უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლები, ვითომ სასამართლოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ეგიდით, სინამდვილეში „კლანის“ დაცვისთვის ბრძოლა იყო , - ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ, ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისი განმარტებით, „კლანი“ მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ არის, საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაშიც.
მან 4 ქართველი მოსამართლის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან საუბრის ყველა რესურსი ამოწურა. ამასთან, ხელისუფლებას მისცა შანსები, რომ რაღაც დასკვნები გაეკეთებინა.
„კლანი“ მხოლოდ სასამართლოში არ არის, ის გადადის სასამართლო ხელისუფლებიდან. დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის სპიკერები, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით „კლანის“ განუყოფელი ნაწილია. გუშინდელი მათი გამოსვლები, ვითომ სასამართლოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ეგიდით, სინამდვილეში „კლანის“ დაცვისთვის ბრძოლა იყო. ხელისუფლებას, სამწუხაროდ არ აქვს რესურსი, რომ „კლანს“ გაემიჯნოს“,- განაცხადა მწარიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოს ადეიშვილი მართავდა, ეს მისი გავლენის სფერო იყო, რასაც ადეიშვილი აკეთებდა დღევანდელი „კლანის“ მესვეურების - ჩინჩალაძის და ცერცვაძის მეშვეობით.
სასამართლო სისტემა ტყვეობაში ერთი და იგივე ფიგურანტებს ჰყავთ. მაშინ ადეიშვილი განაგებდა სასამართლო სისტემას და ამას აკეთებდა ჩინჩალაძე-ცერცვაძის მეშვეობით. ადრე „კლანი“ იმ გაგებით, რა გაგებითაც დღეს მოვიაზრებთ, არ იყო. ამაზე სწორი შენიშვნა გააკეთა ირაკლი კობახიძემ. წინა ხელისუფლებაში სასამართლოში იმის ფუფუნებაც არ ჰქონდაო, რომ „კლანი“ შეექმნათო. ანუ „კლანი“ სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის ნიშანი ჰგონია.
2012 წლიდან სასამართლო სისტემა ობსტრუქციის რეჟიმში გადავიდა პროკურატურასთან. სისტემის მმართველად ჩინჩალაძე დარჩა, თუმცა მან იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის კანდიდატურა შესთავაზა. მოსამართლე, რომელიც ყველაზე მეტ ნეგატივს მიიღებდა, მაგრამ ჩინჩალაძე დარჩებოდა კულისებში. ასეც მოხდა, მურუსიძეც დათანხმდა ამ როლს. მთელი ნეგატივი წავიდა მასზე და ჩინჩალაძემ კულისებში ყოფნა გადაწყვიტა“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს კორუფცია რაზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოს ადეიშვილი მართავდა, დღეს მიხეილ ჩინჩალაძის „ზევით“ არის არაფორმალური მმართველი.
„ადეიშვილი ოფიციალურ თანამდებობაზე იყო. დღეს ჩინჩალაძის ზევით არის არაფორმალური მმართველი. ჩინჩალაძის ძალაუფლება და მისი ძალაუფლების წყარო გახლავთ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი. ჩინჩალაძე ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, მაგრამ არა უსასყიდლოდ. ამავდროულად შემოვიდა კორუფციული ინტერესები. ამ „კლანის“ პირობებში კორუფციული ელემენტები დიდი დოზით შემოვიდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც თქვა - კორუფცია სასამართლოს ზედა ეშელონში არისო, ამით თქვა, რომ კორუფცია არის ხელისუფლების ყველა რგოლში. ე.ი. არის პარლამენტში, მერიაში, პროკურატურაში და ყველგან“, - განაცხადა მწარიაშვილმა.