როდის მიიღებს საქართველო მაპ-ს - რა წერია ნატოს კომუნიკეში
“ბლექ ჰორნეთ”, დამატებით “პეტრიოტები”, “სკალპის” რაკეტები, კასეტური ბომბები - დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მკვეთრად უზრდის
მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ხელისუფლებას უძრავ ქონებაზე ფასების რეგულირებას სთხოვენ
* * *
როდის მიიღებს საქართველო მაპ-ს - რა წერია ნატოს კომუნიკეში
“საქართველო ნატოში სამოქმედო გეგმით ე.წ. მაპ-ით გაწევრიანდება, ხოლო უკრაინა მის გარეშე - ამის შესახებ ნათქვამია ვილნიუსის სამიტის ალიანსის ვრცელ კომუნიკეში, სადაც ორგანიზაცია ადასტურებს ვალდებულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა გაცხადებული. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, უკრაინას გაწევრიანების შესაძლებლობა დიდი ალბათობით ომის დასრულებისას და გამარჯვების შემთხვევაში მიეცემა, ხოლო საქართველოს რაც შეეხება, “ქვეყანამ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს”. ამასთან ამბობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგები საქართველოსთვის “მაპ”-ის მოცემა-არმოცემაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღნიშნულ კომუნიკეს თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ფაქტიურად სტატუს-კვო არ შეცვლილა, რადგან არც უკრაინასა და არც საქართველოსთან მიმართებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით “არავითარი კონკრეტიკა არ იყო”. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, მათი თქმით, საქართველო ნატოში გაწევრიანების შემოკლებული გზის გარეშე “ოცნებამ” დატოვა, რადგან, ქვეყანაში შესაბამისი რეფორმები არ ტარდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის მიიღებს საქართველო მაპ-ს - რა წერია ნატოს კომუნიკეში.
“ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (მაპ) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. “ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში... მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია... შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები... ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში... ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (მაპ), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს... ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში...” - ნათქვამია კომუნიკეს საქართველოს ნაწილში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება უკრაინას, კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, თუმცა ალიანსი მხარს დაუჭერს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპ) საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას და განიხილავენ უკრაინის პროგრესს თავსებადობის კუთხით... ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”,- წერია კომუნიკეს უკრაინის ნაწილში”, - განაგრძობს გამოცემა.
“მაკფოლმა გამოაქვეყნა ინტერვიუ და ასეთი რამ განაცხადა: უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა - როგორ და როდის. “ეს დამოკიდებულება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება ასეთია, დარჩა სტატუს-კვო, “ეს დამოკიდებულება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება არის ასეთი, დარჩა სტატუს-კვო და სტატუს-კვოს არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ნატო-ს რუსეთთან მიმართებით აქვთ”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის სამი პირობა დაუყენეს. პირველი პირობა არის ომის მოგება, მეორე პირობაა, რომ უნდა შესრულდეს რეფორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები და მესამე პირობა - უნდა იყოს სრული კონსენსუსი ნატო-ს წევრებს შორის”, - დასძენს გამოცემა.
“კობახიძის განმარტებით, ამ სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც თუ არ დაკმაყოფილდა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება. “ანუ სამი ძალიან მკაცრი პირობა დაუყენეს უკრაინას-ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირდა”, - განაცხადა კობახიძემ. “წარმოიდგინეთ, უკრაინა გახვეულია ამხელა ომში და მაინც სტატუს-კვო დარჩა, ასეთ პირობებში რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, პროგრესი რომ გვქონოდა. მთავარი პრობლემა რა არის, როდის და როგორ - ამაზე პასუხი არ არსებობდა. როგორც არ არსებობდა გუშინდელ დღემდე, ასევე არ არსებობს გუშინდელს შემდეგაც... ასეთ პირობებში, საქართველოს, რა პროგრესისთვის უნდა მიღწია, თავადაც ხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად არარეალური იყო”, - განაცხადა კობახიძემ. რაც შეხება შეფასებებს ოპოზიციისგან, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი და ენმ-ს ყოფილი წვერი ხატია დეკანოიძე ამბობს, “საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი „ქართული ოცნების” რიტორიკიდან “პრაქტიკულად, გამქრალია”, - წერს სტატიის ავტორი.
“ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა. ჩვენ რომ გვყოლოდა ეროვნული, პროდასავლური ხელისუფლება, ნამდვილად სხვა მოცემულობა იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება, ბუქარესტის სამიტის ერთგულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია პრაქტიკულად, გამქრალია ყოველგვარი რიტორიკიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით უფრო სიცხადეა. 2024-ში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ვაშინგტონის სამიტზე ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი”, თქვა ხატია დეკანოიძემ. თსუ-ს პროფესორი, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქართული მხრიდან ჯერჯერობით აქტიურობა არ შინიშნება, თუმცა თუ უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, შსაძლოა საქართველოსთვის “მაპ”-ის მონიჭებაზე შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნას.”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“ამ საკითხზე ქართული მხრიდან აქტიურობა არ შეინიშნება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ამის არ სჯერა, აქედან გამომდინარე, სამიტზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აქტიური მუშაობა არ მიდის და ეს განცხადებებიდანაც ჩანს, სანამ ნატოს თემას თავად ხელისუფლება აქტუალურს არ გახდის, ეს საკითხი მინიმუმ მოხსნილია, თუმცა “მაპ”-ის მონიჭებას მხოლოდ საქართველოს აქტიურობა არ გადაწყვეტს, არამედ გადაწყვეტს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებიც. თუ ყველაფერი კარგი სცენარით განვითარდა და უკრაინამ გაიმარჯვა, მაშინ შესაძლოა ე.წ. მომენტუმი გააჩინოს, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში გაჩნდა, ანუ შესაძლებლობების ფანჯარა გაიღოს და თუ ამ დროისთვის საქართველო აქტიური იქნება, უკრაინასთან ურთიერთობას დაალაგებდა, ასევე ანტიდასავლური გზავნილები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და დემოკრატიის უკუსვლა აღარ იქნება, შესაძლოა მომენტით გვესარგებლა. თუმცაღა ახლა ისე ჩანს, რომ მოლდოვა, რომელიც ნეიტრალური და დსთ-ს წევრია, ის უფრო აქტიურობს და თუ შესაძლებობების ფანჯარა გაჩნდება, მან ისარგებლოს და არა ჩვენ, რაც გარკვეულ რისკებს აჩენს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“ბლექ ჰორნეთ”, დამატებით “პეტრიოტები”, “სკალპის” რაკეტები, კასეტური ბომბები - დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მკვეთრად უზრდის
“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ნატოში სამოქმედო გეგმის (მაპ-ის) გარეშე იღებენ, ალიანსის ქვეყნები კიევისთვის სამხედრო დახმარების ზრდაზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს ფაქტიურად გზავნილია რუსეთისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში უკრაინას მხარს უჭერენ, რათა კიევმა ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს. მათივე განმარტებით, უკრაინას ახლა რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა დასჭირდება, რათა შეტევა არ შეანელოს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით “პეტრიოტ”-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ბლექ ჰორნეთ”, დამატებით “პეტრიოტები”, “სკალპის” რაკეტები, კასეტური ბომბები - დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მკვეთრად უზრდის.
“მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მრავალ და მრავალწლიანი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ყველასთვის საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკისვე თქმით, უკრაინა საფრანგეთიდანაც მიიღებს დახმარებას და შორს სასროლი შეიარაღების გარდა, დამატებით განაღმვის საინჟინრო მოწყობილობასაც მიიღებს. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის და დამატებითი შეიარაღების მიწოდების საკითხები განიხილეს. გაერთიანებული სამეფო კი უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი, - ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, უკრაინა “ნასამს”-ის ორ დანადგარს და ათას “ბლექ ჰორნეთ”-ის დრონს მიიღებს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გააქტიურების მიზეზი და მიზანი ერთია, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნატოს ქვეყნები იმიტომ გააქტიურდნენ, ეს ომი რომ დამთავრდეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და საომარი მოქმედებები ძალიან არ გაიწელოს, რადგან გაწელილი ომი მაინც რისკებთანაა დაკავშირებული, მას უფრო მეტი და კარგი შეიარაღება სჭირდება. საფრანგეთი რასაც მიაწვდის, ეს “შტორმ შადოუს” ფრანგული ვარიანტია, თავის დროზე ფრანგულმა და ბრიტანულმა საწარმოებმა ერთობლივად შექმნეს. უკრაინას ახლა ძირითადად რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ესაა ბევრი შორსმსროლელი საბრძოლო მასალა. ჯერჯერობით “ეფ-16” ებზე საუბარი არაა, პილოტები მომზადებულები არიან, მაგრამ ვფიქრობ თავშეკავების მიზეზი უფრო პოლიტიკური ფაქტორია. უკრაინას ასევე ბევრი საბრძოლო მასალა სჭირდება, რომ არ გამოელიოს და შეტევა გააგრძელოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც ეტაპზე მცურავი ტრანსპორტიორები დასჭირდებათ, ავიაციის მიწოდებაც ძალიან კარგი იქნებოდა, ასევე შორსმსროლელი ”ატაკამსი” და ა.შ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“გავიგეთ კასეტური ბომბების შესახებ, რომელიც ჩემი აზრით, თავდაცვაში მყოფი მტრის წინააღმდეგ ძალიან ეფექტური იქნება. ეფექტურია დანაღმულ ველებში გასასვლელების გასაკეთებლად, ფართობების დასაბომბად. კასეტური ბომბები უკრაინის გამარჯვებისთვის დიდ როლს ითამაშებს”, - დაასკვნის ბერიძე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ესაა მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რაც ნატოს დეკლარაციაშიც ჩაიწერა, რომ რუსეთი ნატოს უსაფრთხოების მთავარი მტერია”, - დასძენს გამოცემა.
“ნატოს დეკლარაციაში აღინიშნა, რომ რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მთავარი მტერია და შეჩერებული უნდა იყოს. ამიტომაც განცხადებები, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდიან, ფაქტიურად გზავნილია რუსეთისთვის. რუსეთს ნატოელებმა პირდაპირ მიანიშნეს, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში უკრაინას მხარს უჭერენ, რათა კიევმა ფრონტზე თავისი წარმატებები დააჩქაროს, ტერიტორიები გაათავისუფლოს და მერე უკვე ალიანსში გაწევრიანების საკითხო დადგეს. ძირითადი გზავნილი ესაა. ახლა უკრაინას განსაკუთრებით საბრძოლო ავიაცია სჭირდება, ჩემი აზრით “ეფ-16”-ებზეც დაიძვრება საკითხი, უბრალოდ პილოტების გადამზადება ჯერ კიდევ მიდის და როგორც ჩანს, ამასაც მიაწვდიან. შესაძლოა ჯერ ვადები დასახული არაა და არც ისაა გადაწყვეტილი რომელ თაობას გადასცემენ, მაგრამ მგონია, რომ “ლეოპარდების” მსგავსად საბრძოლო ავიაციის საკითხიც დადებითად გადაწყდება. შესაძლოა საფრანგეთმა და გერმანიამ თავიანთი ეროვნული თვითმფრინავებიც მისცენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ხელისუფლებას უძრავ ქონებაზე ფასების რეგულირებას სთხოვენ
“საქართველოში ბინების შეძენა, გაყიდვა, ქირაობა ან გირაობა ისევ ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ბაზარზე არანორმალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიზეზები, რის გამოც მდგომარეობა არ იცვლება, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, არადა მოსახლეობა უკვე ძალიან ცუდ დღეშია. შეიძლება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ მალე ვეღარც კი მოახერხონ უძრავი ქონების შეძენა. ამის გამო საზოგადოების ნაწილი დახმარებას უკვე მთავრობას და პარლამენტს სთხოვს და გარკვეულ რეგულაციას ითხოვს. გაძვირებული ბინების პრობლემა, უკვე კარგა ხანია, რაც ქვეყანაში არსებობს. თითქოს არის პერიოდი, როცა მდგომარეობა გამოსწორების გზას ადგას ხოლმე, მაგრამ შესამჩნევი შედეგი არც ერთხელ არ დამდგარა. ამ პრობლემით განსაკუთრებით შეწუხებულები არიან მოქალაქეები, რადგან რთული ვითარება არა მხოლოდ დედაქალაქშია, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით არანორმალურად გაზრდილია ფასები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ხელისუფლებას უძრავ ქონებაზე ფასების რეგულირებას სთხოვენ / “არ არსებობს არანაირი შეღავათები და ხელშეწყობა. პოლიტიკა ასეთია - გინდა იყიდე, გინდა - ნუ იყიდი”.
“მოქალაქე მარიამ ჭყონიამ პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა. როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში ბინების ფასმა კატასტროფულად მოიმატა, რითაც ზარალდებიან ადგილობრივები, რომლებიც ბინის შეძენას ვეღარ ახერხებენ. დედაქალაქთან ერთად საქმე ბათუმშიც საკმაოდ რთულადაა. “ბათუმი, ფაქტობრივად, მაკლერების ბიზნეს ქალაქად იქცა, სადაც ფასები არის გაუკონტროლებელი. ამას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებული საქმეებიც მაკლერებზე, ბინის მეპატრონეებზე, რომლებიც ერთი და იგივე ბინას რამდენიმე მოქალაქეზე თაღლითურად ყიდიან. მოგიწოდებთ შემუშავდეს კანონი, რომლითაც მოხდება ბინების ფასის რეგულირება, დასტაბილურება და კანონის ფარგლებში მოქცევა”, -აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში. უკვე ყველა ამჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე ფასი არარეალურად გაიზარდა. მოსახლეობას არა მხოლოდ შეძენა უჭირს, არამედ შესაძლოა, ბინების ქირაობის პრობლემაც დადგეს დღის წესრიგში, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოების შემოსავალს ბევრად აღემატება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკის არსებობა, რაც არსებულ სიტუაციას შეამსუბუქებს. აშკარაა, რომ საკითხს დარეგულირება საჭიროებს და ამაზე მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს, თორემ შესაძლებელია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდეს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით კი ფასებთან მიმართებით პირდაპირი ჩარევა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, თუმცა შესაძლებელია მდგომარეობის სხვაგვარად დარეგულირება”, - განაგრძობს გამოცემა.
“არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობასა და საზოგადოებაზე ზრუნავს. ვითარება იმაზე კი არ არის მორგებული, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნოს, არამედ ორიენტირებულია ერთეულების კეთილდღეობაზე. როგორებიც არიან მსხვილი ბიზნესმენები და ხელისუფლებასთან დაახლოებული, ტენდერების მომგები პირები. მაშინ, როცა არ გვაქვს არანაირი საბინაო პოლიტიკა, ლოგიკურია, რომ ბინების ფასი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე მოსახლობის შემოსავალი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საშუალო ხელფასი ახლახანს ავიდა 1700-ლარზე და ამით რისი ყიდვაა შესაძლებლი? თუნდაც პატარა ფართის იყოს ბინა, 50-60 ათასი დოლარი მაინც ღირს. გამოდის, რომ პოლიტიკა ასეთია - გინდა იყიდე, გინდა ნუ იყიდი. ეს მიდგომა არასწორია“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში არანაირი საშეღავათო პირობები არ არსებობს, უძრავი ქონების შეძენის დროს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.
“არ არსებობს არანაირი შეღავათები არც ახლად დაქორწინებულებისთვის, არც მრავალშვილიანებისთვის ან სხვებისთვის. ბოლოს კოვიდის დროს ითქვა, რომ 5 წელი პროცენტს გადაუხდიდნენ მათ, ვინც პანდემიის პერიოდში შეიძენდა ბინას, თუმცა ესეც იმიტომ გაკეთდა, რომ არა ხალხისთვის გამარტივებულიყო უძრავი ქონების ყიდვა, არამედ პირიქით, სამშენებლო კომპანიებს დახმარებოდნენ. ბაზარზე ფასი ყოველთვის ძალიან მაღალია და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, ემიგრანტების ან უცხოელი კლიენტების ხარჯზე ხდება. ასეთი პოლიტიკის პირობებში სულ უფრო და უფრო მაღალი ფასი იქნება უძრავ ქონებაზე, ხოლო მოსახლეობის მხრიდან ხელმისაწვდომობა დარჩება დაბალი”, - დაასკვნის ჯანიაშვილი.
“ქვეყანაში უნდა გაიზარდოს შემოსავალი. რეგულაციებს რომ მივყვეთ ფასებთან მიმართებით, ეს არ არის სწორი და ასეთ მიდგომას საბაზრო ეკონომიკა არ აღიარებს. გამონათქვამიც არის, „ფასების კონტროლი უძრავ ქონებასთან მიმართებით, იქნება ქირაობა, ყიდვა თუ გაყიდვა, საუკეთესო საშუალებაა ქალაქის განადგურებისა დაბომბვის შემდეგო“. თუ ამას დავიწყებთ ჩვენ ძალიან დიდ ჯაჭვურ პრობლემას შეგვიქმნის. პირდაპირ ჩარევაზე გადაწყვეტილებას, არც პრემიერი და არც პარლამენტი არ მიიღებს. ერთი რამ შეიძლება მხოლოდ - კონკრტულ ფენებთან მიმართებით სუბსიდირება, თორემ ფასების კონტროლი ყოვლად მიუღებელია. პრობლემა კი ნამდვილად არის, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოქალაქეების შემოსავლები ბევრად ჩამორჩება ფასების ზრდის ტენდენციებს. ასევე მოქმედებს მიგრანტების დიდ ნაკადის შემოსვლაც. გამოსავალი არის ეკონომიკური ზომების გატარება და მოქალაქეების მაქსიმალურად მსყიდველუნარინობის ამაღლება, რათა ეს მძიმე ტვირთად არ იქცეს მათთვის. ისინი, ვინც ბინებს აქირავებენ ან ყიდიან ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. თანხა ტრიალებს ხალხში და როგორც კი ჩვენ დავიწყებთ ამის შეკვეცას, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ პრობლემებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.