პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პარტიის ტყიბულის ლიდერების, ლაშა ბოჭორიშვილისა და მისი ძმის ლერი ბოჭორიშვილის საკრებულოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შრომითი უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან "ქართული ოცნების" ადგილობრივ ხელმძღვანელებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ოპოზიციონერების დევნისთვის, აუცილებლად დადგება. მან ასევე მოუწოდა პროკურატურას, აუცილებლად დაიწყოს მოკვლევა და ძიება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
„ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წელს, სწორედ ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვთქვით, რომ "ლელოს" პოლიტიკური ლიდერები რეგიონებში არიან დევნის ქვეშ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს ავიწროებენ საჯარო სამსახურებში. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ პირველი სასამართლო პროცესი არის მოგებული, კონკრეტულად ეს ეხება ტყიბულში ჩვენი ადგილობრივი ლიდერის ლაშა ბოჭორიშვილისა და მისი ძმის ლერი ბოჭორიშვილის გათავისუფლებას საკრებულოდან, საჯარო უწყებიდან. ჩვენ ვამბობდით, რომ პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი, ვამბობდით, რომ შრომის უფლებებს უხეშად არღვევდა „ქართული ოცნება" და მისი ადგილობრივი ხელისუფლება. დღეს უკვე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური დისკრიმინაცია სახეზეა, რომ შრომითი უფლებები და შრომითი კოდექსი არის დარღვეული და სწორედ ამ გამარჯვებას გაცნობებთ თქვენ. რატომ გიყვებით ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მთელს ქვეყანაში ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მათ შორის, რიგით წევრებს დევნიან იმის გამო, რომ ისინი არიან ოპოზიციონერები, თუმცა როგორც მაშინ ითქვა და დღესაც ამას ვამბობთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მოქალაქე, იქნება თუ არა ის "ლელოს" მხარდამჭერი, ჩვენ ამ ადამიანებს დავიცავთ, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით ნებისმიერ დროს, სანამ არ დადგინდება სიმართლე. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გჩაგრავენ საჯარო უწყებებში, ვისაც გჩაგრავენ იმიტომ, რომ გინდათ დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი პოლიტიკური ნიშნის გარეშე არსებული საჯარო უწყებები და ქვეყანა, დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად გვექნება თქვენთან მუდმივი კომუნიკაცია და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. ეს კონკრეტული მაგალითი არის სწორედ ამის ილუსტრაცია. გრძელდება სასამართლო პროცესი ბათუმში ქალბატონ ზიმლარ ბერიძესთან დაკავშირებით, რომელიც, ასევე, არის პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი და ეს პროცესიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ეს არის სიგნალი, რომ არ შეგეშინდეთ, თუ თქვენს მხარეს არის სიმართლე, არის ამ ქვეყნის სიყვარული და თქვენ ამის გამო იდევნებით, აუცილებლად გაიმარჯვებთ და დაადგენთ სიმართლეს ჩვენთან ერთად! ჩვენ ვართ მზად, რომ თითოეულ ჩვენს გულშემატკივარს, მხარდამჭერს, რეგიონულ ლიდერს დავუდგეთ გვერდით და დავადგინოთ სიმართლე. ეს იქნება ერთადერთ გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი შიში",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.