ზუსტად ვიცი, რასაც აქ ვლაპარაკობ ხოლმე, თითოეულ სიტყვაში მეთანხმებით, მაგრამ ამას ვერ იტყვით, რადგან თქვენი აზრის დაფიქსირების გეშინიათ, - ამის შესახებ საკრებულოში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წარმომადგენელმა ცოტნე კობერიძე განაცხადა, რითაც უმრავლესობას მიმართა.
როგორც მან საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” ახალგაზრდების მხოლოდ 7% უჭერს მხარს, რამაც ისინი გააბრაზა და ძალადობაზე გადაიყვანა.
“ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში მუდმივად ძალადობაზე გადადის. ცხოველები ძალადობაზე, მაშინ გადადიან, როდესაც თავს დაჩაგრულად და უმწეოდ გრძნობენ. გგონიათ, რომ ძალადობით ვინმეს შეაშინებთ. შიში მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ახასიათებს. ზუსტად ვიცი, რასაც აქ ვლაპარაკობ ხოლმე, თითოეულ სიტყვაში მეთანხმებით, მაგრამ ამას ვერ იტყვით, რადგან თქვენი აზრის დაფიქსირების გეშინიათ. სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე შიშის გამო აქებდით და ახლა შიშის გამო ლანძღავთ.
ყველაზე დიდი რამ, რისიც უნდა გეშინოდეთ, სინდისის ხმაა და ამ სინდისის ხმასთან ჩვენ მართლები ვართ, ხოლო თქვენ - არა. ამ ყველაფრის გამო ხართ მზად, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ისეთ განცხადებებს, როგორიც დღეს გააკეთა, მშვიდად უსმინოთ. ახალგაზრდებში მხოლოდ 7% გაქვთ მხარდაჭერა, ამიტომ გაბრაზდით და მათი რტყმა დაიწყეთ”, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.