ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს...”

სიმშვიდე დიდი ქარიშხალის წინ - რა ხდება ბახმუტში და როგორ მიდის მზადება დიდი შეტევისთვის

გიორგი გობრონიძე - “მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან ნაკარნახევი კანონი”

ტოვებენ თუ არა “ოცნებას” დეპუტატები და რა საფრთხეს უქმნის ეს საპარლამენტო უმრავლესობის არსებობას

გიორგი კობერიძე - “პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში ანტიდემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს...”

“წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ეს კანონპროექტი ვერ გავიდოდა. პროცესების მთლად ასე დრამატულად განვითარებას შეიძლება არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დაკანონდებოდა, რაც ასეც მოხდა. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ეს კანონი ჩვენი დასავლური კურსისთვის იყო სახიფათო, ის ემუქრებოდა ჩვენს თავისუფალ არჩევანსაც და გაცილებით დამაზიანებელი იყო, ვიდრე ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეგონათ. ჩემი აზრით, ამ კანონის ინიცირება და პირველი მოსმენით მიღება სულ სხვა პროცესების მხოლოდ ზედაპირია. რასაც ახლა ვიტყვი, ჩემი ვარაუდია, არა მაქვს სხვა არანაირი დოკუმენტი ამის დასამტკიცებლად და არც იმას გამოვრიცხავ, ვცდებოდე...” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს...”

“1951 წელს ფანტასტიკის ჟანრის ძალიან ცნობილმა მწერალმა რობერტ ჰაინლაინმა დაწერა რომანი “მეთოჯინეები”. მასში უცხოპლანეტელების აგრესია დედამიწაზე ცეცხლითა და მახვილით კი არ ხდება, არამედ ხელისუფლებების მმართველი რგოლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტვინში შეღწევითა და მათი მენტალიტეტის შეცვლით. ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლება სწორედ ამგვარი “მეთოჯინის” ბრძანებებს ასრულებს. არ დავასახელებ ბრძანებების გამცემს, რომელსაც, ჩემი აზრით, განსხვავებული მიზნები აქვს. ვფიქრობ, “მეთოჯინემაც” მშვენივრად იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა და ეს დემარში განკუთვნილი იყო დასავლეთისთვის ამგვარი გზავნილით, მთავრობა ისე მოიქცევა, როგორც მინდა და ამიტომ მოდით და მე მელაპარაკეთო. ასე სცადა თავისი მიზნების მიღწევა. დიახ, ვფიქრობ, ეს დიდწილად პირად ინტერესებს უკავშირდება. წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, ეს რა რეაქციას გამოიწვევდა. ბოლო კვლევები ნახეთ, ევროკავშირში გაწევრების მომხრეა ჩვენი საზოგადოების 80%. სხვა საქმეა, რამდენად ეთიკურია ახალგაზრდების ჯანმრთელობით, მათი გულწრფელობითა და სიბრაზით ვაჭრობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“კიდევ უფრო მძიმე საკითხია ის, რა ხელისუფლებაც გვყავს, რომელიც მუდამ ვიღაცის ზარზეა დამოკიდებული - დაურეკავენ, ეტყვიან და მწვანე ღილაკს დააჭერს ხელს, დაურეკავენ და მერე წითელს... ორი კაცი გამოდგა მთელ ამხელა საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებიც საკუთარი პრინციპების კარნახით მოიქცა. სერგეენკოსა და ჩაჩიბაიას აქამდეც ვცემდი პატივს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი პოზიცია, ისინი პიროვნებები არიან, მათ ღირსება არ დაივიწყეს. მთელი უბედურება ის არის, რომ მართვის ამგვარი სტრუქტურა ჰქონდა ყველა ჩვენს ხელისუფლებას - ასე ხდებოდა ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის თუ მიხეილ სააკაშვილის დროს - ანუ გადაწყვეტილებების მიღება ერთი პირის ნებაზე იყო ყოველთვის დამოკიდებული. ერთადერთი გიორგი გახარია ცდილობდა დამოუკიდებლობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

სალომე ზურაბიშვილის მაგალითია საინტერესო - თვითონ დაასახელეს საპრეზიდენტო კანდიდატად, ყველაფერი გააკეთეს, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, დღეს კი მისი პოზიცია აღარ მოსწონთ და ლამის “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ეძახიან, რაც დიდი სირცხვილია. მოგეხსენებათ, ამ მოვლენების დროს პრეზიდენტი აშშ-ში იყო და ძალიან სწორი და მკვეთრი პოზიცია გამოხატა. დიდი ყურადღებით ვუსმინე მის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს `სიენენთან~ თუ ფრანგულ ტელევიზიებთან, საოცრად ხისტი და სწორი გამოსვლები ჰქონდა. ამ კარიერის დიპლომატმა, ფაქტობრივად, გვერდზე გადადო დიპლომატიური ენა და ისე ილაპარაკა ჩვენს ხელისუფლებაზე, რუსეთსა თუ ევროკავშირზე. ასეთი გაბრაზებული სალომე ზურაბიშვილი არც გვინახავს. მისი აქცენტები იყო ზუსტი, როდესაც ევროკავშირს შეახსენა, წლების განმავლობაში რუსეთთან ლოიალურმა დამოკიდებულებამ სადამდე მიიყვანა მსოფლიო”, - ამბობს ექსპერტი.

“დასავლეთში ბევრმა ხელისუფლების უკან დახევა შეაფასა როგორც ხალხის ხმის მოსმენა, მაგრამ არა მგონია, ეს სწორი იყოს. ჩვენ გაცილებით უარეს ვითარებაში ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია, იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობას არა აქვს არავითარი სტრატეგია. მას აქვს რაღაც ტაქტიკური სვლები, რაც გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, ვგულისხმობ ერთი პირისა თუ გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. მთელი უბედურება ის არის, გადაწყვეტილება მიიღება სწორედ ამ ჯგუფების მყისიერი ინტერესების და არა სტრატეგიული მომავლის გათვალისწინებით. სტრატეგიულად შეიძლება გჭირდებოდეს უკან დახევა, რათა მერე მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთო, მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება არავითარ სტრატეგიას არ ცნობს, ამიტომაც სულ ცუგცვანგში ვართ”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“საქართველოს გზა მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და ძალიან კარგია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას აღმოაჩნდა ბრძოლის ასეთი ჟინი და შემართება. რას აჩვენებს ეს პროცესი? უპირველესად იმას, რომ საქართველოში ძალიან ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ირაკლი კობახიძეს რატომღაც ჰგონია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ მხოლოდ ენჯეოები... არა, ბატონო დოქტორო, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენთ ყველა ის ადამიანი, ვინც თავისუფლად ვაზროვნებთ! ეს იყო ძალიან მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი, რომელშიც პოლიტიკოსების მონაწილეობა იყო უკიდურესად მცირე და რაშიც მიიღეს მონაწილეობა, იქ ყველაფერი აურიეს. ვგულისხმობ ვაშაძისა და მისი კოლეგების გადაწყვეტილებას რაღაც ალყაზე, რასაც მოჰყვა პროვოკაციები, საბოლოოდ კი საქმე დარბევამდე მივიდა. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ეს პროვოკატორები, არ გამოვრიცხავ, შეგზავნილი, ხელისუფლებისგან მართული პირებიც იყვნენ. ვერც რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობას გამოვრიცხავ, მაგრამ მთელი სიკეთე ამ ამბავში ის არის, რომ ეს ახალგაზრდები არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ისინი არც პოლიტიკოსების ნებას დაჰყვნენ დიდად. მეტიც, მეორე დღეს ვაშაძე გააძევეს აქციიდან, ასევე გაუშვეს აქციიდან ისინი, ვისაც სურდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოეთხოვათ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“პირველად დავეთანხმე ლევან ხაბეიშვილს, როდესაც თქვა, აქ შეკრებილ პროტესტანტებს ყველა პარტია ერთ ადგილზე კიდიათო, მართალია, იმ ბავშვებს ჰქონდათ ძალიან მართალი მიზანი, მათთვის პოლიტიკოსები იყვნენ მეასეხარისხოვანი, ზოგს, ალბათ, არც იცნობდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს აღმოჩნდა შედეგიანიც და მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოც. აშკარა იყო, პოლიტიკოსებს პროტესტის სათავისოდ გამოყენება და დივიდენდების ჩაწერა სურდათ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს, რაც მეტყველებს ახალგაზრდების გონიერებაზე. ამას აქვს მეორე მხარეც - ასეთმა პროტესტმა უნდა გაწვრთნას, გამოჩეკოს ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოახერხებენ ახლო მომავალში ქვეყნის მართვის ხელში აღებას. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მათ ჯერ კიდევ ბევრის სწავლა და გამოცდილების დაგროვება სჭირდებათ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მოდის თაობა, რომელსაც ქვეყნის მართვის სტილის შეცვლა შეუძლია, თაობა, რომელსაც ძალუძს თვითორგანიზება. მათ ნათელი გონება აქვთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაცადოთ გაზრდა. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ადრეულ ასაკში რომ არ გამხდარიყო პრეზიდენტი, ახლა ციხეში არ იჯდებოდა. ეს იქცა მისთვის პიროვნულ უბედურებად. ამ უთუოდ ნიჭიერმა კაცმა ახალგაზრდა ასაკში ძალაუფლების ცდუნებებს ვერ გაუძლო და ბევრი შეცდომა სწორედ ახალგაზრდული სულსწრაფობით დაუშვა”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“არა მგონია, კანონი პირდაპირი რუსული დაკვეთა ყოფილიყო, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებაში რუსული მმართველობის მოდელი ძალიან მოსწონთ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მის გამოყენებაზე ფიქრობენ. იმედია, მიხვდნენ, რომ ეს არ გამოუვათ. რაც შეეხება რუსეთიდან განცხადებებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მათთვის დამახასიათებელი ქცევის გაგრძელებაა და აქ ვითარების ამტუტებას ემსახურება. რუსეთიდან ხიფათი 1796 წლიდან გვემუქრება, როგორ მოიქცევიან ისინი, არ ვიცი, მაგრამ მათგან აგრესიისათვის არავითარი საბაბი არ არსებობს. დუმის სპიკერის განცხადება იყო საინტერესო, თურმე ამ კანონის უკან გამოწვევით ამერიკელებმა სუვერენიტეტი დაგვაკარგვინეს, რაც, რა თქმა უნდა, სისულელეა. კანონი გამოიწვიეს ქართველი ხალხის სურვილით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც. ლავროვისა და პესკოვის განცხადებები არ ყოფილა რაიმეთი გამორჩეული, რაც შეეხება სიმონიანს, მას საკუთარი ერიც მოღალატედ მიიჩნევს და მაგის მუქარას ჩალის ფასი აქვს. ჩემი აზრით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არა მგონია იმაზე დიდი იყოს ახლა, რაც, მაგალითად, 10 წლის წინ იყო”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ხელისუფლება უკან დახევის ასახსნელად სხვადასხვა მიზეზის დასახელებას ცდილობს...“ - პასუხობს:

“ყურით მოთრეული მგონია ხელისუფლების განცხადებები. მოვისმინე მაიდანთან გასული კვირის მოვლენების შედარებაც, რაც არასწორი მგონია. მაიდანი უკრაინის ევროპული მომავლისთვის ბრძოლასთან ერთად, ძალაუფლებისთვის ბრძოლაც იყო, რაც 7-8 მარტის პროცესებს განასხვავებს უკრაინული მოვლენებისგან. აქ ხელისუფლების დამხობა არავის სურდა, პროტესტანტებს სურდათ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკან წაეღო და მიაღწიეს კიდეც ამას. მე თუ მკითხავთ, თბილისის ამბები ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე უკვე აისახა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს. ის ცნობილი რეკომენდაციების 12 პუნქტიც ფორმალურად აუცილებლად შესრულდება და მათი შეფასებისას ევროკომისია არ იქნება ძალიან მკაცრი”.

სიმშვიდე დიდი ქარიშხალის წინ - რა ხდება ბახმუტში და როგორ მიდის მზადება დიდი შეტევისთვის

|ბახმუტში ვითარება კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა, რაც დრო გადის, უკრაინელების მიერ ქალაქის დაცვის აქტუალობა მხოლოდ იზრდება და დიდ მნიშვნელობას იძენს გაზაფხულის შეტევის მომზადებისთვის. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტში მომარაგების ხაზები სრულიად გადაჭრეს, სიცრუეა და ქალაქის დაახლოებით 60%-ს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსები ცდილობენ, რომ დონეცკის ოლქის ორ დიდ და მნიშვნელოვან ქალაქს - სლავიანსკსა და კრამატორსკს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ, ბახმუტი კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომელიც ამ ქალაქებს იცავს. ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ ახლა ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია და შესაძლოა ეს პერიოდი შეფასდეს, როგორც სიმშვიდე დიდი ქარიშლის წინ, რადგან უკრაინელები მასშტაბური შეტევისთვის სერიოზულად ემზადებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სიმშვიდე დიდი ქარიშხალის წინ - რა ხდება ბახმუტში და როგორ მიდის მზადება დიდი შეტევისთვის.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი გასულ კვირას ბახმუტში უკვე მეორედ ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიას ბახმუტის ალყაში მოქცევის საშუალება არ მისცეს, მაგრამ ფრონტის ამ სექტორში ვითარება კვლავ მძიმეა. გარდა ამისა, სირსკიმ განაცხადა, რომ ქალაქის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბახმუტის თავდაცვის აქტუალობა მხოლოდ იზრდება და ყოველი დღე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს რეზერვები მოამზადოს და მოახლოებული შეტევითი ოპერაციები დაგეგმოს. ამბობს, რომ ოკუპანტები დანაკარგებს არ ითვლიან, მაგრამ ამ შემთხვევბაში ჯარისკაცების რაოდენობა გადამწყვეტი არაა. ბახმუტში სირსკის ვიზიტის მომდევნო დღეს კი რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინელებს ქალაქის გარნიზონის მომარაგების ბოლო გზაც გადაუჭრეს. რაზედაც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სიცრუეა, თუმცა გზებს რუსები ბომბავენ. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსს” უყვება, ბახმუტში სიტუაცია რთულია, თუმცა ეს უკრაინელთათვის მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომელიც ორ მნიშვნელოვან ქალაქს - სლავიანსკსა და კრამატორსკს იცავს. ამასთან, ეს ბრძოლა უკრაინელებს შეტევის მომზადების საშუალებას აძლევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსები ცდილობენ სლავიანსკსა და კრამატორსკს მაქსიმალურად დაუახლოვდნენ. უკრაინის ორივე ქალაქი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ბახმუტი კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომელიც ამ ქალაქებს იცავს. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ბახმუტი დაეცემა, უკრაინელები ამ ორ ქალაქს ვერ დაიცავენ. მეორე ასპექტი ისაა, რომ რაც უფრო მეტი რუსი სამხედრო იქნება შეკავებული ბახმუტთან და რაც უფრო მეტ სამხედროს გაანეიტრალებენ - დაჭრა იქნება ეს, დაშავება თუ მოკვლა - ამ ფონზე უკრაინას უფრო მეტი შანსი ეძლევა, რომ საკუთარი სამხედროები გადაამზადოს, საკუთარ თავდაცვის მდგომარეობას გადახედოს და ა.შ. თუკი უკრაინელებს რუსების გაჩერება მოუწევთ, სჯობს გააჩეროს უფრო შორს და რაც შეიძლება კონკრეტულ ადგილას, რაც უკვე განადგურებული და ნაომარია. ბახმუტი კი სწორედ ეს ქალაქია. ამ თვალსაზრისით ბახმუტისთვის ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მდგომარეობას, ბახმუტზე სამი გზა გადის და აქედან ორი უკრაინელების ხელშია. კოსტიანტინივკას მაგისტრალი საბოლოო ჯამში კრამატოსკამდე მიდის, ეს ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და რუსები ამ გზიდან დახალოებით 2 კილომეტრში არიან. რა თქმა უნდა, გზა იბომბება, მაგრამ უკრაინელებისთვის კვლავ ღიაა, რადგან მომარაგება არ შეწყვეტილა. დიდი კოლონები აქ რომ ვერ გაივლიან, ეს ნათელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“მეორეხარისხოვანი გზა ჩასივ იარზეა. აქ რუსები გზიდან დაახლოებით 3 კილომეტრში არიან, საარტილერიო მუშაობა აქაც ძალიან აქტიურია და უკრაინელები აქაც თავისუფლად ვერ გადადგილდებიან. ორივე გზა ღიაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გადადილება რთულია. გზის გადაჭრა კი სხვა მოვლენაა, როცა პირდაპირი მნიშვნელობით გადაჭრილია და ვერაფერი ვერ გადის. რუსებმა მხოლოდ და მხოლოდ სლავიანსკის მიმართულებით ჩრდილოეთის გზა გადაჭრეს, ის უკრაინელთა მიერ ნამდვილად არ კონტროლდება. ქალაქის დასახლებული რაიონების დაახლოებით 40% რუსების ხელშია, მათ შორის მთელი აღმოსავლეთ ნაწილი”, - ამბობს კობერიძე. კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სმახედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ბახმუტს მხარეები ფაქტიურად 50/50-ზე აკონტროლებენ, ხოლო ადმინისტრაციული ცენტრი უკრაინელების ხელშია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბახმუტში სიტუაცია რთულია, ფაქტიურად ქალაქს მხარეები ნახევარ-ნახევარზე აკონტროლ;ებენ. რუსები ცდილობენ სამხრეთიდან ჩრდილოეთით ალყა შეკრან და წინ წავიდნენ, ამ მიმართულებაზე ძირითადად “ვაგნერი” მუშაობს. უკრაინელები კი ცდილობენ, რომ ხაზი რეზერვებით გაამაგრონ და რუსებს ბახმუტი-ჩასოვ იარის მიმართულებით გასვლის საშუალება არ მისცენ. როგორც ვიცი, უკრაინელებს მომარაგების ერთი მთავარი გზა აქვთ დარჩენილი და ესეც საცეცხლე დარტყმის ქვეშაა. უკრაინელები რამდენიმე მიმართულებით ქალაქის დებლოკირებას შეეცდებიან. ეს მხოლოდ სირკის მიდგომა არაა. დებლოკირება ნიშნავს, რომ დარჩენილი ნაწილები გაათავისუფლონ და რუსეთის საოკუპაციო ძალების ქალაქიდან დაახლოებით 5-10 კმ-ით განდევნონ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამასთან, რუსებს პრობლემები აქვთ. პრიგოჟინსა და რეგულარულ ძალებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ უკვე ფრონტზეც აისახა - “ვაგნერს” ტყვია-წამალს და ხელყუმბარებს არ აწვდიან. თუ ასე გარძელდა, ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. თან კოორდინაციისა და ავციაციის პრობლემებიც აქვთ. ბახმუტში სიტუაცია კრიტიკულად სტაბილურია, ქალაქის ადმინისტრაციის შენობას და მარცხენა ფლანგს უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა “ვაგნერის” ჯგუფი წინ მიიწევს და ადმინისტრაციული ცენტრისგან 2 კმ-ით არიან დაშორებული. მათ მდინარე ბახმუტკას ფორსირება შეძლეს. იმედია, რომ ახალ შეტევამდე ბახმუტი შენარჩუნდება”, - დასძენს მაისაია.

“ჯერ კიდევ ზამთარში იყო საუბარი იმაზე, რომ გაზაფხულისთვის უკრაინა დიდი შეტევისთვის ემზადებოდა. თუმცა, ჯერჯერობით ფრონტზე სიმშვიდეა და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია. ეს, დიდი ალბათობით, მასშტაბურ შეტევას მოასწავებს, რისთვისაც უკრაინელები შესაბამისად ემზადებიან. როგორც გიორგი კობერიძე აცხადებს, რუსების ზამთრის გეგმები ჩავარდა, ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია, უკრაინელების დიდი მზადება კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ უკრაინელთა მხრიდან შეტევა იქნება. ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ უკრაინელები შეტევას აპირებენ, თუმცა, ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, გეგმებს წინასწარ არ აჟღერებენ. ამის გამო კი ძნელია მიმართულება განისაზღვროს”, - წერს სტატიის ავტორი.

“სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ შეტევა არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ, მიმდინარე პერიოდში, უახლოეს კვირებში, უკრაინის მხრიდან შეიძლება ლოკალური შეტევებიც კი იყოს. მასობრივ სტრატეგიულ შეტევას ძალიან დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის მომზადება და ტექნიკის ჩაყვანა სჭირდება, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, მიტომ უკრაინელებს ამ თვალსაზრისით არსად ეჩქარებათ, ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია და არსად არ მოძრაობს. რუსების მიერ დაანონსებული ზამთრის შეტევა ჩავარდა. ამის მცდელობა კრემინასთან და უგლედართან იყო და სრულიად ჩაიშალა. ამიტომ ახლა დრო უკრაინელებზე მუშაობს. საშუალება აქვთ, რომ გადამზადდნენ და შემდგომ შეტევა დაიწყონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდ ბრიტანეთში რამდენიმე, ხოლო მთელს უკრაინაში დაახლოებით ასზე მეტი ბრიგადა მზადდება, რაც ნიშნავს, რომ ასი ათასზე მეტი სამხედრო იქნება, რომელსაც შეეძლება, რომ უკრაინელთა მხრიდან შეტევაში მიიღონ მონაწილეობა. ყველაზე რთული ბრძოლა დონეცკის რაიონში იქნება. შესაბამისად, ამ რაიონს ამ შეტევის მიმართულებად ნაკლებად მივიჩნევ”, - ამტკიცებს ჯიპას პროფესორი.

“ეს რაიონი ყველაზე მეტად ურბანული სივრცეა და დავინახეთ, რომ ასეთ სივრცეში ომი რთული იყო. ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ შეტევა ზაპოროჟიე, ან დანარჩენი ხერსონის რაიონისკენ იყოს, რომელიც ყირიმამდე მიდის და ეს რუსებისთვის აქილევსის ქუსლია. მეორე ვარიანტი ლუგანსკის რაიონშია - შეიძლება შეუტიონ სტარაბილსისაკენ, რომელიც ლუგანსკის რაიონში რუსული მომარაგების ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია. ეს თუ უკრაინელებმა აიღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმიის მომარაგება ლუგანსკის რაიონში გადაჭრილი იქნება და მეორეს მხრივ რუსების მდგომარეობა სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის და კრემინას მიმართულებით ბევრად დამძიმდება”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

“უკრაინელები საერთოდ თავიანთ ოპერატიულ გეგმებს წინასწარ არ აცხადებენ ხოლმე. ისინი გეგმებს უფრო კარგად ნიღბავენ, ვიდრე რუსები. ხერსონისა და ხარკოვის გათავისუფლებაც ამის შედეგი იყო. უკრაინელები წინასწარ არაფერს არ ამბობენ და ეს, როგორც ჩანს, რაღაცას ნიშნავს. ნატოს ბაზებზე მომზადებულ უკრაინელ კადრებს, ასევე დასავლეთიდან სერიოზული რაოდენობის ტექნიკას და შეიარაღებას ელოდებიან. პლიუს პოლონეთმა ლვოვში საველე სამხედრო მომზადების ცენტრი გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პლიუსია. ჩემი აზრით, შეტევა ბახმუტში შემხვედრი ბრძოლებით დაიწყება. შესაძლოა რამდენიმე სატყუარა მიმართულებაც მოაწყონ, თუმცა მთავარი რომელი იქნება, ამაზე საუბარი ძნელია. შეტევის დაწყებას მაშინ ველოდები, როცა გეოგრაფიული და კლიმატური პირობები უკრაინელებს ხელს შეუწყობთ. როცა მიწა გამოშრება და პირველი მზიანი პერიოდი იქნება, შეტევის დაწყებას უფრო მაშინ ვფიქრობ - გაზაფხულის თბილ დღეებში, ან ზაფხულის დასაწყისში”, - თვლის ვახტანგ მაისაია.

გიორგი გობრონიძე - “მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან ნაკარნახევი კანონი”

“ქართული ოცნების” უკან დახევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, თუმცა, სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ ჩემი ვერსია, თუ რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონი. როდესაც ამ კანონის ტექსტი წავიკითხე, ერთადერთი, რისი განცდაც დამრჩა, ის იყო, რომ ხელისუფლებას სურს დამატებითი კონტროლის მექანიზმების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან, პუტინისგან ან კიდევ ვიღაც სხვისგან ნაკარნახევი კანონი, არა, ის “ქართული ოცნების” ლიდერების გუმანის ნაყოფია. მმართველმა გუნდმა დაინახა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოზე ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი გაიზარდა. ასევე დაინახა, რომ აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის ქვეყნების მნიშვნელობა იზრდება დასავლეთის ენერგომომარაგებაში, საქართველო მონაწილეობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში და ჩათვალეს, რომ ჩვენმა ფასმა აიწია”, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან ნაკარნახევი კანონი”.

“აი, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ახლა მიეცათ შესაძლებლობა შექმნან კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების გაკონტროლების მექანიზმი და მოახდინონ ძალაუფლების კონსოლიდაცია. ივარაუდეს, დასავლეთისთვის საჭირო ვართ და ამ ამბავს შეეგუებიანო. ხელისუფლებას მართლა რომ აწუხებდეს ქვეყანაში უცხოურ ძალასთან დაკავშირებული პირების არსებობა, მათ საქმიანობას სს კოდექსითა და შესაბამისი სამსახურების საშუალებითაც აღკვეთდა. ჩვენი კოდექსის მიხედვით, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი მუშაობა დანაშაულია. იბადება კითხვა: თუ ისედაც დანაშაულად არის მიჩნეული, რაღაში გვჭირდება დამატებითი კანონი? ხომ არ გვინდა იმ ორგანიზაციების შეზღუდვა, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო კონტროლის მექანიზმს პოლიტიკურ ელიტაზე? დასავლელ პარტნიორებს შეიძლება თეორიულად ისევ შეენარჩუნებინათ ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ურთიერთობის იმ დონისგან განსხვავებული, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის. აზერბაიჯანი დასავლეთისთვის საჭიროა როგორც ნედლეულის ბაზა და ჩვენც უბრალოდ საჭირო ვიქნებოდით, როგორც დერეფანი. ეს ნიშნავს, რომ დასავლური პოლიტიკური ჯგუფები შეძლებდნენ ამ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას კონკრეტული ეკონომიკური მიზნებისთვის, მაგრამ ქვეყნის შემდგომ განვითარებაში აღარ დაგვიჭერდნენ მხარს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“შეწყდებოდა ინვესტიციები, საერთაშორისო ასპარეზზე შემცირდებოდა ჩვენი, როგორც განვითარებისკენ მიმავალი სახელმწიფოს ნდობა და ჩვეულებრივ კავკასიურ, პოსტსაბჭოთა, ტოტალიტარულ რეჟიმად აღგვიქვამდნენ. საერთაშორისო თანამშრომლობა ვალდებულებების შესრულებას ნიშნავს, ამ კანონის მიღებით კი ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყოდით უარს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და კიდევ ერთხელ მოვატყუებდით ჩვენს პარტნიორებს. პარტნიორების მოტყუება კი ძალიან ცუდი ტონია, გარისკვად ნამდვილად არ გვიღირს, რადგან არ არის გამორიცხული, სრულიად მარტო აღმოვჩნდეთ ადგილობრივი რეგიონული ძალების პირისპირ. მე მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. რეგიონში თავისი ინტერესები აქვს როგორც თურქეთს, ასევე ირანს და სავსებით შესაძლებელია ქვეყანა სავაჭრო ობიექტად ვაქციოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც რეგიონული ლიდერები გავლენის ზონებს გადაინაწილებენ, თუ დასავლეთის მხარდაჭერა არ გვექნება, ძალიან მარტივად აღმოვჩნდებით გასაყოფი ლოტების სიაში. ვფიქრობ, ხელისუფლებამ დაინახა და რეალურად შეაფასა როგორც საგარეო, ასევე ქვეყანაში არსებული რისკები და ამიტომაც გადაწყვიტა ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთი მომენტია გასათვალისწინებელი - ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% საქართველოში დასავლეთიდან შემოდის დახმარებების სახით. ამის მეშვეობით ახორციელებს მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეფორმებსა და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდის განმავლობაში 3 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული საქართველოს მთავრობას დახმარების სახით. ამ ლოგიკით, თუ ვინმე უნდა დადგეს აგენტად აღრიცხვაზე, ეს ხელისუფლება უნდა იყოს. ამასთან, როდესაც შენ დასავლური ფინანსების შეზღუდვას დაიწყებ, რა გარანტია გაქვს, რომ საერთოდ არ შეგიწყვეტს დაფინანსებას? არ არის გამორიცხული, ამის შესახებ გააფრთხილეს კიდეც “ქართული ოცნება”. შიდა პროდუქტის 15%-ით შემცირებას საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადაიტანს, უბრალოდ, არჩევნებამდე ვერ მიაღწევს. ასეთ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება ცხოვრების ხარისხის გაუარესება, მძიმე სოციალური პრობლემები”, - განმარტავს ექსპერტი.

“რუსეთში ძალიან კარგად იციან ქართული ხასიათი, აქ არსებული სიტუაცია და შესაბამისადაც იყენებენ ამ ყველაფერს. იციან, ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აგენტებს რომ ეძახიან და მერე ამის გამო დიდხანს ჩხუბობენ. რას ამბობს ოპოზიცია? თურმე “ქართული ოცნება” რუსეთის დავალებით ცდილობს ე.წ აგენტების კანონის მიღებას. თქვეს საქართველოს მთავრობაში ჩვენი აგენტები არიანო? სად გინახავთ სპეცსამსახურების გავრცელებული განცხადება, ჩემი აგენტები კარგად იქცევიანო? ან რა ლოგიკაში ჯდება, რომ კრემლმა საქართველოს პრემიერი გადაიბირა და მერე მედიის საშუალებით დაუწყო ქება, დედა, რა კარგი ბიჭიაო. ამ ქვეყანაში აღარ დადგა ის დრო, რომ ყველა შეეშვას ბოლშევიკური სტილით საუბარს. თქვენ რომ იყოთ რუსული სპეცსამსახურების ადგილზე და ძალიან მარტივად შეგეძლოთ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა, არ გააკეთებინებდით ადამიანებს ისეთ განცხადებებს, რის გამოც მერე ქართველები ერთმანეთს დაერეოდნენ?! მე გავაკეთებინებდი და მერე ძალიან გავერთობოდი. ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის აგენტები კი არა, ხარბები არიან, ყველა სისულელეს პირადი გამორჩენის მიზნით აკეთებენ”, - მიიჩნევს გიორგი გობრონიძე.

“რაც შეეხება სიმონიანის განცხადებას, ხალხის ომით დაშინებას, ეს ხალხის კონკრეტულ მასაზეა გათვლილი და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ნებისმიერი მათი განცხადება ჩვენს პროვოცირებაზეა გათვლილი. ისე დაგვცინიან და გვეთამაშებიან, როგორც პატარა ბავშვს. ხედავენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი აბსოლუტურად დაულაგებელია. ნებისმიერი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში სამოქალაქო ომის საშიშროებით მიმდინარეობს. ნახეთ, რა ნარატივი ვრცელდება, აგენტების კანონის გამოწვევას შეიძლება სამოქალაქო ომი მოჰყვესო. რატომ უნდა მოჰყვეს სამოქალაქო ომი იდიოტური კანონის გამოწვევას?! საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლება შეაჯანჯღაროს, როდესაც ის ჩარჩოებიდან გადის. პროტესტი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო კონსტიტუციური უფლების დაცვა სამოქალაქო ომს არ იწვევს. დაპირისპირებას და ომს იწვევს კონსტიტუციური უფლებების გათელვა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ოპოზიციას, სტუდენტებმა აქციაზე აგრძნობინეს, რომ არ ენდობიან. გამოიტანს დასკვნას აქედან ოპოზიცია?” - პასუხობს:

“ჩვენი საზოგადოების 67% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეების მხოლოდ 23% ირჩევს მთავრობას. წესით, ეს მოცემულობა ადრეც უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებელი. რეალობის აღქმა არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. ახალგაზრდები შეწუხდნენ იმ რისკის გამო, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემუქრება და იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, თორემ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უჭერენ მხარს. სახუმარო ამბავი არ გეგონოთ ის, რომ ხალხის 67% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ეს პოლიტიკურ აპათიაზე მიანიშნებს. მე ხელისუფლებასაც ვურჩევდი და ოპოზიციასაც, მსოფლიო ისტორიას გადახედონ და ნახავენ, რომ პოლიტიკური აპათია მათ კარგს არაფერს მოუტანს”.

ტოვებენ თუ არა “ოცნებას” დეპუტატები და რა საფრთხეს უქმნის ეს საპარლამენტო უმრავლესობის არსებობას

“საქართველოში 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების, საპროტესტო აქციების და მმართველი პარტიის მხრიდან კანონმდებლობის უკან გაწვევის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დეპუტატს “ქართული ოცნების” დატოვება სურს. ანალიტიკოსები ამ სცენარს რეალურად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის არსებობაც კითხვის ქვეშ დადგეს. საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ფორირებისათვის საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა 76-ია (სრული შემადგენლობის ნახევარს პლუს ერთი დეპუტატი). ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატი შედის, საიდანაც 74 მმართველი პარტია “ქართული ოცნების”, ხოლო 9 კი - მისგან გამოყოფილი “ხალხის ძალის” წარმომადგენელია. აქედან გამომდინარე, თუკი „ქართულ ოცნებასა" და, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას 8 ან მეტი დეპუტატი დატოვებს, ეს შესაძლოა საპარლამენტო კრიზისის დასაწყისი გახდეს, რადგანაც უმრავლესობის არსებობა კითხვის ქვეშ დადგება. ხოლო თუ ეს ასე მოხდა და შედეგად პარლამენტი ქმედითუუნარო გახდა, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტოვებენ თუ არა “ოცნებას” დეპუტატები და რა საფრთხეს უქმნის ეს საპარლამენტო უმრავლესობის არსებობას.

“საგულისხმოა ისიც, რომ 7 მარტს საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ სკანდალურ კანონპროექტს მხარი ზუსტად 76-მა დეპუტატმა დაუჭირა (წინააღმდეგი 13 დეპუტატი იყო). აქედან ერთი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრიდონ ინჯია იყო “ევროპელი სოციალისტებისაგან”. შესაბამისად გამოდის, რომ მმართველმა გუნდა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კანონის გასატანად გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში უმრავლესობის მხოლოდ 75 წევრის მობილიზება შეძლო. თავისთავად ეს ფაქტიც იმის მანიშნებელია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას უმრავლესობის შენარჩუნების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შესაძლოა უკვე აქვს. მედიაში კი უკვე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რამდენიმე დეპუტატს მმართველი პარტიის დატოვება სურს. “ტვ პირველის” ცნობით, საუბარია 6 დეპუტატზე. ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღნიშნულზე ინფორმირებულია და მან დეპუტატებს უთხრა, რომ თუ ისინი დატოვებენ “ქართულ ოცნებას”, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობაც უნდა დატოვონ, რათა მათი ადგილები უმრავლესობის წევრებმა შეავსონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა 6 დეპუტატიდან სამის ვინაობა: გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ელგუჯა გოცირიძე. “ტვ პირველის” გარდა საპარლამენტო უმრავლესობაში მოახლოებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხიც” ავრცელებს. მათი თქმით, გენერალ-მაიორი, ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მმართველი პარტიის დატოვებას გეგმავს. მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თანახმაა, მაგრამ ისინი ჩაჩიბაიასგან ასევე ითხოვენ, რომ დეპუტატის მანდატიც დატოვოს და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით არ გააგრძელოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია პარლამენტში ერთ ადგილს დაკარგავს. შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაიამ 7 მარტს გამართულ პირველ მოსმენაზე, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" მხარი არ დაუჭირა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” იმ საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც შეიძლება, რომ მმართველ პარტიას დაემუქროს. კერძოდ, ექსპერტის თქმით, თუ “ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას დაკარგავს, მთავრობისადმი ნდობის საკითხი დადგება და შესაძლოა საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდეც მივიდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემი აზრით, ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის და მართლაც შეიძლება, რომ რამდენიმე დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვოს, მაგრამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. თუ დეპუტატები პარლამენტის მანდატებსაც დატოვებენ, მაშინ „ოცნება" შეძლებს შეავსოს თავისი საპარლამენტო უმრავლესობა სხვა დეპუტატებით. მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა არ მოისურვა დეპუტატის მანდატის დატოვება, აუცილებლად დადგება მმართველი პარტიის მიმართ ნდობის საკითხი, რადგან მათ აღარ ექნებათ საპარლამენტო უმრავლესობა და უფლებამოსილება მთავრობის ფორმირებაში. თუ ეს მოხდა, პროცესები იმ მიმართულებით წავა, რომელიც ოპოზიციას ყველაზე მეტად აწყობს - „ქართულ ოცნებას" აღარ ექნება პარლამენტში 76 მანდატი და კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“მან ასევე ისაუბრა იმ დეპუტატებზე, რომლებმაც შესაძლოა უმრავლესობა დატოვონ და აღნიშნა, რომ ეს კლასიკური “ფლუგერის პრინციპია”, როდესაც პოლიტიკოსები პარტიიდან პრობლემის შექმნისთანავე სხვაგან გადასვლას და თავის დაღწევას ცდილობენ. “დეპუტატების პარტიიდან გასვლა ჩვეულებრივი მომენტია. მსგავსი მოხდა წინა და იმის წინა მოწვევის პარლამენტშიც. ვიტყოდი, რომ ეს ჩვეულებრივი, კლასიკური “ფლუგერის” პოლიტიკური პრინციპია, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი პარტიიდან მაშინ გადის, ან სხვაგან გადადის, როდესაც მთლიანი პოლიტიკური ორგანო პრობლემის წინაშეა”, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე, რომლის აზრით, “ეს თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კობერიძე - “პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში ანტიდემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო”

“კაცმა არ იცის, ამ კანონის ამუშავების ფორმები როგორი იქნებოდა, ვის რა სტატუსს მიაწებებდა ხელისუფლება, რა საქმიანობას შეუზღუდავდნენ. როდესაც 2012 წელს ეს კანონი რუსეთში მიიღეს, 10 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაამატეს ან ამოიღეს მუხლები და საბოლოოდ ისინი, ვინც ოდესმე მაინც ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და მერე ცდილობდნენ პოლიტიკაში მოსვლას, ან საჯარო სამსახურის დაწყებას, მაქსიმალურად შეზღუდეს. მედიასაშუალებებს შეეზღუდათ ინფორმაციის გავრცელება ისე, თუ დართული არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი უცხოეთის გავლენის აგენტები იყვნენ. დაიწყო ასეთი პირების დაკავება, ფინანსურ პოლიციაში დაბარება და მათზე კორუფციული საქმეების შეთხზვა, მათ კარებზე მიწერა, რომ ისინი არიან აგენტები...” - აცხადებს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში ანტიდემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო”.

“მსგავსი რაღაცები საქართველოშიც შევამჩნიეთ, როცა იყო პროპაგანდა, თითქოს­ არასამთავრობოები ეკლესიას უტევენ, მის წინააღმდეგ გამოდიან - ანუ ზუსტად იგივე მწიფდებოდა საქართველოში. ამ კანონის აღსრულებით დაიწყებოდა ამ სექტორის შეზღუდვა. ავტომატურად შეიზღუდებოდნენ მედიასაშუალებებიც არასასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. რაც მთავარია, ამავე კანონში შენიშვნის სახით ეწერა, რომ აგენტად ის პირიც აღიქმებოდა, ხელშეკრულებით რომც არ მუშაობდეს, უცხოეთიდან ფულსაც რომ არ იღებდეს, სულაც არაფერს აკეთებდეს, ანუ, პრაქტიკულად, ეს კანონი ყველას შეგვეხებოდა, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. სრულად უნდა ჩაეკლათ ახალგაზრდული და სტუდენტური აქტივობები, სტუდენტური პროგრამები, რაც ნიშნავს, რომ მათ უკარგავდნენ პერსპექტივას თავისუფალი ყოფილიყვნენ, მათ ხელში უნდა ყოფილიყო ტვინის რეცხვისა და არა მარტო ახლანდელი, სამომავლო ოპონენტების დაჩაგვრის საშუალებაც. ეს იყო გრძელვადიანი კონტროლის მექანიზმი. მერე ამას შეიძლება მოჰყოლოდა სანქცირებული მიტინგის შესახებ კანონის შემოღება. კანონის ინიციატორებს ხელი იმან შეუშალა, რომ არ ელოდნენ ამ მასშტაბის რეზონანსს. იმ იმედით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიჰილიზმია, იმედოვნებდნენ, რომ წინააღმდეგობა არ იქნებოდა, თუმცა შეცდნენ. მათ მოქალაქეებს იმდენად დაუჩლუნგეს კრიტიკული აზროვნება, რომ ისიც ჩათვალეს, ახალგაზრდებს პოლიტიკა არ აინტერესებდათ. ისინი შეიძლება არავის უჭერენ მხარს, მაგრამ ესმით, რა არის რუსეთი და რა - დასავლეთი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“დასავლეთს ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიცია აქვს ჩადებული საქართველოს დასახმარებლად. ამ დროს კი გამოდის საქართველოს ხელისუფალი და პირდაპირ შეურაცხყოფს, მტრად მოიხსენიებს. დასავლეთმა როგორც კი დაინახა, რომ საქართველოში უკვე ჩვეულებრივი კონსტიტუციური გადატრიალება იყო, რა დროსაც სახელმწიფო და კონსტიტუცია მთლიანად ხელში ჩაიგდეს ძალებმა, რომლებსაც აღებული აქვთ პირდაპირი პრორუსული კურსი, მით უმეტეს, დაინახეს დიდი სახალხო პროტესტი, რომ ჯანსაღი ძალა მათკენ იყო, დასავლეთმაც იმოქმედა. “ქართულმა ოცნებამ” ამით მიიღო უზარმაზარი საშინაო და საგარეო რეპუტაციული დარტყმა, რომლის გამოსწორება ძალიან გაუჭირდება. დასავლეთს ყველანაირი დიქტატორი, აგრესორი და მტრული სახელმწიფო შეზღუდული ჰყავს. ის სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ ანტიდასავლური ღონისძიებების გატარებასა და მოსახლეობის დაჩლუნგებას, გარიყული ჰყავთ. მათ კარგად ესმით, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას, რომელსაც დასავლეთისკენ სწრაფვის 83%-იანი მხარდაჭერა აქვს. საქართველო რუსეთი ან ჩრდილო კორეა არ არის, რომ მარტომ იარსებოს. არც ქართველი ხალხი არის კორეელი, რუსი და ბელარუსი, მას ყოველთვის სხვანაირი აზროვნება ჰქონდა და აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლება მხოლოდ ფიქციურად არის ევროპული, სინამდვილეში კი ევროპულობის არაფერი სცხია. ხალხის მოთხოვნის საპასუხო იქნება, თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ეს იქნება ევროპის ძალიან კარგი ნაბიჯი. ჩვენი ხალხი უფრო მოტივირებული გახდება, რომ მან შეძლო და მოიპოვა ეს სიკეთე. სხვა შემთხვევაში, პრორუსული ძალები ხელზე დაიხვევენ, აგერ, ჩვენ გავიწვიეთ კანონი, მაგრამ ხომ ხედავთ, ისევ ისე ვართ, არ გვაძლევენ სტატუსსო. ამიტომ ახლა ევროპის სახელმწიფოებმაც პოზიტიური სიგნალები უნდა გამოუშვან და მოტივაცია მისცენ ქართველ საზოგადოებას... თუკი შევძელით, რომ დემოკრატიული მუხტი ძალიან ძლიერი იყოს, დემოკრატიულად განვვითარდით, შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ადგილას, სადაც ბევრი ევროპული ქვეყანა ვერც იოცნებებდა. საქართველოს ახლა აქვს შანსი იმისა, რომ თავისი დემოკრატიული და ავტოკრატიული ტრადიციების გადაფასებით სწორ გზაზე დადგეს. კანდიდატის სტატუსი დაგვაჯერებს, რომ დემოკრატია და თავისუფლებისათვის ბრძოლა მართლა აღებს ევროკავშირის კარს. თუ ჩვენ დავრწმუნდით, რომ სახალხო დემოკრატიას შეუძლია ევროკავშირის წევრობა მოიტანოს, მისკენ არა მარტო პოლიტიკოსების, ხალხის სწრაფვაც გაათმაგდება”, - მიიჩნევს ჯიპას პროფესორი.

“ხელისუფლება, რომელიც აპირებს ამ ქვეყანაში დარჩენას, უნდა მიხვდეს, რომ დრო მასზე არ მუშაობს, თაობები იზრდებიან, მათ მეტი ამბიცია და მოთხოვნა აქვთ. ხალხი მუდმივად პასიური არ იქნება. დასკვნებს თუ გააკეთებენ, მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში წარმატებისა და ძალაუფლების გზა ხალხის უმრავლესობამდე მიდის. აქამდე ხალხის უმრავლესობა მდუმარე იყო, ხოლო ხმაურიანი უმცირესობა ცდილობდა საკუთარი თავი წარმოედგინა უმრავლესობად. ახლა ეს შეცვლილია - გამოჩნდა, ვინ არის რეალური უმრავლესობა და ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ავტოკრატი ვერ არის, იძულებული იქნება აჰყვეს სახალხო ნებას, პოლიტიკურად გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ხალხსა და სახელმწიფოს სჭირდება. განსაკუთრებით ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში არ დაუშვებს კორუფციას, პოლარიზაციას შეამცირებს, გამჭვირვალობას გაზრდის... ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოების კეთილდღეობას. ის 12 პუნქტი ხელისუფლებას ხომ არ აიძულებს რაიმე ნეგატიურს, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაჯანსაღდეს. ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებას ეს უნდა აწყობდეს”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “რეაქციული სეგმენტის, პრორუსული ძალების გააქტიურების საფრთხე თუ არსებობს? აღმოცენდა ვერსიები მაიდნის, სამოქალაქო დაპირისპირების სცენარის განვითარების...” - პასუხობს:

“ამას გამოვრიცხავ. როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში უმცირესობა ყოფილა ხმაურიანი და ამ “ალტინფოებისა” და ვიღაცების (რუსული და პრორუსული ორგანიზაციების), რომლებიც ხელისუფლების კალთას ამოფარებული ფაფხურობდნენ, პოლიტიკური ზეგავლენის უნარი ძალიან ლიმიტირებულია. იმდენად, რომ თუკი ხელისუფლებამ არ აიძულა რაიმე გააკეთონ, რეალურ პოლიტიკურ შედეგებს ვერც დებენ. ეს ძალები ჩამორჩნენ ტექნოლოგიებს, მათ პოლიტიკური მიმზიდველობა არა აქვთ. რაც უნდა გააკეთონ, არაფერი გამოუვათ. რუსეთს არ სცალია და დასუსტებულია, დასავლეთი მყარად დგას და ხალხიც, ასე თუ ისე, გამოფხიზლებულია - პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში ანტიდემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო. ხალხის დაშინება ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის მეთოდია - აი, მაიდანი იქნება, ეს იქნება, ის იქნებაო... უკვე ყველამ იცის ჰიბრიდული ომის მეთოდი და იმიტომ კი არა, რომ ყველამ გერასიმოვის დოქტრინა წაიკითხა, არა, იმიტომ, რომ იმდენჯერ იქნა გამოცდილი, გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაისწავლა, ხალხს ასჯერ ერთი და იმავეთი ვერ მოატყუებ. ეს ყველაფერი უკრაინის ომის მიღმა რომ ხდებოდეს, შეიძლება ბევრად საშინლად გამოჩენილიყო, მაგრამ უკრაინის ომის კვალდაკვალ ეს მეთოდები უკვე სასაცილოა...”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა