საქართველოს პარლამენტი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს. სესიის მუშაობაში მონაწილეობას ასამბლეის წევრი 40-მდე დელეგაცია იღებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სესიაზე საქართველოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებულ წევრად აირჩევენ.
"საქართველოში პირველად ტარდება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. ეს მოიცავს ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებას. არის 48-ე სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა, რადგან საქართველოს 20 წელია აქვს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი და ამ სესიაზე ხდება, ფაქტობრივად, ასოცირებულ წევრად არჩევა, რაც თავისთავად ცხადია წინ გადადგმული ნაბიჯია ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში. ეს თავისთავში გულისხმობს როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ამ ქვეყნების ფორმატში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგეხსენებათ, რომ ფრანკოფონიის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი არის საფრანგეთი და ევროპის ფრანგულენოვანი ქვეყნები, რაც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მხარდამჭერები არიან საქართველოსი და თავისთავად ცხადია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში ტარდება, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს", - განაცხადა სონღულაშვილმა.
4 - 6 ივლისს, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები გაიმართება, ხოლო 7-8 ივლისს, პლენარული სესია ჩატარდება.