ნინო დოლიძე - ცვლილებები ემსახურება მმართველი პარტიის ვიწრო ინტერესებს, რომ გაიმარტივონ ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები შარლ მიშელის მიერ განხორციელებული რეფორმის გაუარესებაა და ემსახურება მმართველი პარტიის ვიწრო ინტერესებს.

როგორც დილიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „რეზიუმე“ განაცხადა, ახალი კანონმდებლობით ეჭვქვეშ დადგება ნდობის საკითხი ცესკო-სთან და არჩევნებთან დაკავშირებით.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით იმისათვის, რომ 5 წლის ვადით აირჩეს ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები, საჭიროა 2/3 მხარდაჭერა. თუკი 2/3 მხარდაჭერა არ ექნება, 6 თვის ვადით მოხდება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა. შარლ მიშელის ერთ-ერთი შეთანხმება იყო, რომ მაღალი კვორუმით არჩეულიყო ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები.

ახლა აღმოჩნდება ისე, რომ მმართველი პარტია წარადგენს და აარჩევს. ნდობის საკითხი იქნება ცესკო-სთან და არჩევნებთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ შარლ მიშელის მიერ განხორციელებული რეფორმის გაუარესებაა. ეს ცვლილებები ემსახურება მმართველი პარტიის ვიწრო ინტერესებს, რომ გაიმარტივონ ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი“,- განაცხადა დოლიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროკავშირი და ხელისუფლების ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა შეასრულოს.

„ამას თუ არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ვუკაკუნებთ კარებზე ევროკავშირს და ევროკავშირი ამბობს, რომ კი, თქვენ ხართ ევროპელები და ჩვენი კარიც ღიაა, მაგრამ საჭიროა დემოკრატიული სტანდარტები, ადამიანის უფლებები, ღირებულებები. ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა დოლიძემ.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო