თამარ გაბუნია - 2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე - პროგრამის შექმნის დღიდან მკურნალობაში 81 184 ადამიანი ჩაერთო

2015 წელს, C ჰეპატიტის დაავადების მაჩვენებელი, მოსახლეობის 5.4% იყო, 2021 წლისთვის კი, 1.8% მდე შემცირდა - 2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობაში ჯამში, 81,184 ადამიანი ჩაერთო.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში, 2015 წლიდან, ამოქმედდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შექმნის დღიდან, მკურნალობაში 81,184 ადამიანი ჩაერთო. აქედან, 56772 პაციენტი უკვე განიკურნა. თუ, 2015 წელს, დაავადების მაჩვენებელი, მოსახლეობის 5.4% იყო, 2021 წელს, 1.8%-მდე შემცირდა, ანუ 67%-ით. ეს იყო მართლაც გარდამტეხი პროგრამა, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან მიზნობრივი პროგრამებისა და მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია შესაფერისი რესურსების მობილიზება, თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების სწრაფად დანერგვა და ახალ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

„ამ მზარდი რესურსებით, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, თუ სხვა მიზნობრივი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლონ. ამით, მოსახლეობას შესაძლებლობას ვაძლევთ, მიიღონ როგორც პრევენციული სერვისები, ისე დაცულები იყვნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებისგან, ვგულისხმობ, ტუბერკულოზს, აივ/შიდსს, C ჰეპატიტს, B ჰეპატიტს“, - განახადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 1 451 747 000 ლარია, აქედან, 880 მილიონი ლარით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, დანარჩენი თანხით კი სხვადასხვა მიზნობრივი, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, მათ შორის - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაფინანსდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა