ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2023

ვახტანგ ძაბირაძე - „ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს და არა 12 პუნქტზე...“

უკრაინელებმა რამდენიმე ადგილას რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

ბადრი ჯაფარიძე - “არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს”

ენმ-ში შესაძლოა ახალმა დაპირისპირებამ იფეთქოს - სააკაშვილის ოჯახი ახალი მენეჯმენტით უკმაყოფილოა

თენგიზ ფხალაძე - “ისიც არ ვიცით, ნატოს სამიტზე რას ვიტყვით, ან რას მოვითხოვთ”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - „ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს და არა 12 პუნქტზე...“

“ამ შეხვედრის თაობაზე ცოტა რამ ვიცით, როგორც ითქვა, ის დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ შემდეგ არ გამართულა ბრიფინგი და არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები. ორივე მხარე მხოლოდ მოკლე, ზოგადი რელიზებით შემოიფარგლა. მე დიდად არ მჯერა იმ მითქმა-მოთქმისა, რაც ამ შეხვედრას უძღოდა წინ, თითქოს ვიღაც სადღაც დაიბარეს... როგორც ამბობენ, ეს შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილსა და შოლცს შორის მარტივი საუბარი არ შედგებოდა. საქმე არ შეეხება მხოლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას და ცნობილ 12 რეკომენდაციას. ვფიქრობ, უფრო გლობალურად, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზეც იქნებოდა ლაპარაკი”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს და არა 12 პუნქტზე...“

“საქმე ისაა, რომ უკრაინაში ვითარება სულ უფრო და უფრო უახლოვდება ზღვარს, კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქებით, რუსეთმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადება. მან ბრძანა, არ გამოვრიცხავ ნატოს წევრი რიგი ქვეყნები ამ ომში უფრო აქტიურ ჩართვას გეგმავდნენო. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ როგორც თავის დროზე ანტიფაშისტური კოალიცია, ასევე ახლა ანტირაშისტული უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ამ კოალიციაში ყველას თავისი ფუნქცია ექნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არა მარტო იმ თემებზე იქნებოდა ლაპარაკი, რაზეც ევროპარლამენტარები საუბრობდნენ, არამედ, ვფიქრობ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აინტერესებთ, ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს საქართველო, იქნება თუ არა ანტირაშისტული კოალიციის წევრი? ვვარაუდობ, რომ შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრის მთავარი თემა იყო სწორედ ეს საკითხი და არა ყბადაღებული 12 პუნქტი. რა თქმა უნდა, ამაზეც ისაუბრებდნენ, მაგრამ შოლცსა და ჩვენს პარტნიორებს, ჩემი აზრით, უფრო მეტად აინტერესებთ საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის წინ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ამას ექნება გაგრძელება. ვფიქრობ, ანტირაშისტულ კოალიციას მის გარეთ დარჩენილი მოთამაშეებისადმი ექნება თავისი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს მოხდება დიფერენცირებულად, მიდგომა ზოგთან იქნება უფრო მკაცრი, ზოგთან კი, ნაკლებად. მათ აინტერესებთ, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რათა ჩვენდამი პოლიტიკაც შესაბამისად განსაზღვრონ. მათ უნდათ იცოდნენ, რას შეიძლება ელოდონ ჩვენგან. რთული სათქმელია, სად შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა - ბოლო დროს ბევრი უცნაური რამ ხდება, მათ შორის საქართველოს შიდა პოლიტიკაშიც. მოხდა საზოგადოების დიფერენცირება. ყველა ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების 80% პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციაზე დგას, მაგრამ რჩება დანარჩენი 20%, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. მათი წარმომადგენლების ე.წ. ანტილიბერალური კამპანია, რეალურად ანტიდასავლურია, რასაც ჩვენი ხელისუფლების რიგი წევრები აშკარად თანაუგრძნობენ. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებთან საუბრისას ხელისუფლება ამ 20%-ის ლოზუნგებზე აპელირებას შეეცდება, თუმცა პარალელურად გააგრძელებენ მტკიცებას, რომ მათი კურსი დასავლური და ევროპულია. საქმე საქმეზე თუ მიდგა, რა დასკვნებს გააკეთებენ, ამის თქმა მიჭირს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს “ქართული ოცნებისთვის” ამ ყველაფრის მიღმა უმნიშვნელოვანესია ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის რას აღარ ცდილობს, უკიდურესად ფრთხილობს რუსეთთან, შესაბამისად, არ ველი, რომ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ რადიკალიზმს საქართველოს არც ჩვენი პარტნიორები სთხოვენ, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენგან მოითხოვენ უფრო მკაფიო და მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას. სხვა რა მოცემულობა შეიძლება მივიღოთ, ამის პროგნოზი მიჭირს, რთულია ამ ვითარებაში ახალი, კონცეპტუალური შეფასების გაკეთება... უკვე პირდაპირი, შეიძლება ითქვას, არადიპლომატიური ტექსტებით მიდის ლაპარაკი. ასეთივე განწყობა იყო ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზეც - მუდმივად საუბრობენ ევროკომიისის 12-პუნქტიან დავალებაზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმ დიდი პაზლის მხოლოდ ერთი ნაწილია, რასაც საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ბოლო დროს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ჰქვია. საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვა გააჩინა, ასევე იმ გადამეტებულმა სიფრთხილემ, რასაც ხელისუფლება იჩენს რუსეთთან ურთიერთობაში”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ საქართველო აირჩევს ადგილს ანტირაშისტული კოალიციის მიღმა, სამწუხაროდ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ ჩვენთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა. ეს უკვე აღარ იქნება მხოლოდ კრიტიკული შეფასებები, იქნება გადაწყვეტილებები, რაც მძიმედ აისახება ჩვენს ქვეყანაზე. ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული, თუ მთლიანად არა, იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. ჯერჯერობით ხელისუფლება აგრძელებს, ასე ვთქვათ, ორ სკამზე ჯდომას - თან ამბობს, რომ მიდის დასავლეთისკენ, თან მისი ნაწილი მიზანმიმართულად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას. ის შეეცდება ეს პოლიტიკა გააგრძელოს მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება ან არ დარწმუნდება, რომ დასავლეთი ნამდვილად იმარჯვებს ამ ომში. თუმცა ერთია ჩვენი ხელისუფლების გეგმები და მეორე მის ამ პოლიტიკას როდემდე მიიღებს დასავლეთი. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია რუსეთის. ლაპარაკია ეგზისტენციალურ შიშზე. ვფიქრობ, ხელისუფლების პირველ პირებზე, ივანიშვილსა და დანარჩენებზე, რუსეთიდან მძაფრი ზეწოლა მიდის. მათ უკვე ისე შეტოპეს, უკან გაბრუნების საშუალებას მისცემენ თუ არა, საკითხავია. არავინ იცის, ამ ვითარებაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ ცოტა ხნის წინ დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვალეს და გეგმებიც დასახეს. პენტაგონი ახალ 2-მილიარდიან პაკეტს ამტკიცებს უკრაინის დასახმარებლად, მოკლედ, დასავლეთი იწყებს ახალი რეალობის ფორმირებას და ამ ახალ რეალობაში უნდა მოძებნოს თავისი ადგილი საქართველომ. ეს გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის... თუ საქართველოს ადგილი ვერ მოინახა, მაშინ, ალბათ, დადგება სანქციების დაწესების საკითხიც. ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება თითქოს ამისთვის საზოგადოებრივ აზრსაც ამზადებს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, გაითვალისწინებენ ჩვენს ურთიერთობებს წარსულში, ასევე ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ განწყობას და რადიკალური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებენ, იფიქრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას ქვეყანაში. ღმერთმა დაგვიფაროს, მართლაც რომ დადგეს სანქციები დღის წესრიგში, წარმოდგენაც არ მინდა, რა დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, გნებავთ სოციალურ-ეკონომიკური, გნებავთ უსაფრთხოების მხრივ. მგონი, ჩვენი პარტნიორები ჯერჯერობით განცხადებების დონეზე დარჩებიან და შეეცდებიან ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ პირობებზე დაიყოლიონ”, - ამბობს რესპონდენტი.

“ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ ლიდერებს ძალიან პატარა სივრცე აქვთ მანევრირებისთვის. მათ გასცეს დიდი დაპირებები, სანამ პარტიის სათავეში მოვიდოდნენ, ამბობდნენ, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ, აქციებს გამართავდნენ და ა.შ., მაგრამ ვერაფერიც ვერ გააკეთეს. იმის ნაცვლად, რომ პარტია გაეძლიერებინათ, დაასუსტეს - პარტია დატოვეს გამოცდილმა ლიდერებმა. ახლა აღარ იციან, რა ქნან. ბუნებრივია, პარტიის მომხრეები მათგან ითხოვენ ქმედებას, სვამენ კითხვას, თუ არაფერი შეიცვლებოდა, რისთვის გადავირჩიეთ მელიაო. შესაბამისად, ხაბეიშვილის გუნდს სურს ამ ვითარების გადაფარვა და იწყებს პიარკამპანიას მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების თემით. ასე ცდილობენ მარცხის გადაფარვას. მართალია, ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ სხვა გამოსავალი რა აქვთ? რა შეუძლიათ ხაბეიშვილსა და მის გუნდს, რით შეიძლება გაამართლონ მელიას გაშვება და საკუთარი მოსვლა? ამიტომ ურჩევნიათ “ოცნების” წისქვილზე დაასხან წყალი, ვიდრე პარტიაში გაჩნდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. არადა, აუცილებლად გაჩნდება, რისი იმედიც აქვს მელიას, ამიტომ არ მიდის პარტიიდან და სწორადაც იქცევა. მას შემოდგომამდე დრო აქვს, შემოდგომაზე ბევრი რამ გაირკვევა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ოპოზიციაში ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა, თუ ვის აქვს დამოუკიდებლად თუ კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ელექტორატში ნამდვილად არის მოთხოვნა მესამე ძალაზე. ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაუცხოებულია პოლიტიკურ ცხოვრებასთან, მათ არც “ქართული ოცნება” მოსწონთ და არც “ნაციონალური მოძრაობა” და ვინაიდან ვერ ხედავენ მესამე ძალას, არჩევნებისადმიც ნიჰილისტურად არიან განწყობილი. ოპოზიციაში ამ ყველაფრის ანალიზს ნაკლებად აკეთებენ, ვერც დასკვნები გამოაქვთ და ზედმეტადაც ჩქარობენ. როცა კოალიციაზეა ლაპარაკი, ყველას სურს თვითონ იყოს სამყაროს ცენტრი და დანარჩენებმა მის გარშემო იტრიალონ, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. რა უნდა შესთავაზოს ახალი ამ მესამე ცენტრმა ამომრჩეველს, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისგან მთავარ განმასხვავებელ ნიშნად ასახელებს იმას, რომ თვითონ პროდასავლურია, “ქართული ოცნება” კი პრორუსული. უცებ რომ შეიცვალოს მმართველმა ძალამ რიტორიკა, დაიწყოს ძველებურად პოზიციონირება აქტიური პროდასავლური გზავნილებით, მაშინ რა რჩება ოპოზიციას?!” - დასძენს ძაბირაძე.

უკრაინელებმა რამდენიმე ადგილას რუსები დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს - რას სცენარით შეიძლება განვითარდეს კონტრშეტევა

“უკრაინულმა არმიამ ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტზე რამდენიმე ადგილას უკვე გადალახა რუსების პირველი თავდაცვის ხაზი, თუმცა ეს ფრონტის გარღვევას არ ნიშნავს. დანაკარგები ორივე მხრიდან დიდია. კიევში ოფიციალურად დაადასტურეს ზაპოროჟიეს ოლქში ბრძოლებისას გერმანიიდან მიღებული პირველი “ლეოპარდის” განადგურება. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” საუბრისას იმაზე მსჯელობენ, თუ სად იქნება უკრაინელთა კონტრშეტევის მთავარი დარტყმა და რომელი მიმართულებებია ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული. რამდენიმე დღეა უკრაინამ დაიწყო მასშტაბური კონტრშეტევა და მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. რუსული მხარე აქცენტს აკეთებს ზაპოროჟიეს ოლქზე, სადაც, მათი ცნობით უკრაინელები რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ დაცვის გარღვევას. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ბრძოლის შესახებ რუსული მედია პრაქტიკულად არ საუბრობს. უკრაინული მხარე კი ფრონტის სხვა მონაკვეთებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, იგივე ბახმუტზე, სადაც, ოფიციალური კიევის ცნობით, მათ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. ზაპოროჟიეს ოლქში მიმდინარე ბრძოლების შესახებ კი უკრაინელთა მიერ გავრცელებული ინფომაცია საკმაოდ მწირია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელებმა რამდენიმე ადგილას რუსები დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს - რას სცენარით შეიძლება განვითარდეს კონტრშეტევა.

“რაც შეეხება სხვა წყაროებს, ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქაც არც ისე ბევრია. ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე ადგილას უკრაინელებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევა შეძლეს, თუმცა ფრონტის ეს კონკრეტული მონაკვეთები დაკონკრეტებული არ არის. მათივე ინფორმაციით, რუსული ნაწილები ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინულ ნაწილებს, ახდენენ გადაჯგუფებას და წარმატებულ დაცვით ოპერაციებს ატარებენ. თუმცა, არის მონაკვეთები, სადაც რუსული ნაწილები დაწოლას ვერ უძლებენ და არაორგანიზებულად ტოვებენ პოზიციებს. ანალიტიკოსთა ურავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინულ ძალებს ჯერ არ დაუწყიათ მთავარი იურიში, ხოლო ახლანდელი მათი სამხედრო აქტივობა მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენას და მათი ძალების მაქსიმალურ დაწელვას ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც ყველაზე ცუდად დაცულ მონაკვეთებზე განხორციელდება დარტყმები ფრონტის გარღვევის მიზნით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დასავლეთში კი იმაზე მსჯელობენ, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინელთა სპეცოპერაცია წარმატებულად. “ნიუ იორკ თაიმსი” ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთში მოვლენათა გავითარების ორი სცენარი განიხილება. პირველი სცენარის შემთხვევაში, უკრაინა ახერხებს საკვანძო ტერიტორიების დაბრუნებასა და მათ შენარჩუნებას, თუმცა აქ დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი ტერიტორიები მიიჩნევა საკვანძოდ. მეორე სცენარს კი პირობითად “გამომფიტავი დარტყმა” ჰქვია. ამ შემთხვევაში უკრაინელებმა შესაძლოა ვერ შეძლონ მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ მათი შეტევა იმდენად მძლავრი იქნება, რომ მნიშნელოვნად შეამცირებს რუსული არმიის საბრძოლო პოტენციალს და კრემლში სერიოზულ ეჭვებს გააჩენს უკრაინაში წარმატების მიღწევასთან დაკავშირებით”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ უკრაინელებმა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე მართლაც გადალახეს რუსული თავდაცვის პირველი ზღუდე, თუმცა საგრძნობი დანაკარგებიც აქვთ. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინელებისათვის პრიორიტეტული, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ფრონტის გარღვევაა. მისი შეფასებით, ეს უკრაინულ არმიას შესაძლებლობას მისცემს სამი მიმართულებით განავითაროს წარმატებული შეტევა. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” საუბრისას ბრძოლის მთავარ სამ სტრატეგიულ მიმართულებას ასახელებს. მისი შეფასებით, უკრაინულ არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერჯერობით არ აქვს. ამიტომაც უნდა ველოდოთ მათ გადაჯგუფებასა და ახალ მასშტაბურ დარტყმებს. გენერალი მიიჩნევს, რომ მთავარი დარტყმის მიმართულება უშალოდ ბრძოლის დროს გამოჩნდება და ეს იქნება ფრონტის ის მონაკვეთი, სადაც უკრაინელებს ყველაზე დიდი წარმატება ექნებათ. ასეთად კი, მისი აზრით, ამ ეტაპზე ბახმუტის მიმართულება ყალიბდება”, - დასძენს გამოცემა.

“ბრძოლები მიდის. უკრაინელები გადავიდნენ შეტევაზე და ცდილობენ გაარღვიონ ზაპოროჟიეს ფრონტი. ჯერჯერობით წარმატებები არც ერთ მხარეს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ მხარეს, სამწუხაროდ, აქვს “ლეოპარდების” პირველი დანაკარგები. გავრცელდა ეს ინფორმაცია და უკრაინელები ამას ადასტურებენ. მართალია, ისე მასშტაბურად არა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინელებმა გაარღვიეს რუსების თავდაცვის პირველი ხაზი, მაგალითად, ორხეოვო-ტოკმაკის მიმართულებით და ახლა მიდის დანარჩენი მიმართულებების დამუშავება. რუსები ჯერჯერობით თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ. უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ ზაპოროჟიეში და კონტრშეტევაზე ბახმუტის მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“უკრაინელების მთავარი დარტყმა შეიძლება განხორციელდეს ზაპოროჟიედან. ზაპოროჟიეს ფრონტი თუ გაარღვიეს, ისინი ფაქტობრივად გადიან ოპერატიულ სტრატეგიულ სივრცეზე. ანუ სამი მიმართულებით შეძლებენ შეტევის განვითარებას. პირველი - გავლენ უშუალოდ მელიტოპოლისა და მარიუპოლის მიმართულებით, მეორე - სამხრეთით ისინი გავლენ ანექსირებული ყირიმის მიმართულებით; ასევე ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა საუბარი და ფაქტიურად ისინი გავლენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით და დაიბრუნებენ ამ ტერიტორიებს. შესაბამისად, დასრულდება რუსების მანიპულაციები და შანტაჟი ბირთვული უსაფრთხოების კუთხით”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“ვითარება არის შემდეგი, გამოიკვეთა ძირითადი ორი მიმართულება. ერთი მიმართულება არის დონეცკის ოლქის სამხრეთ, მეორე - ზაპოროჟიე, ამ მიმართულებაზე არის სამი მონაკვეთი, სადაც ყველაზე აქტიურად ხდება შეტევები; და მესამე დამხმარე მიმართულებად გამოიკვეთა ბელგოროდი-კურსკის მიმართულება, სადაც უკრაინელები ცდილობენ რუსებს გააფანტინონ ძალები და ყურადღება გადაატანინონ. ეს არის ძირითადი მიმართულებები. უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ. ყველაზე წარმატებული მიმართულებად მაინც რჩება ბახმუტი, სადაც შეძლეს 2 კილომეტრამდე წინ წაწევა და შევიდნენ ქალაქის ტერიტორიაზე. იქ არის ასეთი რაიონი - “თვითმფრინავი”, სადაც უკრაინელები არიან უკვე შესული. სხვა მიმართულებებზე მძიმე ბრძოლებია და ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოახერხეს - სადაც ვერ გაარღვიეს უკრაინელებმა, ეს უკვე რუსების წარმატებაა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“დიდი წინსვლა არ აქვთ უკრაინელებს. ალბათ ახლა მოახდენენ გადაჯგუფებას და კვლავ განაახლეებენ ძირითად შეტევებს. დიდ პრობლემებს ქმნის დანაღმული ველები, სადაც ყველაზე მეტი ტექნიკა დაკარგეს უკრაინელებმა. სადაც გამოჩნდება უკრაინელების წარმატება, ალბათ იმ მიმართულებაზე იქნებიან კონცენტრირებული უკრაინელები. ჯერჯერობით ბახმუტი ყალიბდება ასეთ მიმართულებად. თუმცა, უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ზაპოროჟიეს რაიონი”, - თვლის ვახტანგ კაპანაძე.

ბადრი ჯაფარიძე - “არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს”

“არ მესმის, რას ნიშნავს საერთო სტრატეგია! ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი ამოცანა აქვს - ყველას სურს ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება, სხვა ყველა დანარჩენ საკითხზე ჩვენი მიზნები და შეხედულებები განსხვავებულია, ამიტომაც ერთიანი სტრატეგიით მოქმედება არ გამოვა. “ლელოს" ამოცანა არ არის 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ გაცილებით ამბიციური მიზნები გვაქვს - გვსურს ერთ პლატფორმაზე მყოფი პროევროპელი პოლიტიკოსებისა და პარტიების კონსოლიდაციას შევუწყოთ ხელი, დავარღვიოთ ორპოლუსიანი ველი, შევქმნათ ალტერნატიული მძლავრი პოლიტიკური ველი, რომელიც წელში გადატეხს პოლარიზებას. გვინდა პარტნიორებთან ერთად არჩევნებში დავამარცხოთ ხელისუფლება და მოვიდეთ კოალიციურ მთავრობაში”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს”.

“ვითანამშრომლებთ ყველასთან “ნაციონალურ მოძრაობისა” და გახარიას პარტიის გარდა. ასევე არ ვითანამშრომლებთ “გირჩთან” და “მოქალაქეებთან~ - მათ თქვეს, რომ არ აინტერესებთ ჩვენთან თანამშრომლობა და დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ვგულისხმობთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ასეთი ერთობის შექმნა საჭიროდ მიაჩნიათ. ასეთი ბევრია, ზოგიერთ მათგანთან უკვე ვსაუბრობთ, ზოგიერთთან უახლოეს მომავალში ვგეგმავთ... ზოგიერთი “ქართული ოცნების” ყოფილი წევრია, ზოგი “ნაციონალების”, ზოგიც - საზოგადოების აქტიური წევრი: ჩვენ არავისთვის არა გვაქვს ტაბუ დადებული, იმის გამო, რომ ვინმე ადრე “ოცნებაში” ან “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, არ ვაპირებთ უარი ვთქვათ თანამშრომლობაზე. მთავარია, პროდასავლური იყოს. უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან დელიკატური პროცესია და სანამ საბოლოოდ არ შევთანხმდებით, ამაზე საჯაროდ საუბარი საქმეს დააზიანებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენაა მთავარი საფრთხე მშვიდობისთვის! სწორედ მათ გაზარდეს და გაამწვავეს საზოგადოებაში დაპირისპირება, ხალხი აიძულეს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულიყო... ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს თავის დროზე უნდა მიეღო ნატოს საგზაო რუკა. ამაზე უარის თქმა ნამდვილად შეცდომა იყო. რაც შეეხება უკრაინაში შეჭრის მიზეზს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არის უკრაინის ნატოში გაწევრების სურვილი! იცით, ეს სიმართლე რატომ არ არის? იმიტომ, რომ კიევი ნატოში გაწევრებაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა, მოსკოვმა ყირიმი რომ წაართვა. რუსეთს სურდა და ახლაც სურს, რომ უკრაინამ საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე თქვას უარი. უკრაინას იმიტომ უნდა ნატო, რომ საკუთარი სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. აი, ამის უთქმელობა და მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ რუსეთი უკრაინას ნატოში გაწევრების სურვილის გამო სჯის, ნახევრად ნათქვამი სიმართლეა, ანუ ტყუილი. ეს ტყუილი ან შეგნებულად არის ნათქვამი, რათა განავრცონ აზრი, რომ თითქოს ნატოში გაწევრების სურვილის გამოხატვა სახიფათოა, ან დიდი უცოდინარობა. სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას არც ერთი ერი არ აპატიებს საკუთარ ხელისუფალს”, - მიიჩნევს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.

“ღარიბაშვილი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები ხშირად ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებენ, თითქოს უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო თავიდან აერიდებინა რუსეთთან ომი, მაგრამ იმას კი არ ამბობენ, რის ხარჯზე შეეძლო. რატომ არ ამბობენ?! აი, ეს არის საეჭვო და ამიტომ გამოიწვია მისმა ნათქვამმა აღშფოთება როგორც უკრაინასა და დასავლეთში, ასევე საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველებს ასე წარმოგვადგენს მსოფლიოში ჩვენი პრემიერი!.. მარინა კალიურანდიმ ღარიბაშვილის განცხადებებიდან კონკრეტული ციტატები ამოიკითხა, მათ შორის ისიც, ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოსო. “ქართული ოცნების” ლიდერებისგან განსხვავებით, ევროპელები არგუმენტების გარეშე არ საუბრობენ. ღარიბაშვილის განცხადება ნამდვილად ანტიდასავლური იყო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის პოლიტიკა გულისხმობს რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლისა და ვაჭრობის მაქსიმალურად შემცირებას, რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დასანქცირებას. “ოცნება” კი ყველაფერს პირიქით აკეთებს, ზრდის რუსეთთან ვაჭრობას, აფართოებს მიმოსვლის მასშტაბებს, ქვეყანაში უპრობლემოდ უშვებს სანქცირებულ პირებს. ეს ხომ ნიშნავს, რომ ევროკავშირისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ კურსს ატარებს?!” - დაასკვნის ბადრის ჯაფარიძე.

“მოგვცემენ თუ არა სტატუსს, ევროკავშირი გადაწყვეტს. ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ საქართველომ სწრაფად, უახლოეს კვირებში უნდა გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ევროპარლამენტის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. ჩვენი სურვილია სწრაფად გატარდეს რეფორმები, ქვეყანამ სწრაფად მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება გაწევრებაზე. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პრობლემებთან არის დაკავშირებული “ქართული ოცნების” მმართველობის ხელში, იმიტომ, რომ ცალსახად ანტიდასავლური ძალაა”, - დასძენს ჯაფარიძე და შეკითხვაზე - “სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორი საერთაშორისო სანქციების აღმასრულებელ სავარაუდო 5 პრობლემურ ქვეყანას ასახელებს, მათ შორის საქართველოსაც...” - პასუხობს:

“ჩვენი მეგობრები საქართველოს ხუთ პრობლემურ ქვეყანას შორის მოიხსენიებენ, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, წნეხში უნდა მოვაქციოთ ხელისუფლება და ვაიძულოთ დაგმანოს ყველა არხი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული ტვირთების გადატანისთვის შეიძლება გამოიყენონ. არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე ქვეყნის დასანქცირებამდე მივიდეს”.

ენმ-ში შესაძლოა ახალმა დაპირისპირებამ იფეთქოს - სააკაშვილის ოჯახი ახალი მენეჯმენტით უკმაყოფილოა

“შესაძლოა “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი დაპირისპირება დაიწყოს. პარტიის მმართველობიდან ჩამოშორებული ნიკა მელიასა და მისი გუნდის გარდა, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს ექსმიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი ბიძა თემურ ალასანია დაუპირისპირდეს, რომელსაც პარტიაში თავისი გუნდიც აქვს და საკმარისი გავლენაც. პარტიიდან გამოჟონილი ინფორმაციით, შესაძლო კონფლიქტი უკავშირდება როგორც სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის შეუსრულებელი დაპირება, ისე მომავალი საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიები. არსებული ცნობებით, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა სიის პირველი ოცეულის შედგენა უკვე დაიწყეს, რაც თემურ ალასანიასთვის მიუღებელია. მეორე მხრივ თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან, მამუკა გუგეშაშვილი ამბობს, რომ ახალმა თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილს იმედები გაუცრუა, როს გამოც შემოდგომაზე ხაბეიშვილის სახლში გაშვება იგეგმება. მის შემცვლელად კი დავით კირკიტაძისა და ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურები განიხილება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ენმ-ში შესაძლოა ახალმა დაპირისპირებამ იფეთქოს - სააკაშვილის ოჯახი ახალი მენეჯმენტით უკმაყოფილოა.

“ამ განცხადების საპასუხოდ ლევან ბეჟაშვილმა, შიდაპარტიულ პრობლემებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ ხაბეიშვილის გადაყენებაზე საუბარი არასერიოზულია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ თემურ ალასანიას უკმაყოფილება ბუნებრივი და გასაგებია, თუმცა იგი მერაბიშვილ-კეზერაშვილს იმ დონეზე არ დაუპირისპირდება, რომ ეს პარტიაში რაიმე განხეთქილების მიზეზი გახდეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ თემურ ალასანია როგორც დასავლეთისთვის, ასეევე რუსეთისთვის ძალიან მისაღები ფიგურაა. მას აქვს საკმაოდ კარგი საერთაშორისო კავშირები და ალბათ ბევრი მათგანი მისგან დავალებულიც არის. ის ასევე ენმ-ს ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამიტომ მისი პრეტენზიები პარტიისა და მერაბიშვილი-კეზერაშვილისთვის ანგარიშგასაწევი უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვვარაუდობ, რომ ალასანიას მერაბიშვილ-კეზერაშვილთან გარკვეული სიფრთხილე აქვს, რადგან წარსულში ეს ადამიანები ერთმანეთთან არცთუ კარგი საქმეებით არიან დაკავშირებული. თემურ ალასანია იარაღის ვაჭრობის თემასთან ასოცირდება. მასზე გაეროში მუშაობის დროს ეს ეჭვები გაჩნდა. ზუსტად იგივე ბრალდება დავით კეზერაშვილს და იმავე პერიოდში ეს კითხვები ალასანიას მიმართაც გაჩნდა. ამიტომ მე ძალიან მეეჭვება, რომ ალასანია ამ ფიგურებთან ასე ღია დაპირისპირებაში შევიდეს. შესაძლოა სააკაშვილის გათავისუფლების და აქციების თემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ჰქონდეს და გამოთქვას კიდეც, მაგრამ დაპირისპირება მწვავე არ იქნება. რა თქმა უნდა, სიაზე სააკაშვილის ოჯახს ექნება პრეტენზია, სიასთან დაკავშირებით ასეთი დაპირისპირება იქნება, თუმცა რამდენად დროულია უკვე ამაზე საუბარი, ესეც არის. მეეჭვება სიების საკითხი მაინც და მაინც ახლა გახდეს გადამწყვეტი, რადგან არჩევნებამდე პოლიტიკურად ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არ მგონია, რომ დღეს ეს აქტუალურია, თუმცა საბაბი შესაძლოა იყოს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“თემურ ალასანიას ფიგურა საკმაოდ საინტერესო და ანგარიშგასაწევია. ის არ არის პიროვნება, რომელიც რაღაცას ასე ჰაერზე წამოისვრის, ან ილაპარაკებს. ფაქტია, რომ პარტიაზე გარკვეული გავლენა აქვს. თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” არ მგონია ვინმე დარჩეს კიდევ ისეთი, ვინც სერიოზულად ფიქრობს, რომ პროტესტით და ქუჩის აქციებით მიშას გათავისუფლება შესაძლებელია. ეს ხომ თავიდან ყველამ კარგად ვიცოდით და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები მხოლოდ პიარი იყო. მელიას თავიდან მოშორება უნდოდათ და ყველაზე კარგი საბაბი ეს იყო. ლევან ხაბეიშვილს კი რასაც ეუბნებოდნენ, იმას ლაპარაკობდა. ეს ცვლილება არაფრის მომტანი იყო, რადგან დაპირება იყო აბსურდული. შესაძლოა მენეჯმენტი შეიცვალოს კიდეც და ენმ-ის გაწმენდა მოხდეს. თუ მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი და ხაბეიშვილი პარტიაზე კონტროლს დაკარგავენ და ალასანია ამას შეძლებს, ეს სხვა თემაა. შესაძლოა ისე წარმართოს სიტუაცია, რომ მან ეს ძველი “ნაციონალები” - საკმაოდ იმიჯდაზიანებული ხალხი - პარტიას მოაშოროს, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული რყევები იქნება საჭირო. რამდენად უღირს ეს ალასანიას და რას მიიღებს აქედან, ეს უკვე საერთოდ სხვა თემაა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სხვაგვარად, ნებისმიერი სხვა თავმჯდომარე რომ მოიყვანონ, სააკაშვილს, თუკი ეს “ოცნების” სურვილი არ იქნება, ვერავინ გაათავისუფლებს. ეს არის კედელზე ტყუილად თავის რტყმა, რაც დღესავით ნათელია ყველასთვის. რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერობის იდეას, ციხიდან ვერ გამოჰყავთ და აგერ, ბატონო, პრემიერობას სთავაზობენ. ამით მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ. ოჯახის უარი კი იმას ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, მაშინ გამოვა, რომ ლობისტებსა და პიარ კამპანიაში გადახდილი ამდენი ფული წყალში გადაყარეს. შესაბამისად, ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ რაღაც შესაძლოა ამ მომაკვდავის თემაზე კიდევ გამოვიდეს. მეორეც თუ სააკაშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, მაშინ მას ციხეში დააბრუნებენ. ესეც, რა თქმა უნდა, არც სააკაშვილს და არც მის ოჯახს არ აწყობს“, - დასძენს რესპონდენტი.

თენგიზ ფხალაძე - “ისიც არ ვიცით, ნატოს სამიტზე რას ვიტყვით, ან რას მოვითხოვთ”

“ყველა წვრთნას აქვს თავისი ტაქტიკური ნახაზი იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არის ამჟამად უკრაინაში - ანუ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ ნატო და ნატოს პარტნიორი ქვეყნები. ამიტომ ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინეთი უკვე წევრი სახელმწიფოა და ამ რანგში ეს წვრთნა ქვეყნისთვის პირველია. შვედეთიც, თუმცა ჯერ ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ფაქტობრივად ნატოს დე ფაქტო წევრია თავისი ჩართულობით სამხედრო ოპერაციებში. თურქეთის თანხმობის საკითხი ადვილად მოსაგვარებელი არ არის და ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. ზუსტად ამიტომაც არის ლაპარაკი, რომ შვედეთმა გაწევრებამდე მისცეს ნატოს უფლება მის ტერიტორიაზე საკუთარი კონტინგენტის განთავსების. შვედეთი ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, სანამ სრულად გაწევრდება ალიანსში”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ისიც არ ვიცით, ნატოს სამიტზე რას ვიტყვით, ან რას მოვითხოვთ”.

“რაც შეეხება უსაფრთხოებისთვის ნატოს კონტინგენტის საქართველოში განლაგებას, ამაზე ლაპარაკი ახლა ძალიან არასერიოზულია. ნატოს სამიტზე რას ვიტყვით და რას მოვითხოვთ, ისიც არ ვიცით და რომელ ნატოს კონტინგენტის განთავსებაზეა საუბარი? საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ნატოში გაწევრებაზე აღარ ლაპარაკობენ, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი. ეს მაშინ, როდესაც მოდის ძალიან მნიშვნელოვანი ვილნიუსის სამიტი და ჩვენ ძალიან უნდა ვაქტიურობდეთ. შანსი გვაქვს, მაგრამ თუ არ გამოიყენე, რა თქმა უნდა, თავისით არაფერი არ მოვა. ჩვენ ბოლო წვრთნებშიც კი არ ვმონაწილეობთ, რაც მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ვილნიუსის სამიტზე არ ველი საქართველოსთვის რაიმე არსებითს... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად თავის თავდაცვით სტრატეგიასა და როლს უსაფრთხოების სისტემაში კრიტიკულად აფასებს იაპონია - ასე რომ, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ნეიტრალური არიან, უკვე კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს და ეს კიდევ ერთი სიგნალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ გავაქტიურდეთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“უკრაინასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპონენტია. ერთია უკრაინის დაცულობის ამაღლება, პრაქტიკული ნაწილი, რომელიც დღეს უნდა გაკეთდეს, და მეორე - ნათელი უნდა მოეფინოს იმ ბუნდოვანებას, რაც დღეს არსებობს, რადგან უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ, აქვს 2008 წლის ჩანაწერი, რომ ის გახდება ნატოს წევრი. იმავდროულად, უკრაინა არის ომში მყოფი სახელმწიფო. გარდა ამისა, იმ ჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მაპ-ი. მადრიდის სამიტმა დაგვანახა, რომ შეიძლება ქვეყნების გაწევრება მაპ-ის გარეშეც. ბევრი კითხვა არსებობს და უკრაინელები პასუხებს ითხოვენ, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღონ ნატოში და დიდი ალბათობით, მიიღებენ კიდეც”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რასმუსენმა თქვა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის სამხედროები შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ. ამით ჩაითვლება თუ არა, რომ ნატო პირდაპირ ჩაერთო ომში?” - პასუხობს:

“სწორედ უკრაინის დაცულობაზე მიდის ლაპარაკი და ეს ეფუძნება ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებს. ნატოს ჯარი რომ შევიდეს უკრაინაში არ არის ამის აუცილებლობა. საკმარისია, უკრაინამ მიიღოს საჭირო შეიარაღება, F-16-ების ჩათვლით, მიიღოს ლოჯისტიკური ტიპის დახმარება. უკრაინა არ ითხოვს ნატოს ჯარის შესვლას მის ტერიტორიაზე და სწორიც არის...

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა