საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორთა დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, NKU-ს პროფესორთა დელეგაცია SANGU-ს ეწვია.

დელეგაციის წევრები არიან: კევინ კირბი - ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, სიუზან ბრუდვიგი - კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი, ი ჰუ - კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, რასიბ ხანი და ტონი ცეცე - კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები.

SANGU-ს წარმომადგენლებმა და NKU-ს დელეგაციის წევრებმა დახურული შეხვედრის შემდეგ სტუდენტებთან პირველი საერთო ლექცია ჩაატარეს.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის, ირაკლი ბრაჭულის განცხადებით, 2 კვირის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ქართველ სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს, ვორქშოპებს დაესწრონ და პრაქტიკული სამუშაოები დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად გაიარონ.

„დღეს ჩვენთან ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორთა დელეგაცია იმყოფება. ისინი ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულ ლექციებს ჩაატარებენ. კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ სტუდენტებს საშუალება ექნებათ პირისპირი შეხვედრებით სწავლება გაიარონ. ასევე, ახალი სასწავლო წლიდან კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ამერიკაში გაგრძელდება. კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ. ამ ძვირადღირებულ პროგრამაში SANGU ინვესტიციას დებს და ამ პროგრამას სრულად ანაზღაურებს, რადგან ქვეყნისთვის ასეთი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ბრაჭულმა.

SANGUS კიბერუსაფრთხოების ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ლევან გელაშვილის თქმით, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს განვითარებისთვის ეს პროგრამა დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

„ეს კურსი ქართველ სპეციალისტებს იმ გამოცდილების მიღებაში ეხმარება, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია. საქართველოში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს განვითარებისთვის მცირე შესაძლებლობები გვაქვს, ასევე, ქართულ უნივერსიტეტებში კიბერუსაფრთხოების მაგისტრატურა არ არის. ამ მხრივ, ეს სამაგისტრო პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SANGU-ს”, - განაცხადა ლევან გელაშვილმა.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანის, კევინ კირბის თქმით, მან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე იდეა უნივერსიტეტებს შორის დაახლოების კუთხით მოისმინა.

„დიდი პატივია დღეს აქ, თბილისში, საქართველოში ყოფნა. ჩვენი დელეგაცია არის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტიდან. ეს არის ჩვენი მეორე ვიზიტი საქართველოში, ეს ჩვენი ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა უკიდურესად აუცილებელი გლობალური მნიშვნელობისაა, ის, რასაც შეერთებული შტატების, საქართველოს და ასევე, ძალიან ინოვაციური უნივერსიტეტის, SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის მჭიდროდ დაკავშირება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ დღეს შევხვდით მთავარეპისკოპოსს (მეუფე იაკობი), მოვისმინეთ მისი რამდენიმე შესანიშნავი იდეა ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა“, - განაცხადა კევინ კირბმა.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელის, სიუზან ბრუდვიგის თქმით, მხარეებს შორის ახალი პროგრამის დაწყება იგეგმება.

„დღეს ჩვენ მთავარეპისკოპოსს შევხვდით, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობებზე, ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ვგეგმავთ ბიზნეს ინფორმატიკის ახალი სამაგისტრო პროგრამის დაწყებას. ახალი ერთობლივი პროგრამით ვაპირებთ ურთიერთობა გავაღრმაოთ“, - განაცხადა სიუზან ბრუდვიგმა.

ცნობისთვის, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე 2023 წლის იანვრიდან 30 სტუდენტი ირიცხება. სტუდენტები SANGU-ს სრული დაფინანსებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას ეუფლებიან. კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით