შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი მზადაა სახალხო დამცველს შეხვდეს - ლევან იოსელიანს შეუძლია ის ნებისმიერ დროს მოინახულოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, რითაც ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ლევან იოსელიანის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გამოხატულ მზადყოფნას გამოეხმაურა.

ხაჭაპურიძის თქმით, ლევან იოსელიანი ყოფილი პარლამენტარია და მას ესმოდა, თუ რა განცხადებები კეთდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც, მან თავად უნდა ნახოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა.

„ძალიან კარგია, რომ ეს სურვილი გამოთქვა. ამ განცხადების შემდეგ, სააკაშვილი არ მინახავს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის ამ პოზიციას მიესალმება. წინააღმდეგი რატომ იქნება? ის მზად არის ნებისმიერ კომისიას, ნებისმიერ ექსპერტს, მითუმეტეს, სახალხო დამცველს შეხვდეს, ნახოს სახალხო დამცველმა. ერთი წელიწადია ამბობენ, სააკაშვილი ავად არ არისო, პარლამენტარი იყო სახალხო დამცველი, ისმენდა პარლამენტში რა განცხადებებიც კეთდებოდა, მივიდეს და თავად ნახოს, რა მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ნებისმიერ დროს შეუძლია ეს ვიზიტი განახორციელოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძე.

ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პენიტენციური სამსახურის 500 ლარით დაჯარიმებას. როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ამ ყველაფერს შოუს ელემენტები აქვს, ვინაიდან სასამართლო აღნიშნულ ჯარიმას გააუქმებს.

„წინა კადრები როცა გავრცელდა, მაშინაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და პენიტენციურის მხარე დაიჭირა. აქაც იგივე შოუს ელემენტებით არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი, ახლა ამ გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური ისევ გაასაჩივრებს და სასამართლო გაამართლებს პენიტენციურ სამსახურს - შოუა ეს. ყველაფერი იმისთვის კეთდება, თითქოს, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი მუშაობს და ა.შ. თუ რეალური შედეგის დადება უნდოდათ, იმ კადრებში ექიმები, ადვოკატი, გიული ალასანია, პარლამენტის ორი დეპუტატი - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია ჩანან - ამ გადაწყვეტილებაში ამ საკითხზე ნამსჯელი არ არის, მხოლოდ სააკაშვილის საკითხია. კი ბატონო, სააკაშვილის პერსონალური მონაცემები დაირღვა, მაგრამ სხვა ადამიანების მიმართ არ დაირღვა? ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ილუზია შეიქმნას - დემოკრატიაა და რომ თითქოს, არ ირღვევა ადამიანების პერსონალური მონაცემები, თუ ირღვევა, გარკვეული რეაგირება გვაქვსო. ეს 500 ლარი რაღა იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი შოუს ელემენტებითაა, თითქოს, გვაქვს ასეთი ტიპის სამსახური და აჯარიმებენ. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საერთოდ პირდაპირ ეთერში იჯდა და განიხილავდა, კომენტარებს უკეთებდა იმ კადრებს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო შელახა სააკაშვილის უფლებები“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა, ცუდი შედეგი დადგეს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა