არჩილ თალაკვაძე - საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი დონის წარმომადგენლობაა - თუ გინდათ, რომ მინისტრი დააკნინოთ, როცა პარტიებს ამოფარებული ადამიანები მიგაჩნიათ ჯერ კიდევ პრეზიდენტებად ან მსოფლიო ლიდერებად, ეს ორმაგი სტანდარტია

ილია დარჩიაშვილის მონაწილეობა მაღალი დონის წარმომადგენლობაა საქართველოდან - თუ გინდათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დააკნინოთ მაშინ, როდესაც ოპოზიციიდან ვიღაც უსტატუსო ჟურნალისტები თუ პოლიტიკურ პარტიებს ამოფარებული ადამიანები მიგაჩნიათ ჯერ კიდევ პრეზიდენტებად ან მსოფლიო ლიდერებად, ეს ორმაგი სტანდარტია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განუცხადა და უპასუხა კრიტიკას, რატომ წარმოადგენს საქართველოს სამიტზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რაც საქართველოს სამიტზე და ნატო-ში მიაქვს, ხოლო რაც იქიდან მოაქვს, ეს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„დღეს რომ უკრაინაზე საუბრობენ და იმ კონტექსტზე, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება, ამას ლოგიკური ახსნა აქვს - უკრაინა უმძიმეს ომშია და არაა გასაკვირი, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში და ყურადღების ქვეშ უკრაინაა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამწევი ქვეყნები. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს - თუ პოლიტიკურ ისტორიას გადახედავთ, ნახავთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს ძალიან ბევრ და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე აქვთ ხელი მოწერილი და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე აქვთ ხელი ჩამორთმეული პარტნიორებისთვის. შეურაცხმყოფელია საკუთარი ქვეყნის მიმართ, როდესაც გგონიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი თითქოს დაბალი დონის წარმომადგენელია საკუთარი ქვეყნის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ნატო-ს ანგარიშებში და ოფიციალურ განცხადებებში დადასტურებულია, რომ საქართველო თავსებადია ნატო-ს მოთხოვნებთან და რომ საქართველო მზადაა გაწევრიანებისთვის.

„სტატუს-კვო ისაა, რომ საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელსაც საქართველო იმსახურებს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იცით, ნატო-ს თითოეულ გადაწყვეტილებას და გაფართოებაზე თითოეულ პოლიტიკურ ნაბიჯს რამხელა საერთაშორისო ძვრები და ტექტონიკური ცვლილებები მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, ვინც ზედაპირულად განიხილავს ამ საკითხს და ნიშნის მოგებით საუბრობს საქართველოზე, ან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ნატო-სა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ან აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი დააზიანონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით