ნიკოლოზ ვაშაკიძე - ევროკავშირში ინტეგრაცია დიდ შვებას მისცემს ქართველ ხალხს, მაგრამ უზარმაზარ შემოსავლებს დააკარგვინებს ხელისუფლებაში მოკალათებულ მაფიას

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შეგნებულ, გამიზნულ, დაუფარავ ტორპედირებას ახდენს. ეს უკვე იმდენად ცხადად ჩანს, რომ მისი არდანახვა უბრალოდ შეუძლებელია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, ამ სტატუსის მიღების სურვილი არ არსებობს, ეკონომიკური ბერკეტები და ხელისუფლებაში მოკალათებული მაფიაა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია დიდ შვებას მისცემს ქართველ ხალხს, მაგრამ უზარმაზარ შემოსავლებს დააკარგვინებს ხელისუფლებაში მოკალათებულ მაფიას.

„ცნობილია, რომ საქართველოში ფართო სამომხმარებლო საქონლის (სურსათი, ჰიგიენური საშუალებები და ა.შ.) ბაზარი, სხვა ბაზრებთან შედარებით ყველაზე დიდია. ამ პროდუქციაზე ფასები ჩვენთან ევროპულზე 2.5-3-ჯერ უფრო მეტია, თანაც ხარისხი ევროპულზე საგრძნობლად დაბალი. ცხადია, აქედან გამომდინარე, საქართველოში ამ პროდუქციით მოვაჭრე კომპანიები არანორმალურ შემოსავლებს იღებენ ხალხის უმოწყალო ყვლეფის ხარჯზე. ევროკავშირთან ამ ფასთა სხვაობას მარტივი ახსნა აქვს. მსოფლიოში არსებობს სულ 7 მსხვილი სადისტრიბუციო კონგლომერატი, რომლებშიც გაერთიანებულია აღნიშნული პროდუქციის თითქმის ყველა მსხვილი ბრენდი. ამ კონგლომერატებს თავიანთი ფასწარმოქმნის ზონალური პოლიტიკა აქვთ და ევროპული ფასები შესაბამისად ევროკავშირის ზონისთვის განკუთვნილი პოლიტიკის მიხედვით ლაგდება. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპაში ვერც ერთი მარკეტი ცნობილ ბრენდზე საკუთარ ფასს ვერ დააწესებს, ამ ფასებს ბრენდების მფლობელები განსაზღვრავენ. პატარა, ზონებიდან ამოვარდნილ, საქართველოსმაგვარ ქვეყნებში, ეს ფასწარმოქმნის და, ასევე, ხარისხის პოლიტიკა არ ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოში ფართო მოხმარების საქონლის შემომტანი და გამყიდველი კომპანიები თავად აწესებენ ფასებს. ბუნებრივია, ეს ხდება მათ შორის ერთმანეთთან კარტელური გარიგების პირობებში. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ესოდენ სარფიანი ბიზნესი მხოლოდ ხელისუფლებაში მოკალათებული ხალხის ხელში შეიძლება იყოს. ცხადია, რომ ამ ადამიანების კუთვნილი და მათ მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ამ სიტუაციის შეცვლით. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ ახდენს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შეგნებულ, გამიზნულ, დაუფარავ ტორპედირებას. ეს ტორპედირება იმდენად ცხადად ჩანს, რომ მისი არდანახვა უბრალოდ შეუძლებელია. სულ ორად ორი მკაფიო მაგალითიც კმარა. შარშან შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილების უშუალოდ მიღების წინ მოხდა მთავარი ოპოზიციური არხის გენდირექტორის დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა, რამაც საქართველოს პერსპექტივას დიდი დარტყმა მიაყენა. წელს კი, როცა საქართველოს ხელმეორედ აქვს მიცემული შანსი, გამოაგორეს უკიდურესად ოდიოზური "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონპროექტი, რომელზეც ევროკავშირის ცალსახა პოზიცია ცნობილია - ეს კანონი და კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია ერთმანეთთან. ძალიან მარტივადაა საქმე - ევროკავშირში ინტეგრაცია გამოიწვევს მსხვილი ბრენდების ევროზონისთვის განკუთვნილი ფასწარმოქმნის პოლიტიკის და პრაქტიკის საქართველოზე გავრცელებას, რაც უდიდეს შვებას მისცემს ქართველ ხალხს, მაგრამ სამაგიეროდ უზარმაზარ შემოსავლებს დააკარგვინებს ხელისუფლებაში მოკალათებულ მაფიას,“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა