ვახტანგ ძაბირაძე - “რა კავშირშია ერთმანეთთან BBC-ის გამოძიება და მოსამართლეების საქმე”
პაატა ზაქარეიშვილი - “გზა რუსეთ-თურქეთის ტვირთების ტრანზიტისთვის?!”
ვახტანგ ხმალაძე - “რისი უფლება აქვს კანონით საგამოძიებო კომისიას”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “რა კავშირშია ერთმანეთთან BBC-ის გამოძიება და მოსამართლეების საქმე”
“საინტერესო ამბები ხდება. გარდა იმისა, რომ მოსამართლეების საკითხი და ქოლცენტრების საქმე ერთმანეთს უცნაურად დაემთხვა, საინტერესოა ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” BBC-ის სანდოობაში ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ უნდობლობას უცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. “ნაცმოძრაობა” ვერ ამბობს, რომ BBC შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ კეზერაშვილი თავის სიმართლეს დაამტკიცებს. სცადეს ეთქვათ, რომ ამ ამბის უკან რაღაც ინტრიგაა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ხედავენ მოსამართლეების სანქცირებაში. ამ ორ ამბავს შორის პარალელი იმის დასადასტურებლად გავავლე, რომ მმართველი გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა ერთმანეთისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებიან. ორივე პროცესებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აფასებს და არც ერთს არ აინტერესებს რეალობა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შესაძლოა, მალე სკანდალური მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ”.
“რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან BBC-ის გამოძიება და მოსამართლეების საქმე? საზოგადოება ვერ ახერხებს ამოსვლას იმ ჭაობიდან, რომელშიც 30 წელია ჩაფლულია. “ქართული ოცნება” რასაც წარმოადგენს, ვიცით. ისიც ვიცით, რა იყო “ნაცმოძრაობა”, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ ერთიც და მეორეც პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ. აი, ამაში გვჭირდება დახმარება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და BBC-ის განცხადებები, ორივე მიმართულია “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” დისკრედიტაციისკენ. სხვანაირად როგორ უნდა დაგვეხმაროს დასავლეთი, ხელისგულზე დაგვიდო, რას წარმოადგენს ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა. თუ გავაანალიზებთ, როგორი მასშტაბური იყო ქოლცენტრების პროექტი, და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ორგანიზაციას ოფისი თბილისში ჰქონდა, ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ამ ამბავში ხელისუფლების თანამონაწილეობა ვერ დავინახოთ. პროცესი გაგრძელდება. არც იმას გამოვრიცხავ, გავიგოთ, თუ როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ ხელისუფლება, კეზერაშვილი და აწ მისი “ნაცმოძრაობა”. წესით, ქართველმა ხალხმა გამოფხიზლება უნდა დაიწყოს და საბოლოოდ მიხვდეს, რომ ეს ორი ძალა ერთნაირია და ორივე პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს. თუ ამას გავაკეთებთ, მოჯადოებულ წრეს თავს დავაღწევთ, თუ არადა, დავრჩებით ისევ იმ უბედურებაში, რომელშიც 30 წელია უკვე ვართ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“კეზერაშვილმა საკუთარი თავისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთა. 2013-2014 წლებში სააკაშვილის მაქებარიც იყო, მისი დაკვეთების შემსრულებელიც და დამფინანსებელიც. მოგვიანებით პირველად სწორედ სააკაშვილმა თქვა კეზერაშვილზე, ჩვენი ხელისუფლების დროს იშოვა ფულიო - როგორც ჩანს, ერთხანს უარი თქვა “ნაცმოძრაობის” დაფინანსებაზე და “ევროპული საქართველოს” დაფინანსება დაიწყო, მაგრამ არც ეს პროექტი აღმოჩნდა მომგებიანი და სხვაგან გადაწყვიტა ფულის დაბანდება. კეზერაშვილის, “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” შეთანხმებული მოქმედებები მეტყველებს, რომ სააკაშვილი დღეს აღარც “ნაცმოძრაობისთვის” არის ფაქტორი და აღარც კეზერაშვილისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც დაკარგავს მნიშვნელობას”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ანგარიშს მაინც უწევდნენ. მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობაში” “ხავერდოვანი რევოლუცია” მოხდა და პარტიის სათავეში ის ხალხი მოვიდა, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” დალაგებული აქვს საქმე, სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა ფასი. ეს ლოგიკურიცაა - როდესაც ერთმანეთთან იდეისა და ღირებულების კი არა, პირადი გამორჩენის მიზნით იწყება თანამშრომლობა, “გადაგდება” ჩვეულებრივი ამბავია. რაში სჭირდებათ ახლა სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას”, კეზერაშვილს ან მერაბიშვილს? ყველაფერი იმაზე მეტყველებს, სააკაშვილი პოლიტიკურ პენსიაზე მიდის. როგორც ჩანს, კეზერაშვილი არა მარტო სააკაშვილთან, “ქართულ ოცნებასთანაც” ცდილობდა “დალაგებას”. კეზერაშვილი ქოლცენტრების პროექტს ხელისუფლების ფარულად ვერ წამოიწყებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველ გუნდს ამ ამბის გარკვევის ხალისი დიდად არ ექნება, მაგრამ საქმეში BBC-ის ჩართულობის გამო იძულებული იქნება რაღაც მოიმოქმედოს”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“რა იქნება ეს რაღაც, ძნელი სათქმელია, თუმცა ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და მოსამართლეების სანქცირება და ქოლცენტრების საქმე მართლა გახდა "ქართული ოცნების" ლიდერებისა და კეზერაშვილის შეთქმულების გამოაშკარავების წინა პირობა, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდება... კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს და ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ - ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს “ნაცმოძრაობის” მაგალითი. რაც “ნაციონალებმა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთეს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, წესით, აღარ უნდა ჰქონოდათ ხალხის მხარდაჭერა. არადა, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა. იგივე ითქმის “ქართულ ოცნებაზეც”. ამ პოლიტიკურ ძალას აუცილებლად დაუდგება კრიზისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელექტორატს დაკარგავს. ეს დასავლეთმაც კარგად იცის და ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს მესამე ძალის შექმნას. რამდენად შეძლებს “ნაციონალებისა” და “ოცნებისგან” გამიჯნული ოპოზიცია ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ეს უკვე მათი საქმეა. ორივე პოლიტიკური პარტია დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე. მაგრამ წამყვანი უნდა გახდეს მესამე ძალა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიაა წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს არც “ქართული ოცნება” ატარებს და არც “ნაცმოძრაობა”. დარწმუნებული ვარ, ამ ხაზს გააგრძელებს. შესაბამისად, არც გვარამიას შეიწყალებს და არც სააკაშვილს. რატომ? იმიტომ, რომ ორივე “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება... ზურაბიშვილს კი აქვს ნათქვამი, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დარჩება და ამის მიზეზად ასაკი აქვს დასახელებული, მაგრამ არა მგონია, მომენტის გამოჩენის შემთხვევაში უარი თქვას. ბაიდენი მასზე გაცილებით უფროსია, მაგრამ... ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს არ დაიტოვოს შავი ლაქები, ამასთან, “ოცნებას” არ მისცეს საშუალება, “ნაციონალების” მხარდამჭერად გამოიყვანოს. თავად განსაჯეთ, რამხელა კოზირი ჩაუვარდება ხელში მმართველ გუნდს ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუ ის გვარამიასა და სააკაშვილს შეიწყალებს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ესე იგი, არ იზიარებთ ვერსიას, რომ ის ივანიშვილის ინსტრუქციებით მოქმედებს?” - პასუხობს:
“დიახ, არ ვიზიარებ. ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან უკვე მიიღო ის, რაც სჭირდებოდა - პრეზიდენტის პოსტი. არ ვიცი, რა ხდება ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ მისი სტრატეგია, შეინარჩუნოს ნეიტრალური მდგომარეობა “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის, მეტყველებს, რომ ნიადაგს ამზადებს პოლიტიკაში დარჩენისთვის. ბიძინა ივანიშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ, მგონი, დასავლეთის ინსტრუქციებსა და მითითებებს კი ითვალისწინებს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დასავლელ პარტნიორებს ზურაბიშვილი გაცილებით მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე ივანიშვილს”.
პაატა ზაქარეიშვილი - “გზა რუსეთ-თურქეთის ტვირთების ტრანზიტისთვის?!”
“ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საკითხში იმდენად პასიური გახდა, რომ რასაც ადრე მოითხოვდა, იმაზეც კი დუმს - რუსეთისგან თავისი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასაც კი არ მოითხოვს. ახალ ღონისძიებებზეც კი არ არის ლაპარაკი. საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით, აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით თურქეთში ტვირთების გადატანასაც კი არ აპროტესტებენ. თურქეთს მუდმივად ვიცავ, მის მხარდაჭერას და მოკავშირეობას ვაფასებ, მაგრამ ახლა ქართულმა მხარემ თურქეთის ელჩს მაინც უთხრას, რომ რუსეთი თურქეთს იყენებს აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. თურქი საჯარო პირი ან ექსპერტი რომ ვიყო, აქეთ ვეტყოდი ჩვენს ხელისუფლებას, ლარსზე რომ გაგაქვთ ჩვენი ტვირთები, თურქეთის გამოყენებით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში რომ მონაწილეობთ და ხმას არ იღებთ, მაგაზე რას გვეტყვითო? არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტვირთები ლარსის გავლით თურქეთიდან უწყვეტად გადის”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გზა რუსეთ-თურქეთის ტვირთების ტრანზიტისთვის?!”
“სერგეი ლავროვმა განსაკუთრებული მადლობა რომ გადაგვიხადა იმისთვის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, იმასაც შევახსენებდი. ლარსიდან შეიძლება და ოჩამჩირიდან არ შეიძლება-მეთქი? ვკითხავდი. საქართველოს ხელისუფლება თავისი დაუსრულებელი მდუმარებით უკვე ისეთ უხერხულ მდგომარეობაშია, რომ ეშინია, რამის გაპროტესტების, ხმის ამოღების შემთხვევაში ისეთი რამე არ უპასუხონ, რაც უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე განაცხადა, ამერიკა საქართველოს სახელმწიფოდ არ თვლისო. უკაცრავად, თავად თვლიან?! რა ეტყობათ, რომ თვლიან, როდესაც ცხვირწინ 3 ათასამდე ტონა ტვირთს უტარებენ და სამარცხვინოდ გატრუნული არიან. ვინმე იმით მაინც დაინტერესდა, იმ 100-მდე კონტეინერით რა გადააქვთ, ან კიდევ რა აქვთ გეგმაში? მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს ყველა წერტილში ყველაფრის გაფუჭებას ცდილობს, რათა არეულობა სათავისოდ გამოიყენოს, დასავლეთს ყურადღება უკრაინიდან გადაატანინოს, რა გარანტიაა, რომ ქვეყანა ასეთი რამის წაყრუებისთვის საერთაშორისო სკანდალში არ გაეხვევა? შესაძლოა ეს იყო სურსათი, რუსეთში დეფიციტური საქონელი, ქვანახშირი ან ნებისმიერი რამ, მაგრამ სულ რომ ურანი მიჰქონდეთ, საქართველოს ხელისუფლება დუმს, თითქოს მას არ ეხება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“არც თურქული მხარე ამბობს რამეს და არც რუსული. აფხაზებმა დადეს ინტერნეტში ათობით კონტეინერის ფოტო, მაგრამ იმის იქით არაფერი ვიცით, არც ის, რომელი დროშით მცურავი გემია, ვისი საკუთრებაა. შესაძლოა გზა-კვალის ასარევად ტვირთი ბელარუსისკენ წავიდეს, იქ რამდენიმე დღე დარჩეს და შემდეგ ბოსფორისკენ გაცუროს. უამრავი რამ შეიძლება დავუშვათ, სანამ თურქეთი განცხადებას არ გააკეთებს, მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია მსჯელობა. არადა, თურქეთში საელჩო გვაქვს და კითხვის დასმა მაინც შეგვიძლია - აფხაზეთის გავლით თქვენკენ რატომ მოდის ტვირთი, ეს ხომ ჩვენი ტერიტორიაა და არამეგობრული ჟესტია, რატომ აკეთებთ ამასო. ვინმე რომ ბანდაში მოხვდება, თანდათან შეტოპავს და შემდეგ ხმის ამოღებას აზრი აღარ აქვს, იმ მდგომარეობაშია საქართველოს ხელისუფლება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ძალიან სამწუხაროა, სოხუმსა და თბილისს რუსეთისგან ერთი და იგივე დაკვეთა აქვთ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ხელისუფლება “მეორე ფრონტზე” მაშინ იწყებს ლაპარაკს, როცა დასავლეთი გააკრიტიკებს. ახლა არჩევნებისთვის ემზადებიან და მეორე ფრონტის საფრთხეზე მუდმივი საუბრით ცდილობენ ამომრჩეველთან პოზიცია გაიმყარონ - აი, რამხელა საფრთხისგან ვიცავთ ქვეყანას, ოპოზიცია გვიშლის ხელს, თორემ ჩვენ კონფლიქტების თემაზეც სხვაგვარად ვიმუშავებდითო. ოპოზიცია კი ისეთ საცოდავ დღეშია, ამ საქმეში კვალიფიცირებული კადრიც კი არ ჰყავს, რათა კონფლიქტის საკითხზე რამე არგუმენტირებულად გააკრიტიკოს და დაბლოკოს. კიდევაც რომ უნდოდეთ, ვერ დაბლოკავენ, რადგან “ქართული ოცნება” უკვე ყველა ინსტანციას აკონტროლებს: სასამართლოს, პროკურატურას, პარლამენტს, ბიუჯეტს”, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
“ვისთანაც აფხაზეთში მე ურთიერთობა მაქვს, არ სჯერა, რომ ქართული მხარე ტანკებს დაქოქავს და ენგურისკენ დაიძრება. აფხაზეთში პოპულარულ “იუთუბ” არხზე გადაცემა აქვს “ჩეგემსკაია პრავდის” რედაქტორ ინალ ხაშიგს, თავის ეთერში მუდმივად ეპატიჟება ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, მიმომხილველებს. როცა თბილისში აქციების დროს რუსული პროპაგანდის გავლენით პრორუსი აფხაზები მძვინვარებდნენ, აფხაზეთს საფრთხე ემუქრებაო, არც ერთი კვალიფიცირებული მიმომხილველი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. ხაშიგთან საუბრისას პოლიტოლოგმა ასტამურ ტანიამ, რომელიც თავის დროზე ვლადისლავ არძინბას მარჯვენა ხელი, შემდეგ კი რაულ ხაჯიმბას მრჩეველი იყო, განაცხადა, სისულელეა ეს ყველაფერი, ვიღაცას აწყობს რეალობა ასე წარმოაჩინოს. სინამდვილეში, არავითარი საფრთხე არ არსებობს. ამხელა მიტინგი ჩატარდა თბილისში და აფხაზეთზე არავის ულაპარაკიაო. მხოლოდ პოლიტიკოსები და ის დევნილი იგულისხმა, რომელმაც გულწრფელი გულისტკივილი გამოხატა სოხუმის ხსენებით. რუსეთმა ამ ერთი სიტყვის გამო სცადა ხელახალი ანტიქართული საომარი კამპანიის აგორება. თუმცა პრორუს კლანს თუ არ ჩავთვლით, რომლის გაფართოებასაც ცდილობს ინალ არძინბასა და მისი თანაშემწე გვაზავას ფრთა, ამის არავის სჯერა”, - ამტკიცებს პაატა ზაქარეიშვილი.
“არადა, სიმონიანი-ზახაროვას პროპაგანდისტები ძალისხმევას არ იშურებდნენ, “საფრთხე” რეალისტურად წარმოეჩინათ. გვაზავაც და არძინბაც მოსკოვში არიან გაზრდილი და რუსულ ნარატივს იცავენ. თუმცა არიან ისეთი აფხაზი ახალგაზრდები, რომელთაც დიდი წვალებით, მაგრამ მაინც განათლება ევროპასა და ამერიკაში მიიღეს. არძინბას კლანის გავეშებული ბრძოლა ყველაფერ დასავლურთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, სწორედ ამას ემსახურება. ეშინიათ, რომ ხვალ-ზეგ სინათლის მხარეს სხვებიც დადგებიან და ამიტომაც ცდილობენ დასავლეთთან გზის ჩაჭრას, რათა მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები პროქართველები ნამდვილად არ არიან, მაგრამ არც პრორუსები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პროაფხაზები არიან, რაც ბევრად ჯობია არძინბა-გვაზავა ნარატივს”, - მიიჩნევს რესპონდენი და შეკითხვაზე - “თეორიულად თუ დავუშვებთ, მათთან მოლაპარაკება შეიძლება?” - პასუხობს:
“თეორიულადაც ასეა და პრაქტიკულადაც... ქართველი საზოგადოების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ აფხაზ ახალგაზრდებს განათლების ევროპაში მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რადგან რუსეთის ვერაგული პოლიტიკა იქიდან გაცილებით კარგად ჩანს. 30 წელია ამ კონფლიქტს ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც კი ევროპაში სწავლობდა, მათთან ლაპარაკი შეიძლება, რადგან რუსები არ არიან, ინალ არძინბასგან განსხვავებით. ის, ისევე, როგორც მისი მხარდამჭერები, რუსი ჩინოვნიკები არიან, აფხაზობის არაფერი სცხიათ. იმ ახალგაზრდებთან, რომლებისთვისაც აფხაზური იდენტობა მნიშვნელოვანია, შეიძლება ლაპარაკი, ე.წ. დამოუკიდებლობის გარდა, სხვა უამრავი თემა არსებობს, რაც ქართველებისა და აფხაზებისთვისაც საერთოა, მაგრამ სიმონიანისა და ზახაროვას დაფინანსებულ არძინბებს ეს არ აინტერესებთ. ისინი აფხაზეთის გადარჩენის გზას რუსეთში ხედავენ, რასაც ევროპაში განათლებამიღებული ფრთა უპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი და პროპაგანდის ძალა პრორუსების მხარესაა. ამიტომაც ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს დასავლეთში განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების ხელის შეწყობა. ჩვენი მთავრობა ამის ნაცვლად პარლამენტისთვის რკინის ჯებირების შემოვლებით არის დაკავებული”.
ვახტანგ ხმალაძე - რისი უფლება აქვს კანონით საგამოძიებო კომისიას
“პირველი, რაც რეგლამენტში წერია, ის არის, რომ საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს ნებისმიერი პირი და ის ვალდებულია გამოცხადდეს. კომისიას უფლება აქვს, ამ პირს ჩამოართვას ზეპირი და/ან წერილობითი განმარტება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ უფლებას არ აძლევს კანონი ან რეგლამენტი. მაგალითად, საგამოძიებო კომისია ვერ ჩამოართმევს ახსნა-განმარტებას მოსამართლეს მისი რომელიმე გადაწყვეტილების გამო. არა აქვს უფლება, ჰკითხოს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მოსამართლე არ არის ვალდებული ვინმეს, არც იუსტიციის საბჭოს, არც მეორე ინსტანციას, არც პარლამენტს და არც არავის, აუხსნას, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები მოცემულია კონსტიტუციით, კანონით და ასევე არის შინაგანი რწმენა”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რისი უფლება აქვს კანონით საგამოძიებო კომისიას.
“თუმცა შეიძლება მას კითხვა დაუსვან რომელიმე საქმეზე - მაგალითად, ვინმე ხომ არ ეცადა ზეგავლენას მის გადაწყვეტილებაზე. ნებისმიერ თემაზე კითხვის დასმა შეიძლება თუ კითხვა არ ეხება ამ კონკრეტული მოსამართლის კონკრეტულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პროცესს, თუ რამე დაირღვა, უპირველესად თავად პროცესის მონაწილეებს უნდა აღენიშნათ და, ბოლოს და ბოლოს, მხარეებს გაესაჩივრებინათ ჯერ მოსამართლესთან და შემდეგ ზემდგომ ინსტანციაში. წინასწარ განსაზღვრა, როგორი შემთხვევები შეიძლება იყოს, ძალიან ძნელია, შეიძლება მრავალნაირი იყოს. ამიტომ არის, რომ კანონის ნორმები ამომწურავად არ იძლევა პასუხს ყველა სიტუაციაზე, რადგან შეუძლებელია ყველაფრის განჭვრეტა. როგორც მოგახსენეთ, გამოძახებული პირი ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და მისცეს განმარტება, პასუხი გასცეს შეკითხვას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძმალაძე.
“შემდეგ საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს მოსთხოვოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, უწყებებს, რომ თავისი თანამშრომელი, მაგალითად, გამომძიებელი, მიავლინოს საგამოძიებო კომისიაში, თუ კომისიას მიაჩნია, რომ შესასრულებელი აქვს ისეთი მოქმედება, რომელსაც სჭირდება, მაგალითად, გამოძიების ცოდნა და უნარი. ზემოჩამოთვლილი ორგანოებიც ვალდებული არიან თავიანთი თანამშრომელი მიავლინონ კომისიაში. კომისიას ასევე უფლება აქვს მოსთხოვოს სახელმწიფო ორგანოებს, თანამდებობის პირებს, ფიზიკურ პირებს, ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომ წარუდგინონ კომისიას საინტერესო საკითხზე დასკვნა, პასუხი თუ დოკუმენტი, მასალები კონკრეტულ კითხვაზე. კომისიას შეუძლია როგორც რაღაც გამოითხოვოს და თავად გააანალიზოს, გამოიძიოს, ასევე მოსთხოვოს სხვას კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად, საექსპერტო დასკვნა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ასევე უფლება აქვს მოითხოვოს გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და გენპროკურორი ვალდებულია დაავალოს გამომძიებელს მასალების წარდგენა. საგამოძიებო კომისიას ასევე აქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. გარდა ამისა, შეუძლია სამუშაო ჯგუფის შექმნა მაშინ, როცა რომელიღაც საკითხზე საკმარისი არ არის კომისიის წევრთა ცოდნა და ექსპერტების მოწვევაა საჭირო. სამუშაო ჯგუფში გარეშე პირების მოწვევაც შეუძლიათ. კომისიის სხდომა საჯაროა და როდესაც ამა თუ იმ მიზეზით არის საფუძველი, კომისიას შეუძლია სხდომა დახუროს. მაგალითად, როდესაც განიხილება სახელმწიფო საიდუმლოება ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტი. მოკლედ, კომისიას შეუძლია სხდომაზე მიიწვიოს ნებისმიერი პირი _ ეს მისი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა. ამასთან, თუკი სხდომა საჯარო იქნება, მას მოუსმენს მთელი საზოგადოება. კომისიის სხდომაზე გახმაურებული ინფორმაციის უგულებელყოფა ბევრად პრობლემური იქნება. საბოლოოდ, როდესაც კომისია დაწერს დასკვნას, მას არა აქვს უფლება ვინმეს ბრალი წაუყენოს, მაგრამ აქვს უფლება თქვას, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები ამა თუ იმ პირის მოქმედებაში და ასეთ შემთხვევაში გადასცეს პროკურატურას საქმის მასალები”, - განმარტავს კონსტიტუციონალისტი.
“პროკურატურა, თავის მხრივ, ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. წესით, ეს უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ თუ საპარლამენტო კომისიის გამოძიებულ საქმეში არის დანაშაულის ნიშნები, საქმე არ შემოიდოს თაროზე და ბოლომდე იქნეს მიყვანილი. სამწუხაროდ, საგამოძიებო კომისიის დასკვნით გამოკვეთილ კორუფციის დანაშაულზე ყოველთვის არ ხდება გამოძიება. მაგალითად, 2002-2003 წლებში პარლამენტში შექმნილი იყო საგამოძიებო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დარღვევების შესასწავლად, რომელმაც, ჩემი შეფასებით, მაშინ კარგად იმუშავა და დაწერა დასკვნა, რომელშიც მიუთითა, რომ ქუთაისსა და ფოთში გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ პირთა დანაშაულის ნიშნები. იყო ამის დამადასტურებელი მასალაც, მათ შორის, კომისიის ზოგიერთი წევრის ფაქტობრივი აღიარება. მასალა პროკურატურას გადასცეს, მაგრამ მას შემდეგ ოცი წელია გასული და მგონი, დღემდე იძიებენ. ეს კი უაღრესად სახიფათოა, რადგან როდესაც დამნაშავე არ ისჯება, ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. შესაბამისად, ასეთ დროს კომისიის ეფექტიც იკარგება”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.
“ჩვენთან ისიც პრობლემაა, რომ საგამოძიებო კომისიების მუშაობის ძალიან მწირი გამოცდილება გვაქვს. მეტ-ნაკლებად წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისია. მან დანაშაულები გამოავლინა და ამას სამართლებრივი შედეგიც მოჰყვა. მეტ-ნაკლებად იმიტომ ვამბობ, რომ ფაქტობრივად, არავინ დასჯილა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთაგან. თუმცა ერთი შედეგი კი ის იყო, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. თუმცა მერე ისევ დანიშნეს და ეს კიდევ სხვა უბედურებაა. ასე რომ, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და დავამატებდი ერთსაც - ზოგიერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აქვს ისეთივე უფლებამოსილებები, როგორიც ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს, ჩვენთან კი ძალზე შეზღუდულია, კომისიას მოსამართლეებისთვის საქმეზე კითხვის დასმის უფლება არა აქვს. მოსამართლეებს კონსტიტუციით აქვთ ეს უფლება გარანტირებული. რაც შეეხება იმას, ვის შეუძლია არ უპასუხოს, ასეთი წრე უფრო ფართოა”, - ამბობს რესპონდენტი.
“მაგალითად, კონსტიტუცია ადგენს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა, როგორც პარლამენტის წევრისთვის, და არავის აქვს უფლება მოსთხოვოს ინფორმაციის გამჟღავნება. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს არავის გადასცეს ისეთი დოკუმენტი, რომლის გადაცემასაც მისგან ითხოვენ, თუ ის მიიღო მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრი იყო. ყოველივე ეს პარლამენტის წევრის უფლებაა და არა ვალდებულება. თუკი ის მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ ინფორმაციის გადაცემა, აქვს უფლება გადასცეს. ასევეა მღვდელი, მან აღსარების საიდუმლო უნდა დაიცვას; ექიმი, რადგან ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუ არ ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო გადაწყვეტილებასა და შესაბამისად, საზოგადოებაზე. ასევე ნებისმიერ პირზე ვრცელდება ნორმა, რომ არ არის ვალდებული თავის თავსა და ოჯახის წევრებზე გასცეს ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ” - თვლის კონსტიტუციონალისტი.
“კორუფციაში იგულისხმება არა მარტო ქრთამის მიცემა, არამედ ნებისმიერი მოქმედება, რომელმაც შეიძლება რაღაც სახის სარგებელი მოუტანოს პირს, მაგალითად, მოსამართლეებზე თუ ვილაპარაკებთ, სარგებელი მათი ოჯახის წევრებისთვის, დაასაქმეს სადღაც და სხვა. სხვა მხრივ, თუ არსებობს რაღაც ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სხდომაზევე გავრცელდა, კომისიამ შეუძლია დაუსვას კითხვები”, - დასძენს ხმალაძე და შეკითხვაზე - “ხელისუფლებას როგორ შეუძლია პროცედურულად ამ კომისიის შექმნას და ან მუშაობას ხელი შეუშალოს? სხვა თუ არაფერი, ევროპელ სოციალისტებს გამოიყენებენ და ფორმალობებს არ დაარღვევენ” , - პასუხობს:
“საგამოძიებო კომისიაში არ შეიძლება უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდეს. თავმჯდომარესა და მდივანს კომისია ირჩევს და არ შეიძლება თავმჯდომარეც და მდივანიც უმრავლესობის წევრები იყვნენ. თუმცა, როგორც ახსენეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპელი სოციალისტების გამოყენების საფრთხე ნამდვილად არის. ამიტომაც ვითომ ოპოზიციის არსებობა თავისთავად არის უკვე დიდი პრობლემა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ კომისიის შექმნას მაინც ექნება არსებითი მნიშვნელობა. კომისიამ გადაწყვეტილებაც რომ ვერ მიიღოს, სხდომები ხომ მაინც უნდა გაიმართოს და რაც ითქმება, ხომ ყველა მოისმენს? სულ უშედეგო ეს კომისია ვერ იქნება. ის შედეგი მაინც იქნება, რომ საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი და ამან შესაძლოა მყისიერი შედეგი არ მოიტანოს, მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით თუ შევხედავთ, - ექნება”