრაინის მიმართ პოლიტიკა არ შეიცვლება, მთავარი საგარეო პოლიტიკის, რომელიც “ველიკაია როსიას” ემსახურება, შეცვლა არ იგეგმება, ოღონდ როგორ აპირებს ამ ამოცანის შესრულებას, უცნობია; მეორე - დასავლეთი უპირისპირდება რუსეთს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, როგორი, უცნობია, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთ-უკრაინის კი არა, რუსეთ-დასავლეთის ომია, რაც დასკვნების საშუალებას იძლევა. როგორ წარმოუდგენიათ ამ გეგმის შესრულება, ცალკე საკითხია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა მამუკა არეშიძე.

“აფხაზეთის რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება რუსეთის ძალზე უგუნური ნაბიჯი იქნება, რადგან აფხაზები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მუჭანი არიან, მაინც პრობლემატური იქნება კრემლისთვის. აფხაზები რუსეთთან შეერთების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ორ საკითხზეა საუბარი: ერთია, ძველი, მაგრამ უკვე გადამწყვეტ ფაზაში შესული - უძრავი ქონების გასხვისება, რომელსაც აქამდე კბილებით იცავდნენ აფხაზები, მეორე - აფხაზეთის კრიპტოჰაბად გადაქცევის საკითხი. შესაძლოა მაინერების თემა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთა იყოს, თუმცა მათთან დაახლოებული აფხაზი მაღალჩინოსნების ინტერესს ნამდვილად ჰგავს. რეგიონში ენერგეტიკა მძიმე მდგომარეობაშია. ე.წ. სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი კრიპტოფერმები ამოიღეს, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას მეტი ელექტროენერგიის მიწოდებას შეჰპირდნენ. რამდენად შეასრულებენ პირობას, სხვა საკითხია, მაგრამ ამით მოსახლეობის ნაწილის მოსყიდვა ნამდვილად გამოუვათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა ასლან ბჟანია გააფთრებული ეძებს დაფინანსების გზებს. ის ტრანშები, რომელთაც მოსკოვიდან იღებს, სოციალური ხარჯების დასაფარავად არის განკუთვნილი და არაა ეკონომიკის განვითარებისთვის. გამოსავლის ძიებაში, რაღაცის ხარჯზე, შესაძლოა მაინერების ჰაბის პროექტსაც დათანხმდეს, უძრავი ქონების გასხვისება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საკითხია. ბჟანიას სიმშვიდეს უკარგავს ახრა ავიძბაც, რომელიც გამუდმებით იმუქრება ახალი საპროტესტო ძალის მოქოქვით. აფხაზ პროგრესულად მოაზროვნე წრეებში მის მიმართ ანტიპათიური განწყობის მიუხედავად, ის ნაწილში მაინც ავტორიტეტიYთ სარგებლობს, თან ახლახან მისმა ინტერნაციონალურმა დაჯგუფება “პიატნაშკამ” ძლიერი შეიარაღება მიიღო, ჰყავს ცოცხალი ძალაც, წინა აზიიდან ჩასული მოხალისეები, როგორც არაბები, ასევე თურქები და სერბებიც კი, კავკასიური “ქუდის” ქვეშ გაერთიანდნენ და ახრას დაჯგუფებაში გადანაწილდნენ - ანუ თუ აქამდე რამდენიმე ათეული აფხაზი ჰყავდა, რის გამოც აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება გაჩნდა, ახლა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ბევრად მეტი შეკრიბა­ და აფხაზეთშიც როგორც მებრძოლს, "პატრიოტს", ტაშის დამკვრელებიც ჰყავს, რაც ბჟანიას ნამდვილად შეუქმნის დისკომფორტს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“თან აფხაზეთში სოციალური პრობლემების კვალდაკვალ, იდეოლოგიური­ საფრთხეებიც მატულობს - კრემლის რუპორი ინალ არძინბა, რომელიც ასევე სარგებლობს მოსახლეობის სიმპათიით, “კანონის დონეზე” ებრძვის დასავლურ განწყობებს, რაც, ცხადია, რუსეთის დაკვეთაა. აქტიური ნაწილი კი, ვინც ბედავს და ამხელა მონსტრის წინააღმდეგ ხმას იღებს, რეგიონის მოსახლეობის სულ რაღაც 20%-ია, მაქსიმუმ - 25, მათი ხერხემალში გადატეხა მხოლოდ ძალის გამოყენებით კი არა, ეკონომიკური ბერკეტებითაც შეიძლება. მაგალითად, შესაძლოა მათი ოჯახის წევრები ჩართონ მაინერების ბიზნესში და ისინიც გაჩუმდებიან... ოპოზიცია ამინდს ვერ შექმნის, ინალ არძინბასა და სხვა უჩინარი პრორუსული ძალების გამო ისეთ წნეხში აღმოჩნდნენ საზოგადო აქტივისტები, რომ მათთვის რეგიონში დარჩენა უსაფრთხო აღარაა. იქ ახლა გავლენებისთვის დიდი ჭიდილია...”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რუსეთისგან აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება უგუნურება იქნება, რადგან მას უკრაინაში აქვს ძალიან დიდი პრობლემა და აფხაზეთში, თუნდაც მცირე მასშტაბის უკმაყოფილების დამატება არ უნდა აწყობდეს. თუმცა რუსულ ლოგიკას რას გაუგებ... ყველაფერს საბოლოოდ სიხარბე განსაზღვრავს. რეგიონში საკმაოდ დიდია “მეხუთე კოლონის” არააფხაზი მოსახლეობის ხვედრითი წილი და ბიზნესგავლენა - სომეხ მოსახლეობას ვგულისხმობ, რომელიც რუსეთთან მიერთების საქმეში ძალიან დაეხმარება ინალ არძინბასა და მის თანამოაზრეებს. განსხვავებული სურათი გვაქვს ცხინვალის რეგიონში, ერთადერთი პროტესტი უკრაინის ომში გაწვევამ გამოიწვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 300 ოსი კონტრაქტორი ფრონტის ხაზიდან გამოექცა. მაშინ გაახსენდათ, რომ “დამოუკიდებელი ქვეყანა” არიან და სხვის ომში არ უნდა იბრძოლონ”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმზე საუბარი შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟებას ემსახურებოდეს?” - პასუხობს:

“ეს არის ის ტრადიციული გამოწვევა, რომელიც ამდენი წელია არსებობს. ქართულ მხარეს შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა და აფხაზი საზოგადოების ის 20%, რომელსაც რუსეთთან არ უნდა, 40 ან მეტი გამხდარიყო, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. დღეს გეოპოლიტიკური პროცესები იმდენად სწრაფად იცვლება. ძალიან მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშესაც კი არა აქვს სრული გარანტია, რომ თავის გეგმას ხორცს შეასხამს...”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს