თამარ კორძაია უმრავლესობას - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვებად შეფასდება - აბსოლუტურად იგივეს აკეთებთ, რაც თავის დროზე წინა ხელისფლებამ

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვებად შეფასდება - თქვენ აბსოლუტურად იგივეს აკეთებთ, რაც თავის დროზე წინა ხელისფლებამ გააკეთა, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელში მის მიერ მართული სამეურვეო საბჭო ჰყოლოდა! - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11 წევრამდე იზრდება და ორ კანდიდატს ბორდში ასარჩევად კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარადგენს.

კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს.

კორძაიას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით უკან დახევაა.

“ძალიან კარგად მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში როგორც ხდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდით. მაშინ ჩვენ ეს არ მოგვწონდა და ახლა თქვენ რას აკეთებთ? – 9 წევრიან საბჭოს 11 წევრამდე ზრდით. პრაქტიკულად იგივეს აკეთებთ, რადგან საბჭოში ოპოზიციის მიერ ნომინირებული სამი კანდიდატია, სახალხო დამცველის მიერ ნომინირებულ ორ წევრს ვადა მომავალ წელს გასდის და არც კი გინდათ იმის დაშვება, რომ ამ ორ ადამიანს თქვენი გავლენის გარეშე დაასახელებენ და გინდათ გაზარდოთ იმიტომ, რომ სამეურვეო საბჭოში უმრავლესობა არ დაკარგოთ. ეს ნანახი და გავლილი გვაქვს ყველას. არანაირი არგუმენტი არ ამართლებს იმას, რასაც თვენ აკეთებთ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11 წევრამდე იზრდება - ორ კანდიდატს ბორდში ასარჩევად პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარუდგენს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება.

ამავე ცვლილებების პროექტით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები კი 3 წლიდან 6 წლამდე იზრდება.

გარდა ამისა, კანონპროექტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.

პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობაც იცვლება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით ფინანსდება. კანონპროექტის გათვალისწინებით, იგი 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.

კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის