ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023

რატომ აანონსებენ წინასწარ უკრაინელთა საგაზაფხულო კონტრშეტევას - “მტერზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა და შეტევის ეფექტურობას არ ამცირებს”

ახალი კოალიციებისა და ალიანსების პერსპექტივა - იცვლება თუ არა პოლიტიკური კონფიგურაცია საქართველოში

“პრეზიდენტს ნახევრად ცარიელ დარბაზში შეიძლება მოუწიოს გამოსვლა”

* * *

რატომ აანონსებენ წინასწარ უკრაინელთა საგაზაფხულო კონტრშეტევას - “მტერზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა და შეტევის ეფექტურობას არ ამცირებს”

“დასავლელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის “ძალიან კარგი შანსები აქვს”, “რუსეთის რესურსები კი თანდათან იცლება”. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინისთვის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდი ყველაზე მეტად ხელსაყრელია და ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გამოიყენოს. ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, გაწვრთნილი ცოცხალი ძალისა და დასავლური ტექნიკის თანდათან უკრაინაში თავმოყრა, ასევე დასავლელი ლიდერების განცხადებებში ირიბი მინიშნებები ცალსახად იმის მანიშნებელია, რომ უკრაინალები რაღაც სერიოზულს აპირებენ. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, უკრაინის მხრიდან რაც უფრო მეტად იწელება კონტრშეტევის დაწყების დრო, საოკუპაციო ძალები პირიქით, უფრო მეტად თამამდებიან და შეტევაზე გადადიან. ეს კონცენტრაცია და განცხადებები კი მათ ფსიქოლოგიურად ძაბავს და კონტრშეტევის მოულოდნელობის ეფექტს საერთოდაც არ ამცირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ აანონსებენ წინასწარ უკრაინელთა საგაზაფხულო კონტრშეტევას - “მტერზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა და გეგმების გახმოვანება შეტევის ეფექტურობას არ ამცირებს”.

“გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის “ძალიან კარგი შანსები” აქვს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სენატში სხდომის დროს განაცხადა. ოსტინის თქმით, რუსეთის ძალებთან შედარებით უკრაინას ახლა “მნიშვნელოვანი უპირატესობა” გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზი ორივე მხარეს იცვლებოდა და “ბახმუტის რაიონში ახლა საკმაოდ სერიოზული ბრძოლები” მიმდინარეობს. “უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს, და მათ საკუთარი ჯავშანტექნიკის მარაგები ამოწურეს ისე, როგორც ამას არავინ არასდროს არ წარმოიდგენდა. და ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საწყობებიდან თ-54 და თ-55 ტანკები მოაქვს იმ დანაკარგების დონის გამო, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს”, - განაცხადა ოსტინმა. მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთის რესურსები იცლება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, რის გამოც იგი იძულებულია დახმარება ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სთხოვოს. “ამიტომ ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე საბრძოლო ქმედებების გააქტიურებას დავინახავთ, ვინაიდან მანევრირებისთვის პირობები უმჯობესდება, და ასევე იმის საფუძველზე რაც უკვე გავაკეთეთ და რის კეთებასაც ვაგრძელებთ. ვფიქრობ, უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება”, - განაცხადა ოსტინმა. ვახტანგ მაისაიას თქმით კი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი უკრაინისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის მხრიდან რაც უფრო მეტად იწელება კონტრიერიშის დაწყების დრო, საოკუპაციო ძალები პირიქით უფრო მეტად გადადიან შეტევაზე და საომარ მოქმედებებში ფაზებს ააქტიურებენ. მათ ახლა ამით შექმნეს ისეთი მდგომარეობა, რომ პროპაგანდისტებს არ მისცეს საშუალება, რომ ეს ვითარება თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს მეორე მხარის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლაა და შესაძლოა დაშინებაც კი ეწოდოს. ამ შემთხვევაში გეგმების გარკვეულწილად გახმოვანება შეტევის ეფექტურობას არ ამცირებს, რადგან იმას არ აფიქსირებენ, სად როგორ და რანაირად აპირებენ. დეტალებს არ ახმოვანებენ, შეიარაღება რომ ჩადის და ჯარისკაცები იწვრთნებიან, ეს ისედაც ბუნებრივი მოვლენაა, ამას თავად რუსებიც აკეთებენ. ფრაზა რომ “უკრაინას გაზაფხულზე ძალიან კარგი შანსები აქვს”, პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს რუსულ სამხედრო მანქანასთან ბრძოლის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, მათ ფსიქოლოგიური ბარიერი გადატეხეს, რომ რუსების შეიარაღებული ძალების დამარცხება სავსებით შესაძლებელია. ბახმუტის ახლანდელი სიტუაციაც ამის კარგი მაგალითია, რომ რუსებმა ერთი პატარა ქალაქი რვა თვეა ვერ აიღეს. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად ომობენ ე.წ. მანერჰეიმის ხაზს ოკუპანტები ვერ არღვევენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ოსტინი ღიად მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს ხოლმე და ახლა, რა თქმა უნდა, იმის იმედზეცაა რა შეიარაღებაც უკრაინაში ეტაპობრივად ჩადის და ალბათ შესაძლო შეტევამდე საკმაო იარაღს დააგროვებენ. ბუნებრივია, რომ უკრაინა ამ შეიარაღების საფუძველზე წარმატების მიღწევას შეძლებს. რუსებშიც ერთგვარი დაბნეულების ელემენტებია, იციან უკრაინის შეტევა რას ნიშნავს, მათ წინა წლის შემოდგომაზე და მანამდე, გაზაფხულზე ეს “იგემეს”. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უკრაინის წარმატება დიდი ალბათობით შესაძლოა შემდგარი მომენტი იყოს, მთავარია, რომ უკრაინამ ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყოს. ეს გაზაფხული და ზაფხული “ძალიან ცხელი” იქნება და ეს შესაძლებლობა უკრაინამ კარგად უნდა გამოიყენოს. თუმცაღა, აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, უკრაინამ მთლიანი ტერიტორიები რომც გაათავისუფლოს, პუტინმა არა მგონია ომი დასრულებულად გამოაცხადოს, ეს მის დამარცხებას და პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ” - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ახალი კოალიციებისა და ალიანსების პერსპექტივა - იცვლება თუ არა პოლიტიკური კონფიგურაცია საქართველოში

“წელიწადნახევარში კონსტიტუციით გათვალისწინებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა პატარა ოპოზიციურ პარტიებს ამ მოცემულობით მისვლა “საშიშად ეჩვენებათ”, რადგან, თუ ბარიერი არ იქნა დაწეული, მთავარ აქტორებად კვლავ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მოიაზრებიან. ანალიტიკოსების ნაწილსაც ეეჭვება, რომ მთავარი აქტორები შეიცვალონ, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის პროგნოზით, ისევ ორი ძალის ცენტრი იქნება, თუმცა, გადაჯგუფებები ყველა ვარიანტში მოსალოდნელია. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ 2024 წლისთვის მთავარი აქტორები შეიცვალოს იმ მხრივ, რომ “ქართულ ოცნების” ხმები “ხალხის ძალამ” წაიღოს, ენმ-ს ხმები კი რამე ახალმა ოპოზიციური პარტიების კოალიციამ. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამბობს, პოლიტიკურ სპექტრთან არანაირი კონსოლიდაცია არ არსებობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი კოალიციებისა და ალიანსების პერსპექტივა - იცვლება თუ არა პოლიტიკური კონფიგურაცია საქართველოში.

“მეეჭვება, რომ მთავარი აქტორები შეიცვალონ, სახელებში შესაძლოა კორექტივი შევიდეს, მაგრამ ძალის ცენტრი მემგონი ეს ორი (ენმ, “ქართული ოცნება”) ისევ იქნება, რადგან “ოცნებას” ხელისუფლება უკავია, წამრთმევიც არ ჩანს და ამდენად ის ძალის ცენტრი იქნება. რაც შეეხება ენმ-ს, მის გარშერმო ის ხალხი მაინც შეიკრიბება, ვისაც სააკაშვილი ისევ ხიბლავს და სააკაშვილისტები ისევ უფრო ბევრნი იქნებიან, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიის მომხრეები, ამიტომ ეს ორი დარჩება. გადაჯგუფებები, ახალი ჯგუფების შექმნა, რაღაც დინამიკა რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცენტრი იქნება ორი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლა იმაზეა დამოკიდებული, ვის რა მხარდაჭერა ექნება. დღეს, როცა ვსაუბრობთ, რომ ენმ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ეს იმის გამოა, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი მხარს “ნაცმოძრაობას” უჭერს, ეს არჩევნებით დასტურდება. შესაძლოა ეს კონფიგიურაცია შეიცვალოს იმ გაგებით, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესების გამო, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდეს და ეს ხმები სხვა პროდასავლურ ძალებზე გადანაწილდეს. შესაძლოა გადაადგილებებსაც ჰქონდეს ადგილი, ოღონდ ეს შეიძლება თავად პროდასავლურ პარტიებს შორის იყოს, მაგალითად რომელიმე პოლიტიკური პირი ერთი პარტიიდან მეორეში გადავიდეს. 2024 წლისთვის შესაძლოა პოლიტიკური პარტიების ალიანსიც ვიხილოთ, ასეთი დღესაც არსებობს, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება” და “დროა”, თუმცა სხვა ალიანსებიც გამორიცხული არაა. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პროდასავლურ ძალებს ურთიერთკოორდინაცია დასჭირდებათ, თან კანონმდებლობა ბლოკების შექმნას გარკვეულწილად ზღუდავს, მაგრამ რაღაც კოალიცია იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - “რამდენად შეიძლება, რომ მომავალი არჩევნებისთვის მთავარი აქტორები შეიცვალონ?” - პასუხობს:

“გამორიცხული არაა, რომ მთავარი პოლიტიკური აქტორები შეიცვალონ, ვერ ვიტყვი, რომ წმინდა ორპოლუსიანი დაპირისპირება იქნება, ერთის მხრივ “ოცნება” და მეორეს მხრივ ენმ, რადგან არაა გამორიხული, რომ “ოცნების” მხარდამჭერთა ნაწილმა ხმა “ხალხის ძალას” მისცეს და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერთა ნაწილმა სხვა პროდასავლურ პარტიებს. ასპარეზზე რაც უფრო მეტი პარტია იქნება, მით უკეთესი, თუმცა 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიების შემოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ახალ პარტიის შექმნას ფინანსური და მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, ელექტორალური მხარდაჭრით კი ახლადგამოჩენილი პარტია ვერ ისარგებლებს”.

“ხალხის მხარდაჭერით ჯერჯერობით სახელისუფლებო პარტია და ენმ სარგებლობენ, ასევე გახარიას პარტიასაც თავის ელექტორატი ჰყავს. ქვეყნისთვის მრავალპარტიულობა კარგია, აქ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს, რადგან სხვა პარტიებსაც ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მიეცეს. მგონია, რომ გახარია მეტად გააქტიურდება, შესაძლოა ბევრ საკითხში მას არ ვეთანხმები, მაგრამ გვინდა თუ არა, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს. რაც შეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ისინი ვის მისცემენ ხმას, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზზე თუ რომელი პარტია მოსახლეობას რა გეგმას შესთავაზებს, პროცენტულად როგორ გადანაწილება ვნახოთ, თუმცა მგონია, რომ ხმას მისცემენ”, -დასძენს ნიკა ჩიტაძე.

“ჩვენ პირველი მოსმენით მიღებული გვაქვს 2%-იანი ბარიერი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში შესაცვლელია და ბუნებრივამდეა დასაწევი. გახსოვთ, 2%-იანზე ქვემოთ ძალიან ბევრი იყო და 2%-იანი ბარიერის პირობებში პოლიტიკაში ახალი ადამიანის შემოსვლა არის ურთულესი ამოცანა, თითქმის შეუძლებელი. ისინი მაინც უნდა მივიდნენ რომელიღაც პარტიასთან. მაშინ, როდესაც ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში, რაც არის 0,67%, დაახლოებით არის 15 000 ამომრჩეველი, 15 000 ამომრჩევლის ხმის მობილიზაცია კი შეუძლია ავტორიტეტის მქონე ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ ჰქონია საქმე პოლიტიკასთან. ანუ, მას შეუძლია, დააფუძნოს პარტია, ერთკაციანი პარტია, მარტივად რომ ვთქვათ, და ერთკაციანი პარტიებიდან ის ერთი ადამიანი, რომელიც 15 000 ამომრჩევლის ხმას მიიღებს, შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ეს გვაძლევს ორი უზარმაზარი პარტიის დაშლის სტიმულს. მაგალითად, დღეს თუ შენ პოლიტიკაში გინდა და ამ კონკრეტულ პარტიულ დისციპლინას არ ემორჩილები, ფაქტობრივად, პოლიტიკიდან ვარდები. ეს პარტიები თავის პოლიტიკოსებს ინარჩუნებენ იმის ხარჯზე, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ თავიანთი პარტიების მიღმა”, - მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

“საკითხზე თუ რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ორმა დიდმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემას, რომელიც მათ ძალაუფლებას დააკარგვინებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ამას არ იზამს, ისევე, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” არ იზამს დღევანდელ სიტუაციაში. “არც “ნაციონალური მოძრაობის” იმედი არ მაქვს, თუმცა ეს პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი იქნება, განსაკუთრებით, ოპოზიციისთვის. არ მჯერა, რომ “ქართული ოცნება” ამას გააკეთებს და ამიტომ ვთქვი, რომ რიგგარეშე არჩევნები ამას ძალიან შეუწყობდა ხელს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წელიწადნახევარია არჩევნებამდე და ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თუ ოპოზიციამ რამეზე უნდა იმუშაოს და ისაუბროს, საწყისი წერტილი არის ბარიერის საკითხი”, - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა” - წერს სტატიის ავტორი.

“პრეზიდენტს ნახევრად ცარიელ დარბაზში შეიძლება მოუწიოს გამოსვლა”

“საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება - სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე მოუსმენენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის ტრიბუნა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს, მისი ანგარიში კი, როგორც ბოლო განცხადებები, განხილვის საგანი გახდება. ოპოზიცია ელოდება, რომ პრეზიდენტი კრიტიკული განცხადებებიდან, საქმეზე გადავა. იქნება თუ არა 31 მარტის რიგგარეშე სხდომა ხმაურიანი, ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოზიციას შეინარჩუნებს და კრიტიკული იქნება ხელისუფლების მიმართ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწიოს გამოსვლა, ხოლო ექსპერტი პეტრე მამრაძე მნიშვნელოვან გზავნილებს პრეზიდენტის წლიური ანგარიშიდან არ ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პრეზიდენტს ნახევრად ცარიელ დარბაზში შეიძლება მოუწიოს გამოსვლა” - ვახტანგ ძაბირაძე.

“პრეზიდენტმა აირჩია ის კურსი, რომ დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და ამხილოს ის შეცდომებში. თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ დასავლეთის კურსი გააგრძელოს, პოზიციებს შეინარჩუნებს. ადრე თუ თავს იკავებდა, ახლა აცხადებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. ჯერჯერობით თავს იკავებს სააკაშვილის შეწყალებისგან, მაგრამ თანდათან ცვლის თავის პოზიციას. არ არის გამორიცხული, რომ გვარამიასთან დაკავშირებითაც მიიღოს გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი თავის თავზეც ფიქრობს, თავის კარიერაზე ევროპაში, რადგან კარგად იცის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მას პრეზიდენტად აღარ აირჩევენ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ვერ გეტყვით რა განცხადებებს გააკეთებს პრეზიდენტი პარლამენტში, ალბათ იმ პოზიციას შეინარჩუნებს, რომელიც ბოლო დღეებში დააფიქსირა. მისი ბოლო განცხადებები არ არის თანხვედრაში “ოცნების” მოსაზრებებთან, მაგრამ თანხვედრაშია ჩვენს პარტნიორებთან და საზოგადოების ნაწილთან. სხდომაზე “ქართულ ოცნებას” კვლავ მოუწოდებს შეასურლოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, უფრო ამ ჭირლში იქნება მისი გამოსვლა. რადგან პრეზიდენტის გამოსვლას ისმენენ, როგორ შინ ისე გარეთ, მით უფრო როცა ის აქტიურად ჩაერთო ანტიაგენტების კამპანიაში. რაც შეეხება შედეგს, სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია არანაირი რეალური ბერკეტი, არც სამართლებრივი და არც სახელმწიფოებრივი, რომ პრემიერზე ან უმრავლესობაზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს. შეიძლება მას ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწიოს გამოსვლა; უმრვლესობამ ბოიკოტი გამოუცხადოს, ან “ნაცმოძრაობა” არ იყოს დარბაზში, მაგრამ არის საზოგადოებრივი აზრი, სად შეიძლება იმოქმედო” - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპულიკა და კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტს აქვს წარმომადგენლობითი და უზენაესი არბიტრის ფუნქცია. რაც შეეხება მის კრიტიკულ გამოსვლებს, ამ ხნის მანძილზე ბევრი კრიტიკული განცხადება მოგვისმენია მართველი გუნდის მიმართ, რაც დემოკრატიად აღიქმება. ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლიდან ელოდება ხმაურს, იქნებ სალომე ზურაბიშვილმა თქვას რაიმე ისეთი, თავის სასარგებლოდ რომ გამოიყენოს. იქნება შეკითხვები სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაზე, დიდი ალბათობით ოპოზიცია პრეზიდენტისგან ამოუცნობ პასუხს მიიღებს. სალომე ზურაბიშვილის პროგნოზირება შეუძლებელია. გაიხსენეთ როცა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გაათავისუფლეს ორ დღეში მიტინგებს მართავდა, მაგრამ მან დაადასტურა, რომ შეუძლებელია იყოს პოლიტიკური ლიდერი საქართველოში; ამის მონაცემები მას არ აქვს” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო