მინდა მივმართო უმრავლესობას, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით, ჩვენ ერთობლივად, მთელმა საპარლამენტო შემადგენლობამ უნდა ვუპასუხოთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, დიახ, ჩვენ შევისწავლით, რა ხდება სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში განაცხადა.
მან როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას შესთავაზა, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ერთობლივად იმუშაონ.
„ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მთელი საპარლამენტო ოპოზიციის სახელით დაარეგისტრირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა, სანქციებს, რომელიც აშშ-მ დაუწესა 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. ვფიქრობ, ამის პასუხი იქნება ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და კომისიის ფარგლებში შევისწავლოთ ყველა ის სისტემური პრობლემა, რომელიც არსებობდა და არსებობს სასამართლო სისტემაში. ეს საკითხი მითუმეტეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, როცა ვიცით, რომ 12- პუნქტიან რეკომენდაციებში ერთ-ერთი საკითხი, რის ირგვლივაც საუბრობენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორები, რაშიც ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობას ხედავენ ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. ეს არ არის საკითხი, რომელზეც მხოლოდ დღევანდელი ოპოზიცია საუბრობს“, - განაცხადა სამნიძემ.