აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის არჩილ ადამიას ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, წესდება საჯარიმო სანქცია მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის და სახერხი საამქროს მიერ თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშის შემთხვევაში, დგინდება დამატებით საჯარიმო სანქცია, რასაც შემაკავებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს.
შესაბამისად, მისივე განმარტებით, კოდექსს ემატება ახალი, 521-ე მუხლი, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე.
ცვლილება ხორციელდება 1283-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილშიც, რომლის თანახმად, თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის სახერხ საამქროს დამატებით დაეკისრება 50 ლარის გადახდა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდეგ მიწის ნაკვეთზე დარჩენილ ნაწვერალს ცეცხლს უკიდებენ დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს. არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობაც, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მსგავსი ქმედებისათვის უნდა არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა.
კომიტეტის წევრების შეფასებით, ჯარიმების შემოღება აუცილებელია, ვინაიდან ხანძრები დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და მსგავსი პროცესების აღკვეთა აუცილებელია.
კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, კარგი იქნება თუკი აღნიშნული ჯარიმები ასევე გავრცელდება ყველა კატეგორიის მიწაზე, მათ შორის, საძოვრებზეც, რათა აღვკვეთოთ ნიადაგის დაზიანება.
კომიტეტმა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.