თეონა აქუბარდია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებებზე რეაგირებას ითხოვს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას გადაწყვეტილებით, კომიტეტის ოპოზიციონერ წევრებს კომიტეტის ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის შესახებ არ ეცნობათ, როგორიცაა, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესწავლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქუბარდია რეაგირებას ითხოვს და სპეციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავს.

აქუბარდიას თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნა კანონით ისჯება.

"მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის სრულფასოვანი განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით პარლამენტის მნიშვნელოვანი ფუნქცია და დემოკრატიის განმტკიცების აუცილებელი წინაპირობაა. მეტიც, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის სრულფასოვანი განხორციელება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაცაა. გთხოვთ, იხილოთ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი: 1, 2 და 6, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებას და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფას.

პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელება ბუნებრივია მოიცავს საკომიტეტო ფორმატში სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობასაც. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს რა კომიტეტის საქმიანობას, ვალდებულია უზრუნველყოს კომიტეტის საქმიანობის საჯაროობა და კომიტეტის წევრი პარლამენტარების იმ ძირითადი ინფორმაციით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მათ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

თქვენს ყურადღებას იმ გარემოებას მივაპყრობ, რომ ბოლო პერიოდში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომიტეტის წევრებს საპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არ გვეცნობა კომიტეტის ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის შესახებ, როგორიცაა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესწავლა, რისი მტკიცებულებაც არის: - მიმდინარე წლის 27 აპრილს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ვიზიტი და პერევში საოკუპაციო ხაზის მონახულება, 2 მაისს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ვიზიტი, 2 ივნისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტი სერჟანტთა აკადემიაში, 13 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის დათვალიერება.

მეტიც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და წევრი, 3 მაისს არ ვიყავი ინფორმირებული ჯეიმს აპატურაისა და კომიტეტის წევრების შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, ისევე როგორც 5 მაისს კომიტეტის ფორმატში გამართული საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე.

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 5 მაისს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართე წერილით, რასაც რეაგირება და შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის არმიწოდების შესახებ, რაც გამორიცხავს კომიტეტის საქმიანობაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების სრულფასოვან მონაწილეობას“, - ნათქვამია თეონა აქუბარდიას მიერ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ქადაგიშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
იოსებ მურმანიშვილი - ოსტეოართრიტის სამკურნალოდ კლინიკა „ნიუმედი“ პაციენტებს ინექციური მკურნალობის მეთოდს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და შესაბამისად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ევროკავშირი პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს
TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში
.ge დომენი წელიწადი 1 ლარად - Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ
გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი