დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები გაგრძელდება, თუკი გონს არ მოეგება სასამართლო სისტემა და არ მოხდება რაიმე ცვლილებები, რაც ასეთი პოლიტიკური ვითარების პირობებში მეეჭვება. თუმცა, აუცილებლად გაგრძელდება მოსამართლეთა დასანქცირება. არამარტო დავალების გამცემ მოსამართლეებზე, არამედ დავალების შემსრულებელ მოსამართლეებზეც გაიცემა სანქციები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას.
მისივე თქმით, სანქციების დაწესება მინიშნება იყო არამხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე, არამედ მმართველ ჯგუფზეც.
მამუკა ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ „დეტალიზაცია მომავალში გაგრძელდება” და არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროკავშირის მხრიდანაც იქნება იგივე ტიპის სანქციები.
ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ აუცილებელია ეს ყველაფერი გაკეთდეს.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს სისტემური გაჯანსაღება სასამართლოში, რადგან ამ სისტემაში პრობლემას მხოლოდ „ეს ოთხი ადამიანი არ წარმოადგენს“.
„რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და ნამდვილად არასასურველია, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ჩემი აზრით, ეს ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო, რათა პროცესი აქამდე არ მისულიყო. ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ევროინტეგრაციის კუთხით უახლოეს პერიოდში ნაბიჯებია გადასადგმელი და სასამართლო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმა დაასრულა და ყველაფერი წესრიგშია, ამ დროს, აღმოჩნდა, რომ არაფერი გაკეთებულა და ის რგოლი, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს დასანქცირებულია. არამხოლოდ ამ ოთხ მოსამართლეზე, არამედ, მთელ რეფორმაზეა სანქცია, ასე გამოდის, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მართავდნენ სასამართლო რეფორმას. მათი ჩატარებული რეფორმა წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა?! შესაბამისად, ეს არის ნიშანი ყველა დანარჩენი მოსამართლისთვის. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ არამარტო უვადოდ დანიშნული მოქმედი მოსამართლეები, არამედ ყოფილი მოსამართლეც დასანქცირდა. ეს არის ყველასთვის ნიშანი - ისინი არიან თუ არა სასამართლოს სისტემაში, პასუხს აგებენ თუნდაც წარსულში ჩადენილ ქმედებებზე. ამიტომ, ჯანსაღად მოაზროვნე ყველა მოსამართლისთვის ეს არის ნიშანი, რომ ისინი დაფიქრდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებზე, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ საკითხებზე იღებენ გადაწყვეტილებებს, თორემ დარწმუნებული ვარ, მომდევნო ნაბიჯი იქნება დავალების შემსრულებელი მოსამართლეების მიმართ გადადგმული, ვინც ამ ადამიანების დავალებებს ასრულებენ”, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, კორუფცია მხოლოდ ფინანსურ საკითხებს არ გულისხმობს, ეს არის თუნდაც პოლიტიკური კორუფცია, მმართველ ჯგუფთან გარიგებაში ყოფნა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, დიდი ხანია საუბრობს, რომ ეს ჯგუფი მხოლოდ სასამართლოში არ არის და ორგანიზებულად არიან სხვადასხვა სტრუქტურებში, პარლამენტში, პროკურატურაში და შესაბამისად, სწორედ ეს, არის პოლიტიკური კორუფცია.
„ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან და ა.შ. ყველა პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით. რასაც ხელისუფლება ახორციელებდა ეს ხდებოდა სასამართლოს ხელით”, - განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, 12-პუნქტიან მოთხოვნებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სასამართლო სისტემაა, საიდანაც, დაახლოებით, 2/3 ან პირდაპირ ეხება სასამართლოს, ან მათ გადაწყვეტილებებს.
„შესაბამისად, სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების გარეშე ჩვენი ევროპული პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, - განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.