პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებით, მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირები გავლენის სისტემის დაწესებით მართავენ სასამართლო სისტემას და კორუფციაში არიან ჩართულები.
როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, განაცხადა მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნისთვის დიდი რეპუტაციული ზიანია.
მისივე შეფასებით, ამაზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის მათ, ვისაც საზოგადოებამ 2020 წელს ქვეყანა ჩააბარა.
„ამაზე მოლოდინები არსებობდა თუ არა, დღეს ეს უკვე დამდგარი ფაქტია. დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს ოთხი ადამიანი გავლენის ჯგუფებით, მოვშალოთ სასამართლო სისტემაში. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ამ ოთხი ადამიანის დასანქცირება მხოლოდ, ამ ოთხი ადამიანის პრობლემაა. ფაქტობრივად, აშშ-მა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირები გავლენის სისტემის დაწესებით მმართავენ სასამართლო სისტემას და მეორე, კორუფციაში არიან ჩართულები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს მთელი მსოფლიოსთვის რა მესიჯია და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია ამით რამდენად არის დაზიანებული? ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი ზიანი.
დღეს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის? სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოქალაქეებმა 2020 წელს ქვეყანა ჩააბარეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი? შალვა რამიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ჩინჩალაძეს და მურუსიძეს უნდა გადააყოლოს ქვეყანა? ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ქვეყნისთვის ამაზე უფრო დიდი ზიანი რა უნდა იყოს?“,- განაცხადა დაუშვილმა.
მისივე განმარტებით, სასამართლო სისტემა და „ამ სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უდიდესი უნდობლობის ქვეშ დგება“.
მისივე შეფასებით, პასუხისმგებელმა პირებმა მოქალაქეების წინაშე პასუხი უნდა აგონ.
„საბოლოო ჯამში, როდესაც ასეთი მნიშვნელობის ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, მთელ სასამართლო სისტემის და ამ სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებების დისკრედიტაციას ახდენს. ნდობის თვალსაზრისით, მთელი სისტემა და ამ სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადია, უდიდესი უნდობლობის ქვეშ დგება. ჩემთვის წარმოუდგენელია ამ სისტემამ, როგორ შეიძლება გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს გადაწყვეტილებები. იმიტომ, რომ მათ ნდობა და დამაჯერებლობა ვერ ექნება.
მარტო ამ ადამიანების კი არა, მათი მმართველობის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ვინც, არიან ამაზე პასუხისმგებლები, მათ მოქალაქეების წინაშე პასუხი უნდა აგონ“,- განაცხადა დაუშვილმა.