გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არ არის - ამ ხელისუფლებით წინ ვერ წავალთ, მუშაობა უნდა იყოს, რომ უკან არ წავიდეთ

დადგინდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისგან მართული ძალაა - ამ ხელისუფლებით წინ ვერ წავალთ, ჩვენი მუშაობა უნდა იყოს იმაზე, რომ უკან არ წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე ან სასამართლოს რეფორმირებაზე, რაღაც პოზიტიური შეიმუშაოს.

„მაქსიმუმი ახლა ისაა, რომ მათ [ხელისუფლებამ] რაღაც არ გააფუჭონ, კიდევ არ შემოიტანონ რაღაც ისეთი, რაც საქართველოს პერსპექტივას შეასუსტებს, თორემ ეს ხელისუფლება ახლა დაჯდეს და რაღაც პოზიტიური დაწეროს დეოლიგარქიზაციაზე და სასამართლოზე, შეუძლებელია. შეუძლებელია ამ ხელისუფლებით მომავალი სვლა არა მხოლოდ ევროპული, არამედ ზოგადად, დემოკრატიული მიმართულებით. მათ ლუსტრაცია გაუკეთეს საკუთარ თავს, ზედმეტად გამოაჩინეს, ვინც არიან. მარტივია - ამ ხელისუფლებით საქართველო წინ ვერ მიდის. ამ ვითარებაში მაქსიმუმი მიზანი არის ის, რომ რამე არ გააფუჭონ სანამ ხელისუფლებაში არიან. ამ ხელისუფლებით წინ ვერ წავალთ, ჩვენი მუშაობა უნდა იყოს იმაზე, რომ უკან არ წავიდეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანა რეჟიმში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა განახორციელოს, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ეჭვი შეაქვთ.

„მოქალაქეებისთვის ნათლად გამოვლინდა და დადგინდა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არაა, მეტიც - მისი დღის წესრიგი აგებულია იქიდან გამომდინარე, თუ რას ეუბნება რუსეთი. ამაზე თანხმობა მოხდა საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, ვინც მხარს უჭერს ან არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. ასევე ნათელი გახდა, რომ ეს არ არის მოლაპარაკების უნარის მქონე ძალა. აქცია ხელით მართვაზე იყო გადასული, რათა შეეყვანათ [პარლამენტში] დეპუტატები და გაეკეთებინათ ის, რასაც მათ საზოგადოება სთხოვდა. ამ ჯგუფის [„ქართული ოცნების“] ნდობა აღარაა, რომელმაც თაღლითური ბუნება ბევრჯერ გამოავლინა. ამასთან, ზუსტად იგივე განცდა აქვთ პარტნიორებს. აღვნიშნავდი ხოლმე პარტნიორების შერბილებულ შეფასებებს, ასეთი რამ აღარ არის. ჭეშმარიტება, რაც საზოგადოებისთვის გამოჩნდა, პარტნიორებმაც დაინახეს. შესაბამისად, დღეს საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების სრული თანხვედრაა. გადავდივართ რეჟიმში, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა განახორციელოს, ეჭვი შეაქვთ. ეჭვია, რომ ნებისმიერ კანონს გამოიყენებენ არა მისი არსობრივი დანიშნულების, არამედ არადეკლარირებული, ფარული, მზაკვრული მიზნებისთვის. შესაბამისად, რანაირად წარმოგიდგენიათ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, როდესაც საზოგადოება ყველაფერში ხედავს ეჭვს, რომ ან რუსეთისკენ გადახვევაა ან რეპრესიების განხორციელების სურვილი. ყოველ წუთას სადარაჯოზე უნდა ვიყოთ იმ ხალხის, რომელსაც ფორმალური ბერკეტები აქვს ხელში - პოლიტიკურად ეს შეუძლებელია“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიმართ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, რატომ მოუწოდებენ ისინი ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობისკენ, მარგველაშვილი ამბობს, რომ „დასავლელი პარტნიორები სხვა რიტორიკას ვერ მიმართავენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ ვერ მოუწოდებენ“.

„ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული, ქართული კოშმარია, მაგრამ მაინც ვერ იტყვიან, ქუჩაში გამოდითო, პოზიტიური დღის წესრიგი უნდა დადონ. თუმცა, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ეს ნაკლებად პრობლემურია, მთავარ პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ ხელისუფლების ცვლილების ალტერნატივის დანახვება საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს