ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2023

რისთვის ემზადება უკრაინა - “ოპერაცია სტრატეგიული იქნება”

ლევან იოსელიანი საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს” - ვახტანგ ძაბირაძე

რა გავლენა აქვს დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჩნდება თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ანტირუსული განწყობა

* * *

რისთვის ემზადება უკრაინა - “ოპერაცია სტრატეგიული იქნება”

“უკრაინა დიდი შეტევისთვის ემზადება, როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინელი მეომრები სამხედრო წვრთნებს გადიან, რათა ტერიტორიის გასათავისუფლებლად აქტიურ ქმედებებს დაუბრუნდნენ. სამხედრო ანალიტიკოსთა პროგნოზით, ოპერაცია არა ლოკალური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რომელსაც მინიმუმ ერთი რაიონის გათავისუფლება მაინც უნდა მოჰყვეს. მათივე განმარტებით, ეს შეტევა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურ საომარ მოქმედებებს ამინდიც ხელს არ უწყობს და თან სამხედრო მზადებაც დასრულებული არაა, გამორიცხულია, რომ ასეთი სტრატეგიული მასშტაბური ჩართულობა მაისამდე ვიხილოთ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მოისმინეს ინფორმაცია დაზვერვის მთავარი სამმართველოსგან, თავდაცვის სამინისტროსგან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებების მეთაურებისგან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ემზადება უკრაინა - “ოპერაცია სტრატეგიული იქნება”.

“განვიხილეთ ლოგისტიკის საკითხები, დეფიციტის აღმოფხვრა. ვამზადებთ ჩვენს მეომრებს იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიის გასათავისუფლებლად აქტიურ ქმედებებს დაუბრუნდნენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ტერიტორიის დაბრუნება უკრაინისთვის აბსოლუტურად სამართლიანი მიზანია და მის განხორციელებას ყოველდღიურად უახლოვდებიან. “უკრაინა თავისუფალი იქნება, მთელი უკრაინა”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი დაკავებულია ომში მეტი სამხედროების გაწვევით და მიმართავს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რათა მეტი იარაღი მიიღოს. “ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს. ამიტომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. მივესალმები მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან. ეს ნამდვილად იძლევა ბრძოლის ველზე ვითარების ყოველდღიურად შეცვლის საშუალებას...” - თქვა სტოლტენბერგმა. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ უკრაინელების შეტევა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე შედეგის მომტანი იყოს, რომელიც არა ლოკალური, არამედ სტრატეგიული იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინას ძალიან დიდი ტერიტორია აქვს, სადაც სამხედრო ოპერაციის დაწყება შეუძლია და შესაბამისად, ამ დიდ სივრცეში მათი მოქმედება ასეთი შესამჩნევი ვერ იქნება. რუსეთის დაზვერვამ რომც რამე იცოდეს, უკრაინა რომელ მიმართულებას ამოირჩევს, ეს ადვილად დასაზუსტებელი არაა. დასავლური იარაღის, სატანკო ტექნიკის ათვისებასთან ერთად, უკრაინელები დიდი ხანია ემზადებიან. ტექნიკის დიდი ნაწილი, რომელიც აშშ-მ და დასავლეთმა 2022 წელს გადასცეს, ფრონტის ხაზზე მასშტაბურად და მასიურად პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ. ივნის-ივლისსში, როცა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლა იყო, ქვეითთა რამდენიმე საბრძოლო და სატრანსპორტო მანქანა გამოჩნდა, მაგრამ ამის შემდეგ ეს ტექნიკაც კი თითქმის სრულიად გაქრა, ტანკებზე საუბარი არ მაქვს. აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა იმისა, რომ უკრაინელების შეტევა საკმაოდ მასშტაბური და საკმაოდ მძიმე შედეგის მომტანი იყოს, როგორიც იყო ოპერაცია, რომელმაც ხარკოვის რაიონი თავიდან ბოლომდე გაათავისუფლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოპერაცია არა ლოკალური, არამედ სტრატეგიული იქნება, რომელსაც მინიმუმ ერთი რაიონის გათავისუფლება მაინც უნდა მოჰყვეს. სავარაუდოა, რომ ეს რაიონი არა ლუგანსკი და დონეცკი, არამედ უფრო რეალისტურია, რომ ეს ზაპოროჟიე ან მთელი ხერსონის რაიონი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ზემოთ აღნიშნული სცენარი უფრო რეალისტურად ჟღერს, რადგან დონეცკში და ლუგანსკში უფრო დიდი მასშტაბის ბრძოლები იქნება, იქ დასახლებული პუნქტები ძალიან ბევრია და შესაბამისად, იქ ბრძოლა ძალიან რთულია. შესაძლოა მიზანი ორივე მხარეს იყოს, მაგრამ ეს მიმართულება ბევრად დიდ მსხვერპლთან და დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული. ლუგანსკის რაიონში სტარობილსკი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია, რომელიც მომარაგების ერთგვარი კვანძია, საზღვართან საკმაოდ ახლოსაა, შეიძლება გაჭრან და მისი გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს, რითიც რუსეთის მომარაგების ერთ-ერთი მთავარი არტერია გადაიჭრება... უკრაინა შეტევას როდის დაიწყებს რთული სათქმელია, ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს. ამ ეტაპზე შეიძლება რაღაც ლოკალური შეტევები ვიხილოთ, მათ შორის ბახმუტშიც, ან ზაპოროჟიეში სიტუაცია მოსინჯონ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი სტრატეგიული მასშტაბური ჩართვა უბრალოდ გამორიცხულია, რომ მაისამდე ვიხილოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არა მხოლოდ გარემოს გამოშრობა, არამედ კიდევ დამატებით ნაწილების ათვისება, ცოცხალი ძალის გაწვრთნა და ტექნიკის მობილიზებაა საჭირო, რომელიც ასეთი მარტივი არაა. რუსეთის მხრიდან თავდაცვის ზღუდეების აგება შეინიშნება, ეს არახალია და მისი ეფექტურობა მინიმალურია, თუმცა რუსები ახლა მხოლოდ თავდაცვის კი არა, თავდაცვის და აგრესიული შეტევის ოპერაციაში არიან. მათ ლუგანსის, დონეცკისა და განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რაიონში თავდაცვის ზღუდეები კი გააკეთეს, მაგრამ ეს ფორტიფიკაციები მინიმალურია თუკი სამხედრო ძალა უშუალოდ თავდაცვისთვის არ ემზადება. ამ ეტაპზე რუსების თვადაცვისათვის მზადებას ვერ ვხედავთ, პირიქით, მათი მხრიდან არტილერიის ძირითადი გამოყენება თავდასხმაზეა ორიენტირებული და არა თავდაცვაზე, რაც რეალობაში სურათს თვისობრივად ცვლის. თავდაცვაზე თუ არ ხარ ორიენტირებული ნიშნავს, რომ სამხედრო რესურსს ხარჯავ, რასაც ახლა რუსები აკეთებენ”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

ლევან იოსელიანი საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს” - ვახტანგ ძაბირაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე “რეზონანსი” ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. პოლიტოლოგი პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე აცხადებს, რომ |”მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი ომბუდსმენობისთვის საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს. ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ სახალხო დაიმცველის არჩევის საკითხი შემოდგომაზე განიხილოს. “ძალიან მეეჭვება, რომ ლევან იოსელიანმა საჭირო ხმების რაოდენობა მიიღოს - ვისაც გინდა ინტერვიუ ჩამოართვან, ყველა იტყვის, რომ მხარს უჭერს ლევან იოსელიანს, მაგრამ კენჭჩისყრის დროს მის კანდიდატურას ბევრი ჩააგდებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას დრო სჭირდება, შეიძლება დრო გაჭიმოს და სახალხო დამცველი შემოდგომაზე აირჩიოს. რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო წლის ბოლომდე აქვს. შეუძლია 12 რეკომენდაცია დეკემბერშიც შეასრულოს”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით ხელისუფლება “დაელოდება, რა სიტუაცია იქნება, ახლა რომ სახალხო დამცველი აირჩიოს, ვეღარ შეცვლის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლევან იოსელიანი საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს” - ვახტანგ ძაბირაძე.

“კანონპრექტებს “უცხოური აგენტების შესახებ” პირველი მოსმენით მიიღებენ, მაგრამ, მერე და მესამე მოსმენა ალბათ ივნისისთვის გადაიდება, ანუ, ფაქტიურად შემოდგომისთვის გადაიდო. დღეს არა მხოლოდ საქართველო, მთელი მსოლიო მოლოდინის რეჟიმშია, რა ვითარება იქნება უკრაინაში. მთელი მსოფლიო უყურებს რა ხდება უკრაინში, როგორ გადალაგდება მსოფლიო პოლიტიკა. ნელ-ნელა ეს ვითარება უფრო დაიძაბება და ყველა ხვდება, რომ ეს კონფლიქტი მარტივად არ დამთავრდება, ამიტომ ყველა მოლოდინის რეჟიმშია. ამ კანონპროექტს, რომელიც მზადაა, შემოდებენ თარაზე. ხოლო თუ შეხედავენ, რომ საჭიროა ამ კანონპროექტის მიღება, გააცოცხლებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ნაციონალურ მოძრაობიდან” ნიკა მელიას გამოყოფაზე და ახალი გუნდის ფორმირებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ნაჩქარევად მან გადაწყვტილება არ უნდა მიიღოს, მელიას არსად ეჩქარება. ახალი თავმჯდომარე მოვიდა დაპირებებით, რომ დაიხსნიდა სააკაშვილს და იქნებოდა მწვავე შეტევა ხელისუფლებაზე, ყოველდღე იქნებოდა ხმაური, არ მოასვენებს მთარობას. ჯერჯერობთ ეს ვერ სრულდება ვერც აქციებით და ვერც სხვა მოძრაობებით. მელაიას აქვს შესანიშნავი საშუალება დაელოდოს პროცესს და იმოქმედოს იმის მიხედვით თუ რა წარმატება ექნება პარტიის დღევანდელ ლიდერს. თუ ხებეიშვილმა მოლოდინი ვერ გაამართლა, მელიას აქვს შანსი იბრძოლოს ახალი არჩევნებისთვის. მელიას და მის გუნდს პარტიიდან ვერ გარიცხავენ, თუ მაინცდამაინც იძულებული გახდება, შეუძლია პარტია დატოვოს შემოდგომაზე; ხაბეიშვილით გულგატეხილი ამომრჩეველი გაიზრდება და მელიას მეტი მომხრე გაუჩნდება. ნიკა მელიამ სხვების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს; 2016 წელს ვიღაცეებმაც იჩქარეს. საკმარისი დროს აქვს 2024 წლის არჩევნებამდე”, - დასძენს პოლიტოლოგი.

რა გავლენა აქვს დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჩნდება თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ანტირუსული განწყობა

“რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ევროკავშირმა გასული წლის თებერვლიდან აქტიურად დაიწყო რუსეთის ფედერაციის დასანქცირება, რაც ოკუპირებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც შეეხო. აფხაზეთი რუსული რუბლის ზონაში იმყოფება, აქედან გამომდინარე ყველა ის სანქცია და შეზღუდვა, რომელიც რუსეთს შეეხო, აფხაზეთის მოსახლეობამაც კარგად იგრძნო. მაგალითად, რუსეთთან საკმაოდ ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის გამო, აფხაზეთი შეუზღუდავად იღებდა რუსეთისთვის ხელმისაწვდომ ყველა პროდუქციას, მაგრამ შეზღუდვების შემდეგ შეიქმნა მრავალი საჭირო პროდუქტების დეფიციტი. მათთვის საბედნიეროდ, რუსეთი არ ყოფილა აფხაზეთის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი და იმპორტიორი ქვეყანა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სავაჭრო ურთიერთობები აქვს თურქეთთან და საქართველოსთანაც, მაგრამ ქართულ-აფხაზური სავაჭრო მიმოქცევა არ არის ოფიციალური. მარტივად რომ ვთქვათ, მასზე ყველამ იცის სოხუმში, მაგრამ არავინ საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გავლენა აქვს დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჩნდება თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ანტირუსული განწყობა.

“ეკონომიკური პრობლემები აისახა აფხაზეთის ენერგომომარაგებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დენის დიდი ნაწილი ენგურჰესიდან მოდის, 2022 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში სერიოზული ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, რაც რამდენიმე მთავარმა ფაქტორმა გამოიწვია - ენგურჰესის არაეფექტურმა მუშაობამ მდინარის დაბალი კალაპოტის გამო, ძველმა ელექტროგაყვანილობამ და იმან, რომ რუსეთმა ჩამოთვლილი ფაქტორების გამო შექმნილი დეფიციტი ვერ აანაზღაურა საკმარისი ელექტროენერგიით. რაც შეეხება ახალ კანონპროექტებს, აფხაზეთი უკვე დანამდვილებით აპირებს უცხოელებს ნება დართოს ააშენონ და შეიძინონ უძრავი ქონება მათ ტერიტორიაზე, რაც აქამდე დაუშვებელი იყო, რადგან მოსახლეობას დღემდე ეშინია, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა რუსების, ან თუნდაც რუსეთის მოქალაქე ქართველების სასარგებლოდ შეიცვლება. აღნიშნულ კანონპროექტს “აპარტ-სასტუმროების და ბინების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” კანონითაც მოიხსენიებე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ისინი ამ გზით რუსეთის შუამავლობით მოიზიდავენ მრავალ ინვესტორს. ის მიწა, რომელზეც კორპუსები აშენდება, აფხაზეთის საკუთრებაში დარჩება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ, რომ უკვე აშენებული ბინები შეიძინონ. ანტირუსული განწყობის აფხაზეთში გაძლიერებას ადასტურებს ისიც, რომ თებერვლის დასაწყისში, დე ფაქტო ხელისუფლებამ “ანტირუსულ განწყობებთან” საბრძოლველად გეგმები დააანონსა. ინალ არძინბამ და ეგრედ წოდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განიხილეს “გარე მტრული ძალების” მიერ აფხაზეთში ანტირუსული განწყობების პროვიცირების მიზანმიმართული მცდელობები. კიუტმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლება “მკაცრ ზომებს” მიიღებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რა მოიაზრება კონკრეტულად ამ ზომებში. ანტირუსული განწყობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემამაც, რომელსაც ერთ-ერთი ახალგაზრდული ჯგუფი 2022 წლის სექტემბრიდან დღემდე აპროტესტებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “რეზონანსთან” საუბარში ამბობს, რომ აფხაზეთში უკვე მკვეთრად იგრძნობა ანტირუსული განწყობა და ამას ახალგაზრდების მხრიდან თან სდევს პროდასავლური ორიენტაციაც. “ანტირუსული განწყობა აფხაზეთში განაპირობა არა სანქციებმა, არამედ რუსულმა პოლიტიკამ, რომელიც დროის გასვლასთან ერთად აფხაზეთის მოსახლეობას უფრო და უფრო არ მოსწონს. ვგულისხმობ უძრავი ქონების გაყიდვის ახალ კანონპროექტს, რომლის მიმართაც თითქმის მთელი სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ნეგატიურადაა განწყობილი. ასევე, ანტირუსული განწყობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას ეხება. აგრეთვე ვრცელდებოდა ხმები, რომ ზემოთ ხსენებული ორი რეგიონი იძულებით უნდა შეეყვანათ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში. რაც შეეხება პროდასავლურ განწყობებს, ისინი ევროპას უყურებენ როგორც ეკონომიკური მოძლიერების ერთ-ერთ გამოსავალს. ისინი ევროპაში წასვლას ომის დაწყების შემდეგ თურქეთის გავლით ახერხებენ”, ამბობს არეშიძე, რომლის თქმით, “ძალიან იშვიათად, თუ აფხაზეთის პასპორტის მქონე ადამიანი საქართველოს გავლით წავა ევროპის რომელიმე ქვეყანაში”,- დასძენს გამოცემა.

“რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა სანქციების ფონზე დაამტკიცეს 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა 3.5 მილიარდ რუბლს აღემატება. აღნიშნული პროგრამიდანაც ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დასუსტებულია, რადგან წინა საინვესტიციო პროგრამა ერთი მილიარდი რუბლით მეტი იყო. რუსეთი გააგრძელებს ცხინვალისთვის ფულის მიცემას, მაგრამ ის ნამდვილად ბუნდოვანია, შეძლებს თუ არა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა არსებობას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, საპარლამენტო პარტია “ერთიანი ოსეთის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალან თადთაევმაც დაიწყო, რომელიც ფერმერების დახმარების ინიციატივით გამოვიდა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სამხრეთ ოსეთის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაზე ისაუბრა დე ფაქტო პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, იგორ კოჩიევმაც”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა იმდენად სუსტია, რომ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”, - განაცხადა იგორ კოჩიევმა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე ბევრჯერ ჩატარდა რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით და როგორც “ერთიანი ოსეთის” ლიდერი, პარლამენტარი და ყოფილი სპიკერი ალან თადთაევი ამბობს, ხალხის უმრავლესობა რუსეთთან გაერთიანებას მხარს უჭერდა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად “მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი საუბრობს სუვერენიტეტზე”. ასევე მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მცირე მოსახლეობით სუვერენიტეტი ძნელი მისაღწევია და იგი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი გაგებით მოეკიდება გაერთიანების მომხრეების პოზიციას. მამუკა არეშიძის თქმით, სამხრეთ ოსეთში მრავალი მიზეზის გამო ანტირუსული განწყობა ვერ მკვიდრდება, მაგრამ სანქციებმა იქაური ეკონომიკა კიდევ უფრო დაასუსტა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მობილიზაცია არ შეხებიათ, ომის დაწყების პირველ დღეებში, როდესაც უკრაინელების მიერ დატყვევებული რუსი ჯარისკაცების სია გავრცელდა, იქ მრავალი სამხრეთ ოსური გვარი იყო. მეტიც, 80-90 პროცენტს სწორედ ოსები შეადგენდნენ. ეს იმით აიხსნება, რომ ცხინვალის სამხედრო ბაზა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მამაკაცების ერთ-ერთი მთავარი სამუშაო სივრცეა. ყველა პროფესია აქვთ ათვისებული, მძღოლიდან და ჯარისკაციდან დაწყებული სამედიცინო პერსონალით და სამზარეულოს მუშით დასრულებული. მიუხედავად სანქციებისა, მათ სურთ, რომ რუსებს შეუერთდნენ რადგან ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდნენ”, - განმარტავს მამუკა არეშიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა