ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ არ უსმენს ხალხს, უსმენს პუტინს - არ მუშაობს, რომ ოპოზიციას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულების ვალდებულება ხელისუფლებას აქვს

ხელისუფლება არ უსმენს ხალხს, ხელისუფლება ახლა პუტინს უსმენს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

სამნიძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, მასთან ურთიერთობების გაღრმავებას ნიშნავს.

„ხელისუფლება პირდაპირ იმეორებს რუსულ გზავნილებს. ელჩებზე და დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, ევროპარლამენტზე, ამ ყველაფერზე თავდასხმა არის ხელისუფლების ხელწერა.

რუსეთი ყოველთვის ჩასაფრებული ელოდება, რომ ამ ქვეყანაში რუსული გავლენები გაძლიერდეს, ქვეყანას პრობლემა შეექმნას, გაჩნდეს შეკითხვები. პირდაპირი ფრენების აღდგენა არის რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება. არავის სჯერა, რომ პუტინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება გაუადვილდეს.

„ქართული ოცნება“ არის შეშინებული ხელისუფლება, მას რუსეთის ეშინია. იმდენად შეშინებულია, რომ ოკუპირებული ქვეყანა მზად არის პასუხიც კი არ გასცეს, კონკრეტული პოლიტიკური განცხადებაც კი არ გააკეთოს რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა სამნიძემ.

მისივე შეფასებით, ამ პროცესში ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადაიტანოს.

„არ მუშაობს ის, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსის მიღება. ოპოზიციას, რომც არ უნდოდეს სტატუსის მიღება, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვალდებულება ხელისუფლებას აქვს და ამისთვის ყველაფერს უნდა აკეთებდეს ხელისუფლება“, - აღნიშნა სამნიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ახალ "მესიჯბოქსზე" გადავიდა, რომ ლიბერალიზმი არის ქვეყნის საფრთხე.

მისივე თქმით, ამის გამოვლინება იყო პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანის მობილიზება.

„სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც პროპაგანდისტულ "მესიჯებზე" ფიქრობს და არა ქვეყნის განვითარებაზე. „ქართული ოცნება“ ახალ "მესიჯბოქსზე" გადავიდა, რომ ოჯახის სიწმინდეს გვირღვევენ, რომ ლიბერალიზმია ჩვენი საფრთხე. ლევან ბერძენიშვილზე ორკესტრირებული თავდასხმაც ამის ნაწილია, რომ ის მტრის ხატი გახადონ. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ლევან ბერძენიშვილს განსაკუთრებული გავლენა აქვს ახალ თაობაში. ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს, რომ ქვეყანაში ვინმეს ჰქონდეს გავლენა, ამიტომ თავისი პარტიის თანამშრომლებს მისცა დავალება. კონკრეტულად ირაკლი კობახიძე აკეთებს განცხადებებს, დანარჩენები ვინც სპიკერები არიან ამ თემაზე არ ლაპარაკობენ. ირაკლი კობახიძეს აქვს კონკრეტული დავალება და ის განსაკუთრებული ზიზღით საუბრობს ლევან ბერძენიშვილზე“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო