ლევან დავითაშვილი - ფრენების მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით, როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან ღელვა გასაგებია, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის შესაძლოა საკმაოდ დიდი შეღავათი იყოს რუსეთის მიმართულებით განახლებული პირდაპირი ფრენები.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოსთვის როგორც კომერციული, ისე სოციალური მნიშვნელობა აქვს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, სანქცირებული ბორტები და კომპანიები საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან.

„ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს განახლებული პირდაპირი ფრენები. გვესმის, რომ ამას აქვს საქართველოსთვის როგორც კომერციული, ისე სოციალური მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეთნიკურად ქართველები ან რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ხშირად ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი ავიამიმოსვლით, არ ჰქონდათ ოჯახებთან წვდომა აქედან და იქიდან, ეს რა თქმა უნდა, მათ სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს და ეს არ არის ერთეული ადამიანები. ვფიქრობ, ასეული ათასი ადამიანის და ოჯახის საჭიროებებზე არის საუბარი“,- განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო.

„ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო. ეს იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველო ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობდა. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე, მათ ცალმხრივად განაახლეს ფრენები საქართველოსთან.

რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებებს და მომართვას, მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს, გადაწყვეტილების მიღებისთანავე რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართულისგან. საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა, თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით. ალბათ, იხილეთ საავიაციო სააგენტოს განცხადება, რომელიც საკმაოდ დეტალურად აღწერს ჩვენი გადაწყვეტილების პრინციპებს და ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან ფრენები გააჩნია. გადაწყვეტილება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვითაა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ დაიშვებიან ამ ქვეყნის ბაზარზე. საქართველოს გადაწყვეტილებაც ასეთია. ჩვენ როგორც სანქცირებულ კომპანიებს გამოვრიცხავთ, ასევე ევროკავშირს აქვს კომპანიების ე.წ. შავი სია, რომლებიც სანქცირებული არიან“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მთავარი არის ფრენების უსაფრთხოება.

„ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ბორტები, რომელსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ სერვისზე და მომსახურებაზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. აქედან გამომდინარე, ყველა იმ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, საშუალებას მივცემთ განაახლონ ფრენები იმ მიმართულებით, სადაც ეს შესაძლებელი იქნება და საიდანაც მოთხოვნა იქნება. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. მოთხოვნა არის როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან“,- განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი განაცხადი არის შესული ავიამიმოსვლის თაობაზე, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ჯერჯერობით 3, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„რაც შეხება რუსულ ავიაკომპანიებს, 3 განაცხადი არის დღეს, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ დოკუმენტებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომელიც მოგახსენეთ. სავარაუდოდ, ხვალ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც კომპანიების, ისე ბორტების სანქცირების საკითხი გათვალისწინებული იქნება და ისე მიეცემათ რუსულ კომპანიებს უფლება, რომ ამა თუ იმ მიმართულებით იფრინონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა