იაგო ხვიჩია - საქართველოს ხელისუფლება პუტინის ნაბიჯებსა და საფეხურებზე მოძრაობს - თავის დროზე როგორც პუტინი ამბობდა, ამერიკული რაღაც შემოგვაქვსო, ზუსტად ამას ამბობენ

საქართველოს ხელისუფლება პუტინის ნაბიჯებსა და საფეხურებზე მოძრაობს - თავის დროზე როგორც პუტინი ამბობდა, ამერიკული რაღაც შემოგვაქვსო, ზუსტად ამას ამბობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს გზა რუსეთმა უკვე გაიარა.

“რეალური პრობლემა ისაა, რომ სინამდვილეში არანაირი მსგავსება რაც ამერიკაში არსებობს და რასაც ლობიზმის თავისუფლებას ვეძახით, საქართველოში საერთოდ არ არსებობს. ჩვენთან პოლიტიკური ლობიზმი ფაქტობრივად აკრძალულია. ჩვენ პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობა ისეთ დროს შემოგვაქვს, როცა აკრძალულია. ამის მიზანია იმის თქმა, რომ ჩვენ რუსეთის გზაზე მივდივართ, რადგან ეს გზა რუსეთმა გაიარა და თუ არ უნდათ, რომ ეს მიეწებოთ, მაშინ ამაზე საუბარს საერთოდ არ დაიწყებდნენ - აგენტის ნაცვლად სხვა რამეს ჩაწერდნენ. ეს არის "ქართული ოცნების" იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ჩვენს მიერ მოინათლა, როგორც ამორალური“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტში ინიცირებულია მმართველ უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი.

აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს კვლევა ჩაატაროს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო