თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა მოწმეთა გამოკითხვით გრძელდება. როგორც პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დაიკითხებიან იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც შეადგინეს შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი.
„ჩვენ წინა პროცესზე მერიის ეკოსერვისის დაკითხვა ვერ დავასრულეთ. ბრალდების მხარემ ჩვენი კითხვები ამოვწურეთ, თუმცა, როგორც სხვა მოწმეებთან, დაცვის მხარე უსაგნოდ არაარსებით შეკითხვებს სვამს და ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი. დღეს რამდენი მოწმის დაკითხვა მოესწრება, ამის პროგნოზი შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ წარმოდგენილი გვყავს მოწმეები და ესენი არიან შპს LMC-ის წარმომადგენლები. LMC გახლავთ კომპანია, რომელმაც შეადგინა პროექტი და ვინაიდან “გრინსერვის პლუსის” დირექტორს ჩვენ პროექტის ცვლილების გაყალბებას ვედავებით, აღნიშნული მოწმეები ჩვენებას მისცემენ ზუსტად ამ ნაწილში, რომ მათ კომპანიას პროექტის ცვლილებები არ შეუდგენია და ეს ცვლილებები რომ გაყალბებულია. როგორც მოგეხსენებათ, მათი პროექტიც ექსპერტიზის დასკვნით უხარისხო იყო, ვინაიდან სამუშაოები შესრულდა არა მათი პროექტის შესაბამისად, არამედ შეცვლილი პროექტის შესაბამისად, ამიტომ ის შედეგი, რაც დადგა შეცვლილი პროექტიდან გამომდინარე არსებობს", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მოწმეებთან კითხვები აქვს დაცვის მხარესაც.
“ჩვენ მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზებმა და წარმოდგენილმა ინფორმაციამ გამორიცხა ის ვერსია, რასაც ბრალდების მხარე აჟღერებს სასამართლოში, რომ თითქოს 22 სექტემბერს მოხდა რაიმე დაზიანება და ელექტროკაბელი მოჰყვა რაღაც ცხაურის ქვეშ. აღნიშნული გამორიცხულია მთელი იმ ინფორმაციით, რაც წარმოვადგინეთ. ერთადერთი, რასაც ეს ვერსია ეფუძნება არის, მხოლოდ და მხოლოდ, პროკურორის სუბიექტური შეფასებები", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).