5-წლიანი პატიმრობა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს - გოგაშვილი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
რა შესრულდა და რა არა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან - ექსპერტების აზრი ორად გაიყო
***
5-წლიანი პატიმრობა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს - გოგაშვილი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოაცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მისი ოჯახი და ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ყველა შესაძლო ინსტანციაში გეგმავს და აცხადებს, რომ გოგოაშვილი პოლიტპატიმარია”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 5-წლიანი პატიმრობა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს - გოგაშვილი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
„სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სასამართლომ წარდგენილ ხუთივე ბრალში დამნაშავედ სცნო. ყოფილ ჩინოსანს ადანაშაულებენ სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს ინტერესის დარღვევა გამოიწვია, ასევე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში. სოსო გოგაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში აპირებს. ის „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პროკურატურამ სასამართლოზე გაყალბებული მტკიცებულებები წარადგინა და არსად მტკიცდება, რომ საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერები, რომლის შენახვას მას პროკურატურა ედავება, რეალურად მისია. ადვოკატის თქმით, გოგაშვილს მტკიცებულებები სახლში „ჩაუდეს“. „ის მასალები, რომლებიც სასამართლოზე პროკურატურის მთავარი მტკიცებულებები იყო, გოგაშვილს არც მოუპოვებია და არც შეუნახავს. რა ინფორმაციაც მოწყობილობაზეც იყო ჩაწერილი, მასზე გოგაშვილის დნმ არ ამოვიდა. შესაბამისად, ის არ ინახებოდა იოსებ გოგაშვილის სახლში. სწორედ ყველაზე დიდი სასჯელი სასამართლომ ამ კადრების გამო გამოიტანა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას გულისხმობს. „ეს ის ე.წ. პირადი საიდუმლოა, რომელიც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეეხება, რომელიც გადაღებულია წინა ხელისუფლების პერიოდში. ხოლო აღნიშნულ ინფორმაციასა და მასალაზე ხელი მიუწვდებოდა არა იოსებ გოგაშვილს, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილეს, არამედ სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს. მას ეს მასალები არც მოუპოვებია და არც შეუნახავს. რა მოწყობილობაც ვითომ გოგოაშვილი სახლში იპოვეს, ეს კადრები ჩაწერილი იყო. ამიტომ ეს ვითომ მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ არის შეტანილი“, - ამბობს რამაზ ჩინჩალაძე „რეზონანსთან“, - აღნიშნავს გამოცემა.
„მისი თქმით, კანონით დადგენილი წესით, ყველა სამართლებრივ რესურსს ამოწურავენ. ეს იქნება როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება გოგაშვილის დანაშაულზე არ მეტყველებს. საქმის პროკურორის შეფასებით კი, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. „საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იყო ურთიერთშეჯერებული მრავალი მტკიცებულება და მათი გაცნობის შემდეგ სასამართლომ მიიღო სწორედ რომ სამართლიანი გადაწყვეტილება და დამნაშავედ ცნო იოსებ გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში, ხუთივე ეპიზოდში“, - აცხადებს საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია, - განაგრძობს გამოცემა.
„სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით კი, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხუთივე ბრალის მიხედვით მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მამაჩემი პოლიტპატიმარია. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითია. „მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ აუცილებლად, მოსამართლიდან დაწყებული, ყველა პირი აუცილებლად დაისჯება. ჩვენ როგორც გაგვამწარეს და რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ამის გამო პასუხს აგებენ. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, ჩვენს ქვეყანაშიც და შემდეგ საზღვარგარეთ, რომ აუცილებლად დაისაჯონ ის პირები, ვინც ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ“, - განაცხადა ნინი გოგაშვილმა“, - დასძენს გამოცემა.
„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბორაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აბსურდია იმაზე საუბარი თითქოს გოგოაშვილი პოლიტპატიმარი იყოს. მისივე თქმით, ამ ადამიანის მიმართ კითხვები თავად საზოგადოებაში არსებობს და ამიტომ ოპოზიციამაც არ გამოიდო თავი მის დასაცავად. „ჩემთვის დღემდე გაუგებარია გოგაშვილი რის მიღწევას ცდილობს. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს კაცი სისტემის მხილებას ცდილობდა. ამის არც ხალხს და არც ოპოზიციას არ სჯერა. ოპოზიციაში სწორედ მოიქცნენე, როცა მის დაცვაზე თავი არ მოიკლეს. „გოგაშვილი არ არის სუფთა და ეს ყველამ კარგად იცის. კაცი თანამდებობაზე ჯერ არსაიდან გამოჩნდა, მერე კიდევ უცებ გამდიდრდა. როცა თანამდებობიდან გაუშვეს, ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო განცხადებების გაკეთება. „საზოგადოების თვალში ეს ყველაფერი მხოლოდ პირად გარჩევას ჰგავს. არავის სჯერა, რომ ერთ დღეს გოგაშვილმა გაიღვიძა და სინდისმა შეაწუხა. მან უბრალოდ გაბრაზებულმა ხელისუფლების დაშანტაჟება დაიწყო. თუ ეგონა, რომ ხალხი და ოპოზიციური სპექტრი მის დაცვას დაიწყებდა და ვინმე გმირად შერაცხავდა, ძალიან შემცდარა. ხელისუფლების ქცევაც ლოგიკურია. არავის უკვირს, რომ ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს. „რაც შეეხება იმას, ეს „ოცნებას“ რამდენად დააზიანებს, რა გითხრათ... ხელისუფლება უკვე იმდენი რამისგან არის დაზიანებული, რომ გოგაშვილის ამბავი იმასთან დიდი არაფერია. ამას ხალხი მაინც ორიევეს მხრიდან პირად ანგარიშსწორებად აღიქვამს. ამიტომ გოგაშვილი შეცდა, როცა ეგონა, რომ მისი განცხადებები დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. „კაცი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში ამხელა თანამდებობას იკავებდა, კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა თუ სხვა დანარჩენი განცხადება მისავე წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ის პოლიტპატიმარია“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.
რა შესრულდა და რა არა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან - ექსპერტების აზრი ორად გაიყო
„ბოლო დღეებში პოლიტიკური დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია გახდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ პრაქტიკულად ყველა პუნქტი ან უკვე შესრულებულია, ან უახლოეს პერიოდში შესრულდება. ოპოზიციას საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს და ხელისუფლებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართულად ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. პოლიტიკურ ანალიტიკოსთა შორისაც ამ მხრივ მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობაა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შესრულდა და რა არა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან - ექსპერტების აზრი ორად გაიყო
„ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრაქტიკულად ყველა პუნქტის შესრულება ჩავარდა და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პუნქტი უკვე შესრულდა, ზოგიერთის შემთხვევაში კი ძნელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება, რადგანაც თავად ეს პუნქტები ისეა ფორმულირებული, რომ სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამასთან, „რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალობაა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროკავშირი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტს: „თუ უნდათ, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი ბეწვსაც დაინახევენ, თუ უნდათ რომ მოგვცენ, მორზეც დახუჭავენ თვალებს", - აღნიშნავს გამოცემა.
„საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუკი წლის ბოლომდე შეასრულებს შემდეგ რეკომენდაციებს:
- აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას;
- ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
- უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას;
- ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს;
- აიღებს და შეასრულებს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე;
- გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე;
- შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს;
- სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;
- გააერთიანებს ძალისხმევას გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
- ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე;
- მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები;
- ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი“, - განაგრძობს გამოცემა.
„პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე პრაქტიკულად 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას სკეპტიკურად უყურებს. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, არცერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული და კანდიდატის სტატუსსაც არ უნდა ველოდოთ. „პოლარიზაცია, სამწუხაროდ, არ არის შესრულებული გამომდინარე იქიდან, რომ პირიქით პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. ხელისუფლება ოპოზიციას უწოდებს „რადიკალურ ოპოზიციას". გარდა ამისა, შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოქალაქეებს. იგივე 7-9 მარტს განვითარებულმა მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რომ ერთის მხრივ თითქოს ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ, მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სატანისტურ ფორმაში იყვნენ გამოწყობილი ქართველი სტუდენტები, ან კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე იძახის, რომ 1000 ლარი დაურიგეს სტუდენტებს და ყველა იყო მართული და ა.შ. ამით ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს მასსა და საზოგადოებას შორის და ეს პუნქტი შეუსრულებელია. „სახელმწიფო უწყებების შესახებ რეკომენდაციაც, სამწუხაროდ, არ არის შესრუულებული, ვინაიდან ყველა სახელმწიფო უწყება ვერ მუშაობს გამართულად. აქ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის ქვეყანაში დამოუკიდებელი და სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა ასრულებს ხელისუფლების ნებას. ვერ მუშაობს გამართულად ვერც პოლიცია, რომელმაც 7-9 მარტს უფლებამოსილებას გადააჭარბა. „რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჯერჯერობით საარჩევნო ბარიერზე არ არის შეთანხმება. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ გაიყვანონ თავისი წარმომადგენლები პარლამენტში. შესაბამისად, პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული. ჯერჯერობით ამ მიმართულებითაც პროგრესი ვერ შეიმჩნევა, „სასამართლოც არ არის დამოუკიდებელი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა და სასამართლო ასრულებენ ხელისუფლების ნებას. მაგალითისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხიც გამოდგება. „ელიტურ კორუფციასთან ბრძლის მხრივაც არ არის გაუმჯებესება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია საქართველოში. ელიტური კორუფციის მაგალითია, როდესაც ისეთი კომპანიები „იგებენ" სახელმწიფო ტენდერებს, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული არიან. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქაც ნათლად ვხედავთ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი რომელიც ზემოქმედებს პოლიტიკურ პროცესებზე, სახელისუფლებო პარტია ივანიშვილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია, როგორც ასეთი, არ განხორციელდა, რადგანაც ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. „ვერ შესრულდა ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა, რადგან პოლიცია ვალდებული უნდა იყოს საზოგადოების და არა ხელისუფლების წინაშე. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც დააკავეს ნარკოდამნაშავეები და „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული კრიმინალები. არის გადადგმული ნაბიჯეები, მაგრამ მაინც კანონის უზენაესობა არ არის ქვეყანაში. „თავისუფალი მედიის არარსებობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მაგალითია ნიკა გვარამიას საქმე - დააკავეს იმის გამო, რომ სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობდა. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა დღის წესრიგში იდგა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი. აქედანაც ჩანს მედიაზე ზეწოლა, როგორც ასეთი. „ასევე მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების საკითხი. ჩვენ კარგად ვნახეთ 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც შეტევა მიიტანეს მასმედიის წარმომადგენლებზე. ეს იმ დროს, როცა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მარში უნდა ჩაეტარებინათ. თვითონ პრემიერი ღარიბაშვილი არავის არ ურჩევდა მარშის ჩატარებას. აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. „ქალთა გენდერულ თანასწორობას რაც შეეხება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც შეიმუშავეს, დააკავეს მამაკაცები, რომლებმაც ცოლებზე იძალადეს და ა.შ. მარტო ხელისუფლებას ვერ მოვთხოვთ პასუხს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ეს საზოგადოების მოთხოვნაც უნდა იყოს. არ შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ქალთა დისკრიმინაცია ხდებოდეს. „რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინააღმდეგ პირიქით, ბრძოლა მიდის. კანონი „უცხოური აგენტების" შესახებ პირველ რიგში მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად - რომ გაეკონტროლებინათ ის ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ გრანტებს უცხოელი დონორებისგან. ხელისუფლების მიზანი იყო არასამთავრობოების დისკრედიტაცია. „ადამიანის უფლებათა კუთხით, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებს საქართველოში არ გაითვალისწინებენ, რადგან დემოკრატიის კუთხით შეინიშნება მკვეთრი რეგრესი. „სახალხო დამცველი ავირჩიეთ, მაგრამ ვნახოთ რამდენად იქნება იგი დამოუკიდებელი, დრო გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ ერთი ცუდი რამ უკვე გააკეთა - ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა მოადგილედ, ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი. თუმცა, მეორეს მხრივ, ეყო გამბედაობა სააკაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა დასკვნა, რომ სააკაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში. „ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ", -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ“, - დასძენს სტატიის ავტორი.
„პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსს" საუბრისას აცხადებს, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, ზოგიერთი - შეუსრულებადი, ზოგიერთი პუნქტის შემთხვევაში კი შეფასების გაკეთება რთულია, რადგან ევროკომისიის მხრიდან გარკვეული ტერმინების უფრო დეტალური ახსნაა საჭირო, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება მათ შესრულებაში. „პოლარიზაციის საკითხი არც შესრულდა და ვერ შესრულდებოდა იმიტომ, რომ გასაშიფრია რა იგულისხმებოდა პოლარიზაციის შემცირებაში და მე მგონი არც შესრულდება. „საქართველო მე მგონი ითვალისწინებს ევროპულ დასკვნებს, რამდენადაც გვატყობინებენ. რაც შეეხება ინსტიტუტების დამოუკიდებლობას პარტიული კონტროლისგან, ან აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ისინი დამოუკიდებლები არიან თუ არა, მანდაც კრიტერიუმების დადგენაა საჭირო. მათ ევალებათ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა და კოორდინაცია. სად გადის ზღვარი დამოუკიდებლობასა და კოორდინაციას შორის - ეგ ისევ და ისევ დასადგენია. „ევროკომისიას აქვს პრეტენზია სასამართლო რეფორმების პუნქტებზე, თუმცა ეს ღიმილის მომღვრელია. იმიტომ, რომ დაინიშნნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ და წინა ხელისუფლების მიმართ მსგავსი პრეტენზიები არ ჰქონდათ. უფრო მეტ დეტალიზაციას მოითხოვს ეს საკითხი, იმიტომ, რომ არის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები. ამ თვალსაზრისით თითქოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია მაგრამ, მერე იმასაც გვსაყვედურობენ რომ სასამართლოში კლანია და კლანს თვითონ მოსამართლეები ირჩევენო. მე მგონი ეგ პუნქტი ითხოვს დაზუსტებას თვითონ ევროპელების მხრიდან. „ანტიკორუფციული ბიურო არის შექმნილი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო და ალბათ ეგ პუნქტი შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მივიღეთ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც უკრაინულის ანალოგია და იქ ერთ-ერთ პუნქტად არის მედიის ფლობის შეზღუდვა - რომ ოლიგარქს არ უნდა ჰქონდეს მედია საშუალება. მაშინ ტელეკომპანია „ფორმულის" დაფინანსება მოხვდება ასეთი კანონის კონტროლის ქვეშ. კეზერაშვილმა თვითონ თქვა, რომ ვაფინანსებო. და ვისზედაც მიდის ნადირობა? - ივანიშვილზე. ივანიშვილი არ ფლობს არცერთ მედიასაშუალებას. აქედან გამომდინარე, ძნელია თქმა ოლიგარქი არის თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და არა ასე ზერელედ გაკეთებულმა კანონმა. „ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც მე მგონი გაკეთებული გვაქვსო იძახიან. „რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ზერელედ გაკეთებული მოთხოვნაა. თუ გადავავლებთ თვალს კანონებს, მედიაში ცენზურა მოიხსნა, მაგრამ მედიის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ძალიან ძნელი შესასრულებელია. „ასევე დაცულია მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. „გენდერული თანასწორობაც უზრუნველყოფილია, ქალებზე ძალადობისთვის ყველა დამნაშავე ისჯება. „რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ნაკლებად. „ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებს საქართველოში, რა თქმა უნდა ითვალისწინებენ. „ლევან იოსელიანი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, ხოლო თავისი ყოფილი პარტიიდან სრულიად დამოუკიდებელი არ უნდა იყოს. ელისაშვილის ახლო ოჯახის წევრი მოიყვანა თანამშრომლად სახალხო დამცველის სტრუქტურაში", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან". მისი საბოლოო შეფასება, უნდა ველოდოთ თუ არა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს, ასეთია: „გააჩნია თვალების გახელა-დახუჭვას. თუ უნდათ, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი ბეწვსაც დაინახევენ, თუ უნდათ რომ მოგვცენ, მორზეც დახუჭავენ თვალებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, - წერს სტატიის ავტორი.