პენსიონერებს ივანიშვილთან ერთად რუხაძე და „ლიბერთი ბანკი“ ძარცვავს. ჩვენი მთავარი დაპირება ის არის, რომ 400 ათასამდე პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ქალაქ რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპენსიო რეფორმის თანახმად, მამაკაცების საპენსიო ასაკი 65-დან 60 წლამდე დაიწევს.
„ჩვენ ვაგრძელებთ პენსიონერებთან შეხვედრას, ვართ ქალაქ რუსთავში. ჩვენი მთავარი დაპირება ის არის, რომ 400 ათასამდე პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება. ეს ჯამში 345 მლნ ლარიდან 400 მლნ ლარამდე თანხაა. ამ პენსიონერებს ძარცვავს ივანიშვილთან ერთად რუხაძე და „ლიბერთი ბანკი“. დიდ ნაწილს ძირი თანხაც დაფარული აქვს და ყოველდღიურად კაბალურ პირობებში უწევთ ამ საპენსიო სესხზე ფიქრი და გადახდა.
მეორე, რასაც მოსახლეობას ვპირდებით, არის ის, რომ მამაკაცების საპენსიო ასაკი დაიწევს და 65-ის ნაცვლად 60 წელი იქნება. მინიმალური პენსია 400 ლარი უნდა იყოს, ოღონდ ეს ახლა და არა გრძელვადიან პერსპექტივაში. 400 ლარიდან 600 ლარამდე გაიზრდება, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს თუ 70 წლის ზემოთ არის დანამატი, შემდგომში 65 წლიდან იქნება და ჩვენი მოქალაქეები 600 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებენ. ამ საპენსიო რეფორმას ვაცნობთ ადგილობრივებს, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავდივართ, ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და ცხადია, ვესაუბრებით იმ რეფორმებზე, რომელსაც გამარჯვების პლატფორმა გაატარებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.