პარლამენტის რიგგარეშე სხდომა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვით განახლდა.
საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა გუშინდელ სხდომაზე ცხარე კამათის ფონზე შეწყდა. ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზია მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის მიმართ მდგომარეობდა იმაში, რომ ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და მათ იგნორირებით შეხვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მოსმენით განხილვის დაწყების წინ პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნა გაითვალისწინა, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პუნქტობრივი და მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, მისი თავების მიხედვით განხილვის შესახებ.
ოპოზიციის შეფასებით, კანონპროექტის ამ მეთოდით განხილვა ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობას კითხვებზე პასუხები არა აქვს.
პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით პარლამენტის შესაბამის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯერ კიდევ აპრილის თვეში გადამუშავდა და ინიცირებულ პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე აისახა.
პარლამენტის კომიტეტის ფარგლებში, მეორე მოსმენით გადამუშავებული პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძვლები და იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც ეს შეღავათი შეეხება. კერძოდ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება მათ, ვინც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში ან სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურებში. გადავადებით სარგებლობის შესაძლებლობა გენერალური პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორებზეც გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მუხლობრივ საკომიტეტო მოსმენაზე “თავდაცვის კოდექსის“ პროექტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი ამოიღეს, რომელიც 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
“თავდაცვის კოდექსის“ პროექტით თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხები ახლებურად რეგულირდება. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სახელი ეცვლება და “წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ეწოდება.
იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შეთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი სიახლე რელიგიურ ორგანიზაციებს ეხება. პროექტის თანახმად, “მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად აღარ ჩაითვლება. სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება უქმდება - მათ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევთ.
ამავე პროექტის ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა იზრდება და იგი ასევე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე გავრცელდება.
პროექტით, 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართების მშენებლობა უზრუნველყოს.